Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული საზოგადოება ყოველთვის ინტერესით ეკიდებოდა ე.წ. ქართულ ხასიათზე, მენტალობასა თუ


დავით პაიჭაძე, თბილისი ქართული საზოგადოება ყოველთვის ინტერესით ეკიდებოდა ე.წ. ქართულ ხასიათზე, მენტალობასა თუ ფენომენზე გამართულ საჯარო დისკუსიებს. ქართველი ისტორიკოსების,

პუბლიცისტების, მწერლების, ინტელექტუალების პროეცირებას ამ საკითხზე ხანგრძლივი ტრადიცია აქვს, რომელიც დღემდე მოქმედებს. ეს ტრადიცია გულისხმობს არა მხოლოდ დღევანდელობით ან ისტორიული მასალით ოპერირებას, არამედ მაგალითებისა და არგუმენტების გამოხმობას ფოლკლორიდან და ლიტერატურიდან. სწორედ ასეთი წიგნია ”ქება სიზარმაცისა”, რომელსაც ”ბიბლიოთეკაში” დავით პაიჭაძე წარმოგიდგენთ. წიგნის ავტორია მწერალი როსტომ ჩხეიძე.

”სწორედაც რომ როსტომ ჩხეიძეს უნდა მოსვლოდა თავში ეს იდეა! სწორედაც მას, ერთ-ერთ ყველაზე ბეჯითსა და ნაყოფიერ მწერალს, უნდა დაეწერა ”ქება სიზარმაცისა” - აღნიშნავს წიგნის რედაქტორი ლევან ბრეგაძე. მისი აზრით, ”ქება სიზარმაცისა” დაწერილია მეთოდით, რომელიც ”კვლავ ინტერესით მიგვაპყრობინებს მზერას არაერთგზის წაკითხული რომანის, პიესისა თუ პოემისადმი, მათი პერსონაჟებისადმი, რომლებსაც თითქოს ძალიან კარგად ვიცნობდით, ახლა კი, ორიგინალურად, არასტანდარტულად მოაზროვნე ლიტერატორის გარჯის მეოხებით, ისინი სულ სხვა, მოულოდნელი კუთხით წარმოდგნენ ჩვენს წინაშე.”

მართლაც, როსტომ ჩხეიძის წიგნში ქართველი მკითხველი იშვიათად შეხვდება მისთვის უცხო ლიტერატურულ მასალას. ამ მასალის დიდი ნაწილი სასკოლო ქრესტომათიიდან გეცნობათ, ასე რომ, არ გაგიჭირდებათ მიჰყვეთ მწერალს - რასაც ის ეყრდნობა წერის დროს, ის თქვენ იცით. აქ შეხვდებით კარგად ნაცნობ უამრავ ციტატასა თუ პარაფრაზს ლიტერატურიდან, ქართული კრიტიკული ტექსტებიდან. და ამ კარგად ნაცნობ სიტყვებში, ინტონაციებსა და ინტერპრეტაციებში უცაბედად ამოყვინთავს ავტორის, როსტომ ჩხეიძის, ორიგინალური აზრი, თვალსაზრისი. მაგრამ ჯერ ის ვთქვათ, რას ნიშნავს ”ქება სიზარმაცისა”, რა შინაარსი აქვს სიზარმაცეს მწერალთან?

[გიორგი ლობჟანიძის ხმა] ”ქება სიზარმაცისა, როგორც ეს ამ წიგნში წარმოგვიდგება, ალბათ, არის ყველა შემოქმედი ადამიანის განუხორციელებელი ოცნება. რაც შეეხება თვითონ მაგისტრალურ ხაზს, კუთხეს, საიდანაც სიზარმაცე არის განხილული, ეს ძალიან მისაღებია ჩემთვის, იმიტომ რომ რა სიზარმაცეზეა ლაპარაკი, შეიძლება იგრძნოს, თუ ზედმეტ თავის ქებაში არ ჩამეთვლება, მხოლოდ ჩემნაირმა კაცმა, რომელიც 24 საათს მუშაობს.”

ეს გიორგი ლობჟანიძეა, აღმოსავლეთმცოდნე, პოეტი და მთარგმნელი. სიზარმაცეზე ლაპარაკისას ის რუსთაველის ცნებას - მოცალეობას - ახსენებს. წლების წინ, მოცალეობის განმარტებისას, ქართველი პოეტი მიხეილ ქვლივიძე პუშკინის ერთ სტრიქონს დაესესხა, რომელშიც პოეტი საკუთარ თავზე ამბობს, რომ არის ”счастливой лени верный сын” - ბედნიერი სიზარმაცის ერთგული შვილი. როსტომ ჩხეიძის წიგნი გველაპარაკება სიზარმაცესა თუ მოცალეობაზე, ერთი შეხედვით, პასიურ, უმოქმედო, უკეთეს შემთხვევაში, მხოლოდ მჭვრეტელობითი ცხოვრების წესზე, რომელსაც ქართველი მწერლები და მკვლევრები ნაირგვარად - ზოგჯერ ურთიერსაპირისპიროდ -აფასებდნენ, თვით ერთსა და იმავე მასალაზე მსჯელობის დროსაც კი. მაგალითად, ფოლკლორული პერსონაჟი ნაცარქექია და მასთან დაკავშირებული მოტივები როსტომ ჩხეიძეს გამოწვლილვით აქვს განხილული. აკაკი წერეთელი, კოტე მაყაშვილი, კონსტანტინე გამსახურდია, გრიგოლ ფერაძე, პოლიკარპე კაკაბაძე, აკაკი ბაქრაძე, ზვიად გამსახურდია, გურამ ასათიანი, მამუკა წიკლაური, ზურაბ კიკნაძე, ჯემალ ქარჩხაძე - ამ ადამიანებს უფიქრიათ და უწერიათ ნაცარქექიას ფენომენზე. მათი ნააზრევი საინტერესოა, მაგრამ არანაკლებ საინტერესოა, როგორ გადმოსცემს ამას როსტომ ჩხეიძე, ფილოლოგიის დოქტორი, რომელმაც უთუოდ იცის, რანაირად იგება მეცნიერული მსჯელობა. როსტომ ჩხეიძე უაღრესად ზუსტი და კეთილსინდისიერია ციტირებისა და გარდათქმის დროს, მაგრამ ლოგიკური კავშირი, ხიდები განაზრებებსა და დასკვნებს შორის მაინც მკითხველმა უნდა აღმოაჩინოს. ავტორის წერა არ არის აღბეჭდილი მეცნიერული სიცხადით:

[ლობჟანიძის ხმა] ”ეს არ არის მეცნიერული ნაშრომი, ამ ცნების კლასიკური გაგებით, იმიტომ რომ ეს არის მაღალი დონის ესეისტიკა, რაც, მე ვფიქრობ, იგივე მეცნიერებაა. უბრალოდ, სხვადასხვა განზომილებაში მუშაობენ ავტორი, რომელიც მწყობრ მეცნიერულ ნაშრომს ქმნის და ავტორი, რომელიც წერს ლიტერატურულ-ფოლკლორულ ცდას. შესაბამისად, აქ სქოლიოებს ვერ შეხვდებით, სამაგიეროდ, ძალიან ბევრი რამ ახალია. ახალია, მაგალითად, პრობლემის ლიტერატურული ფორმით დასმის მცდელობა.”(სტილი დაცულია)

”ქება სიზარმაცისას” რედაქტორი ლევან ბრეგაძე აღნიშნავს, რომ ”ამ წიგნში როსტომ ჩხეიძე ფოლკლორისა და ლიტერატურის კარგად ცნობილი პერსონაჟებისა და პასაჟების ახლებური ინტერპრეტაციით სიბეჯითისა და სიზარმაცის ოპოზიციური წყვილის დეკონსტრუქციას ახდენს (დეკონსტრუქცია, საზოგადოდ, ლიტმცოდნეობის და სალიტერატურო კრიტიკის მეთოდია, მაგრამ ამ მიზანდასახულობით შესრულებული ნაშრომი ისეთივე გატაცებით გვაკითხებს თავს, როგორითაც წარმტაცი ფაბულის მქონე მხატვრული ტექსტი. ასე რომ, შეიძლება ითქვას: ყოველი დეკონსტრუქციული ანალიზი თავისთავად მხატვრულობისა და მეცნიერულობის ტრადიციული ოპოზიციის დეკონსტრუქციას, ანუ მხატვრულობასა და მეცნიერულობას შორის საზღვრის მოშლას, წარმოადგენს).

