Accessibility links

logo-print

რა მიზნით ესტუმრა საქართველოს სენატორი რიჩარდ ლუგარი


22 აგვისტოს საქართველოს ესტუმრა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაცია, სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის სენატორ რიჩარდ ლუგარის ხელმძღვანელობით.

თბილისში სენატორი რიჩარდ ლუგარი ბაქოდან ჩავიდა და ვიზიტის დაწყებისთანავე განაცხადა, რომ მხარს უჭერს საქართველოს საგარეო პოლიტიკას და საქართველოს მოსახლეობის სურვილს ქვეყნის ტერიტორიიდან გაყვანილ იქნენ რუსეთის სამშვიდობო ჯარები, ასევე საქართველოს სწრაფვას მოიპოვოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობა.

სენატორ რიჩარდ ლუგარს, როგორც საქართველოს საგარეო პოლიტიკის მხარდამჭერს, ჟურნალისტებმა თბილისში ვიზიტის დაწყებისთანავე ჰკითხეს, რას ფიქრობს იგი საქართველოდან რუსეთის სამშვიდობო ჯარების გაყვანის შესახებ.

[რიჩარდ ლუგარის ხმა] ”შეერთებული შტატების მთავრობა ეთანხმება საქართველოს ხალხს, რომ არ უნდა იყოს რუსეთის სამშვიდობო ძალები არც ერთ ზონაში. სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ეუთოსა და სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, რათა მოიძებნოს საბოლოო გადაწყვეტილება, რომელიც მისაღები იქნება ორივე მხარისთვის და რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. რაც შეეხება აფხაზეთს, ჩვენ მხარს ვუჭერთ ლტოლვილების უსაფრთხო დაბრუნებას საკუთარ სახლებში და მიგვაჩნია და გვჯერა, რომ კონსტრუქციული და დიპლომატიური ნაბიჯები, რომლებიც დღემდე შეიძლება არ იყო მაინცდამაინც წარმატებული, გამოიღებს თავის შედეგს და წარმატებული იქნება.”

სენატორმა რიჩარდ ლუგარმა პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ისიც აღნიშნა, სამხრეთ ოსეთის კონფლიქტი ნაკლები სირთულისაა, ვიდრე აფხაზეთის და ამიტომ იქ სამშვიდობო ძალების ჩანაცვლება შეიძლება საჭიროც არ გახდესო. რაც შეეხება აფხაზეთს:

[რიჩარდ ლუგარის ხმა] ”მიმაჩნია, რომ სამშვიდობო ოპერაციის საკითხი ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ განზრახვას, რომ მოიძებნოს ნეიტრალური მხარე, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდება ამ სამშვიდობო მანდატის შესრულება.”

სენატორმა რიჩარდ ლუგარმა საქართველოს ხალხს და მის მთავრობას ნატოში გაწევრიანებისთვის გადადგმული ნაბიჯებიც მოუწონა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის გზაზე სრული მხარდაჭერაც აღუთქვა.

კიდევ ერთი სფერო, რომელშიც აშშ საქართველოს თანადგომას და დახმარებას ჰპირდება, ესაა ენერგეტიკული უსაფრთხოება. აშშ-ის კონგრესში მზადდება კანონპროექტი, რომელიც საქართველოს და კასპიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას შეუწყობს ხელს. სენატორ ლუგარს და მისი დელეგაციის წევრებს ბაქოში ვიზიტისას აზერბაიჯანის მთავრობის წარმომადგენლებთან საუბარი ჰქონდათ ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის პროექტში საქართველოსთვის დამატებითი ბუნებრივი აირის გამოყოფის გათვალისწინების შესახებაც.

[რიჩარდ ლუგარის ხმა] “საქართველო რუსეთის გაზის გარეშე სრულყოფილად ვერ მარაგდება. და ჩვენ ძალიან გულწრფელად ვისაუბრეთ იმ პრობლემაზე, რომელსაც რუსეთის გაზზე დამოკიდებულება და სხვა შემცვლელების მოძებნის საჭიროება ქმნის. ცხადია, ვითარება ძალიან რთულია. ენერგეტიკული დამოკიდებულების ასპექტი, რა თქმა უნდ, ისეთი მწვავე არ არის, როგორიც საქართველოში, მაგრამ დილემურია და თავს იჩენს თვით შეერთებულ შტატებში. ამის გამოა, რომ მასში ჩართვა მე პრიორიტეტულად მივიჩნიე.”

აშშ-ის კონგრესის დელეგაცია, სენატორ რიჩარდ ლუგარის ხელმძღვანელობით, საქართველოში 24 აგვისტომდე დარჩება. დელეგაციას შეხვედრები ექნება საქართველოს პრეზიდენტსა და მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან. დელეგაცია მოინახულებს აშშ-ის დაფინანსებით მშენებარე ლაბორატორიას, რომელიც ერთობლივი საფრთხის შემცირების პროგრამის ნაწილია. იგი ასევე ცნობილია ”ნან-ლუგარის” საკანონმდებლო აქტის სახელით. ამ პროგრამის ფარგლებში საქართველო მიიღებს ტექნიკურ დახმარებას ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის შესაბამისი ნივთიერებებისა და გადამზიდი სისტემების იზოლირებისა და განადგურებისთვის.

საქართველოდან გამგზავრების შემდეგ აშშ-ის დელეგაცია თურქეთს ესტუმრება, რითაც დამთავრდება მოგზაურობა ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირების მარშრუტის მიხედვით - კასპიის ზღვიდან ხმელთაშუა ზღვამდე.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG