Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ვიზიტის შედეგები


გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისრის ანტონიო გუტიერეშის ვიზიტი საქართველოში დასრულდა. ვიზიტის ბოლოს, 20 აგვისტოს, ანტონიო გუტიერეშმა პანკისის ხეობაში

განსახლებული ჩეჩენი ლტოლვილები მოინახულა, მანამდე კი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს ესტუმრა. სეპარატისტული ხელისუფლების ლიდერებთან სერგეი ბაღაფშსა და ედუარდ კოკოითთან შეხვედრებზე გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარმა დევნილთა დაბრუნების საკითხები განიხილა. ჩეჩენი ლტოლვილების პრობლემების გადასაწყვეტად კი გუტიერეში ახალი ინიციატივითაც გამოვიდა.

20 აგვისტოს, საქართველოში ვიზიტის დასასრულს, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი ანტონიო გუტიერეში პანკისის ხეობას, სოფელ დუისს, ესტუმრა. იქ კომპაქტურად განსახლებული ჩეჩენი ლტოლვილებისთვის საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლობა გაიხსნა.

[ისმის მუსიკა]

ცეკვისა და მუსიკის გარდა, ჩეჩნეთიდან ლტოლვილებმა გუტიერესს უამრავი პრობლემაც დაახვედრეს.

[ქეთევან მარგოშვილის ხმა] ”ისე, ყველას უნდა, თუკი ნორმალური...”

ეს არის ქეთევან მარგოშვილი, ჩეჩნეთიდან ლტოლვილი, წარმოშობით პანკისელი ქალბატონი. კიდევ ერთი ლტოლვილის, ხიზრი დუდარევიჩის, მოსაზრება:

[ხიზრი დუდარევიჩის ხმა] ”საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. მე, პირადად, მინდა როგორმე, გაეროს დახმარებით, აქედან გადავიდე მესამე ქვეყანაში. როგორღაც საჭიროა ნორმალურად ჩაცმა, ნორმალურად ცხოვრება, დაქორწინება, მაგრამ ამის საშუალება არ არის.”

საქართველოს ხელისუფლება მხარს უჭერს ამ და ჩეჩნეთიდან ლტოლვილთა თითქმის 98 პროცენტის მოთხოვნას გადავიდეს მესამე ქვეყანაში. ამ საქმეში საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დახმარება ანტონიო გუტიერეშმაც აღუთქვა. მას საქართველოში ვიზიტისას შეხვედრა ჰქონდა საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან და მათ წინაშე ჩეჩენი ლტოლვილების მისაღებად მუშაობის გააქტიურების საკითხი დაყენა:

[ანტონიო გუტიერეშის ხმა] ”მოვედი და ვნახე, რომ პანკისის ხეობაში არის ძალიან მშვიდობიანი გარემო და საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხა ის, რომ შეიფარა ჩეჩენი ლტოლვილები და ისინი ცხოვრობენ აქ მშვიდობიან გარემოში.”

რაც შეეხება აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილთა პრობლემებს, გუტიერეშის განცხადებით, მას საუბარი ჰქონდა სერგეი ბაღაფშსა და ედუარდ კოკოითთან დევნილი მოსახლეობის უსაფრთხო დაბრუნების საკითხებთან დაკავშირებით:

[ანტონიო გუტიერეშის ხმა] ”საუბარი შეეხებოდა იმ ადამიანებს, რომლებიც ბრუნდებიან თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში. ჩვენ ვეხმარებით მათ თავშესაფრით და ვცდილობთ, რომ იქ ჰქონდეთ უსაფრთხო გარემო და მშვიდობიანად გრძნობდნენ თავს.”

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის განცხადებით, გაერო ყველაფერს გააკეთებს აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში დაბრუნებული ადამიანების უსაფრთხოებისათვის. ანტონიო გუტიერესმა დახმარება აღუთქვა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსაც დევნილთა პრობლემების მოსაგვარებლა შესაბამისი სტრატეგიის შემუშავებაში.
XS
SM
MD
LG