გიორგი ლობჟანიძის აზრით კი, როსტომ ჩხეიძის ნაწერი ამ წიგნში პოეზიისა და ესეისტიკის ზღვარზეა. აქ არის რიტმის თვალსაზრისით ძალიან საინტერესოდ მოწესრიგებული პასაჟები, რაც პოეზიის განწყობილებას ქმნის, ამბობს იგი. სიზარმაცის ქებაზე საუბრისას გიორგის მეც გავუზიარე ერთი დაკვირვება: როსტომ ჩხეიძე თხრობას ხშირად აჯერებს კლასიკოსთა ციტატებითა და თანდართული კომენტარებით. ეს ერთეულები თავისებური წანამძღვრებია საიმისოდ, რათა მკითხველი მიუახლოვდეს დასკვნას, მკაფიოდ გაცხადებულ თეზისს, რომელსაც აშკარად ამაგრებს მთელი მანამდელი მსჯელობა. მაგრამ ეს მოლოდინი არ მართლდება, ავტორი არაფერს არ ამტკიცებს, ის მოუხელთებელია, მისი აზრი გამკვეთრების ნაცვლად განიბნევა, ხოლო მთავარი მოტივი, როგორც თვითონ როსტომ ჩხეიძე აღნიშნავს, უფრო ბუნდოვანი ხდება... მე ვეკითხები გიორგი ლობჟანიძეს, როგორ ფიქრობს, ეს ავტორს ოსტატობის ნაკლებობით მოსდის თუ სრულიად შეგნებულად აკეთებს?

[ლობჟანიძის ხმა] ”არა, ოსტატობის ნაკლებობაზე როსტომის შემთხვევაში მე ვერ ვილაპარაკებ. ის ნამდვილად არ არის გამოუცდელი ავტორი. ეს განზრახ არის გაკეთებული და, მაგალითად, მე მიქმნის განცდას, რომელიც დროის მსვლელობასთან დაკავშირებით ყველა ადამიანს რჩება: თითქოს რაციონალურად ხარჯავ, თითქოს ცდილობ, ყველა წუთი გამოიყენო, მაგრამ მაინც ხელიდან გისხლტება”...

ზემოთ ნახსენები დეკონსტრუქციის ფუნქციაზე მსჯელობისას წიგნის რედაქტორი ლევან ბრეგაძე შეგვახსენებს ლიტერატურათმცოდნეობაში გაზიარებულ თვალსაზრისს, რომ სიახლის შემცველ ნებისმიერ ტექსტს, მას შემდეგ, რაც ის კლასიკად იქცევა, კულინარიულ (გასართობ) ლიტერატურად გადაქცევის საფრთხე ემუქრება. ეს საფრთხე უნდა დაიძლიოს კლასიკის ახლებური წაკითხვით, კლასიკურ ქმნილებებში ახალ-ახალი - მანამდე შეუმჩნეველი - სიღრმეების წარმოჩენით. დეკონსტრუქციაც კლასიკის ახლებური წაკითხვის ერთ-ერთი მეთოდია. აღმოსავლეთმცოდნე, პოეტი და მთარგმნელი გიორგი ლობჟანიძე ამბობს, რომ ბევრი რამ მოხმობილი ტექსტების ინტერპრეტაციაში მისთვის მიუღებელია. თუმცა ეს არ უშლის ხელს, აზრობრივ სიახლეთა გარდა, როსტომ ჩხეიძის წიგნში ილაპარაკოს სიამოვნებაზე, რომელიც ”ქება სიზარმაცისა”-ს შეუძლია მკითხველს მოჰგვაროს:

[ლობჟანიძის ხმა] ”სიამოვნებას მანიჭებს სტილური თავისებურება ამ წიგნისა, რომელიც, რაღაცნაირი შენაკადების სახით, მოიყოლებს სათქმელს. იწყება ერთი სათქმელით და მერე პლასტი პლასტში ისე გადადის, რომ ქმნის ფეიერვერკულ განწყობილებას.”

სიტყვამ მოიყოლა და გიორგი ლობჟანიძემ ახსენა კიდევ ერთი წიგნი, რომელიც სიზარმაცეს ეხება. ეს წიგნი დაახლოებით მაშინ დაიწერა, როცა როსტომ ჩხეიძის წიგნი, ოღონდ საფრანგეთში, და მას ჰქვია ”გამარჯობა, სიზარმაცე”. სათაური ფრანსუაზა საგანის ცნობილი რომანის პაროდიაა, ხოლო შინაარსი გახლავთ პაროდია წიგნებისა, რომლებიც, ასე ვთქვათ, გასწავლიან, როგორ მიაღწიო წარმატებას. მისი ავტორი ქალია, კორინ მეიე, და სრულიად სერიოზულად წერს არა მოჩვენებით სიზარმაცეზე, ქმედებისწინა მედიტაციას რომ ნიღბავს, არამედ ნამდვილი სიზარმაცის შესახებ, რომელსაც, ავტორი გისაბუთებთ და გირჩევთ, თავი მისცეთ სამუშაო ადგილზე. როგორც ხვდებით, ეს უკვე სულ სხვა ოპერიდან გახლავთ.
XS
SM
MD
LG