Accessibility links

logo-print

რამ აღაფრთოვანა ამერიკელი სენატორები საქართველოში და როგორ აღიქმება მათი უაღრესად დადებითი შეფასებები?


აგვისტოში საქართველოს ზედიზედ ეწვია ამერიკელ სენატორთა ორი დელეგაცია - ჯერ რიჩარდ ლუგარის, შემდეგ კი ჯონ მაკკეინის მეთაურობით.

თბილისში ჯერ ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ რიჩარდ ლუგარმა თქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს ქართველი ხალხის პოზიციას რუსეთის სამშვიდობო ძალების სხვა ძალებით შეცვლასთან დაკავშირებით, შემდეგ - ჯონ მაკკეინმა, რესპუბლიკელმა სენატორმა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი შეერთებული შტატების პრეზიდენტობას უწინასწარმეტყველებს. სენატორების დელეგაციამ, ჯონ მაკკეინის მეთაურობით, საქართველოში ვიზიტის შემაჯამებელი პრესკონფერენცია 28 აგვისტოს გამართა. პრესკონფერენციაზე არ გამოთქმულა არც ერთი შენიშვნა. სენატორებმა უაღრესად დადებითად შეაფასეს საქართველოს რეალობა. რამ აღაფრთოვანა ამერიკელი სენატორები და როგორ აღიქმება მათი შეფასებები ოპოზიციურ წრეებში?

[ჯონ მაკკეინის ხმა] ”ამ შესანიშნავ ქვეყანაში არაჩვეულებრივი ვიზიტი გვქონდა. უკანასკნელი რამდენიმე წლის მანძილზე ჩვენ ვიხილეთ მართლაც უზარმაზარი წინსვლა. მოხარულები ვართ, რომ საქართველოს მოქალაქეებს შეექმნათ შესაძლებლობა უკეთესი ცხოვრებით იცხოვრონ. ვიცით, რომ რჩება პრობლემები, რომლებიც მოგვარებას საჭიროებს, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთი პრობლემა, ასევე საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ბაზების ყოფნა.”

ვიზიტი, რომლის განმავლობაში მიღებულ შთაბეჭდილებებზე ჯონ მაკკეინი და სხვა სენატორები 28 აგვიტოს ”თბილისი-მერიოტში” გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრობდნენ, 29 აგვისტოს დასრულდა. ექსპერტების შეფასებით, ეს იყო უაღრესად მნიშვნელოვანი ვიზიტი, საქართველოსადმი ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური მხარდაჭერის გამომხატველი ვიზიტი, პირველ რიგში, საქართველო-რუსეთის ურთიერთობასა და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის საკითხებთან მიმართებაში. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ვიზიტის ფარგლებში გაკეთებულ განცხადებებს შორის იყო მორიგი დადასტურება იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს ქართველი ხალხის პოზიციას რუსეთის სამშვიდობო ძალების სხვა ჭეშმარიტი სამშვიდობო მისიის შემსრულებელი ძალებით ჩანაცვლებასთან დაკავშირებით. აღნიშნულის თაობაზე განცხადება სწორედ ჯონ მაკკეინმა გააკეთა. მნიშვნელოვანი იყო სენატორ გრეჰემის განცხადება, რომ ამერიკის შეერთებული შტატები იქნება ქართველი ხალხის გვერდით საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე:

[სენატორ გრეჰემის ხმა] ”ქართველი ხალხი იმსახურებს იმას, რომ მათი ქვეყანა ნატოს წევრი იყოს. ჩემი აზრით, საქართველოს გაწევრიანება ნატოში გააძლიერებდა ნატოს, როგორც ალიანსს და მსოფლიოს გახდიდა უფრო უსაფრთხოს. როგორც პრეზიდენტმა ბუშმა აღნიშნა საქართველოში სტუმრობის დროს, ამერიკის შეერთებული შტატები იქნება ქართველ ხალხთან, რადგან ის თავისუფლების გზით მიდის.”

იყო სხვა განცხადებებიც. სენატორმა ჯონ სუნუნუმ დღევანდელ საქართველოს უწოდა შუქურა არა მხოლოდ ამერიკელებისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. “ის სასიკეთო ცვლილებები, რაც აქ ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ მოხდა, არის ნიშანი იმისა, რომ ადამიანებს, თუკი ისინი მოინდომებენ, შეუძლიათ სერიოზული ცვლილებების მოხდენა,” - თქვა მან. სენატორებმა აღნიშნეს, რომ ხიბლავთ ის ცვლილებები, რომელიც ხორციელდება საქართველოს სასამართლო სისტემაში, პოლიციაში, საგადასახადო სისტემაში, განათლების სფეროში და, რაც მთავარია, ხიბლავთ ქართველი ხალხის სწრაფვა თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების აღმშენებლობისკენ. რა იყო ეს - გულწრფელი აღფრთოვანება საქართველოს რეალობით თუ ამ რეალობის შესახებ ცალმხრივი ინფორმაციის მიღების შედეგი? ამ შეკითხვაზე თავისი პასუხი აქვს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს:

[დავით უსუფაშვილის ხმა ] ”ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაცია მსოფლიოს უფრო საკუთარი ინტერესების გადმოსახედიდან აფასებს, ვიდრე იმ ღირებულებების გადმოსახედიდან, რომელთაც ტრადიციულად ეფუძნებოდა ამერიკის საზოგადოება და, მეორე, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია დაარწმუნა იმაში, რომ ის და მისი ხელისუფლება არის ის მაქსიმუმი, რაც მსოფლიომ შეიძლება საქართველოში მიიღოს.” (სტილი დაცულია)

”ამუშავდა ფორმულა: ამ მაქსიმუმის შენარჩუნება სჯობს უარესის მიღებას,” - ამბობს უსუფაშვილი, რომელიც მის მიერ ნახსენები ფორმულით ხსნის იმასაც, რომ ბოლო დროს ამერიკელი სენატორები საქართველოში ჩამოსვლისას არ იჩენენ პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის ინიციატივას.

რით იყო განპირობებული ჯონ მაკკეინის და სხვა სენატორთა უაღრესად დადებითი შეფასებები? ამ შეკითხვით ფონდ ”ღია საზოგადოება - საქართველოს” აღმასრულებელ დირექტორს დავით დარჩიაშვილსაც მივმართეთ. ის შორს არის აზრისგან, თითქოს შეერთებული შტატების ადმინისტრაციას ცალმხრივი წარმოდგენა ჰქონდეს საქართველოს რეალობაზე და ფიქრობს, რომ ამერიკელი სენატორები თავიანთ შეფასებებში დემოკრატიული სახელმწიფოს აღმშენებლობის სირთულეს ითვალისწინებენ:

[დავით დარჩიაშვილის ხმა] ”როგორც ლუგარს, ისე მაკკეინს მშვენივრად ესმით, რომ დემოკრატიის მშენელობა არის უწყვეტი პროცესი და მათი განცხადებები არის წახალისება, რათა დემოკრატიული მშენებლობის პროცესი მიდიოდეს სწორი გზით და ასეც უნდა იქნეს გაგებული.” (სტილი დაცულია)

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG