Accessibility links

logo-print

გრიგალ “კატრინას” წლისთავზე დაზარალებული რაიონების მოსახლეობა უკმაყოფილოა მთავრობის მოქმედებით


29 აგვისტოს აღინიშნება “კატრინას” სახელით ცნობილი გრიგალის ერთი წლისთავი. ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყობთ, რომ ამერიკის ისტორიაში ამ ყველაზე მძლავრი ქარიშხლის მიერ

მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება ჭიანურდება, აღდგენითი სამუშაოები ძალიან ნელა მიდის. ამას კი პრეზიდენტ ბუშის და მისი რესპუბლიკური პარტიისთვის მომავალ არჩევნებში პოლიტიკური შედეგები შეიძლება მოჰყვეს.

[ხალხის ხმა] “დახმარება გვჭირდება, დახმარება გვჭირდება”.

ეს სასოწარკვეთილი ახალორლეანელების ხმაა, ასე გაჰყვიროდნენ ისინი შარშან სექტემბერში მას მერე, რაც ქალაქს “კატრინამ” გადაუარა.

ახლა, ერთი წლისთავზე, მექსიკის ყურის რეგიონს პრეზიდენტი ბუში ესტუმრა. მან მასას მიმართა მისისიპის შტატში და რიგითი მოქალაქეები შეაქო აღდგენითი სამუშაოებისას გაწეული შრომისთვის. ბუშმა განაცხადა, რომ მისისიპის შტატი, რომელიც, ლუიზიანის მსგავსად, უშუალოდ ქარიშხლის ზონაში აღმოჩნდა, მომავალში კიდევ უფრო დამშვენდება.

[ჯორჯ ბუშის ხმა] “ჩემი აზრით, ეჭვგარეშეა, რომ მისისიპი აღორძინდება, როგორც ეს შტატის გუბერნატორმა ჰეილი ბარბურმა განაცხადა. შტატში ყველგან ნახავთ აღდგენისა და განახლების კვალს. შეუძლებელია, ვერ დაინახო იმედის ნიშანი. და თქვენ ეს, როგორც გჩვევიათ, შრომითა და სიმამაცით შეძელით. ყველაზე მძიმე საქმე წინ არის. დავასრულებთ მისისიპის ნაგვისგან გაწმენდას. უზრუნველვყოფთ, რომ ფედერალურმა სახსრებმა მიაღწიონ მათთან, ვისაც საკუთარი საცხოვრებლის აღდგენა სჭირდება. და უზრუნველვყოფთ ასევე, რომ სკოლები და ბიბლიოთეკები უწინდელზე უკეთ აშენდეს.”

"კატრინა" იყო მეხუთე კატეგორიის გრიგალი, რომელმაც 1500 ადამიანი შეიწირა. ასეულათასობით ადამიანმა დატოვა სახლ-კარი. ლუიზიანისა და მისისიპის შტატებში ზარალი 80 მილიარდ დოლარს აღწევს. ხალხი დახმარებას ყველა საშუალებით მოითხოვდა. დაზარალებულები ხან ჟურნალისტების საშუალებით ცდილობდნენ მთავრობისთვის ხმის მიწვდენას; ხან - როცა მათ განადგურებულ საცხოვრებელს შვეულმფრენი გადაუფრენდა ხოლმე, პლაკატებს აღმართავდენენ წარწერით, გვიშველეთო. შებინდებულზე ხშირად ისმოდა სროლის ხმა, პანიკამოცულმა მოსახლეობამ სურსათის მაღაზიების ძარცვა დაიწყო. მოხუცთა სახლებიდან მომსახურე პერსონალის გაქცევას იქ მცხოვრებთა დაღუპვა მოჰყვა, ხალხი დაიწამლა დაბინძურებული წყლით. მდინარეებად ქცეულ ქუჩებში გვამები ეყარა.

