Accessibility links

logo-print

”გაძვირებული პური და უფასო სანახაობა/ხელისუფლების ქველმოქმედება ბიზნესის ხარჯზე” - ამ


”გაძვირებული პური და უფასო სანახაობა/ხელისუფლების ქველმოქმედება ბიზნესის ხარჯზე” - ამ სათაურის სტატიას 21 აგვისტოს ”ახალი ვერსია” ბეჭდავს.

”ხელისუფლების შეცვლიდან რამდენიმე წელიწადში საქართველოში თამაშის ახალი წესები მკვიდრდება, - წერს სტატიის ავტორი და განაგრძობს, - თუკი ზოგიერთისთვის ფასეულობები გაძვირდა, ბევრისთვის ბევრი რამ უფასოა.” გაზეთთან საუბრისას ექსპერტები აცხადებენ, რომ ის ღირებულებები, რომელთა დამკვიდრებასაც ხელისუფლება ცდილობს, მსუბუქად რომ ვთქვათ, არადემოკრატიულია. ვახტანგ ხმალაძე ფიქრობს, რომ როდესაც ნაციონალური მოძრაობის სახელით გზები იგება და ინფრასტრუქტურა იქმნება, ხალხს ორი რამ უნდა ახსოვდეს: ”ერთი, რომ ხელისუფლებაში ოპოზიციაც მოიაზრება და მეორე - ინფრასტრუქტურის შექმნაში გადამხდელთა ფული იხარჯება. ეს ფული კი ყველასია.”

ნიკო ორველაშვილის დაკვირვებით, ”ძალადობის ფონი უკლებლივ ყველაფერს ემჩნევა - დაწყებული წამლის, იარაღის ჩადებით თუ ათასი სხვა მაქინაციით”. ”საფუძვლიანად თუ უსაფუძვლოდ, შეუძლიათ, მოგკიდონ ხელი, მოგათავსონ წინასწარი პატიმრობის საკანში, დაგაჭლექონ, დაგაავადონ და ამის მერე დაგაყენონ არჩევანის წინაშე - ან ფული, ან სულიო,” - ამბობს გაზეთ ”ახალ ვერსიასთან” საუბრისას ნიკო ორველაშვილი და დასძენს: ”ვისაც ფული ჰქონდა და ეს პერსპექტივა მოელოდა, მათი დიდი ნაწილი ქვეყნიდან დიდი ხნის წინ გაიქცა... ეს აქციები ჯერ შევარდნაძის გარემოცვით დაიწყეს, ვიღაცეები შეშინდნენ... მერე ნელ-ნელა, პოლიტიკური ფიგურებიდან ვისაც ბიზნესში ხელი ერია, იმათზე გადავიდნენ. მერე ინდმეწარმეებზე ჩამოვიდნენ. ვისთანაც ცოტა მეტი ეგულებოდათ, ისინი მესამე წრეზე გაატყავეს”. ”ახალი ვერსიის” რესპონდენტი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ”ხელისუფლება ბიზნესთან შენიღბულ თუ შეუნიღბავ დამოკიდებულებას მხოლოდ პიარკამპანიისთვის იყენებს და არა ქვეყნისთვის სასიკეთო საქმის გასაკეთებლად.”

”ახალი თაობა” ბეჭდავს ინტერვიუს დავით უსუფაშვილთან. შეკითხვაზე - რაში სჭირდება ხელისუფლებას ასეთი გაუთავებელი პიარი, საზოგადოება ხომ ისედაც ყველაფერს ხედავს, - რესპუბლიკური პარტიის ლიდერს ასეთი პასუხი აქვს: ხელისუფლება ”მუდმივად იმაზეა ორიენტირებული, რომ ის სხვაზე უკეთესია, მაშინ როდესაც ჭკუადამჯდარი, ზრდასრული პოლიტიკოსები სხვაგვარად იქცევიან. როცა საქმის კეთება არ შეუძლია, ამის კომპენსირებას ახდენს ამ გაუთავებელი პიარ-კამპანიით”. ინტერვიუდან ვიგებთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, შემოდგომაზე, დავით უსუფაშვილი განსაკუთრებულ სიახლეებს არ ელის. მისი აზრით, იმის მტკიცება, რომ ხელისუფლება თავის მოვალეობებს ვერ უმკლავდება, მოსახლეობის დიდ უმრავლესობას უკვე აღარ სჭირდება. ”მთავარია ოპოზიციამ დაანახვოს მოსახლეობას, რითი იქნებოდა ის უკეთესი, თუ იქნებოდა ხელისუფლებაში, რას გააკეთებდა,” - აცხადებს ”ახალ თაობასთან” საუბრისას რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით უსუფაშვილი.

”ოპოზიციის ნაწილი და ხელისუფლება გარიგდებიან” - ეს უკვე ნოდარ ნათაძის მოსაზრებაა, რომელსაც ის გაზეთ ”მთელი კვირის” მკითხველს უზიარებს. ”ოპოზიცია ეცდება, როგორმე შეუთანხმდეს ხელისუფლებას იმაზე, რომ პოლიტიკაში რაღაც ფორმით იტივტივოს,” - ვარაუდობს სახალხო ფრონტის თავმჯდომარე. მისი აზრით, არ ცდება ამომრჩეველთა ის ნაწილი, რომელიც საპარლამენტო ოპოზიციას დიდი ხანია უპრინციპოდ მიიჩნევს. ”მათთვის პოლიტიკა ადგილებისთვის, გავლენისთვის ბრძოლაა და არა - მსოფლიოში ქართული სახელმწიფოს ადგილისთვის ბრძოლა” - ასეთ ბრალდებას უყენებს ოპოზიციის წარმომადგენლებს ნოდარ ნათაძე გაზეთ ”მთელი კვირისთვის” მიცემულ ინტერვიუში.
XS
SM
MD
LG