Accessibility links

logo-print

საქართველოს მთავრობა კონფლიქტების მოწესრიგების სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობს


საქართველოს მთავრობა კონფლიქტების მოწესრიგების სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობს. გავრცელებული ინფორმაციით, ამ გეგმის მონახაზი უკვე არსებობს და ის,

ძირითადად, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოწესრიგების უკვე ცნობილ სამშვიდობო გეგმებს ემყარება. კონფლიქტების მოწესრიგების სტრატეგიული გეგმის მონახაზის დეტალები ჯერ არ ხმაურდება, თუმცა ამ დეტალებთან დაკავშირებით მსჯელობა იყო შეხვედრაზე, რომელიც ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა კოტე კემულარიამ ახლახან კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო ჯგუფთან გამართა. საქართველოში არსებულ კონფლიქტებზე იყო საუბარი 25 აგვისტოსაც საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან გამართულ შეხვედრაზე.


გაერთიანებამდე ევროპამ სერიოზული პრობლემები გადალახა და ჩვენ მზად ვართ საქართველოს გავუზიაროთ პრობლემების გადაჭრის ევროპული გამოცდილება - ასეთი განწყობით მივიდნენ 25 აგვისტოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დათქმულ შეხვედრაზე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩები. საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ კონფლიქტურ ზონებში შექმნილი ვითარება მათ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვალერი ჩეჩელაშვილთან ერთად განიხილეს.
ვალერი ჩეჩელაშვილმა ელჩებს საქართველოს უმთავრესი ამოცანები გააცნო:

[ვალერი ჩეჩელაშვილის ხმა] ” საქართველოს მთავრობის უმთავრესი ამოცანაა დავაჩქაროთ კონფლიქტების მოწესრიგების მშვიდობიანი პროცესი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეუთომ დაუჭირა მხარი საქართველოს მთავრობის სამშვიდობო გეგმას ცხინვალთან დაკავშირებით. ”

ევროკავშირის ქვეყნების ელჩებთან შეხვედრაზე საქართველოს მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა კონფლიქტების მოწესრიგების პროცესში ევროკავშირის აქტიურად ჩართვის სურვილი. რაც შეეხება თავად საქართველოს მთავრობის აქტივობას, როგორც უკვე ვთქვით, მიმდინარეობს მუშაობა კონფლიქტების მოწესრიგების სტრატეგიულ გეგმაზე. ოფიციალური პირები ელიან, რომ შემოდგომა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი, რადგან ამ პერიოდში მიღებულ უნდა იქნეს სერიოზული გადაწყვეტილებები, როგორც საერთაშორისო დონეზე, ისე ქვეყნის შიგნით.

მანამდე, სანამ საქართველოს მთავრობა კონფლიქტების მშვიდობიანი მოწესრიგების დაჩქარებაზე მუშაობს, სოხუმში საქართველოზე გამარჯვების მეცამეტე წლისთავის აღსანიშნავად ემზადებიან. საქართველოზე გამარჯვება აფხაზეთში 30 სექტემბერს უნდა აღინიშნოს და ამ დღეს სოხუმში გასამართ ღონისძიებებში თურქეთში აფხაზური დიასპორის წარმომადგენლებმაც უნდა მიიღონ მონაწილეობა.

აფხაზეთში ცხოვრება თავისი გზით მიდის. იქ სასამართლომ 11 წლით პატიმრობა მიუსაჯა ოჩამჩირეში მცხოვრებ კისტმან ილიასოვას, რომელიც საქართველოს ხელისუფლების სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის ბრალდებით იქნა დაკავებული.

[ სერგეი შამბას ხმა] ” ის გასამართლდა აფხაზეთის ტერიტორიაზე სადაზვერო საქმიანობისთვის, რისთვისაც საქართველოს სპეცსამსახურების დავალებით მოქმედებდა. სასამართლო იყო ღია. მას ესწრებოდნენ გაეროს ადამიანის უფლებთა დაცვის ოფისის წარმომადგენლები. ”

ილიასოვას დაკავებასა და გასამართლებასთან დაკავავშირებით ეს კომენტარი აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა შამბამ საქართველოს ერთ-ერთი ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

მანამდე შამბა სამშვიდობოებთან დაკავშირებით სენატორ ლუგარის განცხადებას გამოეხმაურა, კერძოდ, განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ემხრობა თბილისის პოზიციას კონფლიქტის ზონებში რუსეთის სამშვიდობო ძალების შეცვლის თაობაზე. სერგეი შამბას თქმით, ლუგარს შეუძლია ილაპარაკოს რაც სურს, მაგრამ არსებობს დოკუმენტები და პროცედურები, რომლებზეც ამერიკელ სენატორს, როგორც ჩანს, წარმოდგენა არა აქვს.

სენატორი ლუგარი საქართველოს 22-24 აგვისტოს სტუმრობდა. მან რამდენჯერმე განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხრას უჭერს სამშვიდობო ძალების შეცვლასთან დაკავშირებით ოფიციალური თბილისის პოზიციას.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG