Accessibility links

logo-print

თბილისის ხიდებს სულ მალე შეყვარებულთა ქანდაკებები დაამშვენებს.


თბილისის ხიდებს სულ მალე შეყვარებულთა ქანდაკებები დაამშვენებს.

პროექტის განხორციელება ბარათაშვილის ხიდით დაიწყო. როგორც ამ დღეებში გაირკვა, წლის ბოლომდე შეყვარებული წყვილების სკულპტურით დედაქალაქის ყველა ხიდი გაფორმდება. თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის კობა სუბელიანის თქმით, ამ ქანდაკებებმა ”ხიდებზე მოსეირნე წყვილები რომანტიკულად უნდა განაწყოს”, რაც იმას ნიშნავს, რომ მერია ისევ ცდილობს გამოიყენოს კულტურა მოსახლეობაში რომანტიკულ-ამაღლებული ემოციების დასამკვიდრებლად. ხიდებზე როდენის ქართული ”ვერსიის”, უფრო სწორად, ”ვერსიების” მონტაჟი დედაქალაქის მერის არჩევნების წინ პრაგმატული გადაწყვეტილებაა. წლის ბოლომდე შეიქმნება მხატვრული სახე თბილისისა, რომლის ხიდები სულ გადახვეული შეყვარებულებით გაივსება - შეყვარებულებს კი, მოგეხსენებათ, ერთი საერთო თვისება აქვთ: ცხოვრება უხარიათ და იმედიანად უყურებენ მომავალს.

კულტურა, რომელიც დადებით ემოციებს არ ამკვიდრებს, ხელისუფლებას ნაკლებად აინტერესებს. და აი, პარადოქსიც: ქართველი ჟურნალისტი თამაზ ბიბილური ”9 აპრილის მუზეუმის” ექსპონატების გადარჩენას ვლადიმირ პუტინსა და იური ლუჟკოვს სთხოვს. თამაზ ბიბილური აღნიშნავს, რომ ეს მუზეუმი, რომლისთვისაც საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ შენობა ვერ გამონახა, არა მარტო საქართველოს, არამედ რუსეთის ისტორიის ნაწილიცაა.. ამიტომ სავსებით ბუნებრივი იქნებოდა, ექსპონატები მოსკოვში (ან მოსკოვშიც) განეთავსებინათ.

არ არის გამორიცხული რუსეთის ხელისუფლება დაინტერესდეს ამ წინადადებით. ბოლოს და ბოლოს, 9 აპრილის ჯალათები ხომ არა რუსეთის, არამედ სულ სხვა - დღეს უკვე არარსებული - ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ. მით უმეტეს, რომ ქართული კულტურით დაინტერესება ვლადიმირ პუტინმა ამ დღეებში უკვე ღიად გამოხატა, როცა მეგობრობის ორდენით დააჯილდოვა თბილისის გრიბოედოვის სახელობის რუსული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ავთანდილ ვარსიმაშვილი, გენერალური დირექტორი ნიკოლაი სვეტნიცკი, თეატრის მსახიობები - ირინა მეღვინეთუხუცესი და ვალერი ხარიუტჩენკო. გარდა ამისა, ამ კვირაში რუსმა სამართალდამცავებმა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს დაუბრუნეს გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში დაკარგული ლადო გუდიაშვილის ტილო ”ბერძენი პარტიზანი”, რომელიც 1943 წლითაა დათარიღებული. როგორც გაირკვა, სურათს დასავლეთში ერთ-ერთ აუქციონზე გასატანად ამზადებდნენ. სურათი უთუოდ ძვირად გაიყიდებოდა, რადგან ”ბერძენი პარტიზანი” გუდიაშვილმა სწორედ შემოქმედებითი აღმავლობის პერიოდში შეასრულა - იმ დროს, როცა საბჭოთა კულტურის იდეოლოგები მოსახლეობის გამხნევებას ყალბი პათეტიკით ცდილობდნენ.

ხელოვანს, რომელიც იდეოლოგიურ კლიშეებს და ”ზევიდან დაკვეთას” არ ემორჩილება, ყოველთვის უჭირდა - დღეს უკვე არარსებულ საბჭოთა კავშირშიც და პოსტსაბჭოთა ეპოქაშიც. უჭირდა კინორეჟისორ ლევან ზაქარეიშვილსაც, რომელსაც გასულ კვირაში დაემშვიდობნენ ახლობლები, მეგობრები, მისი შემოქმედების თაყვანისმცემლები. თავის უკანასკნელ ფილმს ”თბილისი-თბილისი” ლევანი თითქმის 15 წელი იღებდა. გადაღებების პროცესში, როგორც შარშან, კანის ფესტივალზე გამგზავრებამდე, გვითხრა, ფულის შოვნით უფრო იყო დაკავებული, ვიდრე ფილმზე, მის მხატვრულ გადაწვეტაზე ფიქრით. ქართულ კინოს უჭირდა, მაგრამ ვიღაცეები - მათ შორის, არცთუ ისე ნიჭიერი რეჟისორები - მაინც იღებდნენ ფილმებს; ზოგს სახელმწიფო ეხმარებოდა, ზოგს - მდიდარი ადამიანები... ლევანს ამ მხრივაც არ სწყალობდა ბედი:

