Accessibility links

logo-print

ყოველკვირეული რადიოჟურნალი


წამყვანი: ბიძინა რამიშვილი, პრაღა 658-ე გამოშვება


ბიძინა რამიშვილი:
ძვირფასო რადიომსმენელებო. გთავაზობთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგ გამოშვებას. დღეს გესაუბრებით საქართველოში ჯანდაცვის რეფორმაზე; გაგაცნობთ ერთ ამბიციურ პროექტს, რომელიც თბილისში საერთაშორისო სტანდარტების სტუდქალაქის მშენებლობას ითვალისწინებს; ჩვენი გადაცემის დღევანდელი სტუმარია საბერძნეთის ქალაქ ხანიას უნივერსიტეტის სტუდენტი, გიორგი ჭეჟია; მოგითხრობთ ერთ უჩვეულო მათემატიკოსზე, რომელმაც მათემატიკის დარგში უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვა.
პრაღაში პროგრამას უძღვება ბიძინა რამიშვილი.


ჯანდაცვის რეფორმა: გაუმჯობესება და შემცირება

ბიძინა რამიშვილი:
შემოდგომის სესიაზე საქართველოს პარლამენტი განიხილავს საკანონმდებლო ცვლილებებსა და დამატებებს, რომელთაც მნიშვნელოვანი ძვრა უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის დაცვის სფეროში. თუ აქამდე სალიცენზიო გამოცდებს აბარებდნენ მხოლოდ ექიმობის მოსურნე პირები, ცვლილებათა შემდეგ ლიცენზირება ასევე შეეხება კლინიკებს, ლაბორატორიებს და ა.შ. შემოვა სამედიცინო დაწესებულებათა აკრედიტაციაც, ის უკვე სააავადმოყოფოებში სამედიცინო მომსახურების ხარისხს შეამოწმებს. რას მოასწავებს ეს სიახლეები ჯანდაცვის სფეროში, ამაზე დავით პაიჭაძე ესაუბრა ირაკლი სასანიას, აშშ განვითარების სააგენტოს კორეფორმის პროექტის ლიცენზირების, აკრედიაციისა და ხარისხის მართვის ჯგუფის ხელმძღვვანელს.

იხ. აუდიოვერსია.


თბილისში ახლო მომავალში დასავლური სტანდარტების ახალი სტუდქალაქი აშენდება

ბიძინა რამიშვილი:
ახლო მომავალში თბილისში დასავლური სტანდარტების სტუდქალაქი აშენდება. ამერიკული ტიპის ულტრათანამედროვე სტუდენტური დასახლება უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან აშენდება. მშენებლობის ინიციატორები არიან თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი გია ხუბუა და ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კენედი ვენკო. ეს ამბიციური პროექტი დაახლოებით 100 ჰექტარს მოიცავს და თანამედროვე მაღალგანვითარებული ტექნოლოგიებით აღჭურვილი კომპლექსი იქნება. თუ რა დაჯდება ეს პროექტი და რას ისახავს მიზნად ქართულ-ამერიკული თანამშრომლობა, ამას ეკატერინე ყიფშიძისგან შეიტყობთ.

ეკა ყიფშიძე:
წელს თბილისის ი.ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტსა და ნიუ-იორკის უნივერსიტეტს შორის განსაკუთრებული პარტნიორული ურთიერთობა დამყარდა. ნიუ-იორკის პრეზიდენტის, ქენედი ვენკოს, ვიზიტის დროს გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე, ჯავახიშვილის უნივერსიტეტის რექტორმა გია ხუბუამ საზოგადოებას ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტების თანამშრომლობის პროექტის მონახაზი გააცნო. ბევრ სიახლეებთან ერთად როგორიცაა ერთობლივი ფაკულტეტების დაფუძნება, სამაგისტრო სკოლა, დაგეგმილია თანამედროვე სტუდქალაქის მშენებლობაც. თავად გია ხუბუას მოვუსმინოთ :

[გია ხუბუას ხმა] « გამოითქვა სურვილი რომ ეს ყოფილიყო თანამედროვე ამერიკული სტანდარტების შესაბამისი კამპუსი, მთელი თავისი განვითარებული ინფრასტრუქტურით და ცხოვრების წესით, ანუ ქალაქი სადაც სტუდენტები იქნებიან დასაქმებულები და შექმნიან იმ ატმოსფეროს, რომელიც განუმეორებელია საერთოდ სტუდენტური ცხოვრებისათვის. დაგეგმავენ სტუდენტურ ცხოვრებას, რომ ეს ცხოვრება იყოს მაქსიმალურად შინაარსიანი და მან საშუალება მისცეს ახალგაზრდობას თავისი უნარის, ნიჭის და ზოგადად თვითრეალიზაციისა ».

