Accessibility links

logo-print

''იზვესტია'': ბორის ბერეზოვსკი გააკვირვა გიგა ბოკერიას განცხადებამ


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ამერიკელი სენატორების გახშირებული ვიზიტები საქართველოში რუსეთის მედიას ყურადღების გარეშე არ დაუტოვებია.

დღევანდელი ინტერნეტგამოცემა ”გრანი” სენატორ ჯონ მაკკეინის ცხინვალში ჩასვლის უშედეგობაზე წერს და მოჰყავს სენატორის სიტყვები: სამწუხაროდ, პასუხი ვერ მივიღეთ კითხვაზე, რა უშლის ხელს კონფლიქტის მოგვარების ქართული გეგმის რეალიზებასო. მაღალჩინოსან ამერიკელთა კერძო ვიზიტების გარდა, რუსეთის პრესა ინტერესით ადევნებს თვალყურს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების ირგვლივ მოვლენების განვითარებას. გაგაცნობთ რუსული პრესის რამდენიმე პუბლიკაციას.

”სააკაშვილი ცაიტნოტშია,” - წერს ინტერნეტგამოცემა ”პოლიტიკა”, რომელიც მკითხველს აცნობს საქართველოს ოპოზიციური პარტიების რეაქციას ადგილობრივი არჩევნების თარიღის გამოცხადებაზე. გამოცემის ცნობით, ოპოზიცია კიდევ ერთხელ წამოეგო ხელისუფლების დაპირებას, არჩევნების დეკემბერში გამართვის თაობაზე. დღეს კი, მას შემდეგ, რაც არჩევნების თარიღად 5 ოქტომბერი გამოცხადდა, ოპოზიცია მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა: სურვილის შემთხვევაშიც კი, პარტიათა უმრავლესობა არჩევნებისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადებას და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარდგენას ვერ ასწრებს. ქართული კანონდებლობის გათვალისწინებით, როცა გამარჯვებული ყველა ადგილს იღებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში, ”პოლიტიკის” აზრით, კიდევ უფრო დამაჯერებლად გამოიყურება რადიკალური ოპოზიციის მოსაზრება არჩევნების ბოიკოტირების შესახებ.

რუსეთის მიერ ძებნილი ოლიგარქი ბორის ბერეზოვსკი გაკვირვებულია საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბოკერიას, განცხადებით, თითქოს რუსი ოლიგარქი საქართველოს ოპოზიციის სპონსორობას გეგმავდეს, - წერს 28 აგვისტოს გაზეთი ”იზვესტია”, რომელიც ინგლისში მყოფ ბერეზოვსკის დაუკავშირდა. ძებნილი ოლიგარქი შენიშნავს: ”საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებასთან არავითარი შეხება არა მაქვს. წარმოდგენა არა მაქვს, რატომ ავრცელებს ასეთ ცნობებს ბოკერია. არც იმის შესახებ მსმენია რამე, რომ სააკაშვილი ჩემ წინააღმდეგ რამეს გეგმავს. ”იზვესტიას” შენიშვნით, სატელეფონო საუბრისას შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ბერეზოვსკი სააკაშვილის ხელისუფლებით იმედგაცრუებული სულაც არ არის. ”როგორც ნებისმიერი ქვეყანა, რომელმაც განვითარების ახალი გზა აირჩია, საქართველოსაც აქვს გარკვეული პრობლემები, მაგრამ, მთლიანობაში, სააკაშვილის პოლიტიკის ვექტორი სწორია,” - განუცხადა ბორის ბერეზოვსკიმ გაზეთ ”იზვესტიას”.

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის პრობლემებს ეხება ვრცელ ინტერვიუში საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი კონსტანტინე კემულარია - ინტერვიუს 26 აგვისტოს გაზეთი ”ვრემია ნოვოსტეი” აქვეყნებს. კონსტანტინე კემულარიას განმარტებით, საქართველოში არ არსებობს რუსოფობია. პრობლემები მხოლოდ პოლიტიკაშია. უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადებით, რუსეთში მრავლად არიან პოლიტიკოსები, რომლებსაც საქართველოში ხელისუფლების შეცვლა სურთ. ერთ-ერთ ასეთ მცდელობად ის კოდორის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს ასახელებს: ”ზოგიერთებს სურდათ, იქ მეორე ფრონტი გაეხსნათ. ამ აქციით საქართველოს ხელისუფლების შეცვლა იყო ჩაფიქრებული, მაგრამ შეთქმულება ჩაიშალა. ჩვენ წესრიგი 48 საათში აღვადგინეთ, - ამბობს კონსტანტინე კემულარია და აცხადებს, რომ საქართველოში არ არსებობს ხელისუფლების სათავეში პრორუსულად განწყობილი პოლიტიკოსის მოსვლის პირობები. შესაბამისად, ყველა სხვა მცდელობაც წარუმატებლობისთვის არის განწირული. დასკვნა კი ასე ჟღერს: სისაძაგლეების მოწყობას მეგობრობა სჯობს.
XS
SM
MD
LG