Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბუში ლიბანის დასახმარებელი პროგრამის თაობაზე განცხადებით გამოდის და კრიზისში ირანს ადანაშაულებს


ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ლიბანს რეკონსტრუქციის საქმეში აქტიურად დაეხმარება.

ბუში გაეროს მშვიდობისდამცველთა სწრაფი ფორმირების მოწოდებით გამოვიდა და კრიზისში ირანი დაადანაშაულა. ლიბანში მიმდინარე რეკონსტრუქციის პროცესში აქტიურად მონაწილეობს ”ჰისბოლაჰი”, რომელიც აცხადებს, რომ ისრაელსა და შეერთებულ შტატებზე გამარჯვება მოიპოვა. შესაბამისად, ისმის კითხვა: მასშტაბური დახმარების გამოყოფით, ვაშინგტონი ხომ არ ცდილობს შეეჯიბროს ირანის მხარდაჭერით მოქმედ ორგანიზაციას?



შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის, თქმით, ლიბანისთვის გამოყოფილი დახმარება, რომელიც 230 მილიონ დოლარს შეადგენს, შეერთებული შტატების წვლილია ლიბანელი ხალხის ოცნების ახდენაში. ეს ოცნება კი, ბუშის თქმით, ”თავისუფლებაში ცხოვრების არჩევანია”.

ბუში გაეროს მშვიდობისდამცველთა სწრაფი ფორმირების მოწოდებით გამოვიდა და ამ სამშვიდობო ძალის შექმნის აუცილებლობა ტერორის წინააღმდეგ მიმდინარე ომს დაუკავშირა. ჯორჯ ბუშმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ სირია და ირანი დამოუკიდებელი ქვეყნის შიდა საქმეებში ერევიან:

[ბუშის ხმა] ”ირანი და სირია ცდილობენ ლიბანელ ხალხს უცხო ქვეყნების დომინაციისგან გათავისუფლებასა და დემოკრატიული მომავლის აშენებაში ხელი შეუშალონ. ტერორისტები და მათი დამფინანსებლები წარმატებას ვერ მოიპოვებენ. ლიბანელმა ხალხმა მკაფიოდ განაცხადა, რომ თავისუფლებაში სურს ცხოვრება და ამაში მათ ახლა მეგობრები და მოკავშირეები უნდა დაეხმარონ.”

შეერთებული შტატების მხრიდან ლიბანისთვის გამოყოფილი დახმარება 25 ათას ტონა ხორბალსა და ლიბანის ჯარისთვის 42 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს. ამასთან, დახმარებაში გათვალისწინებულია თანხა 15 ათასი ტონა ნავთობის გაჟონვით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციისთვის. გაჟონვა ისრაელის საჰაერო ოპერაციებმა გამოიწვია.

ლიბანის მთავრობა აცხადებს, რომ ქვეყნის რეკონსტრუქციისთვის 3.6 მილიარდი დოლარია საჭირო.

ლიბანის დახმარების შესახებ ბუშის ადმინისტრაციის გადაწყვეტილების გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე ”ჰისბოლაჰის” ლიდერმა ჰასან ნასრალამ რეკონსტრუქციისა და დახმარების მასობრივი კამპანია დაიწყო.

ისრაელის ბომბებით განადგურებულ ადგილებში “ჰისბოლაჰის” წევრი ასობით მოხალისე მუშაობს. ისინი ნანგრევებად ქცეულ ადგილებს ბულდოზერებით ამუშავებენ და უსახლკაროდ დარჩენილ მოსახლეობას ფულით ეხმარებიან.

ამ კამპანიამ ლიბანის მოსახლეობაში ”ჰისბოლაჰის” პოპულარობა მნიშვნელოვნად გაზარდა.

როგორც ვაშინგტონში განთავსებული ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის მკვლევარი, პროფესორი ჯონ კალაბრესი ამბობს, შეერთებული შტატები ხედავს, რომ მან ადამიანების გონებისა და გულების გადაბირების საქმეში ”ჰისბოლაჰთან” ბრძოლა წააგო:

[კალაბრესის ხმა] ”რასაკვირველია, შეერთებულმა შტატებმა იცის, რომ რეგიონში მისი პოლიტიკა დიდი მხარდაჭერით ვერ სარგებლობს. რეგიონის მცხოვრებნი ვაშინგტონს სამხედრო ძალის უშუალოდ გამოყენების ან ამ საქმეში მოკავშირეთა მხარდაჭერისკენ მიდრეკილად უფრო აღიქვამენ, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანების ჰუმანიტარულ საჭიროებებზე მზრუნველ ძალად. ეჭვგარეშეა, რომ ამგვარი რეპუტაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელსაც შეერთებული შტატების ქმედება ეფუძნება.”

კალაბრესის თქმით, შეერთებული შტატების მხრიდან ლიბანისთვის გამოყოფილი დახმარება, ერთი მხრივ, ჰუმანიტარული კრიზისის შემსუბუქების სურვილს ემყარება, მეორე მხრივ კი, ის სკეპტიკურად განწყობილი მოსახლეობისთვის ამერიკის დიდსულოვნების დემონსტრირებას ისახავს მიზნად. თუმცა, კალაბრესის აზრით, შეერთებულ შტატებს ამისათვის ბევრი მუშაობა მოუწევს:

[კალაბრესის ხმა] ”რეგიონში შეერთებული შტატების მიერ გატარებული პოლიტიკის ისტორიის გათვალისწინებით, - განსაკუთრებით, ლიბანთან მიმართებით, - ვფიქრობ, ამერიკა ვითარების გამოსწორებას ცდილობს. შეერთებულ შტატებს მის მიმართ არსებული მძლავრი ემოციების და სტერეოტიპების გადალახვა მოუწევს. ვერვითარი თანხა ვერ შეძლებს ლიბანსა ან თუნდაც მთელ რეგიონში შეერთებული შტატების იმიჯის მალე გამოსწორებას.”

კალაბრესის აზრით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ლიბანელთა უმრავლესობამ ისრაელის სამხედრო ძალისგან იმდენი სიმწარე გამოსცადა, რომ მათ შეიძლება ყურადღება არც კი მიაქციონ, საიდან მოდის დახმარება. მთავარია, დახმარება რეალურად იგრძნონ.

მაგრამ, მისი თქმით, თუ თანხის გამოყოფას კონგრესი დააყოვნებს ან თუ ის დროულად არ განაწილდება, შეერთებული შტატების რეპუტაცია ლიბანში კიდევ უფრო შეილახება.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG