Accessibility links

logo-print

მღელვარება ”რუსთავი 2”-ში


სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი-2”-ის საინფორმაციო პროგრამა “კურიერის” დღის გამოშვებები ეთერში არ გასულა. ამის მიზეზი გახდა “რუსთავი-2”-ის ჟურნალისტების პროტესტი არხის გენერალური დირექტორის ნიკა ტაბატაძის თანამდებობიდან გათავისუფლების გამო.

მიუხედავად იმისა, რომ ნიკა ტაბატაძის თანამდებობაზე დარჩენის ბედი, სავარაუდოდ, ორ დღეში გაირკვევა, მისი ადგილმონაცვლის კანდიდატურის ვინაობას უკვე ასახელებენ. ეს სააგენტო “სარკის” უფროსი კობა დავარაშვილია.

ხმაურიანი და დაძაბული დღის შემდეგ, “რუსთავი-2”- ის საინფორმაციო გამოშვება საღამოს 6 საათზე ეთერში გავიდა. მიუხედავად საზოგადოების გამძაფრებული ინტერესისა, დღემ პრაქტიკულად მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციულ ვაკუუმში ჩაიარა. დაახლოებით 13 საათისთვის ტელევიზიის დაცვამ “კურიერის” თანამშრომლების კოლეგები არათუ შენობიდან, ეზოდანაც კი გააძევა. დაცვის ეს ქმედება “რუსთავი-2”-ის ხელმძღვანელობის მიერ თანამშრომლებისთვის დაგეგმილ თათბირს დაუკავშირდა. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის კონკრეტულად არაფერი გამხდარა ცნობილი არც არხის მფლობელისა და “კურიერის” თანამშრომლების თათბირის დასრულების შემდეგ. ტელევიზიის მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა საინფორმაციო საშუალებებისთვის განმარტებების მიცემა არ ისურვა. რაც შეეხება თავად ნიკა ტაბატაძეს, შენობა მანაც უკომენტაროდ დატოვა, სატელეფონო საუბარში კი განგვიცხადა, რომ არაფერი აქვს სათქმელი.

[დუდუ კურდღლიას ხმა]“არგუმენტები ვერ გავიგეთ, რის გამოა ნიკა გათავისუფლებული.”

[აკაკი გოგიჩაიშვილის ხმა]“გადაწყვიტეს, რომ ორი დღის განმავლობაში მოილაპარაკონ და ყველაფერი გაარკვიონ.“


გავრცელდა მეტ–ნაკლებად განსხვავებული ინფორმაციაც და, შესაბამისად, კომენტარი, რომლის თანახმად, საკადრო ცვლილება “რუსთავი-2”- ში არ განხორციელებულა.

[თეო გილიგაშვილის ხმა]“ნიკა გათავისუფლებული არ არის. დღეს და ხვალ იგი “კურიერს” უხელმძღვანელებს.“

“კურიერის” პროდიუსერმა, ამის გარდა, ისიც გვითხრა, რომ ტელევიზიის ჟურნალისტებს ნიკა ტაბატაძის მხარდამჭერი საპროტესტო აქცია არ გაუმართავთ. უფრო სწორად, ბოიკოტს ადგილი არ ჰქონია.

ამ მტკიცების მიუხედავად, “რუსთავი-2”-ის დღის საინფორმაციო გამოშვებებისათვის განკუთვნილი დრო დღეს, ძირითადად, მუსიკალური ნომრებით შეივსო. 15 საათზე, მაგალითად, “კურიერის” ქუდის ნაცვლად, ეთერში კაილი მინოუგიუს ერთ–ერთი კომპოზიციის აკორდები გაისმა.

საინფორმაციო წრეებში ნიკა ტაბატაძის “რუსთავი-2”-ის გენერალური დირექტორის ხელმძღვანელის პოსტიდან სავარაუდო წასვლის თაობაზე ინფორმაცია მთელი კვირის განმავლობაში ვრცელდებოდა. თავად ნიკა ტაბატაძე საქართველოში არ იმყოფებოდა. იგი თბილისში გუშინ დაბრუნდა. ამიტომ შემთხვევითი არ არის, რომ მისი მხარდამჭერი აქცია ტელეკომპანიის საინფორმაციო ჯგუფის თანამშრომლებმა სწორედ დღეს გამართეს. ბოლო ორი თვის განმავლობაში ტელეკომპანიაში ცნობილ სახეებთან დაკავშირებული ეს მეორე სკანდალია. “თავისუფალი თემის” წამყვანმა ეკა ხოფერიამ არხიდან წასვლის შესახებ განცხადება 6 ივლისს პირდაპირ ეთერში გადაცემის მსვლელობისას გააკეთა. მოგვიანებით კი ახსნა, რომ ეს ზეწოლით იყო განპირობებული. ნიკა ტაბატაძემ კოლეგა და მეგობარი მაშინ არც დაიცვა და არც გაკიცხა:

[ნიკა ტაბატაძის ხმა]“ მე, როგორც “რუსთავი-2”-ის გენერალური დირექტორი, კატეგორიულად გამოვრიცხავ თავად ეკა ხოფერიაზე კომპანიის ხელმძღვანელობის მხრიდან ზეწოლის ფაქტსა და გადაცემაში ჩარევის მცდელობას.“

მიუხედავად ნიკა ტაბატაძის მაშინდელი განცხადებისა, “რუსთავი-2”-ის თავისუფლების ხარისხის სიმცირეზე გარკვეულწილად დღეს ტელეკომპანიაში მომხდარი ინციდენტიც მიუთითებს. მიუხედავად იმისა, რომ, გავრცელებული ინფორმაციით, 2 დღეში გაირკვევა დარჩება თუ არა თანამდებობაზე ნიკა ტაბატაძე, შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლების გარკვეული წრეებისათვის იგი მიუღებელია.
ერთ–ერთი ვერსიით, არხის ახალ ხელმძღვანელად სარეკლამო სააგენტო “სარკის” უფროსი კობა დავარაშვილი დაინიშნება. თითქმის ყველა რეკლამა, რომელიც “რუსთავი-2“-ზე გადის, ამ სააგენტოს მიერაა დამზადებული.


XS
SM
MD
LG