[ლევან ზაქარეიშვილის ხმა] “საქართველო ისეთი პატარაა, რომ... არა მგონია, მაგალითად, რომ ბუში იცნობდეს ჯარმუშს, ამ მთავრობას კი ყოველთვის ჰყავდა თავისი ფავორიტები. მე კი ვერც ერთი მთავრობის ფავორიტი ვერ გავხდი და ვერც გავხდები, იმიტომ რომ მე მიყვარს ჩემი საქმე, ფავორიტობას კი სხვა ენერგია სჭირდება... ამიტომ ვეცდები ყველანაირად ეს ფილმი გავყიდო და ჩემი ფულით გადავიღო ფილმი.”

ამ ინტერვიუს ჩაწერის დროს, წესით და რიგით, ლევანი კმაყოფილი უნდა ყოფილიყო: ”თბილისი-თბილისის” გადაღება დასრულდა, ფილმი კანის ფესტივალზე უნდა ეჩვენებინათ; ლევან ზაქარეიშვილს ახალი გამარჯვებები ელოდა, მათ შორის, დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული კინოფორუმის, ვისბადენის საერთაშორისო ფესტივალის, მთავარი პრიზი - წელს, აპრილში. მაგრამ რაღაც განსაკუთრებული სიხარული მაშინ ვერ ვიგრძენით. ჩვენს კითხვაზე - გრძნობდა თუ არა იგი მხარდაჭერას თავისი კოლეგებისგან, ლევან ზაქარეიშვილმა ასე გვიპასუხა:

[ლევან ზაქარეიშვილის ხმა] ”ვერანაირს. ის კი არა, ის ხალხიც დავკარგე, ვისაც რაღაცნაირი კონტაქტი ჰქონდა ჩემთან. ისეთ ჭორს მოგიგონებენ, ისეთ რაღაცას მოგაკრავენ... - ეს ხომ დიდი სოფელია.”

ასეთი - ”დიდ სოფლად” ქცეული - თბილისი გამოხატა ლევან ზაქარეიშვილმა თავის ფილმში. სურათის მხატვრული გადაწყვეტის მიმართ კინოკრიტიკოსებმა არაერთი - მათ შორის, სამართლიანი - შენიშვნა გამოთქვეს, მაგრამ როგორ შეიძლება მხატვრულ მთლიანობაზე საუბარი, როცა რეჟისორი ფილმს 15 წელი იღებს და, რაც მთავარია, როცა მხატვრულობას და სილამაზეს მოკლებულია თავად ნატურა - ქალაქი, რომელსაც ლევან ზაქარეიშვილი იღებდა. მას, რა თქმა უნდა, შეეძლო, თავისი ზოგიერთი კოლეგის მსგავსად, შეელამაზებინა ეს ნატურა, გაემდიდრებინა ფილმი, მაგალითად, ძველი თბილისის პეიზაჟებით, ეჩვენებინა ქუჩაში მოსეირნე შეყვარებული წყვილები, რომლებიც ოპტიმისტურად უყურებენ მომავალს და სხვა არაფერი აინტერესებთ, ერთმანეთის გარდა... მაგრამ ლევან ზაქარეიშვილმა ეს არ გააკეთა - თითქოს გული უგრძნობდა, რომ 15 წელი თავის უკანასკნელ ფილმს იღებდა. ამიტომაც იყო უცნაური ეს ინტერვიუ, რომელიც რადიო “თავისუფლების” სტუდიაში 2006 წლის მაისში ჩავწერეთ - თუ შეიძლება ითქვას, ”კონტრაპუნქტზე აგებული” ინტერვიუ, ფილმივით ”თბილისი-თბილისი”. ლევან ზაქარეიშვილი მომავალ გეგმებზე გვესაუბრებოდა, მაგრამ განსაკუთრებული ენთუზიაზმის გარეშე, მისთვის დამახასიათებელი რაღაცნაირი ”აგრესიული სევდით”:

[ლევან ზაქარეიშვილის ხმა] ”მე ვთვლი, რომ რეჟისორი იქ მთავრდება, როცა იჯერებს, რომ რაღაც შედევრი გადაიღო. ესეც ეტაპია ჩემს ცხოვრებაში, კიდევ უნდა გადავიღო და...”(სტილი დაცულია)
XS
SM
MD
LG