ახლა, ერთი წლის თავზე, ამერიკელთა 56 პროცენტი მიიჩნევს, რომ ფედერალურმა მთავრობამ საკმარისი არ გააკეთა “კატრინას” მსხვერპლთა დასახმარებლად. მოსახლეობა ამისთვის პასუხისმგებლად მიიჩნევს პრეზიდენტ ბუშს, რომელსაც ახლახან, მოულოდნელად სტუმარი იეწვია. ლუიზიანელი როკი ვაკარელა “კატრინას” გადაურჩა, ის ვაშინგტონში ჩავიდა და პრეზიდენტთან შეხვედრა მოითხოვა. ჯორჯ ბუშმა ამ შეხვედრის შემდეგ თქვა, ის ჩემთან იმის შესატყობინებლად ჩამოვიდა, თუ როგორ იტანჯება იქ ხალხიო. მე ვუთხარი, მესმის, ხალხს დახმარება სჭირდება-მეთქი და აღვუთქვი, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავეხმარებოდით. მაგრამ ბუშის დაპირებისა ხალხს აღარ სჯერა. მოუსმინეთ ახალორლეანელ მაიკ ჩეინის, რომელიც თავის იმედგაცრუებას ასე გამოხატავს.

[მაიკ ჩეინის ხმა] “მოგვეცით ფული დანაკარგის ასანაზღაურებლად, მხოლოდ ამას მოვითხოვთ. ნუ აიღებთ ვინაობის დასადასტურებლად თითის ანაბეჭდებს, ნუ შეგვავსებინებთ ფინანსური დახმარების მოთხოვნის ბლანკებს. ხომ ხედავთ ჩვენს ზარალს, ხომ ხედავთ, რა დღეშია ჩვენი ქონება, მიმოიხედეთ ჩვენს გარშემო. ხალხს ნაგავი სახლიდან ახლაღა გააქვს, იმიტომ, რომ სადაზღვევო კომპანიები მათთან არ მისულან. ამიტომ ხალხი იძულებულია, ფული საკუთარი ჯიბიდან, საკუთარი დანაზოგიდან გადაიხადოს და ასე შეეცადოს ზარალის ანაზღაურებას.”

“კატრინას” წლისთავზე ბუშის ადმინისტრაცია კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა დემოკრატიული პარტიის მხრიდან. ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ “ოქსფამმა” გაავრცელა ანგარიში, რომლის თანახმად, ფულადი დახმარება ერთობ არათანაბრად განაწილდა: მეტი მიიღეს თეთრკანიანმა და შეძლებულმა ამერიკელებმა, ვიდრე ღარიბებმა და შავკანიანებმა. ასევე ფიქრობს ბრუკინგსის ინსტიტუტისა და ფერადკანიანთა განვითარების სახელმწიფო ასოციაციის თანამშრომელი ეიმი ლიუ, რომლის თქმით, კატასტროფის რეგიონში ბინების ფასები მკვეთრად გაიზარდა, ქირამ 39 პროცენტით მოიმატა, გაიზარდა კომუნალური გადასახადებიც.

[ეიმი ლიუს ხმა] “ქალაქსა და რეგიონში დიდ აუცილებლობას წარმოადგენს ბინები იაფი ქირით. კომპენსაცია უმეტესად მიიღეს ბინების მფლობელებმა, გამქირავებლებმა, მაგრამ ჩვენთვის ცნობილია, რომ ახალ ორლეანში დაზარალებულთა უმეტესობა დამქირავებელი იყო. საჭიროა, რომ აღდგეს ბინები, რომ გაიზარდოს მათი რიცხვი, რომ ისინი ხელმისაწვდომი გახდეს.”

ეიმი ლიუს თქმით, ქალაქში ინფრასტრუქტურა უნდა აღდგეს.

[ეიმი ლიუს ხმა] “უნდა აღდგეს და ამოქმედდეს ძველი ინფრასტრუქტურა. მძიმეა, როცა ოჯახები უკან ბრუნდებიან და ქალაქში ჯერ კიდევ არ გახსნილა სკოლები, არ გახსნილა საავადმყოფოები, ცუდად მუშაობს წყალსადენის სიტემა, ელექტროდენის მიწოდება ხშირად წყდება”.

ვირჯინიის უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ცენტრის დირექტორი ლარი საბატო აცხადებს, რომ “კატრინამ” ბუშისთვის ყველაფერი შეცვალა.

