Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოფი ანანი ახლო აღმოსავლეთის ტურნეს იწყებს


გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი დღეს ლიბანის დედაქალაქში ჩავიდა, სადაც მოლაპარაკების მთავარი თემა გაეროს სამშვიდობო ძალების გაძლიერებაა.

თუმცა, დღის წესრიგში შეტანილია ისრაელის მხრიდან ლიბანის წინააღმდეგ შემოღებული საჰაერო და საზღვაო ბლოკადის გაუქმებისა და სირია-ლიბანის საზღვრის კონტროლის საკითხი, რაც მოკონფლიქტე მხარეებს შორის აზრთა მკვეთრ სხვადასხვაობას იწვევს.

მას შემდეგ, რაც 25 აგვისტოს საფრანგეთი ლიბანში მოქმედი გაეროს სამშვიდობო ძალების ხერხემლად გამოცხადდა, გაეროში აშკარად განელდა დისკუსია მანდატის შინაარსისა და სამშვიდობო ჯარის ხელმძღვანელობის შესახებ. ახლა ამ ორგანიზაციის გენერალურ მდივანს კოფი ანანს მოუწევს, სამშვიდობო ძალის საკითხში ლიბანის ყველა მოქმედი პოლიტიკური ძალის თანხმობასაც მიაღწიოს.

[კოფი ანანის ხმა] “მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, რომ მე პირადად ჩამოვედი აქ, რათა ლიბანის ხელისუფლებასთან ერთად განვიხილოთ ომის შემდგომი მდგომარეობა და ზომები, რაც ჩვენ გაეროს რეზოლუციის განსახორციელებლად გვჭირდება.”

"ჰისბოლაჰის" ლიდერმა ჰასან ნასრალამ განაცხადა, რომ მისი მებრძოლები წინ არ აღუდგებიან სამშვიდობო ძალების განთავსებას. ნასრალას თქმით, იგი მოელის საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერას, რათა ისრაელთან ტყვეების გაცვლა მოხერხდეს.

[ჰასან ნასრალას ხმა] “რამდენიმე კონტაქტი გაიმართა, რამდენიმე კონტაქტი ეხლა ხორციელდება. იტალია, როგორც ჩანს, ცდილობს ჩაებას ამ პრობლემაში. მე ვფიქრობ, რომ გაერთიანებული ერები არის დაინტერესებული და მოლაპარაკება შეიძლება წარიმართოს პარლამენტის სპიკერის მეშვეობით. რაც შეხება კოფი ანანს, მე ვერ ვხედავ პრობლემას, რომ იგიც იყოს ჩაბმული ამ საკითხში, მაგრამ ამ დროისათვის მთავარი საფიქრალი არის უსაფრთხოების მდგომარეობა.”

რამდენიმე ხნის წინ გაეროს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ შედეგის მისაღწევად, მხარეებს “მტკივნეული კომპრომისების” გაკეთება მოუწევთ. თუმცა, ეს არც ისე იოლია. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც ლიბანის მთავრობას აწუხებს, არის ლიბანის საზღვაო და საჰაერო პორტების ბლოკადა. ისრაელი მანამ არ აპირებს ბლოკადის მოხსნას, სანამ გაეროს სამშვიდობო ძალები არ დაიცავენ, საზღვარს სირიასთან საიდანაც "ჰისბოლაჰს" იარაღითა და საბრძოლო მასალით ამარაგებენ.

არადა, დამასკი ეწინააღმდეგება საზღვარზე მრავალეროვნული კონტინგენტის განთავსებას. შესაბამისად, კომპრომისის მისაღწევად, კოფი ანანი აპირებს, სამხრეთი ლიბანის გარდა, ეწვიოს პალესტინასაც, ისრაელსაც და დამასკსაც. ხოლო შაბათს, 2 სექტემბერს, გაეროს გენერალური მდივანი ჩავა ირანში, რომელიც "ჰისბოლაჰის" მთავრი მხარდამჭერია. იქ კოფი ანანს ლიბანის გარდა, სხვა საჭირბოროტო საკითხებზეც მოუწევს საუბარი. 31 აგვისტოს იწურება გაეროს უშიშროების საბჭის მიერ თეირანისთვის მიცემული ვადა, შეწყვიტოს ურანის გამდიდრების სამუშაოები. მაგრამ დღეს ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ თეირანი არ აპირებს, უარი თქვას უფლებაზე, განაგრძოს მუშაობა მშვიდობიან ბირთვულ ტექნოლოგიებზე.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG