Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ს ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს


დღეს ამოიწურა 2 დღიანი ვადა, რომლის განმავლობაშიც ნიკა ტაბატაძის, ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის ძველი დირექტორის, თანამდებობაზე დარჩენის საკითხი უნდა გარკვეულიყო.

ასეთი პირობა დადეს ტელეკომპანიის დამფუძნებლებმა საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტების წინაშე, რომლებმაც 26 აგვისტოს პროტესტის ნიშნად და ნიკა ტაბატაძის მხარდასაჭერად საინფორმაციო გამოშვებების მომზადება შეწყვიტეს. თანამშრომელთა პროტესტის მიუხედავად, ”რუსთავი 2”-ის მართვას დღეიდან სარეკლამო სააგენტო ”სარკის” მენეჯერი კობა დავარაშვილი შეუდგა.

26 აგვისტოს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის საინფორმაციო სამსახურმა ”კურიერის” მაუწყებლობა იმ პირობით აღადგინა, რომ არხის დამფუძნებლები ნიკა ტაბატაძის საკითხზე მოლაპარაკებას გამართავდნენ. ფრაგმენტი 26 აგვისტოს 6 საათის “კურიერიდან”:

[კურიერი] ”პოსტიდან გაათავისუფლეს გენერალური დირექტორი ნიკა ტაბატაძე, რასაც საინფორმაციო სამსახურის მუშაობის შეჩერება მოჰყვა. ამ დროისთვის მოლაპარაკება მიმდინარეობს და ამის გამო ”კურიერი” ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. პოსტზე რჩებიან ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი და საინფორმაციო სამსახურის უფროსი.”

ამ გადაცემიდან ორი დღის შემდეგ, რადიო “თავისუფლება” ნიკა ტაბატაძეს დაუკავშირდა იმის გასარკვევად, გადაწყდა თუ არა “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის პოსტზე მისი დარჩენის საკითხი.

[ნიკა ტაბატაძის ხმა] ”არხის დირექტორის საკითხი გადაწყვეტილი იყო უკვე და გადაწყდა და დამთავრებულია ყველაფერი. - ესე იგი ახალი დირექტორი დაინიშნა? - ახალი დირექტორი, კი...”

ნიკა ტაბატაძემ უფრო მეტზე საუბრისგან თავი შეიკავა და განაცხადა, რომ დღეს ის უკვე სამსახურში აღარ წასულა. აქვე შეგახსენებთ, რომ ”რუსთავი 2”-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში თავდაცვის მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილის მეგობარი, წლების მანძილზე ბიზნესპარტნიორი და, ბოლოს, თანამოაზრეა. ნიშნავს თუ არა ეს, რომ ნიკა ტაბატაძის სამსახურიდან გათავისუფლება “რუსთავი 2”-ზე პოლიტიკური ზეწოლის შედეგია, ამის კომენტირება მედიის საკითხების ექსპერტს ზვიად ქორიძეს ვთხოვე.

[ზვიად ქორიძის ხმა] ”ამ ბოლო 2 წლის მანძილზე, რაც ტაბატაძე მიბრუნდა “რუსთავი 2”-ში, მან ძალიან ფრთხილად და კარგად შეძლო სახელისუფლებო ჯგუფების ინტერესების დაბალანსება არხზე, რომელიც ეკუთვნის ერთ-ერთ სახელისუფლებო ჯგუფს. ალბათ, ეს გახდა მიუღებელი ამ ჯგუფისთვის, იმიტომ რომ უკვე აღარ არის საჭირო ბალანსის შენარჩუნება, აი, ამ არხზე, რაც თავისთავად მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის.”

ზვიად ქორიძის აზრით, ნიკა ტაბატაძე გაცილებით უკეთ შეძლებდა საზოგადოებრივი მაუწყებლობის გაძღოლას, ვიდრე ეს ამჟამად ხდება.

რაც შეეხება “რუსთავი 2”-ის საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტებს, რომლებმაც ორიოდე დღის წინ კომპანიის დირექტორის პოსტიდან ნიკა ტაბატაძის გადაყენება მაუწყებლობის შეწყვეტით გააპროტესტეს, ისინი ჯერჯერობით ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას. საინფორმაციო სამსახურის უფროსის თამუნა რუხაძის კომენტარი:

[თამუნა რუხაძის ხმა] ” ‘კურიერი’ გადის ეთერში, ‘კურიერი’ ხვალაც გავა ეთერში და ეს შემიძლია დაზუსტებით გითხრათ, ასევე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ახალი გენერალური დირექტორი არის სამსახურში და თანამშრომლების ნაწილი უკვე გაიცნო.”

როგორც ცნობილია, “რუსთავი 2”-ის ახალი დირექტორი სარეკლამო სააგენტო ”სარკის” მენეჯერი კობა დავარაშვილი გახდა. მისი კომპანიის მიერაა დამზადებული ქართული ტელერეკლამების დიდი უმრავლესობა.”სარკის” პროდუქციაში კი განსაკუთრებით ჭარბობს სახელმწიფო შეკვეთებით, ბიუჯეტის თანხებით გადაღებული ხელისუფლების სხვადასხვა ღონისძიებების, პიარ კამპანიების, სარეკლამო თუ სოციალური ხასიათის კლიპები.
XS
SM
MD
LG