Accessibility links

logo-print

რა დახმარებას დაჰპირდა მთავრობა ქართველ მეღვინეებს რთვლის დაწყების წინ


ორიოდე კვირაში საქართველოში, კერძოდ კი, კახეთის რეგიონში რთველი იწყება. წელს დაახლოებით 85 ათასი ტონა ყურძნის მოსავალს ვარაუდობენ.

რა ბედი ელის ამ მოსავალს, როდესაც ქართული ღვინის გასაღების უმთავრესი ბაზარი, რუსეთის ფედერაცია, კვლავ ჩაკეტილი რჩება? საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ, მიუხედავად ამისა, რთველი მაინც კარგად ჩაივლის და გლეხების ნამუშევარი დაუფასებელი არ დარჩება. რა აძლევს მთავრობას ასეთი განცხადების საფუძველს და რის გაკეთებას აპირებს ის რთვლის უდანაკარგოდ ჩატარებისათვის?

29 აგვისტოს, კახეთში ორდღიანი მოგზაურობის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრას, რომელიც დახურულ კარს მიღმა სასტუმრო “შერეტონ მეტეხი პალასში” გაიმართა, პრემიერ მინისტრთან ერთად სოფლის მეურნეობის მინისტრი და 50-ზე მეტი მეღვინე ესწრებოდა. კონსულტაციების დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, რუსეთმა საქართველოს მეღვინეობისა და მევენახეობის სექტორს ომი გამოუცხადა და ჩვენც ისე ვიმოქმედებთ, როგორც საბრძოლო პირობებს შეესაბამებაო:

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] ”მთელი მოსავალი აუცილებლად იქნება დაბინავებული, მთავრობა იქნება სრულებით მობილიზებული, აი, ამ ამოცანის შესასრულებლად. ჩვეულებრივ პირობებში შეიძლება ეს არც გაგვეკეთებინა, მაგრამ რადგან გამოგვიცხადეს ამ სექტორს ომი, ჩვენც ვიმოქმედებთ ისე, როგორც საბრძოლო მოქმედებებს შეეფერება.” (სტილი დაცულია)

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რუსეთს განზრახული ჰქონდა ქართული ღვინის აკრძალვით საქართველოსთვის მაკროეკონომიკური ზიანი მიეყენებინა, ისე, როგორც ეს მოხდა მოლდავეთში. ახლა რუსეთი ელოდება საქართველოში რთვლის ჩავარდნას და ამ ნიადაგზე სოციალურ უკმაყოფილებას, რასაც არ დავუშვებთო, დასძინა ნოღაიდელმა.

[ლევან კობერიძის ხმა] ”იმდენად, რამდენადაც რუსეთის ბაზარი უმეტესი კომპანიებისთვის იყო ძირითადი რესურსი რეალიზაციის, გამომდინარე აქედან, რთველზე მოთხოვნა რადიკალურად არის შემცირებული.” (სტილი დაცულია)

ეს არის ლევან კობერიძე, ქართული ღვინის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე. საინტერესოა, რის გაკეთებას აპირებს მთავრობა კობერიძის მიერ აღწერილი საბაზრო კონიუნქტურის პირობებში. სავარაუდოდ, 85 ათასი ტონა ყურძნის მოსავლიდან ქართველი ღვინის მწარმოებლები მხოლოდ 30 ათასი ტონის შესყიდვას შეძლებენ. მით უმეტეს, ზურაბ ნოღაიდელის სიტყვების მიხედვით, მთავრობა რთვლის სუბსიდირებას არ მოახდენს. სოფლის მეურნეობის მინისტრის მიხეილ სვიმონიშვილის კომენტარი:

[მიხეილ სვიმონიშვილის ხმა] ”25 ათასი ტონა წავა საკონიაკე სპირტის დასამზადებლად. გარდა ამისა, 20-25 ათასი ტონა წავა კონცენტრატების დასამზადებლად. ამას კერძო სექტორი შეისყიდის. სახელმწიფო არ ერევა ფასებში, არ ერევა შესყიდვებში. იმ კომპანიებს, ვინც გამოხატა საბრენდე სპირტის დამზადების სურვილი, სახელმწიფო დაეხმარება ბანკებთან მისვლაში.” (სტილი დაცულია)

სვიმონიშვილმა ისიც დასძინა, ეს სულაც არ გულისხმობს კრედიტების სახელმწიფო გარანტიით გაცემას და დახმარება მხოლოდ კონსულტაციებში გამოიხატებაო. ამ დახმარების შედეგები სულ მალე, ორიოდე კვირის შემდეგ, გამოჩნდება - მაშინ, როდესაც რთველი ჩვეულებრივზე ოდნავ ადრე დაიწყება და წვენების, კონცენტრატებისა თუ სპირტის მწარმოებლებს ქართველ მეღვინეებზე თითქმის ორჯერ მეტი ყურძნის შესყიდვა მოუწევთ.
XS
SM
MD
LG