Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”პლანეტის” ახალი განსაზღვრება პლუტონს ”ჯუჯა პლანეტის” სტატუსს ანიჭებს


არის თუ არა პლუტონი ნამდვილი პლანეტა? - ამ საკითხს მეცნიერები ათწლეულების განმავლობაში განიხილავდნენ. გადაწყვეტილება უკვე მიღებულია:

ასტრონომთა გლობალურმა ორგანიზაციამ, რომელიც პრაღაში შეიკრიბა, პირველად შეიმუშავა სიტყვა ”პლანეტის” მკაფიო განსაზღვრება. სანამ საუბარს განვაგრძობდე, გეტყვით, რომ სიუჟეტზე მუშაობისას კონსულტაცია გამიწია აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ომარ კურტანიძემ, რომელსაც მადლობას ვუხდი. ომარ კურტანიძის თქმით, ობსერვატორიამ პრაღის კონფერენციაში მონაწილეობა უსახსრობის გამო ვერ მიიღო.


და, აი, გადაწყვეტილია: პლუტონი აღარ წარმოადგენს პლანეტას.

ასტრონომთა საერთაშორისო კავშირის დაახლოებით 2500 წევრი პრაღაში შეიკრიბა და ათდღიანი მწვავე კამათის შემდეგ, 24 აგვისტოს, მზის სისტემის ახლებური განსაზღვრება შეიმუშავა. ამიერიდან სისტემაში პლუტონი აღარ ფიგურირებს - ყოველ შემთხვევაში, ”პლანეტის” სტატუსით.

ახალი რეზოლუცია ”პლანეტას” მზის ირგვლივ მოძრავ სხეულად განსაზღვრავს, რომელსაც საკმარისი მასა აქვს იმისათვის, რომ სფერული ფორმა ჰქონდეს. ამასთან, საჭიროა სხეული საკმარისად მასიური იყოს იმისათვის, რომ თავისი ორბიტის ირგვლივ სივრცე ქვებისა და სხვა ნამსხვრევებისგან მიზიდულობის ძალით გაწმინდოს.

პლუტონმა სწორედ ეს უკანასკნელი კრიტერიუმი ვერ დააკმაყოფილა და ამის გამო მას ”ჯუჯა პლანეტის” სტატუსი მიენიჭა.

ასტრონომთა საერთაშორისო კავშირის სხდომაზე ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ რადიო “თავისუფლება” კავშირის წარმომადგენელს და პლუტონისთვის ახალი სტატუსის მინიჭების ერთ-ერთ ინიციატორს, რიჩარდ ბინცელს, დაუკავშირდა. ასტრონომის თქმით, მეცნიერებმა პლანეტის მკაფიო განსაზღვრება პირველად შეიმუშავეს:

[ბინცელის ხმა] ”ჩვენ, როგორც სამეცნიერო ორგანიზაციამ, პირველად შევიმუშავეთ სიტყვა ”პლანეტის” განსაზღვრება. ეს სიტყვა ჩვენი მზის სისტემის 8 ცნობილ ობიექტს მიესადაგება. საუბარია ცნობილ, კლასიკურ პლანეტებზე. ესენია: მერკური, ვენერა, დედამიწა, მარსი, იუპიტერი, სატურნი, ურანი და ნეპტუნი. პლუტონი კი მიეკუთვნება სხვა კატეგორიას, რომლებსაც ”ჯუჯა პლანეტები” ეწოდებათ.”

”ჯუჯა პლანეტების” კატეგორიაში კიდევ პლუტონთან ახლოს ახლახან აღმოჩენილი ობიექტი - ”UB313” - შევიდა, რომელსაც პირობითად ”ქსენა” უწოდეს. ”ჯუჯა პლანეტა” ეწოდა აგრეთვე მარსსა და იუპიტერს შორის ასტეროიდულ შრეში აღმოჩენილ დიდ ობიექტს, პირობითი სახელით ”ცერესი”.

რიჩარდ ბინცელის თქმით, მოსალოდნელია, რომ ასტრონომებმა პლუტონის მსგავსი კიდევ ბევრი ობიექტი აღმოაჩინონ:

[ბინცელის ხმა] ”ჩვენ აღმოჩენების ეპოქაში ვცხოვრობთ და პლუტონის მიღმა უამრავ ახალ ობიექტს ვიპოვით, რომლებიც ჯუჯა პლანეტები იქნება.”

24 აგვისტოს პრაღაში შემუშავებული განსაზღვრება მესამე კატეგორიასაც მოიცავს, რომელშიც, სატელიტების გარდა, ყველა სხვა ობიექტი შევა. მათ ”მზის სისტემის მცირე სხეულები” დაერქმევათ.

24 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილება სხვადასხვა სფეროში ბევრ ცვლილებას გამოიწვევს: გამომცემლებმა ახალი სახელმძღვანელოები უნდა გამოუშვან; მასწავლებლებმა ახალი სალექციო კურსები უნდა შეიმუშაონ; შესაცვლელია ის უამრავი სურათი თუ სათამაშო, რომელიც ჩვენს მზის სისტემას გამოხატავს.

ასტრონომთა საერთაშორისო კავშირის კიდევ ერთი წევრის - ივან უილიამსის - თქმით:

[უილიამსის ხმა] ”სასწავლო კურსებს, მეცნიერებას, მართლაც, მოუწევს შეიცვალოს. არ შეიძლებოდა პლუტონი პლანეტად დარჩენილიყო და ამ დროს მასზე უფრო დიდი UB313-სთვის პლანეტა არ გვეწოდებინა. დადგა დრო შევცვალოთ სახელმძღვანელოები. თუმცა, გარკვეული თვალსაზრისით, საქმე გაადვილდა, რადგან მზის სისტემაში ახლა მხოლოდ რვა პლანეტა დარჩა.”

სიტყვა ”პლანეტა” მოდის ბერძნული სიტყვიდან ”მოხეტიალე”. თავდაპირველად პლანეტები ვარსკვლავების ფონზე მოძრავ ობიექტებად განსაზღვრეს. დღეს კი ასტრონომები მზის სისტემის განაპირა რეგიონებში სულ უფრო მეტ დიდ ობიექტს პოულობენ და ამგვარი აღმოჩენების განსასაზღვრავად შესაბამისი ტერმინოლოგია სჭირდებათ.

”პლანეტის” ახალი განსაზღვრების ავტორებს მიაჩნიათ, რომ ამგვარი მკაფიო დეფინიცია ასტრონომებს საქმეს მნიშვნელოვნად გაუადვილებს.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG