Accessibility links

logo-print

ამ კვირაში გაირკვა, რომ საქართველოს მთავრობა

  • ნინო როდონაია

ამ კვირაში გაირკვა, რომ საქართველოს მთავრობა

სასწაულისთვის მზად არის, რომ ქვეყანას უახლოეს თვეებში ასი ათასი რეზერვისტი უნდა ჰყავდეს და რომ თურქეთში მომხდარი ავტოკატასტროფიდან ორი დღის შემდეგ საქართველოს მოქალაქეთა სამშობლოში ევაკუაცია კოორდინირებული მოქმედების კარგი მაგალითია.
ამ კვირაში 14 წელი შესრულდა აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან, მოსკოვში კი ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების მიზნით შექმნილი შერეული საკონტროლო კომისიის სხდომა განახლდა.
მინდა გასული რამდენიმე დღის ზოგიერთი მოვლენა შეგახსენოთ.



ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებული მოლაპარაკების პროცესში ტაიმ-აუტი გამოცხადდა. მოსკოვში შერეული საკონტროლო კომისიის სხდომის შედეგად გამოქვეყნებული ერთობლივი განცხადების თანახმად, არსებული ფორმატით სამშვიდობო მოლაპარაკების შემდგომი პერსპექტივის განხილვამ მხარეთა განსხვავებული პოზიციები გამოამჟღავნა და მათი დაძლევა ორდღიანი კონსულტაციისას ვერ მოხერხდა.
ამ ზოგადი ოფიციალური განმარტების მიღმა დარჩენილი მთავარი მიზეზი ის არის, რომ თბილისს ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების ამჟამინდელი ფორმატის შეცვლა სურს და უმთავრეს სამშვიდობო გეგმად საქართველოს პრეზიდენტის პროგრამას მიიჩნევს. სწორედ ამიტომ, სახელმწიფო მინისტრმა მერაბ ანთაძემ მოსკოვში ხელი არ მოაწერა ერთობლივი სამშვიდობო პროგრამის შესაქმნელად ფორმირებული ჯგუფების მუშაობის დღის წესრიგს. ანთაძის მიერ მოხსენიებულ ტაიმ-აუტს, რომელიც სექტემბრის დასაწყისამდე გასტანს, სახელმწიფო მინისტრის განმარტებით, საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო ორგანიზაციებთან კონსულტაციისთვის გამოიყენებს. მოსკოვური სხდომის უშედეგობას ცხინვალი იმის კიდევ ერთ ნიშნად მიიჩნევს, რომ თბილისი ქართულ-ოსური კონფლიქტის ძალისმიერი მეთოდებით მოსაგვარებლად ემზადება.
სოხუმის ანალოგიური ბრალდების უარსაყოფად და იმის დასამტკიცებლად, რომ კოდორში ქართული არმიის ქვედანაყოფები არ იმყოფებიან, თბილისმა გაეროს მიერ ხეობის ზედა ზონის მონიტორინგის დაწყების თარიღად 20 აგვისტო გამოაცხადა. ამ პროცესში რუსეთის სამშვიდობო ძალები რომ მონაწილეობას არ მიიღებენ, ეს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მამუკა კუდავამ დაადასტურა:

[მამუკა კუდავას ხმა] ,,საქართველოს მთავრობამ გამოიჩინა კეთილი ნება, უსაფრთხოებას უზრუნველყოფს კოდორის ხეობაში, რათა გაეროს მონიტორინგი ჩატარდეს, მაგრამ ჩვენი მოთხოვნა არის, რომ მასში რუსი სამშვიდობო ძალების წარმომადგენლები არ იყვნენ, რადგანაც ჩვენ მიგვაჩნია, რომ მათ არა აქვთ ის ობიექტური სახელი, რათა იქნენ შეშვებული კოდორის ხეობაში.” (სტილი დაცულია)

ამავე ხეობის რეაბილიტაციის ტემპით უკმაყოფილოა საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც ქვეყნის მინისტრთა კაბინეტს ვითარების გამოსწორების ვადა დაუკონკრეტა. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, ,,პასუხს ყველა თავით აგებს”:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ,,ერთ თვეში, მაქსიმუმ თვე-ნახევარში, კოდორში უნდა იყოს ახალი ინფრასტრუქტურა მთლიანად. ჩვენ გვჭირდება იქ ახალი მინიქალაქის გაშენება. ჩვენ გვჭირდება იქ სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარება. ისეთი ინფრასტრუქტურა, რომელსაც შექმნიდნენ ამერიკელები, მაგალითად, ინგლისელები, გერმანელები და სხვა მოწინავე ერები. თუ საჭიროა, აეროპორტი უნდა ააშენო, დიახაც, სამ კვირაში. სხვათა შორის, ამის პრეცედენტები არსებობს ისტორიაში და ჩვენც უნდა შევძლოთ იგივე. თუ საჭიროა, ქალაქი უნდა ააშენო ერთ თვეში.” (სტილი დაცულია)

პრეზიდენტის მიერ დაუკონკრეტებელი ისტორიული პრეცედენტების კოდორში განმეორების, ანუ, როგორც ხელისუფლება განმარტავს, ,,სასწაულის მოხდენის” მზადყოფნა მიხეილ სააკაშვილს მთავრობამ დაუდასტურა. ერთგვარი მთავარი სასწაულმოქმედის ფუნქცია კი შინაგან საქმეთა მინისტრს დაეკისრა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ,, ვანო მერაბიშვილმა ჩაიბაროს და ვანო მერაბიშვილმა აგოს პასუხი, რომ სექტემბრის ბოლოს იქ გვქონდეს ინფრასტრუქტურა.” (სტილი დაცულია)

კოდორის სახეცვლილება იმის მაგალითი უნდა იყოს, რომ ის, რაც აფხაზურმა ხელისუფლებამ 14 წლის განმავლობაში ვერ მოახერხა, საქართველოს მთავრობამ ერთ თვეში შეძლო და სეპარატისტებსა და მათ მფარველებს ,,აღმშენებლობის გაკვეთილი ჩაუტარა.” ამავე კატეგორიის ძალებისთვის საქართველოში ,,ვითარების გართულების სურვილის წართმევის” კიდევ ერთ გზად პრეზიდენტი 100 ათას რეზერვისტს მიიჩნევს. გასულ სამშაბათს მიხეილ სააკაშვილმა ოსიაურის ბანაკში რამდენიმე მინისტრი და თბილისის მერი ჩაიყვანა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ,,მზად ვართ საქართველოს მთავრობასთან ერთად დილის ვარჯიშის შესასრულებლად?”
[რეზერვისტები] ,,დიახ!”
[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ,,დღეს არის თბილისის მერის დაბადების დღე და ძალიან კარგად აღნიშნავს დილის 6 საათიდან. კარგით, მე მინდა მადლობა გითხრათ. მაგრები იყავით ძაან, ბიჭებო!” (სტილი დაცულია)


პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ საზოგადოების საუკეთესო ნაწილი ამჟამად რეზერვისტთა ბანაკებშია. ოსიაურიდან დაბრუნებულმა მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნის მოქალაქეებს მთავრობის წევრთა ფიზიკური მომზადების ანგარიში წარუდგინა და უახლოესი თვეების კიდევ ერთი ამოცანა დაასახელა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ,,მინდა, სიამოვნებით შევატყობინო საზოგადოებას, რომ საქართველოს მთავრობა, იშვიათი გამონაკლისის გარდა, არის ძალიან კარგ ფორმაში. ჩვენ დღეს პოტენციურად გვყავს დაახლოებით 50 ათასი, ავად თუ კარგად - მეტ-ნაკლებად, კარგად - მომზადებული რეზერვისტი. მაგრამ, მინდა გითხრათ, რომ ჩვენზე ცოტათი დიდ ქვეყანას, შვეიცარიას, ჰყავს 400 ათასი რეზერვისტი. ისრაელს ჰყავს 500 ათასზე მეტი რეზერვისტი. ამიტომ საქართველოს სჭირდება, იმ საფრთხეების და რისკების გათვალისწინებით, იმისათვის, რომ ხალისი დავუკარგოთ ამ გართულებების ინიციატორებს ჩვენი ქვეყნისთვის რაიმე პრობლემების შექმნის, ჩვენ გვჭირდება უახლოეს თვეებში რეზერვისტების რაოდენობის გაორმაგება. ჩვენ უნდა გვყავდეს მინიმუმ 100 ათასი მომზადებული რეზერვისტი.” (სტილი დაცულია)

რეზერვისტობისკენ ყველა ბრძოლისუნარიან ქალსა და მამაკაცს მოუწოდებს საქართველოს ეროვნული გვარდიის სარდალი აკაკი ბობოხიძე, რომლის პროგნოზით, პრეზიდენტის მიერ დასახელებული რაოდენობის რეზერვისტები ქვეყანას 6-8 თვეში ეყოლება. მათთვის შესაბამისი პირობების შექმნა მიხეილ სააკაშვილის მიერ გაცემული კიდევ ერთი დავალებაა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ,,როდესაც პრეზიდენტის კარავში 45 გრადუს სიცხეში დაყოფ გარკვეულ ხანს, ერთი დღე, ორი დღე შეიძლება გაძლო, მაგრამ რვა ღამე თუ გძინავს იქ, პრეზიდენტის კარავში ცხელა და საჭიროა, რომ საქართველოს მთავრობამ ეს გაითვალისწინოს. ეს დავალებული აქვს უკვე თავდაცვის მინისტრს, მაგრამ ასევე დავალება აქვს პრემიერ-მინისტრს და ფინანსთა სამინისტროს. უახლოეს კვირებში და თვეებში ვიმუშაოთ სრულიად ახალი ტიპის რეზერვისტთა ბანაკების შექმნაზე, სადაც იქნება საუკეთესო - მსოფლიოში რაც არსებობს, აი, ისეთი საუკეთესო - პირობები ჩვენი რეზერვისტებისთვის.” (სტილი დაცულია)


საუკეთესოს არა, მაგრამ ელემენტარული პირობების შექმნას პატიმრებისთვის ხელისუფლებისგან კვლავ მოითხოვდნენ არასამთავრობო სექტორი და სახალხო დმცველი. უმძიმესი მდგომარეობის გამო პროტესტის ნიშნად რუსთავის კოლონიაში მსჯავრდებულთა შიმშილობის აქცია გაგრძელდა, მაგრამ, როგორც სასჯელაღსრულების დეპარტამენტი ირწმუნებოდა, პატიმართა პროტესტი არა საყოფაცხოვრებო პირობებმა, არამედ ოჯახის წევრებთან პაემანთა რაოდენობის შემცირებამ გამოიწვია. თუმცა ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებმა, რომლებიც რუსთავის ახალ საპყრობილეში იმყოფებოდნენ, უმძიმესი პირობების არსებობა დაადსტურეს. საკუთარი უფლებების შელახვას კვლავ აპროტესტებდნენ აფხაზეთიდან დევნილები, რომელთა კიდევ ერთი ნაწილი სპეცრაზმმა ამჯერად ქობულეთის გაყიდული სანატორიუმიდან გამოასახლა. საკუთარ სახლებში დევნილთა დაბრუნებამდე მათთვის ღირსეული პირობების შექმნაზე საუბრობდა თბილისში გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისარი ანტონიო გუტიერეში:

[ანტონიო გუტიერეშის ხმა] ,,მასობრივი დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარების პირობებში. თუმცა არ არის გამორიცხული გარკვეულ შემთხვევებში შეთანხმებების მიღწევა, რაც დაეხმარება მათ, ვისაც დაბრუნების სურვილი აქვს. ასეთ ვითარებაში დაბრუნება უნდა მოხდეს იძულებით გადაადგილებულთა კეთილი ნების საფუძველზე, უსაფრთხოდ და ღირსეულად.”


განსხვავებით დევნილთა პრობლემისგან, რომლის მოგვარების სტრატეგიის შემუშავებაში დახმარებას საქართველოს გაეროს კომისარი დაჰპირდა, გასულმა კვირამ ხელისუფლებას გაცილებით სწრაფად დასაძლევი ორი კონკრეტული პრობლემა შეუქმნა. თურქეთში მომხდარ ავტოკატასტროფას საქართველოს 4 მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. 30-მდე დაშავებულის ევაკუაციის ორგანიზებისა და განხორციელებისთვის დახარჯულ დროს კოორდინაციის კარგი მაგალითი უწოდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვალერი ჩეჩელაშვილმა:


[ვალერი ჩეჩელაშვილის ხმა] ,,პრაქტიკულად, ჩვენ ეს მოვახერხეთ 50-51 საათში. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა მუშაობდნენ შეთანხმებულად სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტები საიმისოდ, რომ უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაცვა.” (სტილი დაცულია)

ვალერი ჩეჩელაშვილს ამ კვირაში იმის განმარტებაც მოუწია, თუ რატომ ეთქვა უარი რუსეთს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციაში მონაწილეობაზე და რომ ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკური მოტივი არ ჰქონია:

[ვალერი ჩეჩელაშვილის ხმა] ,,მე ვადასტურებ, რომ ჩვენ მოვთხოვეთ რუსეთის მხარეს დახმარება. მე იმასაც ვადასტურებ, რომ რუსეთის მხარემ განაცხადა, რომ მზად არის დახმარება აღმოგვიჩინოს, მაგრამ, შექმნილი ოპერატიული ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ის დახმარება, რომელსაც უკვე გვიწევს თურქეთის ორი სპეცთვითმფრინავი, იმ რესურსებთან ერთად, რომელიც მობილიზებულია უშუალოდ ადიგენის რაიონში, ჩვენ მოგვცემს საშუალებას, რომ მოვახდინოთ ხანძრის ლოკალიზაცია და მოვერიოთ მას.” (სტილი დაცულია)

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ამ განცხადებიდან მცირე ხანში საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინისთვის დახმარების თხოვნის ფაქტი დაადასტურა. ანუ გაირკვა, რომ რამდენიმე ასეულ ჰექტარზე მოდებულ ცეცხლს არსებული რესურსი არ ჰყოფნის. პროცესში უკრაინის ჩართვა რომ სწორედ პოლიტიკას უკავშირდებოდა, ამის თაობაზე საჯაროდ რუსეთს არაფერი უთქვამს, თუმცა საკუთარი საჰაერო სივრცის გადალახვა საქართველოსკენ მომავალ უკრაინულ სამაშველო ვერტმფრენებს რამდენიმე საათით შეუფერხა.
XS
SM
MD
LG