Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის ყურადღების ცენტრში ამ კვირაში რამდენიმე მოვლენა იყო –


უცხოეთის პრესის ყურადღების ცენტრში ამ კვირაში რამდენიმე მოვლენა იყო – მათ შორის, ლიბანის საკითხი და არშემდგარი საავიაციო ტერაქტები დიდ ბრიტანეთში.

დასავლეთის ბეჭდვითი მედია ასევე ინტენსიურად აშუქებდა გერმანელი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის, გიუნტერ გრასის აღიარებას, რომ მეორე მსოფლიო ომის ბოლოს ის ეს-ეს-ის მოიერიშე ნაწილში მსახურობდა. კონკრეტულად რას წერდა დასავლეთის მედია ამ საკითხებზე?

ლიბანში გაეროს მანდატით მოქმედი ზავი, ქვეყნის სამხრეთში გაეროს მშვიდობისდამცველების განთავსება და იქიდან ისრაელის ჯარის გასვლა – გასულ კვირაში ამ თემებს დასავლეთში გამომავალი ბევრი ავტორიტეტული გამოცემის პირველი გვერდი ეკავა. თუმცა ჩვენ პრესის მიმოხილვაში შევეხებით სტატიას, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სკანდალურია ამ საკითხებზე დაწერილ წერილებს შორის. საუბარია ჟურნალ “ნიუ-იორკერის” ბოლო ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაზე, რომლის სათაურია “ლიბანზე დაკვირვება” და რომელიც გამოძიებითი ჟურნალისტიკის ვეტერანს სეიმორ ჰერშს ეკუთვნის.

ჰერში ამტკიცებს, რომ შეერთებული შტატები აქტიურად იყო ჩართული ლიბანში ისრაელის სამხედრო კამპანიის დაგეგმვაში. ჰერშის თანახმად, ამაზე მუშაობა ჯერ კიდევ ჰიზბოლაჰის მხრიდან ისრაელის ორი ჯარისკაცის მძევლად აყვანამდე დაიწყო. ისრაელის მთავრობის წარმომადგენლები შეერთებულ შტატებში მაისში იმყოფებოდნენ და ჰიზბოლაჰზე თავდასხმა სწორედ მაშინ დაგეგმეს, – წერს ჟურნალისტი.

ვრცელ სტატიას ჰერში ძირითადად ოფიციალური პირებისგან მოპოვებულ ინფორმაციაზე აგებს, თუმცა რესპონდენტთა უმეტესობის ვინაობას არ ასახელებს. მთავრობის ყოფილ და ამჟამინდელ წევრებზე დაყრდნობით, ჰერში წერს, რომ ისრაელის სამხედრო კამპანია პასუხობდა ბუშის ადმინისტრაციის სურვილს, განეიტრალდეს ისრაელზე ჰიზბოლაჰის თავდასხმის საშიშროება იმ შემთხვევაში, თუ შეერთებული შტატები ირანზე მიიტანს იერიშს.

“პრეზიდენტი ჯორჯ ბუში და ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი ფიქრობდნენ, რომ ისრაელის მხრიდან განხორციელებული საჰაერო შეტევის წარმატება ისრაელს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ შეშფოთებას შეუმცირებდა, შეერთებული შტატებისთვის კი ეს პრელუდია იქნებოდა ირანის ატომურ სტრუქტურებზე პოტენციური შეტევის განსახორციელებლად,” – აცნობეს ჰერშს წყაროებმა.

ამასთან, ”ნიუ-იორკერში” გამოქვეყნებულ სტატიაში სეიმორ ჰერში აღნიშნავს, რომ გამოძიების პროცესში მის შეკითხვებს თეთრმა სახლმა არ უპასუხა. ინფორმაცია, რომ ისრაელის გეგმა შეერთებული შტატებისთვის ცნობილი იყო, უარყვეს სახელმწიფო დეპარტამენტისა და პენტაგონის წარმომადგენლებმა. “ისრაელის მთავრობას ვაშინგტონში არც ერთი პოლიტიკოსისთვის არ უთქვამს, რომ თავდასხმას გეგმავდა,” – განუცხადა ჰერშს ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა.

აღსანიშნავია, რომ სეიმორ ჰერშისგან ამგვარი სტატიის დაწერა, ალბათ, ცოტა ვინმეს თუ გაუკვირდა, ვინაიდან სკანდალური ამბების გახმაურება მას, როგორც ჟურნალისტს, ყოველთვის ახასიათებდა. ჰერშმა პირველმა დაწერა ერაყის აბუ-ღრაიბის ციხეში პატიმრების წამებაზე, სახელი კი მან ვიეტნამის ომის დროს მაი ლაიში მომხდარი ხოცვა-ჟლეტის გაშუქებით გაითქვა. ამჟამად ჰერში შეერთებული შტატების ირანთან დაკავშირებულ გეგმებს იძიებს.

