Accessibility links

logo-print

რუსეთი: ვორონეჟში მომხდარი მკვლელობა და მოსკოვში ბაზრის აფეთქება რუსეთში ქსენოფობიის ზრდაზე მიუთითებს


დღეს რუსეთის ქალაქ ვორონეჟში სასამართლომ გასულ წელს მომხდარი პერუელი სტუდენტის მკვლელობის საქმეში მთავარ ეჭვმიტანილს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ის და კიდევ 11 განსასჯელი, რომლებსაც ხუთ წლამდე პატიმრობა მიესაჯათ, ნაციონალისტური დაჯგუფება ”თეთრი პატრულის” წევრები არიან. ამ სასამართლო პროცესამდე რუსეთის სამართალდამცავებმა ასეთივე ნაციონალისტური დაჯგუფების წევრი ორი სტუდენტი დააკავეს, რომლებსაც ბრალად კვირის დასაწყისში მოსკოვის ბაზრობაზე აფეთქების მოწყობა და მიზანში უცხოელების ამოღება ედებათ. რა როლს ასრულებენ ”თეთრი პატრულის” მსგავსი დაჯგუფებები რუსეთში რასიზმის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულთა ზრდაში?

ადამიანის უფლებათა დამცველები დღეს ვორონეჟში მიმდინარე სასამართლო პროცესს თვალს ყურადღებით ადევნებდნენ. გასულ წელს მომხდარი 18 წლის პერუელი სტუდენტის, ენრიკე ჰურტადოს, ცემით მკვლელობა ხომ ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებულია რუსეთში სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულთა შორის.

კვირის დასაწყისში მოსკოვის ერთ-ერთ მულტიეთნიკურ ბაზრობაზე მომხდარი აფეთქება უცხოელთა მიმართ სიძულვილის ზრდის კიდევ ერთი შემაშფოთებელი ნიშანი იყო.

აფეთქებას 11 ადამიანი შეეწირა. დაშავდა 50-ზე მეტი. გარდაცვლილებს შორის ტაჯიკეთის, უზბეკეთის, ჩინეთის, ვიეტნამის, რუსეთის და ბელორუსიის მოქალაქეები არიან.

მოსკოვის გენერალური პროკურორის იური სიომინის განცხადებით, ორმა ახალგაზრდამ, რომლებიც აფეთქებასთან დაკავშირებით დააკავეს, დანაშაული აღიარა და ის იმით ახსნა, რომ ”ბაზრობაზე ბევრი აზიელი მუშაობს”.
გავრცელებული ცნობებით, სამართალდამცავებმა დაკავებულების საერთო საცხოვრებელში რასისტული ლიტერატურა იპოვეს.

ალექსანდრ ვერხოვსკი, რომელიც რუსეთში ექსტრემისტული განწყობების მონიტორინგის ორგანიზაციას, ცენტრ ”სოვას”, ხელმძღვანელობს, დარწმუნებულია, რომ ამ ახალგაზრდებს ექსტრემისტულ ორგანიზაციებთან აქვთ კავშირი. თუმცა, ვერხოვსკის თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ ბაზრობაზე აფეთქების მოწყობა მათ ორგანიზაციამ დაავალა. პირიქით - ვერხოვსკის განმარტებით, ნაციონალისტური დაჯგუფებები მასშტაბური თავდასხმების მოწყობას თავს არიდებენ. ამგვარი ორგანიზაციები, ძირითადად, ახალგაზრდებს უტარებენ წვრთნებს და მუქკანიან ადამიანებზე დანებით, ჯაჭვებით და რკინის ჯოხებით თავდასხმას ასწავლიან.

დღემდე რუსეთის სამართალდამცავი სტრუქტურები ამგვარი თავდასხმების უმრავლესობას ”ხულიგნობას” არქმევდნენ, რაც შედარებით მსუბუქ სასჯელს ითვალისწინებს. უფლებადამცველი ორგანიზაციები კი იმ ზოგად საფრთხეზე მიუთითებენ, რომელსაც ეს ჯგუფები ქმნიან.

ვერხოვსკის თქმით, რუსეთში რასისტული დაჯგუფებების რაოდენობა ბოლო წლებში სულ უფრო იზრდება:

[ვერხოვსკის ხმა] ”ქვეყანაში მასობრივი ქსენოფობია მატულობს და ამგვარი მოძრაობები მასობრივი განწყობების მხოლოდ ავანგარდს წარმოადგენს. განწყობის ზრდასთან ერთად ავანგარდიც იზრდება. მასობრივი ქსენოფობია კვებავს რადიკალურ მოძრაობას, რომელიც, თავის მხრივ, სულ უფრო მეტად ძლიერდება.”

ყოფილი პოლიციელი იური ბელიაევი სანკტ-პეტერბურგში მოქმედი ნეონაცისტური დაჯგუფების ხელმძღვანელია.

მისი ორგანიზაციის ვებგვერდი სანკტ-პეტერბურგში უცხოელებზე თავდასხმის ფაქტებს დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ ”ქალაქის წმენდა გრძელდება”. სხვა ბევრი ნაციონალისტური ჯგუფის მსგავსად, ბელიაევის მოძრაობაც ინტენსიურად იყენებს ინტერნეტს ოპერაციების კოორდინირების, წევრებთან კონტაქტის შენარჩუნების და ახალი წევრების მოზიდვის მიზნით.

ბელიაევს რადიო “თავისუფლება” ახლახან ესაუბრა. ნეონაცისტური ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, ქუჩაში უცხოელებზე თავდასხმები წინასწარ დაგეგმილ ქმედებას წარმოადგენს და არა ცალკეულ შემთხვევებს:

[ბელიაევის ხმა] ”მათ არაორგანიზებულს ვერ ვუწოდებთ. თავად მე ვარ ორგანიზატორი. შემიძლია ყრილობის, კონფერენციის, თავდასხმის ორგანიზება. ჩვენ სულ უფრო პროფესიულად ვმუშაობთ. ეს დაკავებების შემცირებული რაოდენობიდანაც ჩანს. ჩვენი ხალხი ინსტრუქციებს იღებს, სწავლობს, მუშაობს.”

უფლებადამცველი ორგანიზაციების ინფორმაციით, რუსეთში მოქმედ ნაციონალისტურ ჯგუფებს ერთი ლიდერი არა ჰყავთ და ერთმანეთთან არცთუ ძალიან ინტენსიურად თანამშრომლობენ.

ამას ბელიაევიც ეთანხმება და ამბობს, რომ სწორედ ორგანიზაციების ავტონომიურობის გამო უჭირთ სამართალდამცავებს მათთან ბრძოლა.

რუსეთში ქსენოფობიის ზრდა თანდათან მსოფლიოს ყურადღებას იპყრობს.

რასიზმსა და ქსენოფობიასთან ბრძოლის საკითხებში გაეროს საგანგებო ექსპერტი დუდუ დიენე რუსეთში ივნისში იმყოფებოდა. მან განაცხადა, რომ შოკირებული იყო იმ საშიში გარემოთი, რომელშიც უცხოელებსა და ეთნიკურ უმცირესობებს უწევთ ცხოვრება რუსეთში. დიენემ რუსეთის მთავრობას რასიზმთან უფრო აქტიური ბრძოლისკენ მოუწოდა.
XS
SM
MD
LG