Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა მიმართულებით შეიძლება განვითარდეს მოვლენები თეირანის ბირთვული პროგრამის გარშემო?


ვაშინგტონის განცხადებით, ირანის პასუხი ექვსი სახელმწიფოს მიერ ერთობლივად შემუშავებულ წინადადებაზე, თუ როგორ უნდა მოგვარდეს თეირანის ბირთვული პროგრამის გარშემო წარმოშობილი კრიზისი, ვერ აკმაყოფილებს გაეროს მოთხოვნებს.

ამასთანავე, თეთრი სახლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ აშშ განაგრძობს როგორც ირანის წერილობითი პასუხის შესწავლას, ისე კონსულტაციებს გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებთან. რა მიმართულებით შეიძლება განვითარდეს მოვლენები? ექსპერტთა ვარაუდებს დავით კაკაბაძე გაგაცნობთ.

სპეციალისტთა აზრით, ამ შეკითხვაზე პასუხი, შესაძლოა, საძიებელი იყოს თეირანის 23-გვერდიანი წერილის ენობრივ ნიუანსებში. და რაკი ირანის საპასუხო წერილის ტექსტი ჯერჯერობით არ გამოუქვეყნებიათ, ექსპერტებს ისღა დარჩენიათ, ზოგადი ხასიათის ვარაუდებით დაკმაყოფილდნენ.

[შენონ კაილის ხმა]: "თეირანიდან წამოსულ სიგნალებს თუ გავიხსენებთ, ირანი არასოდეს დათანხმებულა ურანის გამდიდრების პროგრამის დაუყოვნებელ შეწყვეტაზე. ექვსეულის წინადადებაში ჩამოყალიბებული პირობები, თეირანის აზრით, იმდენად ზოგადია, რომ მათი შესრულება ურანის გამდიდრების სამუდამო შეწყვეტის ტოლფასი იქნებოდა, რაც თეირანმა იმთავითვე გამორიცხა. მაგრამ საინტერესო ის არის, რომ ირანის ლიდერთა მინიშნებით, ისინი მზად არიან განიხილონ საკითხი გამდიდრების პროგრამის დროებით შეჩერების შესახებ."

ეს არის შენონ კაილი, სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის ექსპერტი ბირთვული ენერგეტიკის დარგში.

შეგახსენებთ: ივლისში გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ირანს ერთი თვის ვადა მისცა ურანის გამდიდრების პროგრამის შესაჩერებლად (ეს ვადა 31 აგვისტოს იწურება). გაეროს რეზოლუციის პირობათა დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ნავარაუდევია ახალი, უფრო მკაცრი რეზოლუციების მიღება, რასაც ირანის წინააღმდეგ სანქციების შემოღება შეიძლება მოჰყვეს.

მაგრამ როგორც იგივე შენონ კაილის დაკვირვებით, ირანის ამჟამინდელ პრეზიდენტს მაჰმუდ აჰმადინეჟადს თავის წინამორბედზე, მოჰამად ხათამიზე გაცილებით ნაკლებად ანაღვლებს გაეროს უშიშროების საბჭო და მის მიერ მიღებული დოკუმენტები. ეს ცვლილება, კაილის აზრით, ირანის დელეგაციის შემადგენლობაზეც აისახა.

[შენონ კაილის ხმა]: "ჯგუფი, რომელსაც ბირთვული პროგრამის საკითხზე მოლაპარაკების წარმართვა ევალება, წინა ჯგუფისგან განსხვავებულია. მის შემადგენლობაში გაცილებით ნაკლებია პროფესიონალი დიპლომატი, მეტია რევოლუციონერ გუშაგთა საბჭოსა თუ უშიშროების სამსახურის წარმომადგენელი. ვფიქრობ, ახალი ჯგუფის წევრები დიდად არ დაგიდევენ უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებებს. არადა, ეს გადაწყვეტილებები უწინ ირანის დიპლომატიისთვის წითელი შუქის ანთებას ნიშნავდა. ასეთი დამოკიდებულება, როგორც ჩანს, წარსულს ჩაბარდა."

ვიდრე ექსპერტები თეირანის 23-გვერდიან პასუხს ჩაჰკირკიტებენ, დასავლეთის ლიდერები ირანის ბირთვული პროგრამის თემაზე საუბარს არ ერიდებიან. როგორც ოთხშაბათს განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფილიპ დუსტ-ბლაზიმ, საერთაშორისო თანამეგობრობა მხოლოდ იმ შემთხვევაშია მზად, ირანთან მოლაპარაკება გამართოს, თუ თეირანი უარს იტყვის ურანის გამდიდრებაზე.
XS
SM
MD
LG