Accessibility links

სოფელ აწყურში, არქეოლოგიური გათხრების შედეგად, უნიკალური ხატი აღმოაჩინეს


ახალციხის რაიონის სოფელ აწყურში მეცნიერებმა, არქეოლოგიური გათხრების შედეგად, ღვთისმშობლის უნიკალური ხატი აღმოაჩინეს. ტაძრის ეზოში ნაპოვნი ოქროს

ხატი ტიხრულ მინანქარშია შესრულებული და მას საქართველოში აქამდე აღმოჩენილ უნიკალურ ნივთებს შორის ანალოგი არ მოეპოვება. ოქროს ხატთან ერთად ნაპოვნია სამარხებიც, რომელიც მე-12-მე-13 საუკუნეებით თარიღდება და, სავარაუდოდ, იმდროინდელ დიდგვაროვნებს ეკუთვნით. არქეოლოგიურ ექსპედიციაში ქართველებთან ერთად უცხოელი ექსპერტებიც იღებენ მონაწილეობას.

12 დღიანმა არქეოლოგიურმა გათხრებმა შედეგი გამოიღო. სპეციალისტებმა, საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტის 40-მდე სტუდენტთან ერთად, უნიკალური ოქროს ხატი აღმოაჩინეს. გათხრები, ძირითადად, ტაძრის ინტერიერში მიმდინარეობდა, რადგან აწყურში პარალელურად სარესტავრაციო სამუშაოებიც ხორციელდება, რის შედეგადაც ტაძარი პირვანდელი სახით უნდა აღდგეს. არქეოლოგების განცხადებით, ინტერიერში გამოვლინდა მძლავრი კედლები, მართკუთხა ნაგებობით, რაც, მათი ვარაუდით, წინ უსწრებს მე-11 საუკუნის ნაგებობას. ტაძარს სამხრეთის მხრიდან მიდგმული აქვს დიდი მარანი, სადაც ამ პერიოდის ქვევრები დასტურდება. სპეციალისტებმა ხატი იარუსებად განლაგებულ სამარხებში აღმოაჩინეს. ხატთან ერთად ჩონჩხიც აღმოჩნდა, თუმცა იგი ძალიან ცუდად არის შემონახული, - აცხადებს ექსპედიციის ხელმძღვანელი ვახტანგ ლიჩელი:

[ვახტანგ ლიჩელის ხმა] ,,ჩონჩხის ყელის არეში, მარჯვენა ხატთან, მიკვლეული იქნა ჯერ ვერცხლის ძეწკვის ფრაგმენტები, ხოლო შემდეგ მცირე ზომის ოქროს ხატი, შესრულებული ტიხრული მინანქრით. ეს თავისთავად იშვიათი მოვლენა გახლავთ იმის გამო, რომ სამარხებში, ჯერ ეს ერთი, ხატებს არ ატანდნენ და, მეორეც, საქართველოს არქეოლოგიამ არ იცის ასეთი ფაქტი. სრულიად უნიკალური აღმოჩენაა. ის, რაც შემორჩენილია და ჯერჯერობით ჩანს ჩარჩოში, რომელიც საზღვრავს ხატის ცენტრალურ ნაწილს, ეს არის შესანიშნავად შესრულებული მრავალფეროვანი ტიხრული მინანქარი.”(სტილი დაცულია)

იმისათვის, რომ ხატი არ დაზიანდეს, იგი სპეციალური მასით არის დაფარული. უნიკალური ნივთის უკანა მხარეს რელიეფური გამოსახულებით ჯვარცმის ეპიზოდი უნდა იყოს წარმოდგენილი. ხატი მე-10-მე-11 საუკუნეებით თარიღდება. ექსპედიციის წევრი მარიანა უნაქვაშვილი იმ სამარხში მუშაობდა, სადაც ოქროს ხატი იქნა აღმოჩენილი. წმ. მარიამ ღვთისმშობლის ტაძარში ნანახი კერამიკული ნაკეთობები, სასულიერო პირთა ნეშტები და, რაც მთავარია, უმნიშვნელოვანესი ოქროს ხატი, ტიხრული მინანქრით შესრულებული, უკვე თბილისშია.

[მარიანა უნაქვაშვილის ხმა] ,,ექსპერტები გვყავდა ჩამოყვანილი და შეაფასეს - ნამდვილად ძალიან ძვირფასი ხატია და ნაკეთობა არის ძალიან სათუთი. ამ ხატის გარდა, ჩვენ აღმოვაჩინეთ კიდევ სხვადასხვა კერამიკული ნაკეთობები. გარდა ამისა, იმ სამარხებში აღმოჩნდა ბევრი შემორჩენილი ნეშტი იმ ადამიანების, რომლებიც იმ პერიოდში მოღვაწეობდნენ, ამავე ტაძარში მსახურებდნენ და თვითონ ეს ხატი ჩვენ რა ადგილასაც აღმოვაჩინეთ, ჩატანებული ჰქონდა ერთ ბერს.” (სტილი დაცულია)

კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთვის მსგავსი ექსპედიციების დაფინანსება 2006 წლის ბიუჯეტით არის გათვალისწინებული. როგორც სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი ნათია მურაჩაშვილი აცხადებს, ეს პირველი ეტაპია და არქეოლოგიური გათხრები სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება. იგი აწყურში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოების დასრულებაზე ამახვილებს ყურადღებას. მსუყე მასალა, როგორც მას მურაჩაშვილი უწოდებს, ამჟამად კვლევას საჭიროებს.

[ნათია მურაჩაშვილის ხმა],,მოხდა ესეთი პრეცედენტი, რომ არქეოლოგიისათვის სრულიად უნიკალური ნიმუში აღმოჩნდა გათხრებისას. გაითხარა ტერიტორია, სადაც აღმოჩნდა ოთხ იარუსად განლაგებული სამარხები. სამარხში, როგორც ჩანს, იყო მაღალი ჩინის სასულიერო პირი დასაფლავებული და იქ არის აღმოჩენილი უნიკალური ოქროს ხატი, ორმხრივი ტიხრული მინანქრით მომინანქრებული. ეს იქნება ერთ-ერთი უნიკალური ნიმუში, მონაპოვარი წლევანდელი, არქეოლოგიური...”(სტილი დაცულია)

აწყურის კათედრალური ტაძარი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია. მისი არსებობა ამ ადგილას წმ. მარიამ ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატის ყოფნამ განაპირობა, - იუწყება მემატიანე. ხატი თავად ანდრია პირველწოდებულმა ჩამოასვენა, რის გამოც ჯერ დიდი ტაძარი აიგო მე-7 საუკუნეში, ხოლო შემდეგ კათედრალური ტაძარი, რომლის ნანგრევები დღესაც არის აწყურში.
XS
SM
MD
LG