Accessibility links

არიან ავტორები, რომელთაც ქართველი მკითხველის წინაშე წარდგენა არ სჭირდებათ. დღეს


დავით პაიჭაძე, თბილისი არიან ავტორები, რომელთაც ქართველი მკითხველის წინაშე წარდგენა არ სჭირდებათ. დღეს ბიბლიოთეკაში სწორედ ასეთ ავტორზე ვილაპარაკებთ.

მაგრამ მას საქართველოში უწინარესად იცნობენ არა როგორც პროზაიკოსს, არამედ როგორც პიესების ავტორს, რეჟისორს, სცენარისტს, თეატრის დამფუძნებელსა და დირექტორს. ალბათ, უკვე მიხვდით: დავით პაიჭაძე დღეს რეზო გაბრიაძეზე გესაუბრებათ. უფრო ზუსტად, მის წიგნზე ”ქუთაისი ქალაქია”.

ქუთაისი ქალაქია - უკვე ირონიაა. რადგან ის, რაც რეზო გაბრიაძის პატარა რომანში ქუთაისის სახელს ატარებს, ქალაქს არაფრით ჰგავს. ეს არის ცალკეული ადგილების - არც კი უბნების, სახლების, შენობების - დაფანტული რიგი. ინვალიდების, ღატაკი გლეხებისა და გამწარებული ხალხის კრებული. ამბავიც ამ უმნიშვნელო ადგილებსა და ადამიანებს შორის ნაწილდება: მოქმედების ერთიანობის ნაცვლად აქ მოქმედება დანაწევრებულია, ფრაგმენტირებული, და ამ ფრაგმენტებს შორის აუცილებელი კავშირი არ არის. ვერ იტყვი, რომ რეზო გაბრიაძე შეეცადა ამ კავშირის გაბმას და ვერ შეძლო. ვინც იცნობს მის შემოქმედებას, იცის, რომ სიუჟეტი მასთან მეორეულია - რეზო გაბრიაძე უფრო სიტუაციების მხატვარია და ასე შექმნილი ეპიზოდების ერთობა პირობითად იქმნება სამოქმედო დროში მათი თანმიმდევრული განლაგებით. ლიტერატორი და მთარგმნელი პაატა ჯავახიშვილი მეუბნება:

[ჯავახიშვილის ხმა] ” ‘ქუთაისი ქალაქია’ არის ნაწარმოები, რომელსაც ძლიერი სიუჟეტი არა აქვს, პატარ-პატარა სიუჟეტებითაა აწყობილი. როგორც ქუთაისური იუმორი. ფაქტურა არის კარგი, სიტყვა, გამოთქმა”...

მეორე მსოფლიო ომის მომდევნო პერიოდი ქართულ ლიტერატურასა და კინოში ასე თუ ისე ასახულია, თუკი ხელოვნებას მაინცდამაინც სინამდვილის ასახვას მოვთხოვთ. მაგრამ საბჭოთა კავშირის დანგრევის პირად მისვლა დასჭირდა იმას, რომ ომის შემდგომი წლები ცხადად, დაურიდებლად, კონიუნქტურის გარეშე, სიმძიმის შესანიღბი საშუალებების გარეშე აღეწერათ. რეზო გაბრიაძე, ერთი შეხედვით, განსხვავებულ გზას ირჩევს, თუმცა სიტყვა ირჩევს აქ არასწორია - ის ყოველთვის ამ გზაზე იდგა. უმძიმეს სოციალურ ფონს, ადამიანთა შორის სასტიკ, დაძაბულ ურთიერთობებს ის უზავებს თითქოს სრულიად უმოტივო სიკეთეს. რეზო გაბრიაძის ქუთაისი - ესაა ქალაქი, სადაც უმწეოებზე ძალადობენ, მაგრამ ეს ძალადობა სულს არ გიხუთავთ; მისი ასახვა შავი იუმორითა და ისეთი დეტალებით, რომელთა პოვნა მხოლოდ რეზო გაბრიაძეს შეუძლია, აჩენს არა თანაგრძნობას, არამედ ღიმილიან ნაღველს. ეს თვითკმარი რეაქციაა, ეგებ თვითკმარი ემოციაც, რადგან კითხვას, ადეკვატურია თუ არა მკითხველის ასეთი დამოკიდებულება, პასუხი არა აქვს.

[ჯავახიშვილის ხმა] ”ომის შემდგომ გაჭირვება იყო და არის ასეთი ხერხი: დიდი გაჭირვებიდან იუმორს გამოჰყავს ადამიანი. არაფერი არ არის - არც სიყვარული, არც ფული, არც კეთილდღეობა. რჩება ერთადერთი - იუმორი, რამაც, შეიძლება, გამოიყვანოს.”(სტილი დაცულია)

ირონია, რომელიც ზემოთ ვახსენეთ, რეზო გაბრიაძესთან კიდევ ერთ განზომილებას იძენს. შეიძლება გეჩვენოთ, რომ ”ქუთაისი ქალაქია”-ს პერსონაჟებს იუმორი არ აკლიათ, რომ მათ მეტყველებასა თუ ქცევებს სწორედ იუმორი განწონის. მაგრამ ასეც არაა - რეზო გაბრიაძე გაცინებთ იმით, რასაც პერსონაჟები უაღრესად სერიოზულად, დრამატულად განიცდიან. ისინი სასაცილოები არიან, მაგრამ თავად თითქმის საერთოდ არ იცინიან.

”ქუთაისი ქალაქია” შეიძლება მივიჩნიოთ ბავშვობისდროინდელ შთაბეჭდილებათა და ოცნებათა გაცოცხლებად. ოღონდ მწერალი მათ აცოცხლებს ყოველგვარი სურვილის გარეშე, ანგარიში გაუსწოროს წარსულს ან გათავისუფლდეს მისგან. თუ ასე შევხედავთ, ეგებ უკეთ გავიგოთ, რატომ იღებს პატარა ვარლამი უსამართლობას, დაცინვას, ძალადობას და სისასტიკეს ნორმად, რატომ ებრძვის მათ მხოლოდ სიცხიან ზმანებებში და ისიც - ყოველგვარი აგრესიის გარეშე. ნახეთ, როგორ იწყება რომანი: ”ეს ნამდვილი ამბავი ვარლამს ბავშვობის სიბერეში გადახდა, ათი წლისა რომ იყო. ტანად პატარა ვარლამს დიდი თავი ჰქონდა, დიდი ყურები და დიდ თვალები. იოლი და გემრიელი საცემი იყო. იშვიათად თუ ჩაუვლიდა ვინმე, თავში რომ არ წაეყოლებინა სიამოვნებისათვის. ომი ახალი გადახდილი იყო, ცოტა ჰქონდა ხალხს გართობა და სიხარული: პური არ იყო, მიხვრა-მოხვრა დაიკარგა, ვიღას ახსოვდა ხალვა, პაემანი და პადრუჩკი?”. ამ გარემოში სიკეთე სრულიად გაუგებარია, აბსურდია და ამიტომაც ევლინება პერსონაჟებს ვინმე ერმონიას სახით - ესაა ქუთაისის მფარველი ანგელოზი, რომელიც ხან ”ოპელ-კაპიტანით” დადის, ხან მონტიორია, მოულოდნელად ჩნდება და უკვალოდ ქრება ხოლმე. ხოლო სტალინის ქუთაისში ჩამოსვლისას ლამის ისტერიკას დაიმართებს, რათა ბელადს ორიოდ ადამიანის გადასარჩენად ქაღალდებზე ხელი მოაწერინოს.

რეზო გაბრიაძის რომანის ერთ-ერთი თემა ქუთაისში მყოფი ტყვე გერმანელებია. ეს თემა იშვიათია, თუმცა ცნობილია ქართულ მწერლობაშიც და კინოშიც. მაგრამ რეზო გაბრიაძის ტექსტში ის ახლებურად არის დამუშავებული. ლიტერატორი და მთარგმნელი პაატა ჯავახიშვილი აღნიშნავს:

[ჯავახიშვილის ხმა] ”ძალიან საინტერესოა გერმანელი ტყვეების ცხოვრება. ”ლაგერებში” ცხოვრობენ. საგულისხმოა, როგორ არიან მოწყობილები და როგორ აფასებენ მათ აქაურები: ვინ არის პლენში: ისინი თუ ჩვენო? გერმანელებს თან ზევიდან უყურებენ, რადგან მაინც ტყვეები არიან, თან ხვდებიან, რომ ამ ხალხს აქვს კულტურა და ამ კულტურის შედეგსაც ხედავენ. ეს გაორებაც აქვთ და ჩანს რომანში.”(სტილი დაცულია)

ერთი ციტატა რომანიდან:
”ბილიკს რომ დაადგნენ, მთვრალმა კანვოიმ შულცს უთხრა:
-
ისთე რამე რო იყვეს, არ შემიძლია ამ ჯაგნარში მიგახვრიტო ზაკონით? მარა სტალინის ზეპირსიტყვიერი ბრძანება რო არი? იარონ პლენებმა თავისუფლათო, ეგების რამე ხელობა ასწავლონ ამ შტერ ჩვენ ხალხსო”...