სტუდქალაქი უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან გაშენდება. მას სამშენებლო კომპანია ამერიკან ბილდინგი აშენებს. სტუდქალაქის მშენებლობაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართველი ისე ამერიკელი არქიტექტორები და მშენებლები. სტუდქალაქის იერსახეზე მშენებლობის ინიციატორი და ხელმძღვანელი გიორგი სვანიძე საუბრობს :

[გიორგი სვანიძის ხმა] « რელიეფიდან გამომდინარე, მაღალ სართულიანი შენობები არ იქნება. აქ იქნება, უფრო ალბათ, კოტეჯური სტილის შენობები. აგრეთვე, მე გეტყვით რომ სტუდქალაქში შედის : ტენისის კორტები, კალათბურთის მოედნები, ფეხბურთის მოედნები, საცურაო აუზი, სტუდენტური კაფე, სტუდენტური ბარი, თვითონ მაღაზიები სადაც სტუდენტები შეიძენენ სხვადასხვა საჭირო ნივთებს. ამის გარდა, გვინდა რომ მთლიანად სტუდქალაქი თვითონ სტუდენტების მიერ იყოს მართული ».

პროექტი თებერვლის ბოლოს იქნება მზად. მისი ღირებულება 60 მილიონია. თანხების მოზიდვა კერძო ინვესტიიებითაა დაგეგმილი. საბოლოოდ, მშენებლობა 2-3 წელიწადში დასრულდება და პოსტ საბჭოთა სივრცეში იგი პირველი თანამედროვე სტუდქალაქი იქნება. გიორგი სვანიძე გვპირდება, რომ ახალი სტუდქალაქი ამერიკული და ევროპული სტანდარტების შესაბამისი იქნება და ჩამოსულ უცხოელ სტუდენტებს დისკომფორტის გრძნობა არ გაუჩნდებათ.

[გიორგი სვანიძის ხმა] « სტუდენტები რომლებიც ჩამოვლენ ამერიკიდან ან ევროპიდან, თავს ვერ იგრძნობენ, რომ ისინი არიან სხვა ქვეყანაში. ის იქნება იმ ტიპის სტუდქალაქი, როგორშიც ისინი მიჩვეულები არიან ცხოვრებას ».

თბილისის უნივერსიტეტის რექტორი მიიჩნევს რომ პირველ რიგში ეს სტუდქალაქი სტუდენტების დაახლოების კერად უნდა იქცეს.

[გია ხუბუას ხმა] « იდეა ისიც არის ამ სტუდქალაქისა რომ მოხდეს მაქსიმალური ინტეგრირება სტუდენტებისა. არა აქვს მნიშვნელობა დედაქალაქში ცხოვრობს, რომელიმე სხვა ქალაქიდან ჩამოვიდა თუ ასე შემდეგ. იდეა სწორედ ეს არის, რომ მოხდეს სტუდენტების დაახლოება და რაც მთავარია მათ გაუჩნდეთ უნივერსიტეტისადმი კუთვნილების და უნივერსიტეტისადმი სოლიდარობის, უფრო სწორად გაუძლიერდეთ უნივერსიტეტისადმი სოლიდარული დამოკიდებულების განწყობა ».

ერთობლივი სტუდენტური ქალაქი უცხოელი სტუდენტების – ჩინელების, აზერბაიჯანელების, თურქების და სხვათა მოზიდვას, ცხოვრებას და სწავლებასაც ითვალისწინებს. გია ხუბუას ამასთან დაკავშირებით სერიოზული გეგმები აქვს.

[გია ხუბუას ხმა] « როდესაც გაჩნდება პერსპექტივა, რომ თბილისში შეიძლება მიიღო ნიუ-იორკის უნივერსიტეტის დიპლომი და კარგი განათლება, ასეთი ცენტრი საინტერესო იქნება რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის. მაგალითად, თურქეთისთვის, მით უფრო რომ ნიუ-იორკის უნივერსიტეტში, როგორც აღმოჩნდა, დაახლოებით 45 000 თურქი სწავლობს და ძალიან ბევრი ჩინელი. ანუ ჩვენ გვექნება ამით საშუალება გავიდეთ უმაღლესი განათლების რეგიონალურ ბაზარზე და არაა გამორიცხული დავაინტერესოთ ვთქვათ ჩინელი ახალგაზრდებიც, როდესაც ისინი ნახავენ, რომ, თბილისში გაცილებით უფრო ნაკლებ ფასად, ნაკლები პრობლემებით, მიიღებ ერთობლივ, ნიუ-იორკის მიერ აღიარებულ დიპლომს ».

