Accessibility links

logo-print

ერაყში ქართველი ჯარისკაცები ყველაზე სახიფათო უბანს იცავენ და უშიშრად მოქმედებენ


ამერიკელი სენატორების ვიზიტის დროს საქართველოში

ხშირად უსვამდნენ ხაზს ერაყში ქართული სამხედრო კონტინგენტის ყოფნას. ნიშანდობლივია, რომ ამ ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე, 20 აგვისტოს, ერაყში - ქალაქ ბაქუბაში - მყოფი საქართველოს შეიარაღებული ძალების კოჯრის სპეცდანიშნულების ბრიგადის რამდენიმე სამხედრო მოსამსახურე კოალიციის სარდლობამ პრესტიჟული სამკერდე ნიშნებით დააჯილდოვა. მაგრამ საქართველოში ძალიან მწირია ინფორმაცია იმ ყოველდღიურ ურთულეს საფრთხეებზე, რის წინაშეც უხდებათ ყოფნა ქართველ ჯარისკაცებს. ჩვენი დღევანდელი ყოველკვირეული სამხედრო პროგრამა “ჯარისკაცი და სახელმწიფო” მცირედით შეავსებს ამ საინფორმაციო ვაკუუმს. ქართული ბატალიონის შტაბის უფროსმა მაიორმა ზაზა მუშკუდიანმა, რომელსაც ერაყის ქალაქ ბაქუბაში დავურეკე, საუბრის დასაწყისშივე ის სამხედრო ოპერაცია გაიხსენა, რომელში მონაწილეობისთვისაც ქართველი ჯარისკაცები დააჯილდოეს ერაყში:

[ზაზა მუშკუდიანი] “27 ივლისს იყო თავდასხმა. იქ (ბაქუბაში) ჩვენ ხიდს ვიცავთ. საერთოდ, ორ ხიდს ვიცავთ, მაგრამ ეს ახლოს არის, დაიალას ხიდს ეძახიან. იქ იყო ჩვენი ერთ-ერთი ქვედანაყოფი, რომელიც ასრულებდა საბრძოლო დავალებას. პოსტი ჰქონდათ მოწყობილი. ამ ხიდს ვიცავთ ჩვენ, რათა ტერორისტებმა არ ააფეთქონ. ეს იყო კომბინირებული თავდასხმა, ხელყუმბარებით და ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღით.”(სტილი დაცულია)

[კობა ლიკლიკაძე] “ზაზა, დაგასწრებთ და აქვე ვიტყვი, რომ ყველანი გადარჩნენ, ოღონდ მცირე ჭრილობები მიიღეს. ახლა როგორ არიან?”

[ზაზა მუშკუდიანი] “დიახ, დიახ. გადარჩენით, ღვთის წყალობით, ყველა გადარჩა. პატარ-პატარა ჭრილობები მიიღეს ხელყუმბარის ნამსხვრევებისგან... ახლა ძნელი წარმოსადგენია (რადიომსმენელებისთვის), თუ როგორ არის განლაგება ხიდზე. თვითონ ხიდის ირგვლივ არის სულ ტყე და ეს ხიდი შემაღლებულ ადგილზე, ფაქტობრივად, სამიზნეა. და თანაც დიდია ადგილობრივი მოსახლეობის და ტრანსპორტის მოძრაობა. ასე რომ, თან მათი შემოწმება ხდება და თან ხიდის დაცვა. ერთი სიტყვით, რთულია. ძალიან დიდი ყურადღებაა საჭირო. და მოხდა ხელყუმბარის აფეთქება. ჯერ სროლა იყო ტყის მხრიდან, - ხომ გითხარით, ირგვლივ ტყეებია, პალმის ჭალებია დიდი, ძალიან გაუვალი, და შიგნით თვალით თითქმის ვერაფერს დაინახავ, - თან იყო სროლა და თან ხელყუმბარების გამოყენება. აი, მოკლედ, სულ ეს იყო. “(სტილი დაცულია)

[კობა ლიკლიკაძე] “თავისი საომარი ხასიათის სიმწვავითა და სირთულით, თავად ბაქუბა რომელ კატეგორიას მიეკუთვნება? თუკი ასეთი დაყოფა, რა თქმა უნდა, პირობითი არ არის და შეიძლება.”

[ზაზა მუშკუდიანი] “ ბაქუბა ითვლება ერთ-ერთ რთულ კომფლიქტურ რეგიონად ერაყში. ეს წითელი ზონაა და აქ არის დაიალას პროვინცია, რომელიც ერთ-ერთ ძლიერ დასაყრდენ პუნქტად ითვლება ტერორისტებისათვის. აქ მოკლეს ალ ზარქავი, ჩვენგან ერთ 10-15 კილომეტრში. ალბათ, იცით, რომ ოპერაცია ჩატარდა ცოტა ხნის წინ (ივნისის დასაწყისში).”(სტილი დაცულია)

[კობა ლიკლიკაძე] “ზაზა, ერაყში მყოფ კაცს ჰკითხო, თუ რომელი იყო ყველაზე რთული საბრძოლო ეპიზოდი და საბრძოლო ამოცანა, ალბათ, ძალიან დილეტანტურია, მაგრამ მაინც, იმ ხნის განმავლობაში, რაც თქვენ მანდ იმყოფებით, რომელი იყო ყველაზე “ცხელი წერტილი” ?

[ზაზა მუშკუდიანი] “ცხელი, ალბათ, უფრო ეს ხიდია. ძალიან რთულ ადგილზეა, რთულ რეგიონში, სადაც ცხოვრობენ როგორც შიიტები, ისე სუნიტები. ფაქტობრივად, ხიდი ყოფს ამ ხალხს და მდინარე. ძალიან ჭრელი დასახლებაა: ცალ მხარეზე შიიტები, მეორეზე სუნიტები. იცით, ახლა, რელიგიურად რომ ესენი ცოტა განსხვავებულნი არიან, კონფლიქტი აქვთ ერთმაენთში, რაც მუდმივად მაგ ხიდზე ხდება. თან ეს ხიდი სტრატეგიულია მოკავშირე კოალიციური ძალებისათვის და ამიტომ ყველას უნდა, რომ ააფეთქოს. ერთი ორჯერ-სამჯერ იყო მცდელობები ჩვენამდე და ყველაზე ცხელი წერტილი, ფაქტობრივად, მანდ არის. გზებზეც არის ხოლმე რაღაც საშიშროება, იქაც არის ხოლმე პატარ-პატარა აფეთქებები და სროლა, მაგრამ ეს ისეთი, სამუშაო მომენტია ჩვენთვის.”/იცინის/

[კობა ლიკლიკაძე] “ზაზა, როგორია ქართველი ჯარისკაცების - ჩვენი მშვიდობისდამცველების - უქმე დღეები ერაყში, თუკი ამისთვის საერთოდ იცლით?”

[ზაზა მუშკუდიანი] “დიახ, ქართველები აქ ყოველთვის მყარად იდგნენ და თავიანთი იმიჯი აქვთ შექმნილი და თავიანთი სახელი და ვცხოვრობთ ჩვენც სხვასავით და ვასრულებთ სამსახურს. ასე რომ, არც არავის ჩვენთან პრეტენზია არა აქვს. პირიქით, აქ ამერიკელები ერიდებიან მაგ ხიდზე დადგომას. იმ ხიდზე სულ ქართველები იდგნენ – ერთზეც და მეორეზეც. მეორე ხიდი არის ტიგროსზე. და, რა ვიცი, ჩვენ ნორმალურად - საბრძოლო სულისკვეთებით, რომ იტყვიან, -ვასრულებთ მოვალეობას. ჯარისკაცებიც მოტივაციით არიან. უბრალოდ, დიდი სიცხეები გვაწუხებს, თორემ სხვა აქ არანაირი პრობლემა არ არის.”(სტილი დაცულია)

[კობა ლიკლიკაძე] ”რამდენი ხანია, რაც ერაყში ხართ და როდის ბრუნდებით უკან?”

[ზაზა მუშკუდიანი] “ხუთ მაისს წამოვედით ჩვენ საქართველოდან და, სავარაუდოდ, ექვსი თვის თავზე - ალბათ, ნოემბრის ექვსში -საქართველოში ჩავალთ.”

[კობა ლიკლიკაძე] “ზაზა, თქვენზე საქართველოში ბევრს ლაპარაკობენ. აი, დღესაც სენატორი ლუგარი იყო საქართველოში (თუ ადევნებდით თვალს მაქედან). საჩხერეში ბაზა გაიხსნა, სადაც თქვენი თანამებრძოლებიც არიან. იქ თქვენი მისამართით ბევრი რამ ითქვა. ძალიან გაფასებენ, თქვენგან ბევრს ელიან და ეს იყო მიზეზი, რის გამოც დაგირეკეთ.”

[ზაზა მუშკუდიანის ხმა] “დიახ, ახლა საქმე რაშია იცით? - ჩვენ ვიცით პოლიტიკური ასპექტი, თუ რისთვის ვართ აქ. ვიცით, რომ საქართველოს გულისთვის ვართ აქ, ჩვენი მომავლისთვის და ტერიტორიული მთლიანობისთვის. და ჩვენ აქ ჩვენი ძალებით, ალბათ, კოალიციას ბევრს ვერაფრით შევეშველებით (ეს დიდი მექანიზმია, რომელიც აქ მოქმედებს), მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ვიცით, რასაც ვაკეთებთ და მაგ მოტივაციით ვართ, რომ ეს წაადგება საქართველოს, წაადგება ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, წაადგება ხვალინდელ ჩვენს ნაბიჯს, ნატოში გაწევრიანებისკენ მიმართულს, და ასე შემდეგ. მოკლედ, ეს ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს, ოფიცრებს და ჯარისკაცებს, აქაც და ბაღდადშიც. იცით, რომ იქ ჩვენი მეორე ბატალიონი იმყოფება. ალბათ, ასე იქნება შემდეგი ბატალიონიც რომელიც ჩამოვა.”(სტილი დაცულია)
XS
SM
MD
LG