Accessibility links

პრეზიდენტმა ადგილობრივი არჩევნები დანიშნა - ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტისკენ იხრება


კვირას, 27 აგვისტოს, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარესთან კონსულტაციის შემდეგ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების

თარიღი გამოაცხადა. პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები საკრებულოების წევრებს 2006 წლის 5 ოქტომბერს აირჩევენ. ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ არჩევნები მაქსიმალურად გამჭვირვალე და დემოკრატიულ ატმოსფეროში ჩატარდება, თუმცა პრეზიდენტის გადაწყვეტილება ოპოზიციური პარტიების ლიდერებს დიამეტრულად განსხვავებული დასკვნის საფუძველს აძლევს. რატომ ტარდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბერში და არა დეკემბერში, როგორც ეს აქამდე იყო გამოცხადებული? მოასწრებენ თუ არა პოლიტიკური პარტიები რეგისტრაციის გავლასა და საუბნო კომისიების დაკომპლექტებას?
2002 წლის ივნისში არჩეულ თვითმმართველობის ორგანოებს ვადა ორი თვის წინ გაუვიდა, თუმცა, ამის მიუხედავად, პრეზიდენტმა არ იჩქარა და არჩევნების თარიღი მხოლოდ აგვისტოს მიწურულს გამოაცხადა. საკითხავია - რატომ? მიხეილ სააკაშვილისა და თბილისის მერის, გიგი უგულავას, ორითვისწინანდელი კომენტარები:
[მიხეილ სააკაშვილის ხმა] „არჩევნები უნდა დანიშნოს პრეზიდენტმა. ნუ ნერვიულობენ, მე კიდევ დიდხანს არ ვაპირებ არჩევნების დანიშვნას. იმდენია ქალაქში საკეთებელი, რომ ცოტა ხანი მოცდა მოუწევთ.“
[გიგი უგულავას ხმა] „არჩევნები არის მეორე მოსვლასავით. არავინ იცის, როდის არის.“
თუმცა მოგვიანებით, ოპოზციის დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა არჩევნების ჩატარების უფრო ზუსტი თარიღი დაასახელა. გიორგი არველაძის განცხადების თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარე წლის დეკემბერში უნდა გამართულიყო, თუმცა პრეზიდენტის მიერ 27 აგვისტოს გამოცემულმა განკარგულებამ პოლიტიკურ პარტიებს სულ სხვა ორიენტირი განუსაზღვრა. კონსერვატიული პარტიის ლიდერი და საქართველოს პარლამენტის წევრი კობა დავითაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციურ პარტიებს ცაიტნოტის პირობებში მოუწევთ მოქმედება:
[კობა დავითაშვილის ხმა] „მე არ მახსოვს ასეთი უზნეობა. არ მახსენდება არც საქართველოს ისტორიაში და არც რომელიმე სხვა ქვეყნის ისტორიაში. ეს არის მშიშარა ხელისუფლების გადაწყვეტილება, მათ ეშინიათ არჩევნების წაგების და ამიტომ წავიდნენ არნახულ მზაკვრობაზე.“
საქმე ის არის, რომ, კანონის თანახმად, პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებსაც უკანასკნელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღიათ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განცხადება არჩევნებამდე 38 დღით ადრე, ანუ 28 აგვისტოს 18 საათამდე უნდა შეიტანონ. არასამთავრობო ორგანიზაციის „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორის თამარ ჟვანიას თქმით, პოლიტიკურ პარტიებს ასევე გაუჭირდებათ შეზღუდულ ვადაში, არჩევნებამდე 36 დღით ადრე, 3 ათასამდე საუბნო კომისიაში საკუთარი წარმომადგენლის დანიშვნა:
[თამარ ჟვანიას ხმა] „მე ვთვლი, რომ ეს იყო ყველაზე მიუღებელი. არ შეიძლება არჩევნების თარიღი გამოცხადებული იყოს არჩევნებამდე 40 დღით ადრე, იმიტომ რომ, უბრალოდ, საარჩევნო პროცედურები და ღონისძიებები ან ვერ მოესწრება, ან ცაიტნოტში გაკეთდება. თუნდაც ავიღოთ ამომრჩეველთა სიები, რომლებზეც ახლაც მუშაობენ.“
თუმცა ცესკოს თავმჯდომერე გურამ ჩალაგაშვილი დარწმუნებულია, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია კანონით გათვალისწინებულ ყველა პროცედურას დაიცავს და სამართლიანი არჩევნების ჩატარების წინაპირობასაც შექმნის:
[გურამ ჩალაგაშვილის ხმა] „ყველაფერი იქნება ისე, როგორც კანონით არის გაწერილი.“
გურამ ჩალაგაშვილის თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისია გაამარტივებს საუბნო კომისიების დაკომპლექტების წესს და პოლიტიკურ პარტიებს საშუალება ექნებათ საარჩევნო უბნებზე საკუთარი წარმომადგენლები იმ ეგრეთ წოდებული „სპეციალური ჯგუფებიდან“ მიავლინონ, რომლებიც საარჩევნო სიების დაზუსტებაზე უკვე მუშაობენ. ცესკოს თავმჯდომარის ამ განცხადებას სატყუარას უწოდებს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი, რომელიც კვლავაც არჩევნების ბოიკოტირების მომხრეა, თუმცა მის ამ პოზიციას არ იზიარებენ რესპუბლიკური და კონსერვატიული პარტიის ლიდერები. კობა დავითაშვილის კომენტარი:
[კობა დავითაშვილის ხმა] „მთელი ეს მზაკვრობა გათვლილია იმაზე, რომ გვიბიძგონ არჩევნებიში არმოანაწილეობისაკენ, რაც, ჩვენი აზრით, დაუშვებელია. ჩვენ უნდა მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა და დავამარცხოთ ეს ხელისუფლება.“
არჩევნების თარიღის გამოცხადებას, ბუნებრვია, გამოეხმაურა მმართველი პარტიაც, რომლის გენერალური მდივანი დავით კირკიტაძე დარწმუნებულია, რომ არჩევნები მაქსიმალურად გამჭვირვალე და დემოკრატიულ ატმოსფეროში ჩატარდება, რისთვისაც ხელისუფლება დიდი რაოდენობით უცხოელი დამკვირვებლის მოწვევას აპირებს. შეგახსენებთ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, 2006 წლის 5 ოქტომბერს გაიმართება.
XS
SM
MD
LG