ახალი სტუდქალაქის აშენდებამდე კი, ძველი სტუდქალაქის 3 კორპუსის გასარემონტებლად სახელმწიფომ უკვე გამოყო თანხები. სარემონტო სამუშაოები წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს და გია ხუბუას განცხადებით მასში ძირითადად ის უცხოელი სტუდენტები იცხოვრებენ, რომლებიც სასწავლო კურსს საქართველოში გადიან.
ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კი იმედს გამოთქვამს, რომ ეს ორმხრივი თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება და, რომ საქართველოს მთავრობა გამონახავს სახსრებს ამ პროექტის განსახორციელებლად.

ეკა ყიფშიძე, რადიო თავისუფლებისთვის, თბილისი.


ინტერიუ გიორგი ჭეჟიასთან

ბიძინა რამიშვილი:
ამ ზაფხულში შვებულება კრეტაზე გავატარე ოჯახთან ერთად. პირველად კრეტაზე 1993 წელს ვიყავი. ისევე როგორც მაშინ, არდადეგების ბოლოსთვის ახლაც გავემგზავრეთ კუნძულის დასავლეთში მდებარე ქალაქ ხანიაში. ამ ქალაქმა ახლაც ისევე მოგვხიბლა სილამაზით, როგორც პირველად. გადავწყვიტეთ მოგვეძებნა რესტორანი, რომელშიც ცამეტი წლის წინ ვისადილეთ. არც სახელი გვახსოვდა და არც მისამართი ვიცოდით. მოკლედ, საკმაოდ უიმედო საქმეს შევეჭიდეთ თუ გავითვალისწინებთ, რომ ვენეციელების მიერ აგებული ხანიას ვიწრო ქუჩები ლაბირინთს ჰგავს და იქ კარგად ცნობილი მისამართების პოვნაც ჭირს.

ის იყო, უშედეგო ძებნის შემდეგ ისევ ძველ ნავსადგურში დაბრუნება გადავწყვიტეთ, რომ ჩემმა მეუღლემ ერთ პატარა შუკაში შეიხედა და ერთხანს შეყოვნდა. როცა მივაკითხე, ტურისტული სეზონისთვის ტიპიური სურათი ვნახე: 20-ოდე წლის ახალგაზრდა კაცი მენიუთი ხელში რომელიღაც რესტორნის მოჩრდილულ ეზოში ეპატიჟებოდა, თან მენიუს აქებდა.

კარგ ინგლისურს ლაპარაკობდა, თანაც ბერძნული აქცენტის გარეშე. მადლობა გადავუხადე და ვუთხარი, რომ ჩვენ ერთ კონკრეტულ რესტორანს ვეძებდით, თან გავიხსენე, რომ იმ ჩვენს რესტორანს გვერდზე რენესანსის დროინდელი პატარა კაპელა ჰქონდა მიშენებული. აგერ არის ბატონოო, მიპასუხა. აღმოჩნდა, რომ ზუსტად ის რესტორანი ყოფილა, ჩვენ რომ ვეძებდით. გაგვიხარდა. მერე ამ ახალგაზრდას გავხედე, ეზოს კარებთან რომ გვიცდიდა და რაღაც მეცნო. ძალიან თბილისურ პოზაში იდგა, რაღაცნაირად არტისტულად. ეჭვი აღარ შემპარვია, რომ ქართველი იქნებოდა და ასეც აღმოჩნდა. ხანიას უნივერსიტეტის ქართველი იქნებოდა. ასეც აღმონდა: ხანიას უნივერსიტეტის სტუდენტი გიორგი ჭეჟია ზაფხულის არდადეგებზე ცოტაოდენი ფულის გასაკეთებლად მაინც და მაინც ჩვენს საყვარელ რესტორანში მუშაობდა.