[ლარი საბატოს ხმა] “პრეზიდენტი ბუში თამამი, ეფექტიანად მოქმედი, კომპეტენტური ლიდერიდან გადაიქცა პოლიტიკოსად, რომელსაც არაფერი გაუკეთებია, სწორი ნაბიჯი არ გადაუდგამს და არაფერი ენაღვლება. ახლა, ეს, შეიძლება არასწორი, მაგრამ მაინც მისი იმიჯია, რომელიც მას არა მხოლოდ ლუიზიანასა და მისისიპიში შეექმნა, არამედ მთელ ამერიკაში”.

საბატოს თქმით, ხშირად ხდება, რომ ამერიკელები ყურადღებას ერთ მოვლენაზე ამახვილებენ. ასეა “კატრინას” შემთხვევაშიც, როცა ბუშის ყველა ნაბიჯი საზოგადოების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. პრეზიდენტის ძველი დამსახურება აღარავის აინტერესებდა, ამისთვის მას აღარავინ უმადლოდა და მისი ავტორიტეტიც გამოუსწორებლად დაეცაო, ამბობს საბატო.

“კატრინას” შემდეგ, ბუშის ადმინისტრაციის წარმომადგენლები არაერთხელ ესტუმრნენ რეგიონს, რათა ეჩვენებინათ, რომ მათ ხალხი არ ავიწყდებათ. ლარი საბატოს აზრით, ხალხის თვალში ადმინისტრაციას კარგა ხნით გაუტყდა სახელი, და ახლა, წლისთავთან დაკავშირებით წარმოთქმული სიტყვები ვეღარაფერს შეცვლის, მით უმეტეს, რომ ბუში უკვე ექვსი წელიწადია, მართავს ქვეყანას. ახლა, საბატოს თქმით, ამერიკელები იცნობენ ბუშს, იციან, როგორ მართავენ ქვეყანას რესპუბლიკელები და ნოემბრის არჩევნებზე, ექსპერტის ვარაუდით, პრეზიდენტს და მის პარტიას ხალხი ხმას აღარ მისცემს.

[ლარი საბატოს ხმა] “გარდაუვალია, რომ ეს დემოკრატების წელი იქნება. მაგრამ ერთი შეკითხვა რჩება პასუხგაუცემელი: “რამდენად დემოკრატიული იქნება ის”. დემოკრატები მთავრობაში საკვანძო თანამდებობებს დაიკავებენ, ასევე მოიპოვებენ ადგილებს წარმომადგენელთა პალატაში, ასევე სენატში. მაგრამ შეძლებენ კი ისინი იმდენი ადგილის დაკავებას, რომ გააკონტროლონ სენატი და პალატა? კი ეს შესაძლებელია; ეს მეტადაა შესაძლებელი წარმომადგენელთა პალატაში, მაგრამ სენატში, ეს უფრო თეორიული შანსია”.

დღეს ჯორჯ ბუში, როგორც ითქვა, მექსიკის ყურეს სტუმრობდა. იქ ჩასვლისას ის ოპტიმისტურად ლაპარაკობდა და ხალხს სიბეჯითისთვის აქებდა. ორიოდე დღის წინ ჩვენმა რესპონდენტმა ლარი საბატომ პრეზიდენტს ურჩია, რომ ამჯერად მაინც ყოფილიყო გულწრფელი და, რაგინდ ძნელიც უნდა ყოფილიყო, ეთქვა, რომ მან და მისმა მთავრობამ შარშან, სექტემბერში, საქმეს ხეირიანად ვერ გაართვეს თავი. ცხადია, შეიძლება საუბარი პროგრესზე, მაგრამ ეს პროგრესი, ექსპერტის შეფასებით, ისეთი ვერ არის, როგორსაც პრეზიდენტი წინასწარმეტყველებდა. ეს სტრატეგია სარისკოა, დემოკრატებს პრეზიდენტის საწინააღმდეგოდ შეუძლიათ ამის გამოყენება, მაგრამ არჩევნებამდე ერთ-ორი თვით ადრე, როცა მისი რეიტინგი ასე დაბალია, ბუშს არაფერი აქვს დასაკარგიო, დაასკვნის ვირჯინიელი პოლიტოლოგი ლარი საბატო.
XS
SM
MD
LG