Accessibility links

logo-print

ქართული პრესა


დავით პაიჭაძე, თბილისი ვაშინგტონის მხარდაჭერა: კონფლიქტის ზონაში რუსი სამშვიდობოები არ უნდა იმყოფებოდნენ - ასეთი პუბლიკაციით წარდგა გასულ კვირაში გაზეთი ”24 საათი”.

გაზეთს მოჰყავდა ციტატა ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის რიჩარდ ლუგარის სიტყვიდან: ”შეერთებული შტატების მთავრობა ეთანხმება საქართველოს პოზიციას, რომ კონფლიქტის ზონაში არ უნდა იყვნენ რუსი სამშვიდობო ჯარები. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ნატოში გაწევრიანებას და დადებითად ვაფასებთ ყველა იმ ცვლილებას, რომელიც ბოლო პერიოდში საქართველოში განხორციელდა.” ლუგარის განცხადებით, წერს გაზეთი, ”კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ფორმატის შეცვლის საკითხი საკუთრივ საქართველომ უნდა გადაწყვიტოს. შეერთებული შტატების პოზიციაა, რომ კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ოპერაციას წარმატებით მხოლოდ ნეიტრალური ძალა განახორციელებს. რაც შეეხება კონფლიქტის მეორე ზონას, სამხრეთ ოსეთს, ლუგარის შეფასებით, იქ ვითარება განსაკუთრებული სირთულით არ გამოირჩევა და დასაშვებია, რომ სამხრეთ ოსეთში ჩანაცვლება საჭირო არც გახდეს. ამერიკელი სენატორი მხარს უჭერს აფხაზეთში დევნილების მშვიდობიან დაბრუნებას. მისი აზრით, ამ საქმეში შედეგს წარმატებული დიპლომატიური სვლები გამოიღებს” - ეწერა ”24 საათში”.

გაზეთი ”საქართველოს რესპუბლიკა” მკითხველს არწმუნებდა, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა მწარედ ინანა ირანის პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჯადის საქართველოში მიწვევა. ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მეჰდი საფართან საუბრისას მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ სტუმრად ელის თავის ირანელ კოლეგას. გაზეთი ამტკიცებს, რომ საქართველოს ასეთი განურჩეველი სტუმართმოყვარეობა ამერიკელებისათვის უსიამო სიურპრიზი აღმოჩნდა. მძიმე დღე დაადგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ვალერი ჩეჩელაშვილს, რომელიც ცდილობდა თავი აერიდებინა ჟურნალისტების შეკითხვათა პირდაპირი პასუხებისათვის და აღნიშნავდა, რომ ვიზიტის ვადები დამატებით იქნება შეთანხმებული. გაზეთი წერს, რომ თეირანის უგულებელყოფა არ შეიძლება, რადგან ირანის გაზი მოსკოვთან კამათის დროს მნიშვნელოვანი არგუმენტია. ყოველთვის, როცა საქმე ეხება ცისფერი სათბობის ფასებს, სააკაშვილი რუსეთს შეახსენებს, რომ არსებობს ირანის ალტერნატიული ვარიანტიც.

ბოკერიამ პატარკაციშვილი და ოპოზიცია საიდუმლო მოლაპარაკებაში ამხილა - იუწყებოდა გაზეთი ”ახალი თაობა” გასული კვირის პოლიტიკური ჰიტის შესახებ. ”საპარლამენტო უმრავლესობისა და მთლიანად ხელისუფლების სამწუხაროდ, ქვეყნის უმდიდრესი ადამიანები ნელ-ნელა ოპოზიციაში გადადიან, ეს კი ნიშნავს მშიერი და დასუსტებული ოპოზიციის მოძლიერებას. აი, ამის გამო სძულს ბოკერიას პატარკაციშვილი. მას ეკარგება პარტიული მონოპოლიის სამოთხე და წინ ეშლება რეალური დემოკრატიის პერსპექტივა, სადაც ბოკერია და მისნაირები იძულებული იქნებიან, დაემორჩილონ პოლიტიკის საბაზრო ეკონომიკას” - ასე ჭვრეტდა პროცესებს შუა კვირაში ”ახალი თაობა”.

გაზეთმა ”ახალმა ვერსიამ” გამოაქვეყნა სტატია, სათაურით ”პოლიციელთა მორიგი მსხვერპლი”. პოლიციის ძალადობის კიდევ ერთი მსხვერპლი, ზეზვა შამფრიანი, ფოთის მკაცრი მეთვალყურეობის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობს. ის იქ მოხვდა შს სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის წევრების მიერ მიყენებული ფიზიკური ტრავმების გამო. თვითმხილველები ამტკიცებენ, რომ ზეზვა შამფრიანის დაკავებისა და ცემის დროს სპეცრაზმელები ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ. დაკავებულს ბრალად ედება პოლიციელებისათვის წინააღმდეგობის გაწევა და ძალადობითა და მუქარით საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლა. ზეზვა შამფრიანის გარდა, სპეცოპერაციისას დააკავეს 5 ადამიანი. ვერც ერთს ბრალი ვერ დაუმტკიცდა და გაათავისუფლეს. შამფრიანს, მიყენებული ტრავმების შედეგად, ფსიქიკური აშლილობა განუვითარდა და დღეს სწორი ჩვენების მიცემა, საგამოძიებო და სასამართლო ღონისძიებებში მონაწილეობა არ შეუძლია, წერდა ”ახალი ვერსია”.
XS
SM
MD
LG