რესტორანში კარგახანს დავრჩით, შესანიშნავ კერძებსაც შევექეცით და გიორგისთან საუბრითაც ვისიამოვნეთ. ესეც ახალი დრო: ცამეტი წლის წინ ევროპაში სანთლით საძებარი იყვნენ ქართველი სტუდენტები. გიორგი ინტერვიუზე დავითანხმე, მაგრამ რადგან თან ჩამწერი აპარატურა არ მქონდა, შევთანხმდით, რომ შვებულების შემდეგ დავურეკავდი. ასეც მოვიქეცი. დღეს ჩვენი ამ საუბრის ჩანაწერს გთავაზობთ.

იხ. აუდიოვერსია.

ეს გახლდათ კრეტის ქალაქ ხანიას უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტი გიორგი ჭეჟია.


გენიოსი მათემატიკოსი უმაღლეს ჯილდოზე უარს ამბობს
ბიძინა რამიშვილი:
საკუთარ თავში ჩაკეტილმა, მორცხვმა რუსმა მათემატიკოსმა, გრიგორი პერელმანმა, რომელმაც ერთ-ერთი ყველაზე ძველი და რთული ამოცანა ამოხსნა, პრესტიჟული ფილდზის მედალი დაიმსახურა. ამ მედლით პერელმანის დაჯილდოების შესახებ სამშაბათს გამოცხადდა მადრიდში, მათემატიკოსთა საერთაშორისო კონგრესზე. მაგრამ პერელმანმა, რომელიც სანკტ პეტერბურგში ცხოვრობს, უარი თქვა ჯილდოს მიღებაზე. დავით კაკაბაძე მოგითხრობთ ამ ერთობ უჩვეულო მეცნიერის შესახებ.

დავით კაკაბაძე:
პერელმანი ფილდზის მედლით დაჯილდოვდა ე.წ. პუანკარეს ჰიპოთეზის დამტკიცებისთვის, რომელიც სამგანზომიელებიანი გეომეტრიული სივრცის ახსნას ცდილობს. მასზე პასუხი მეცნიერებს შეიძლება დაეხმაროს სამყაროს ფორმის გაგებაში.

აქამდე ვერცერთმა მათემატიკოსმა ვერ შეძლო დაემტკიცებინა ჰიპოთეზა, რომელიც გამოჩენილი ფრანგი მათემატიკოსისა და ფილოსოფოსის, ჟიულ ანრი პუანკარეს სახელს ატარებს. პუანკარემ ჰიპოთეზა 1904 წელს წამოაყენა.

მაგრამ 40 წლის გრიგორი პერელმანი არ არის დაინტერესებული საუკუნისწინანდელი მათემატიკური ამოცანის ამოხსნით მოპოვებული აღიარებით.

იგი არ დაესწრო მადრიდის ცერემონიას, რომელზეც ესპანეთის მეფე ხუან კარლოსს უნდა გადაეცა მისთვის ფილდზის მედალი. ეს მედალი მათემატიკის დარგში ნობელის პრემიის ეკვივალენტურ ჯილდოდ ითვლება.

პერელმანმა ასევე უარი თქვა მიიღოს სხვა ჯილდოც - მილიონი დოლარი, რომელიც ამერიკის კერძო კვლევითმა ინსტიტუტმა დააწესა პუანკარეს ჰიპოთეზის ამოხსნისთვის.

მისი ზოგიერთი კოლეგის აზრით, პერელმანმა მათემატიკის ინტერესი დაკარგა და ამ სფეროს ჩამოშორდა.

მის ყოფილ ლექტორსა და კოლეგას სანკტ პეტერბურგის სტეკლოვის სახელობის ინსტიტუტში, ანატოლი ვერშიკს, უჭირს, ახსნა გამოუნახოს პერელმანის ქცევას. მისი თქმით, პერელმანი საკუთარ თავში ჩაკეტილი ადამიანია:

ვერშიკის ხმა 2246 “მას საკმაოდ უჩვეულო რეაქციები ახასიათებს. იგი მორცხვი, ძალიან ძლიერი და მათემატიკის ჭეშმარიტად ერთგული ადამიანია. იგი საკუთარ თავში ძალიან ჩაკეტილი პიროვნებაა და მასთან ურთიერთობა ძნელია. უყვარს მუსიკა და ცოტას ვიოლინოზეც უკრავს.”

დეკემბერში პერელმანმა სტეკლოვის სახელობის ინსტიტუტში მუშაობას თავი დაანება პირადი მოტივით და ამჟამად უმუშევარია. კვლავ ვერშიკს მოუმინეთ:

ვერშიკის ხმა 2247 “არ მუშაობს. ჩვენს ინსტიტუტში იყო მას მერე, რაც 17 წლის წინ უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა, მაგრამ ახლა გადაწყვიტა, წასულიყო. როგორც გითხარით, მიზეზი გაურკვეველია. მაგრამ ის ნამდვილად არ არის დაკავშირებული ჩვენს ინსტიტუტთან. ყველანი ვემუდარებოდით, არ წასულიყო, მაგრამ რატომღაც გადაწყვიტა სამსახურზე უარი ეთქვა.”