ლიბანის კონფლიქტის გარდა, კიდევ ერთი თემა, რომელსაც დასავლეთის მედია ინტენსიურად აშუქებდა, იყო დიდ ბრიტანეთში არშემდგარი საავიაციო ტერაქტი. გერმანიაში გამომავალი ყოველდღიური გაზეთი “ბერლინერ ცაიტუნგი” 15 აგვისტოს ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ჯონ რიდის მწვავე კრიტიკით გამოვიდა. გაზეთის მტკიცებით, მინისტრის განცხადება, რომ ბრიტანეთს, შესაძლოა, “მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ტერორის ყველაზე გრძელვადიანი და მნიშვნელოვანი საფრთხე ემუქრებოდეს”, მიზნად ისახავს დაარწმუნოს საზოგადოება, “უარი თქვას თავისუფლებებზე, რათა სახელმწიფომ მოქალაქეებზე თვალთვალი, მათი დევნა და დაპატიმრება კიდევ უფრო ადვილად შეძლოს.” “ევროკავშირში არც ერთ მინისტრს არ დაუყენებია ევროპული ინსტიტუტები და ფასეულობები კითხვის ქვეშ ისე აშკარად, როგორც ეს რიდმა გააკეთა,” - ასკვნის “ბერლინერ ცაიტუნგი”.

არშემდგარ ტერაქტს სერბიაში გამომავალი “დანასიც” ეხმაურება და 15 აგვისტოს ნომერში წერს, რომ დასავლეთმა ამ ამბის გამო ბოლო კვირა შიშში გაატარა. როგორც ჩანს, ტერორისტები კვლავ გლობალური მედიის ყურადღების ცენტრში მოექცნენ, - წერს გაზეთი და ამატებს: ადამიანებს დაუბრუნდათ იმის განცდა, რომ ტერორისტებმა ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადამიანზე შეიძლება მიიტანონ იერიში.

კიდევ ერთი თემა, რომელმაც გასულ კვირაში დასავლეთის მედიის ყურადღება მიიპყრო, იყო გერმანელი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის, გიუნტერ გრასის აღიარება, რომ მეორე მსოფლიო ომის ბოლოს ის ეს-ეს-ის მოიერიშე ნაწილში მსახურობდა. ამასთან დაკავშირებით გრასმა ვრცელი ინტერვიუ მისცა გერმანიის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ გაზეთ “ფრანკფურტერ ალგემაინეს”. ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ მედიაში არ წყდება მასზე გამოხმაურება.

დანიის “ბერლინგსკე ტიდენდე” 15 აგვისტოს ნომერში კრიტიკულად აფასებს იმ ადამიანთა ჯგუფს, რომლებიც გრასისთვის ნობელის პრემიის ჩამორთმევას მოითხოვენ. “პირველი ქვა იმან ისროლოს, ვინც უცოდველიაო,” - წერს გაზეთი. გამოცემის თანახმად, ის, რომ საზოგადო მოღვაწეები საკუთარი ცხოვრებიდან გარკვეულ ასპექტებს არ ამხელენ, ბუნებრივია; არასწორი ის არის, რომ ისინი, ამის მიუხედავად, საზოგადოებრივ დისკუსიებში მორალს კითხულობენო, წერს “ბერლინგსკე ტიდენდე”. “ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს,” – ასკვნის დანიის გაზეთი გრასის აღიარებასთნ დაკავშირებით.

16 აგვისტოს ნომერში გერმანიის “ბერლინერ ცაიტუნგი” წერს, რომ გრასის წარსული საზოგადოებისთვის დიდი ხნის წინ შეიძლებოდა ცნობილი გამხდარიყო. გაზეთის თანახმად, მწერალს ეს-ეს-ის წევრობა 1946 წლის დოკუმენტში აქვს აღიარებული. ეს დოკუმენტი კი ეროვნულ არქივში ინახება და 60-იანი წლების შემდეგ საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომია. “ის, რომ ამ დოკუმენტით არავინ დაინტერესებულა, შესაძლოა, გრასის რეპუტაციით აიხსნას,” – წერს “ბერლინერ ცაიტუნგი” და ამატებს: “საკვირველი ის არის, რომ საბუთი გრასის ბიოგრაფებსაც კი არ უნახავთ.”
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG