Accessibility links

საბჭოთა წარსული ლატვიაზე ჯერ კიდევ ახდენს გავლენას


უხილავი ფარდის დღევანდელი გამოშვება ლატვიას ეძღვნება.

21 აგვისტოს აღინიშნა საბჭოთა კავშისგან ლატვიის გამოყოფის 15 წლისთავი. მას მერე ლატვიამ დიდი და მოვლენებით აღსავსე გზა განვლო. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო 2004 წელი, როცა გახდა ევროკავშირისა და ნატოს წევრი.

[გრუზინსის ხმა]: "1940 წლის 17 ივნისს საბჭოთა კავშირმა დაგვიპყრო, 1941 წელს კი გერმანელები მოვიდნენ და საბჭოელებს უკან დაახევინეს. გერმანელების მარცხის შემდეგ რუსებმა ბალტიის ქვეყნები ხელახლა დაიკავეს და ჩვენ 1991 წლამდე ოკუპირებული ვიყავით."

ეს გახლავთ ოსკარ გრუზინსი, ძველი რიგის ცენტრში მდებარე ოკუპაციის მუზეუმის ახალგაზრდა გიდი, რომელიც ტურისტებს ლატვიის რუკას უჩვენებს. იგი დამთვალიერებლებს თავისი ქვეყნის ოკუპაციის სხვადასხვა პერიოდს უხსნის. მუზეუმის მიზანია, მნახველს აგრძნობინოს, როგორი იყო ცხოვრება ლატვიაში საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში. განსაკუთრებით მათთვის, ვინც ციმბირში გადაასახლეს ანდა გულაგში გაგზავნეს. მასობრივი დეპორტაციის პირველი ტალღა 1941 წლის ივნისში დაიწყო.
ექსპოზიციაში ნახავთ ბანაკებიდან მალულად გამოტანილ ასობით პირად ნივთს - აქაა ჩანახატები, სურათები, ტანსაცმელი, ხელით ნაკეთი მუსიკალური საკრავები. კოლექცია შეიცავს აგრეთვე გულაგის ბარაკის ნატურალური ზომის რეკონსტრუქციას.

შარშან მუზეუმმა დაიწყო საბჭოთა პერიოდში დეპორტირებულ ლატვიელთა მონათხრობის ვიდეოფირზე აღბეჭდვა. მუზეუმი იმედოვნებს, რომ ზოგ ამ ფირს სკოლებში უჩვენებენ, ზოგი დოკუმენტური ფილმებისა და ლიტერატურული ნაწარმოებების შთაგონების წყაროდ იქცევა.
ოკუპაციის მუზეუმი ერთ-ერთი ხილული ნიშანია იმისა, თუ როგორ ცდილობს ლატვია თავისი წარსულის გააზრებას. გასააზრებელი და გასარკვევი კი ჯერაც ბევრია. საბჭოთა პერიოდიდან მრავალი შეკითხვა ჯერაც უპასუხოდ არის დატოვებული.

70 წლის გუნარს რესნაისის აზრით, ლატვიისთვის აუცილებელია წარსულზე ღიად ლაპარაკი. მრავალი ხანდაზმული ლატვიელის მსგავსად რესნაისმა საკუთარ თავზე გამოსცადა საბჭოთა რეპრესიები.
მამამისი გლეხი იყო. 1945 წელსიგი ციმბირში, გულაგში გაგზავნეს მას შემდეგ, რაც ის გერმანელ სამხედროებს დაეხმარა ეპოვათ მინდორი, რომელზეც საბჭოთა თვითმფრინავი ჩამოვარდა. იგი პატიმრობის პირველ წელს გარდაიცვალა შიმშილისგან. ამის შემდეგ რესნაისი და დედამისიც გადაასახლეს ციმბირში, ოღონდ მეორე მასობრივი დეპორტაციის დროს, 1949 წლის მარტში.

[რესნაისის ხმა]: "ღამით წაგვიყვანეს, ძალიან გვაჩქარებდნენ. ეშელონებში ჩაგვსხეს. სხვადასხვა სოფელში გაგვაგზავნეს. ერთი თვის ვადაში ყველას უნდა მოგვეწერა ხელი დოკუმენტისთვის, რომლის თანახმად თითქოს ნებაყოფლობით გამოვიცვალეთ საცხოვრებელი ადგილი. თუ არ მოაწერდი ხელს, გეტყოდნენ: წინააღმდეგობას გვიწევ? მაშინ სასამართლოს გადაგცემთ და ამ სოფლიდან ციხეში წაბრძანდები. მორჩა ლაპარაკი. ხელი მოვაწერე: დავთანხმდი, იქ გამეტარებინა მთელი ჩემი ცხოვრება საცხოვრებელი ადგილის გამოუცვლელად."

რესნაისი ომსკიდან 50 კილომეტრზე ჩრდილოეთით მდებარე სოფელში გაამწესეს. იქ კოლმეურნეობაში მექანიკოსად მუშაობდა. დედამისი იმავე კოლმეურნეობის ფერმაში ძროხებს წველიდა. მოსაწყენი სამუშაო იყო, მაგრამ მოპარული რძე ორივეს გადაატანინა ომისშემდგომ რუსეთში მძვინვარე შიმშილობა.

1953 წელს სტალინის სიკვდილის შემდეგ ათიათასობით ლატვიელს შინ დაბრუნების საშუალება მიეცა. რესნაისი და დედამისი 1954-ში დაბრუნდნენ. მაგრამ გადასახლების სტიგმა მათ საბჭოთა კავშირის დაშლამდე თან სდევდა.

[რესნაისის ხმა]: "რეჟიმი ძალიან ყურადღებით ადევნებდა თვალყურს გადასახლებულთა და მათი შვილების ბიოგრაფიებს. სრულიად გვეკრძალებოდა იურიდიულზე სწავლა, ზღვაოსნობის სწავლა, სადაც უცხოეთში სიარულის საშუალება იყო. ავიაციაში გვეკრძალებოდა, დიპლომატიურ კორპუსში გვეკრძალებოდა."

რესნაისის თქმით, რუსეთის მიმართ გაბოროტებული არ არის. მაგრამ სურს, რომ რუსეთმა, საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრემ, ფინანსური კომპენსაცია გადაუხადოს რეპრესირებულებს, როგორც ეს გერმანიამ გააკეთა.
მას იმედი აქვს კომისიისა, რომელიც ლატვიის მთავრობამ შექმნა ადამიანური და ფინანსური ზარალის დასაანგარიშებლად, რაც ქვეყანას საბჭოთა ოკუპაციის ხუთი ათწლეულის განმავლობაში მიადგა.

კომისიის თავმჯდომარე ედმუნდ სტანკევიჩსი ამბობს, რომ მის გუნდს ხუთი-ექვსი წელი დასჭირდება სუკის არქივის შესასწავლად, რომელიც ლატვიის სახელმწიფო არქივშია დაცული. ამ დოკუმენტების უდიდესი ნაწილი დაუმუშავებელია.

კომისიის მუშაობის საბოლოო შედეგები შესაძლოა გამოყენებულ იქნეს რუსეთისგან რეპარაციის მოსათხოვნად. მაგრამ, როგორც სტანკევიჩსი ამბობს, კომისიის ყურადღების ცენტრში მხოლოდ ფული არ არის.

[სტანკევიჩსის ხმა]: "ეს მთავრობის გადაწყვეტილება უნდა იყოს. უპირველეს ყოვლისა ჩვენი მოსახლეობისთვის ვმუშაობთ, იმისთვის, რომ ჩვენს ისტორიას უკეთ ვიცნობდეთ რათა ურთიერთობები უკეთ ავაგოთ და მომავალზე ვიფიქროთ. ჩვენი მეორე ამოცანაა საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირება, რათა ყველას, ვინც კი ესტუმრება ჩვენს ქვეყანას, შეეძლოს მიიღოს ინფორმაცია ოკუპაციის შესახებ, რაც ჩვენი ისტორიის ნაწილია."
რესნაისი ფიქრობს, რომ არათუ რუსეთის მხრიდან რეპარაციას, ბოდიშსაც კი ვერ მოესწრება.
მოსკოვი გამუდმებით უგულებელყოფს ლატვიის მოთხვონას, რომ საჯაროდ აღიაროს ლატვიის ოკუპაცია. კრემლში ფიქრობენ, რომ საბჭოთა არმიამ გაათავისუფლა ბალტიისპირეთის ქვეყნები ნაციზმისგან და რომ ეს ქვეყნები საკუთარი ნებით შევიდნენ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში.

კომისიის დასკვნები ხელს შეუწყობს ლატვიის ისტორიის მტკივნეული პერიოდის გაშუქებას. მაგრამ შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი ის იყოს, რომ მან შესაძლოა ბოლო მოუღოს დავას, რომლის გამოც მოწამლულია ლატვიის ურთიერთობები რუსეთთან და ლატვიაში მცხოვრებ ეთნიკურ რუსებთან. დღეს ლატვიაში მოსახლეობის 30 პროცენტს ეთნიკური რუსები შეადგენენ.
XS
SM
MD
LG