პერელმანამდე კიდევ ერთმა მეცნიერმა თქვა უარი ფილდზის მედალზე. ეს გახლდათ გერმანელი ალექსანდერ გროთენდიკი, თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი მათემატიკოსი. მან 1966 წელს თქვა უარი მედალზე, რომელიც მისთვის მოსკოვში უნდა გადაეცათ. გერმანელმა მეცნიერმა ეს აღმოსავლეთ ევროპაში საბჭოთა კავშირის სამხედრო ინტერვენციის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად გააკეთა. თუმცა მოგვიანებით მან თავისი კუთვნილი ჯილდო მაინც აიღო. გროთენდიკი და პერელმანი სხვა მხრივაც ჰგვანან ერთმანეთს. გროთენდიკმაც მიატოვა მათემატიკა და, როგორც ამბობენ, იგი ამჟამად ანდორაში ცხოვრობს განდეგილის ცხოვრებით.

რაც შეეხება პერელმანს, იგი ჯერჯერობით მშობლიურ სანკტ პეტერბურგში ცხოვრობს დედამისთან ერთად. ერთ-ერთი უდიდესი მათემატიკური ამოცანის ამომხსნელი თავადაც ამოცანად რჩება გარე სამყაროსთვის.

ფილდზის მედლის საორგანიზაციო კომიტეტი კი ჯილდოსთვის სხვა კანდიდატს ეძებს.

დავით კაკაბაძე, რადიო თავისუფლება, პრაღა.


”პლანეტის” ახალი განსაზღვრება პლუტონს ”ჯუჯა პლანეტის” სტატუსს ანიჭებს

არის თუ არა პლუტონი ნამდვილი პლანეტა - ამ საკითხს მეცნიერები ათწლეულების განმავლობაში განიხილავდნენ. გადაწყვეტილება უკვე მიღებულია - ასტრონომთა გლობალურმა ორგანიზაციამ, რომელიც პრაღაში შეიკრიბა, პირველად შეიმუშავა სიტყვა ”პლანეტის” მკაფიო განსაზღვრება. თემას სალომე ასათიანი განაგრძობს. თუმცა, სანამ მიკროფონს მას გადავცემდე, გეტყვით რომ სიუჟეტზე მუშაობისას სალომეს კონსულტაცია გაუწია აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ომარ კურტანიძემ, რომელსაც მადლობას ვუხდით. ომარ კურტანიძის თქმით, ობსერვატორიამ პრაღის კონფერენციაში მონაწილეობა უსახსრობის გამო ვერ მიიღო. ახლა კი სალომე ასათიანია მიკროფონთან:


გადაწყვეტილება მიღებულია - პლუტონი აღარ წარმოადგენს პლანეტას.

ასტრონომთა საერთაშორისო კავშირის დაახლოებით 2500 წევრი პრაღაში შეიკრიბა, და ათდღიანი მწვავე კამათის შემდეგ 24 აგვისტოს მზის სისტემის ახლებური განსაზღვრება შეიმუშავა. ამიერიდან სისტემაში პლუტონი აღარ ფიგურირებს - ყოველ შემთხვევაში, ”პლანეტის” სტატუსით.

ახალი რეზოლუცია ”პლანეტას” მზის ირგვლივ მოძრავ სხეულად განსაზღვრავს, რომელსაც საკმარისი მასა აქვს იმისათვის, რომ სფერული ფორმა ჰქონდეს. ამასთან, საჭიროა სხეული საკმარისად მასიური იყოს იმისათვის, რომ თავისი ორბიტის ირგვლივ სივრცე ქვებისგან და სხვა ნამსხვრევებისგან მიზიდულობის ძალით გაწმინდოს.

პლუტონმა სწორედ ეს უკანასკნელი კრიტერიუმი ვერ დააკმაყოფილა, და ამის გამო მას ”ჯუჯა პლანეტის” სტატუსი მიენიჭა.