მძიმე ყოფის, მძიმე სინამდვილის მსუბუქი აღქმა და მსუბუქადვე გადმოცემა - ”ქუთაისი ქალაქია”-ს მხატვრული ეფექტი უნდა ვიგულოთ ამ სიმსუბუქეშიც. ის გამორიცხავს ზერელობას და გამორიცხავს მწერლის ენობრივი ოსტატობის წყალობით. ამ ოსტატობის რამდენიმე წახნაგი პაატა ჯავახიშვილმაც მონიშნა:

[ჯავახიშვილის ხმა] ”ენობრივად ძალიან მაგარია. ჯერ ერთი, ძალიან მდიდარი ენა აქვს, ლექსიკური მარაგი აქვს დიდი. ვერსად შეხვდები სიტყვების მისნაირ შეხამებას. ძნელი მისაღწევია ოსტატობის ის დონე, რომელზეც ის შედარებით ძველ ჟარგონს და რუსულ ბარბარიზმებს იყენებს.”

რეზო გაბრიაძემ ერთმანეთს შეახვედრა და დაამეზობლა სიტყვები, რომელთაც ვერც ერთი ქართველი მწერლის ტექსტში ვერ შეხვდები. მისი ფრაზები უნიკალურია. წერითი მეტყველება გატყუებს, თითქოს პრიმიტივიზმის ზღვარზეა. ავტორის ირონია წერის მანერაშიც იჩენს თავს, მას აღმოაჩენთ ტექსტის თითქმის ყველა ფრაგმენტში. სალიტერატურო ენის ნორმებს იშვიათად არღვევს და, ამის მუხედავად, არ გშორდებათ განცდა, რომ თხრობაც და პერსონაჟების ლაპარაკიც იმერულ დიალექტზე, ქუთაისურ კილოზე მიმდინარეობს. ახლა წავიკითხავ თითო წინადადებას რომანის სხვადასხვა ადგილიდან იმის საილუსტრაციოდ, რა ეფექტის გამოღება შეუძლიათ მოულოდნელ სიტყვებსა და ტროპებს კონტექსტში, რომელიც მათთვის პირველად რეზო გაბრიაძემ შექმნა:

”ვილისს ბღავილით მოსდევდა ტროფეული ძროხების ჯოგი.
მარჯვნივ პირამიდებივით იდგნენ კიპარისები, ჰყვაოდა გლიცინია, მარცხნივ სოლომონ მეფის ცაცხვი შრიალებდა და იასამნები თრთოდნენ.
ფეხზე კალოშები ეცვა და თავზე სილამაზე ედო - ნაჭრის ნაკუწი.
წელში მოკაკული ბაბუა ქარს მიაპობდა და ზევით, ჩეჩმისკენ, მიიწევდა.
ლაპარაკობდნენ ცოტას, ჩუმად და რადიოსავით ზრდილობიანად.
დაბრუნდნენ იმ ქვეყნიდან ამ ქვეყანაში, საქართველოს სსრ-ში, ქელეხზე.
კინოთეატრ ”კომუნის” უკან, ჩიხში, იასამნის ბუჩქი იდგა განუვითარებლად.
ისმის გრუხუნი, უფეხოებს ბორბლებად ტანკის პადშიბნიკები უყენიათ.
აქ ინვალიდებმა დასცხეს გურული სიმღერა: ”სიცოცხლე ვოროშილოვს”.
შუა ეზოში პალმა კვდებოდა უკვე მეოცე წელია.
შტეფსელში ჩართულივით გაანათა მზემ.”

რეზო გაბრიაძის წიგნზე საუბრისას პაატა ჯავახიშვილმა გამიზიარა განცდა, რომ ”ქუთაისი ქალაქია”-ს კითხვის დროს გრძნობდა, როგორ აღეძროდა უამრავი გაუცნობიერებელი ასოციაცია. მართლაც ასეა. აქ შეიძლება გაგახსენდეს არა მხოლოდ რეზო გაბრიაძისავე პერსონაჟები, სცენარები და სპექტაკლები, არამედ, მაგალითად, ვუდი ალენი, მისი პროზის ერთდროულად დახვეწილი და ექსცენტრული იუმორით, ან ფილმი ”ცა ბერლინის თავზე”, სადაც ანგელოზები ემეგობრებიან და ესარჩლებიან ადამიანებს, დადიან ბერლინში და ეწევიან სიგარეტს, ისევე როგორც რეზო გაბრიაძის ომის შემდგომ ქუთაისში.
XS
SM
MD
LG