Accessibility links

logo-print

30 აგვისტო უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღეა


30 აგვისტოს, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღეს, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ და უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა

მოძიების საქველმოქმედო ფონდმა „მოლოდინმა“ დიღმის ძმათა სასაფლაოზე მემორიალური ობელისკი, „გმირთა სავანე“, გახსნეს. უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე საქართველოში პირველად აღინიშნა ორი წლის წინ, 2004 წელს, როცა ძმათა სასაფლაოს ტერიტორიაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაკარგულ მეომართა სახელობის მუზეუმი გაიხსნა. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 1800-მდე ადამიანი, რომელთა შორის 800-მდე მებრძოლია, დანარჩენი კი - სამოქალაქო პირი.
უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძიებისა და მათი ოჯახების წევრთა უფლებების დასაცავად სახელმწიფო კომისია პრეზიდენტის #218-ე ბრძანებულების საფუძველზე ჯერ კიდევ 1996 წლის 18 მარტს შეიქმნა, თუმცა მოგვიანებით, 2005 წლის 20 დეკემბრიდან, კომისია საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა. ამ ხნის განმავლობაში კომისიამ აფხაზეთიდან 236 ადამიანის ცოცხლად გადმოყვანა და 165 მეომრის ცხედრის მოძიება და გადმოსვენება შეძლო, თუმცა გაცილებით მეტის - დაახლოებით, 1800 ადამიანის - ასავალ-დასავალი კვლავაც უცნობია.
[ქალბატონის ხმა] „ჩემი შვილი არ ვიცი სად არის, არც მიწა გამაჩნია და არც, აი, ასეთი ქვა, შვილო...“
თამარ დორეული, ძაძებით მოსილი ქალბატონი, აფხაზეთის ომში დაკარგულ შვილს დასტირის. ნუკრი დოლიაშვილი თანამებრძოლებმა უკანასკნელად გაგრის დაცემის დღეს ნახეს. მას შემდეგ 13 წელი გავიდა, მაგრამ, არაერთი მცდელობის მიუხედავად, ქალბატონმა თამარმა და მისმა მეუღლემ 29 წლის ვაჟიშვილის კვალს ვერაფრით მიაგნეს.
[თამარ დორეულის ხმა] „იმ დროს, როცა გაგრა დაეცა, დავდიოდით და ყველგან ვკითხულობდით, მაგრამ მისმა თანამებრძოლმა მხოლოდ ეს გვითხრა, რომ უკან დახევა ვურჩიეო, მაგრამ უარი მითხრა, ბიჭებს ვერ მივატოვებო. არ წაჰყვა, მეგობრები არ მიატოვა განსაცდელის ჟამს და არ გამოიქცა უკან.“
თამარ დორეულის გასაჭირის შესახებ ინფორმირებულია ვლადიმერ დობორჯგინიძე, თავადაც უგზო-უკვლოდ დაკარგული მებრძოლის მშობელი და წლების განმავლობაში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძიების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე, რომლის თქმითაც, მცირე შეფერხების შემდეგ, კომისიის წევრები კვლავ აპირებენ აფხაზეთში ჩასვლას. თუმცა ვლადიმერ დობორჯგინიძეს დაკარგულთა ცოცხლად გამოყვანის იმედი უკვე აღარა აქვს:
[ვლადიმერ დობორჯგინიძის ხმა] „ცოცხლად გამოყვანის შემთხვევები ადრე იყო, 1993-94 წლებში, როცა არავინ არაფერი იცოდა და 14-მდე კაცი გამოვიყვანეთ, - მათ შორის: ალუდაური, გერლიანი, ტურაშვილი, წკრიალაშვილი და სხვები, - მაგრამ მას მერე 13-14 წლის წინ დაკარგული ადამიანი რომ ცოცხლად გამოგვეყვანოს, არ ყოფილა. საუბედუროდ, ახლა ჩვენ მხოლოდ მათ საფლავებს ვეძებთ.“
„მებრძოლთა საფლავების მოძიება და მათი ხსოვნის უკვდავყოფა არა მარტო ცალკეული სამინისტროების, არამედ მთელი სახელმწიფოს პრიორიტეტია,“ - აღნიშნა რადიო “თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა, რომლის თქმითაც, ქართველი მეომრების მოძიებისა და თბილისში გადმოსვენების ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება:
[თამარ მახარაშვილის ხმა] „ეს ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ქვეყანას, რომელსაც ავიწყდება თავისი გმირები, ის ქვეყანა ქვეყნად ვერ შედგება. მე მინდა ვუთხრა ყველა მშობელს, რომ ისინი არიან გმირი დედები და საქართველო ყოველთვის იამაყებს მათი შვილებით. სახელმწიფომ პრიორიტეტად უნდა გაიხადოს ამ კონტინგენტზე ზრუნვა.“
უდავოდ ამგვარი ზრუნვის გამოვლინებაა ის მემორიალური ობელისკი, რომელიც 30 აგვისტოს დიღმის ძმათა სასაფლაოს ტერიტორიაზე გაიხსნა, თუმცა, როგორც ჩანს, უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მშობლები და ოჯახის წევრები ხელისუფლებისგან სულ სხვა სახის ზრუნვასა და მხარდაჭერას ელიან:
[თამარ დორეულის ხმა] „ერთადერთი სათხოვარი გვაქვს, რომ მოგვატყუონ მშობლები, „რკინის მედალი“ მოგვცენ და სამკუთხა ბარათი მოგვივიდეს, რომ გვითხრან, თქვენმა შვილმა გმირულად შესწირა თავი სამშობლოსო, სხვა არაფერი გვინდა, ეს დაგვამშვიდებს.“
დაბოლოს: ქართველი დედების მსგავსად, უგზო-უკვლოდ დაკარგულ ჯარისკაცებსა და სამოქალაქო პირებს ენგურსგაღმა მცხოვრები აფხაზი დედებიც ელიან. ოფიციალური ინფორმაციით, უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში აფხაზურ მხარესთან თანამშრომლობის შედეგად, კომისიის წევრებმა სოხუმში 87 ტყვე დააბრუნეს და 49 ცხედარი გადაასვენეს.
XS
SM
MD
LG