ასტრონომთა საერთაშორისო კავშირის სხდომაზე ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, რადიო თავისუფლება კავშირის წარმომადგენელს და პლუტონისთვის ახალი სტატუსის მინიჭების ერთ-ერთ ინიციატორს, რიჩარდ ბინცელს დაუკავშირდა. ასტრონომის თქმით, მეცნიერებმა პლანეტის მკაფიო განსაზღვრება პირველად შეიმუშავეს:

[ბინცელის ხმა] ”ჩვენ – როგორც სამეცნიერო ორგანიზაციამ – პირველად შევიმუშავეთ სიტყვა ”პლანეტის” განსაზღვრება. ეს სიტყვა ჩვენი მზის სისტემის 8 ცნობილ ობიექტს მიესადაგება. საუბარია ცნობილ, კლასიკურ პლანეტებზე - ესენია მერკური, ვენერა, დედამიწა, მარსი, იუპიტერი, სატურნი, ურანი და ნეპტუნი. პლუტონი კი მიეკუთვნება სხვა კატეგორიას, რომლებსაც ”ჯუჯა პლანეტები” ეწოდებათ”.

”ჯუჯა პლანეტების” კატეგორიაში კიდევ პლუტონთან ახლოს ახლახანს აღმოჩენილი ობიექტი, ”UB313” შევიდა, რომელსაც პირობითად ”ქსენა” უწოდეს. ”ჯუჯა პლანეტა” ეწოდა აგრეთვე მარსსა და იუპიტერს შორის, ასტეროიდულ შრეში აღმოჩენილ დიდ ობიექტს, პირობითი სახელით ”ცერესი”.

რიჩარდ ბინცელის თქმით, მოსალოდნელია, რომ ასტრონომები პლუტონის მსგავს კიდევ ბევრ ობიექტს აღმოაჩენენ:

[ბინცელის ხმა] ”ჩვენ აღმოჩენების ეპოქაში ვცხოვრობთ, და პლუტონის მიღმა უამრავ ახალ ობიექტს ვიპოვით, რომლებიც ჯუჯა პლენეტები იქნება”.

24 აგვისტოს პრაღაში შემუშავებული განსაზღვრება მესამე კატეგორიასაც მოიცავს, სადაც სატელიტების გარდა, ყველა სხვა ობიექტი შევა. მათ ”მზის სისტემის მცირე სხეულები” დაერქმევათ.

24 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილება სხვადასხვა სფეროში ბევრ ცვლილებას მოიტანს. გამომცემლებმა ახალი სახელმძღვანელოები უნდა გამოუშვან; მასწავლებლებმა ახალი სალექციო კურსები უნდა შეიმუშავონ; შესაცვლელია ის უამრავი სურათი თუ თუნდაც სათმაშო, რომელიც ჩვენს მზის სისტემას გამოხატავს.

ასტრონომთა საერთაშორისო კავშირის კიდევ ერთი წევრის, ივან უილიამსის თქმით

[უილიამსის ხმა] ”სასწავლო კურსებს, მეცნიერებას მართლაც მოუწევს შეიცვალოს. არ შეიძლებოდა პლუტონი პლანეტად დარჩენილიყო, და ამ დროს მასზე უფრო დიდი UB313-სთვის პლანეტა არ გვეწოდებინა. დადგა დრო შევცვალოთ სახელმძღვანელოები. თუმცა, გარკვეული თვალსაზრისით, საქმე გაადვილდა, რადგან მზის სისტემაში ახლა მხოლოდ რვა პლანეტა დარჩა”.

სიტყვა ”პლანეტა” ბერძნული სიტყვა ”მოხეტიალედან” მოდის. თავდაპირველად პლანეტები ვარსკვლავების ფონზე მოძრავ ობიექტებად განსაზღვრეს. დღეს კი ასტრონომები მზის სისტემის განაპირა რეგიონებში სულ უფრო მეტ დიდ ობიექტს პოულობენ, და ამგვარი აღმოჩენების განსასაზღვრავად შესაბამისი ტერმინოლოგია ჭირდებათ.

”პლანეტის” ახალი განსაზღვრების ავტორებს მიაჩნიათ, რომ ამგვარი მკაფიო დეფინიციის ქონა ასტრონომებს საქმეს მნიშვნელოვნად გაუადვილებს.

სალომე ასათიანი, რადიო თავისუფლება, პრაღა.

ბიძინა რამიშვილი:
თქვენ მოისმინეთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგი გამოშვება, რომელიც პრაღაში მოამზადეს დავით კაკაბაძემ და ბიძინა რამიშვილმა. გადაცემას უძღვებოდა ბიძინა რამიშვილი.
მომავალ პარასკევამდე.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG