Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხედრო სარეზერვო შეკრებიდან დაბრუნებული პრეზიდენტის ახალი ინიციატივა


საქართველოს სამხედრო სფეროში

განვლილი კვირა იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სამხედრო სარეზერვო შეკრება პირველად გაიარა ოსიაურის რეზერვისტთა ბანაკში და სამხედრო ნათლობა მიიღო. ორკვირიანი სამხედრო შეკრებიდან მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ქვეყნის სამხედრო გაძლიერებას თავისი საპრეზიდენტო პროგრამის ძირითად პირობად მიიჩნევს, ახალი იდეებით დაბრუნდა და მთავრობას რეზერვისტთა რაოდენობის გაათმაგების დავალება მისცა. მაგრამ რამდენადაა მზად ქვეყნის საკანონმდებლო ბაზა და ბიუჯეტი იმისათვის, რომ მოქალაქეთა მასობრივი სარეზერვო შეკრება უზრუნველყოს?

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი დავით კირკიტაძე ერთ-ერთი პირველი კანონმდებელია, ვინც 2 წლის წინ, 2004 წლის სექტემბერში, სარეზერვო შეკრებაში მიიღო მონაწილეობა. იგი პირველი 350 კაციანი ბატალიონის მეთაურადაც დაინიშნა. ნიშანდობლივია, რომ ქართველ რეზერვისტთა პირველ ბატალიონს საბრძოლო ამოცანად ბორჯომ-ხარაგაულის ნაკრძალში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაცია დაეკისრა. ერთი კვირის წინ, როდესაც იმ მიმართულებით ადიგენის ტყეებში ხანძარი მძვინვარებდა, დავით კირკიტაძის თქმით, ცეცხლის ჩასაქრობად კვლავ შეკრიბეს რეზერვისტები:

[დავით კირკიტაძის ხმა] “სამი დღის წინ აბასთუმანში საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანეს ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში რეზერვისტებმა.”

აბასთუმანში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს უშუალოდ საქართველოს პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა, რომელმაც ორკვირიანი შვებულება აგვისტოს დასაწყისში რეზერვისტთა ბანაკში გაატარა. ოსიაურიდან, სადაც ქართველ რეზერვისტთა ბანაკია გაშლილი, მიხეილ სააკაშვილი, როგორც თავად თქვა, დიდი შთაბეჭდილებებით და ახალი იდეით დაბრუნდა, რაც რეზერვისტთა მომზადების ტემპების კიდევ უფრო დაჩქარებას გულისხმობს:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] “ჩვენზე ცოტათი დიდ ქვეყანას, შვეიცარიას, ჰყავს 400 ათასი რეზერვისტი, ისრაელს – 500 ათასზე მეტი. ამიტომ საქართველოს სჭირდება, იმ რისკებისა და საფრთხეების გათვალისწინებით, იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ შესაძლო გართულებები და ხალისი დავუკარგოთ ამ გართულებების ინიციატორებს, ჩვენ გვჭირდება უახლოეს თვეებში რეზერვისტების ციფრის გაორმაგება - ჩვენ უნდა გვყავდეს დაახლოებით 100 ათასი რეზერვისტი.”(სტილი დაცულია)

თუ რეალურ ვითარებას გავითვალისწინებთ, პრეზიდენტის ამ იდეის ხორცშესხმა საკმაოდ რთული ჩანს.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, რეზერვის მომზადების ფუნქციას თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდია ახორციელებს, რომელმაც, 2004 წლიდან მოყოლებული, დაახლოებით 20 ბატალიონის საველე შეკრება უზრუნველყო, რაც, ჯამში, 10 ათას კაცს შეადგენს. თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერზე გამოქვეყნებულ მთავარ სახელმძღვანელო დოკუმენტში, რომელსაც ეწოდება “თავდაცვის მინისტრის ხედვა 2006 წლისთვის”, ნათქვამია, რომ მიმდინარე წელს ეროვნული გვარდიის ამოცანაა “ 20 გაწვრთნილი და აღჭურვილი ბატალიონის შექმნა და შენარჩუნება.”
შესაბამისად, უახლოეს თვეებში ამ იდეის რეალიზებას სერიოზული საკანონმდებლო და ფინანსური უზრუნველყოფა დასჭირდება, ამბობს ექსპერტი სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობებში დავით დარჩიაშვილი:

[დავით დარჩიაშვილის ხმა] “პრეზიდენტის განცხადება ეს იყო უფრო პოლიტიკური ინიციატივა, რომელმაც ხორცი უნდა შეისხას კონცეფციაში, გეგმებში, დაფინანსებისა და მართვის გეგმებში. გარკვეული წესები თუ გარკვეული საკონონმდებლო ბაზა უკვე არსებობს, მაგრამ თუ ახლა ლაპარაკია მასშტაბების გაზრდაზე, ამას, ბუნებრივია, დამატებითი ნორმატიული ბაზა დასჭირდება, დამატებითი ინსტრუქციები, დამატებითი რესურსები მართვის და მენეჯმენტის.”(სტილი დაცულია)

პრეზიდენტის იდეას მისაღებს, მაგრამ დროის მოკლე პერიოდში ძნელად განსახორციელებელს უწოდებს სამხედრო ჟურნალ “არსენალის” რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი, რომელიც რეზერვისტთა მომზადებას რამდენჯერმე უშუალოდ ადევნებდა თვალს. ალადაშვილი შიშობს, რომ რეზერვისტთა რაოდენობის მკვეთრ ზრდაზე ყურადღების გადატანამ, შესაძლოა, დააქვეითოს მათი გადამზადების ხარისხი და ბრძოლისუნარიანობის დონე:

[ირაკლი ალადაშვილის ხმა] “როდესაც რეზერვისტების მომზადება მიდის, ყოველთვის საინტერესოა, რომ ის ბატალიონი, რომელიც მომზადდა გასულ წელს, იგივე ბატალიონი, როდესაც გამოაცხადებენ შეკრებას, იმ ძველი გუნდიდან და შემადგენლობიდან რამდენი კაცი მოვა, რამდენი პროცენტი, რამდენი დააკლდება და რამდენად ახსოვს ის, რაც გაიარეს.” (სტილი დაცულია)

პარლამენტის ნდობის ჯგუფის წევრი დავით კირკიტაძე დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტის ინიციატივა დროულია და რეზერვის პროგრამის გაფართოება მძიმე ტვირთად არ დააწვება ქვეყნის ბიუჯეტს. როგორც დავით კირკიტაძემ, რომელიც რეზერვისტთა პირევლი ბატალიონის მეთაურია, რადიო “თავისუფლებას” უთხრა, გადამზადების პროგრამა ისეა შედგენილი, რომ ყველა მომზადებულმა ბატალიონმა შემდგომ წლებში სამხედრო ცოდნის შენარჩუნება და მისი გაღრმავება შეძლოს:

[დავით კირკიტაძის ხმა] “ახლა უკვე დავხვეწეთ სხვა მანევრები. ძირითადი და დამხმარე ფუნქციები აქვთ ხომ რეზერვისტებს. ჰოდა, გავიაერთ ამ ტიპის მომზადება და მესამე ეტაპი იქნება კიდევ სხვანაირი. ამასთან, ჩვენ გავიარეთ სამეთაურო მომზადება ორჯერ თბილისში. ქართული ბიუჯეტი ნამდვილად ასწევს ამას, იმიტომ რომ ეს არის საჭირო და ძალიან ძვირიც არ ჯდება.”

რეზერვის მომზადების ჯამური დანახარჯის დადგენა ძალიან ძნელია, რადგან ხარჯები, თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის გარდა, პრეზიდენტის ფონდიდანაც გამოიყოფოდა. თუმცა, საყოველთაო სტანდარტების თანახმად, სარეზერვო სამსახური სახელმწიფოს გაცილებით იაფი უჯდება, ვიდრე რეგულარული საჯარისო ნაწილების შენახვა. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტის იდეის რეალიზებას პირველ ეტაპზე დამატებითი საბიუჯეტო თანხები დასჭირდება. მიხეილ სააკაშვილმა მთავრობას რეზერვისტებისათვის ევროპული სტანდარტების სტაციონარული ბაზის მშენებლობა დაავალა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG