Accessibility links

logo-print

ხანძრის მიერ მიყენებული ზარალი


აბასთუმანში ხანძრის მიერ მიყენებულ ზარალს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებით, სპეციალურად შექმნილი კომისია შეისწავლის.

დავით ტყეშელაშვილი ხანძრიდან ერთი კვირის შემდეგ საქართველოს მთავრობის ეფექტურ მუშაობაზე ამახვილებს ყურადღებას და განსაკუთრებულ მადლობას, თურქულ და უკრაინულ ავიაციასთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას უხდის. უკრაინული ვერტმფრენი და თვითმფრინავი ჯერ კიდევ რჩება აბასთუმანში. მუშაობას განაგრძობს საგანგებო შტაბიც, მინისტრის მოადგილის სოფო ახობაძისა და მხარის გუბერნატორის გოგა ხაჩიძის ხელმძღვანელობით.

შვიდდღიანი დაძაბული შრომის შემდეგ აბასთუმანში სიმშვიდემ დაისადგურა. ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა სრული ჩაქრობისათვის უკრაინული ავიაცია ჯერ კიდევ განაგრძობს პატრულირებას ნახანძრალ ტერიტორიაზე. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა უკვე დატოვა აბასთუმანი. დავით ტყეშელაშვილის ბრძანებით, 21 აგვისტოს შეიქმნა კომისია, რომელიც ხანძრის შედეგად მიყენებულ ზარალს შეისწავლის.

[ტყეშელაშვილის ხმა] ,,ჩვენ დავდეთ ზუსტი გეგმა, პუნქტობრივად გაწერილი, როგორ უნდა ვიმუშაოთ იმისათვის, რომ, პირველი, დავაწესოთ მორიგეობა, რომ მივიღოთ ზუსტი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ გავიგოთ როგორი მდგომარეობა იქნება ხანძრის ზოლში; მეორე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ უნდა აღვნუსხოთ რეალური ზარალი.”(სტილი დაცულია)

ინფორმაციას ტყეში არსებული სიტუაციის შესახებ მინისტრსა და საგანგებო შტაბს უკრაინელი მფრინავები აწვდიან. ამ დროისათვის 2 ძირითადი კერა მაინც არსებობს ადიგენის რაიონის წახნის სატყეო უბანში. უფროსი მფრინავი პეტრე ნასიკოვსკი აცხადებს, რომ სიტუაცია კონტროლირებადია, მაგრამ სამუშაოები ჯერ კიდევ უნდა გაგრძელდეს:

[ნასიკოვსკის ხმა] ,,ყველაფერი დამოკიდებულია იმ ნაწილზე, სადაც იყო ხანძარი. იქ, სადაც ტყე იწვოდა, აღარაფერია დარჩენილი, ახლაც 2 ძირითადი კერაა. მთავარი ის არის, რომ ბალახს უკიდია ცეცხლი, რომელსაც მე ვერ ვხედავ, იმიტომ რომ არ ჩანს, და შემდეგ ახალ ადგილას მოულოდნელად აალდება. როდის ჩაქრება, ამის წინასწარ თქმა ძნელია, ჯერ კიდევ საჭიროა საქმის კონტროლირება.”

უკვე განვლილ დღეებს მოსახლეობაც და ხელისუფლების წარმომადგენლებიც მშვიდად იხსენებენ, თუმცა ერთხმად აღიარებენ, რომ აბასთუმანს სერიოზული საფრთხე ემუქრებოდა. ვითარება განსაკუთრებით ხანძრის გაჩენიდან მეოთხე დღეს გართულდა, მაშინ, როცა ქარმა მიმართულება შეიცვალა და ცეცხლი დასახლებულ პუნქტს მიუახლოვდა. მეტყევე ნოდარ ლოლაშვილი შექმნილ ვითარებას ასე აღწერს:

[ლოლაშვილის ხმა] ,,საშიშროება ახლა უკან, ახალციხის მხარეს, დააწვა. ქარის მიმართულება შეიცვალა. ახლა რომ შეიცვალოს ვითარება და აქეთ წამოვიდეს, დღესვე ემუქრება აბასთუმანს. ძალიან ცუდი სიტუაციაა, არ ჩანს, ბურუსია, ხეობა არის ბურუსით მოცული, ზემოდანაც ვერ აკონტროლებენ, ისეთი მძიმე სიტუაციაა. აბასთუმნის მხარე უნდა გადაიკეტოს, პირველ რიგში, იქ უნდა მივცეთ კოორდინატები. ყველაზე ნაღდი ეგაა, აქეთ უნდა დავიცვათ, თორემ მაქეთ კიდევ რაცხა ეშველება. იქეთ მინდორზე გავა, სახანძროებით ჩავაქრობ. იქეთ ტყე-პარკზე გავა, მიმდგარია უკვე.”(სტილი დაცულია)

მძიმე ვითარების გამო აბასთუმანში საქართველოს პრეზიდენტი ჩავიდა. მიხეილ სააკაშვილი გაწეულ დახმარებაზე საუბრობს:

[სააკაშვილის ხმა] ,,ჯერ ერთი, ზარალი, რომელიც მოგვაყენა ამ ცეცხლმა... მაგრამ ბევრად უარესი შეიძლება ყოფილიყო. ყველაზე საუკეთესო საჰაერო ძალები ცეცხლის ჩაქრობაში ჰყავს თურქეთს. ასევე დაგვეხმარნენ თურქები 2004 წელს, როდესაც ჩვენ მივმართეთ თხოვნით. კარგი კომბინაცია, ძალიან კარგი თანამშრომლობაა ბრიტანელების და თურქების. ბრიტანელებს აქვთ დიდი გამოცდილება ცეცხლის ჩაქრობის. ისინი აძლევენ კოორდინატებს, თურქები აქრობენ.”

მდგომარეობის გართულებას რეგიონში შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტიც მოჰყვა. პრეზიდენტმა ვანო მერაბიშვილსა და დავით ტყეშელაშვილს დავალებები მისცა. მინისტრები ხალხში გავიდნენ.

[მერაბიშვილი და ხალხი] ,,ნაშველები არა ხართ, ხალხო? კარგი ამინდია, გრილა, მთელ საქართველოში ცხელა. ყველაფერი კარგად არის. არაფერი პრობლემა არ არის. თუ რამე იქნება, გეტყვით.”
,,არ დავიწვათ, მაგის გვეშინია, ჩვენებური კაცი ხარ, სიმართლე გვითხარი.”
,,თუ ვინმე გეტყვით საშიშიაო, უთხარით, რომ პროვოკატორი ხარო.”
,,უი, მაგას რა სჯობია, შენ გაიხარე, ჩვენებური კაცი ხარ, ჩვენებური.”
,,ამ დასახლებას საფრთხე არ ემუქრება. მე აქა ვარ. სანამ არ ჩაქრება, არ წავალ.”
,,რომ ჩამოვიდეს, მერე რა ვქნათ?”
,,აქა ვარ, არსად არ მივდივარ.”(სტილი დაცულია)

დასახლებული პუნქტისკენ ხანძრის გაძლიერებას, ბრიტანელი ექსპერტების დასკვნებით, თავიდანვე გამორიცხავდა საგანგებო შტაბი. დავით ტყეშელაშვილმა ბუნებრივ პირობებზე ისაუბრა:

[ტყეშელაშვილის ხმა] ,,აქ არის კლდოვანი მასივი, იმ მიმართულებით, რაზეც საუბრობთ, რომელიც აუცილებლად გააჩერებს ამ ხანძარს ბუნებრივად. ჩვენთან აქ მუშაობენ ინგლისელი ექსპერტები, რომლებისგანაც ვღებულობთ მიწიდანაც და ჰაერიდანაც აბსოლუტურად ზუსტ დასკვნებს. ხედავთ, რა ტემპერატურა არის?! პრაქტიკულად ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის ყველაზე დიდი ხანძარი, რომელიც ყოფილა უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში საქართველოში.”(სტილი დაცულია)

20 აგვისტოს ხანძრის ჩაქრობის გამო შტაბის წევრებმა სახელდახელო კონცერტი გამართეს და, 600 ჰექტარზე მეტი გადამწვარი ტერიტორიის მიუხედავად, განაცხადეს, რომ აბასთუმანი აღმავლობის გზას ადგას. საქართველოს საგარეო სამინისტრომ განსაკუთრებული მადლობა თურქეთის რესპუბლიკას, უკრაინის მთავრობასა და ბრიტანულ კომპანიას გადაუხადა. ასევე აღნიშნა, რომ გერმანიის, რუსეთისა და ავსტრიის მთავრობების მადლიერია მათი მხრიდან გამოხატული მზადყოფნის გამო. საქართველოს მთავრობა ხანძარსაწინააღმდეგოდ საჭირო რეზერვუარების შესყიდვის საკითხს განიხილავს.
XS
SM
MD
LG