Accessibility links

logo-print

ცესკოს სპეციალური ჯგუფები ამომრჩეველთა ერთიან სიებს გადაამოწმებენ


არჩევნებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. ცესკო ,,ნაციონალური მოძრაობის”, ,,მრეწველები-ახლებისა” და ,,ლეიბორისტებისგან” სპეციალურ ჯგუფებს აკომპლექტებს,

რომელთა წევრებსაც 22-23 აგვისტოს შემდგომი საქმიანობის ეფექტურად წარმართვისათვის სპეციალურ ტრენინგებს ჩაუტარებენ. ჯგუფების ჩამოყალიბების მოტივაცია, როგორც მისი წევრები აცხადებენ, სიების სრულყოფა იყო. ცესკოს ხელმძღვანელი გურამ ჩალაგაშვილი საპასპორტო სამსახურებში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს, ,,ლეიბორისტები” და ,,მრეწველები-ახლები” კი იმედოვნებენ, რომ მომავალი არჩევნებისათვის მაინც შეძლებენ სრული სურათის წარმოდგენას ამომრჩევლისათვის.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შერჩეული ჯგუფის წევრებს 23 აგვისტოდან, ოცი დღის განმავლობაში, საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა ოჯახის შემოვლა და ამომრჩეველთა ერთიან სიაში ყოველი ამომრჩევლის პირადობის მოწმობის მონაცემთა შემოწმება დაევალათ. ,,მრეწველები-ახლების” წარმომადგენელი ზურაბ ტყემალაძე აცხადებს, რომ აღნიშნული ჯგუფების შექმნის იდეა ,,რესპუბლიკელებს” ეკუთვნით, მაგრამ რადგან კანონმდებლობის მიხედვით მათ ამ ჯგუფებში მონაწილეობის მიღება ვერ შეძლეს, მათმა პარტიამ ისინი მაინც დაასაქმა:

[ზურაბ ტყემალაძის ხმა] ,,მიგვაჩნია, რომ ოპოზიციური პარტიების მონაწილეობამ და სხვადასხვა პარტიების მონაწილეობამ გარკვეულად ხელი უნდა შეუწყოს სიების გადამოწმებას. რა თქმა უნდა, მოსახლეობამაც უნდა შეუწყოს ხელი. როგორ მოხერხდება, რამდენად ობიექტურად გაკეთდება, გაკეთდება-არ გაკეთდება, მაგას უკვე დარჩენილი დრო გვიჩვენებს. არის რაიონები, სადაც ჩვენ არ დაგვინიშნავს და დავნიშნეთ რესპუბლიკელები, არის რაიონები, სადაც პარალელურად ჩვენ დავნიშნეთ ახლების წარმომადგენლები და დავნიშნეთ ჩვენი წარმომადგენლები.”(სტილი დაცულია)

იმის მიუხედავად, რომ ლეიბორისტები აღნიშნულ არჩევნებში მონაწილეობას არ იღებენ, სპეციალურ ჯგუფებში მათი წარმომადგენლები მაინც იმუშავებენ. ამ ფაქტს, როგორც პაატა ჯიბლაძე აცხადებს, ლეიბორისტული პარტია მომავალი არჩევნებისთვის თადარიგის დასაჭერად გამოიყენებს, მით უმეტეს, რომ თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან იხარჯება. ჯიბლაძე ირწმუნება, რომ მსგავსი სიები ჯერ კიდევ 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, მაქსიმუმ 5%-იანი ცდომილებით, მაშინდელ ხელისუფლებასაც ჰქონდა, მაგრამ არ გამოიყენა. დღევანდელმა მთავრობამ კი სწორედ ამ სიების მანიპულირებით შეძლო ე.წ. უსისხლო რევოლუციის მოწყობა. იგი კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებებზე საუბრობს:

[პაატა ჯიბლაძის ხმა] ,,ჩვენ და ,,მრეწველებს” კანონმდებლობით გვეკუთვნოდა ორ-ორი ადგილი და ჩვენ არ გვქონდა უფლება არ გამოგვეყენებინა ეს სიები, ხელისუფლების მიერ გამოყოფილი თანხების ათვისება, ასე რომ ვთქვათ, ვინაიდან ჩვენ ჩვენი აქტების მეშვეობით ვამზადებთ ჩვენს სიებს. ახლა ვაცხადებთ ბოიკოტს ადგილობრივი არჩევნების წინ, მაგრამ სამომავლოდ, როდესაც მოვა დრო და ჩატარდება დემოკრატიული არჩევნები, ჩვენ გვექნება სრული წარმოდგენა ამომრჩეველთა სრულ რაოდენობაზე. ხელისუფლებას უკვე ამ წლის დასაწყისიდან დაწყებული აქვს მზადება ტოტალური გაყალბებისათვის.”(სტილი დაცულია)

სიების სრულყოფისათვის შექმნილია 2 870-მდე სპეციალური ჯგუფი, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით იმუშავებს.ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გურამ ჩალაგაშვილის განცხადებით, საპასპორტო სამსახურებში არის ძალიან ბევრი ხარვეზი, რის გამოც ცესკომ სპეცჯგუფების შექმნა გადაწყვიტა. იგი ყურადღებას განსაკუთრებით ე.წ. მკვდარ სულებზე ამახვილებს:

[გურამ ჩალაგაშვილის ხმა] ,,კონკრეტულად სპეციალური ჯგუფებისათვის, თუ არ ვცდები, 2 600 000 ლარია გამოყოფილი. ეს არის მხოლოდ ხელფასები. თითოეული მონაცემების გადამოწმება მოხდება, მოხდება მათი ელექტრონული ვერსიის შექმნა, შემდეგ მათი პროგრამის საშუალებით გადამოწმება, ხომ არ გვაქვს გაორება, ხომ არ არის ისეთი ამომრჩეველი, რომელმაც ხელმეორედ გაიარა სადმე რეგისტრაცია. როდესაც დავრწმუნდებით, რომ თითოეული მონაცემი არის სწორი, არ გვაქვს არც ერთი გაორება, მხოლოდ ამის შემდეგ გამოვაცხადებთ ჩვენ ამომრჩეველთა რაოდენობას საარჩევნო უბნებზე მთელ საქართველოში.”(სტილი დაცულია)

სამშაბათსა და ოთხშაბათს ერთიანი საარჩევნი სიის გადამოწმების შესახებ საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერები სპეციალური ჯგუფის წევრებს ტრენინგებს ჩაუტარებენ.
XS
SM
MD
LG