Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანანმა ვერ დაითანხმა ისრაელი შეწყვიტოს ლიბანის ბლოკადა


გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა, რომელიც ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ტურნეს განაგრძობს, ვერ შეძლო დაეთანხმებინა ისრაელი, შეწვიტოს ლიბანის საჰაერო და

საზღვაო ბლოკადა. კოფი ანანი უფრო ადრე პალესტინას და ბეირუთს ესტუმრა. გაეროს გენერალური მდივნის ვიზიტი იგეგმება აგრეთვე იორდანიაში, სირიასა და ირანში. ანანის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ლიბანის სამხრეთში გაეროს სამშვიდობო ძალების კვოტა უახლოეს ხანებში მრავალეროვნული ძალებით შეივსოს.


სამშვიდობო კონტინგენტის კვოტის შევსების გარდა, გაეროს გენერალური მდივანი ცდილობს, ახლო აღმოსავლეთის ყველა ქვეყანა დაითანხმოს ხელი შეუწყოს სამშვიდობო მისიას. კოფი ანანმა დღეს გაიმეორა, რომ ცეცხლის შეწყვეტა მყარი არ იქნება, სანამ გაეროს 1701-ე რეზოლუციის მოთხოვნებს ყველა ჯგუფი სრულად არ განახორციელებს:

[ანანის ხმა]“გაეროს უშიშროების საბჭოს 1701-ე რეზოლუცია ეს ფიქსირებული მენიუა. ეს არ არის ბუფეტი, სადაც თქვენ რაღაცას ირჩევთ. ჩვენ ვალდებული ვართ იგი სრულად განვახორციელოთ.”

კოფი ანანის მცდელობის მიუხედავად, ვერ მოხერხდა ტყვეების საკითხში დაპირისპირების მოგვარება ისრაელსა და ჰისბოლაჰს შორის, რაც ერთი თვის წინ საომარ მოქმედებათა დაწყების საბაბი გახდა. ჰისბოლაჰი აცხადებს, რომ ტყვეები უნდა გაიცვალონ. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ეჰუდ ოლმეთმა კი დღეს გაიმეორა, რომ დატყვევებული ჯარისკაცები უპირობოდ უნდა გათავისუფლდნენ.
[ეჰუდ ოლმეთის ხმა]“იმისთვის, რომ გაეროს რეზოლუცია განხორციელდეს, აუცილებელია ორი გატაცებული ისრაელი ჯარისკაცის – ეხუდ გოლდვასერის და ელდად რეგევის - უპირობო გათავისუფლება. სანამ ამ მიზანს არ მივაღწევთ, მანამდე 1701-ე რეზოლუცია ვერ ჩაითვლება შესრულებულად.”

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა კი 29 აგვისტოს განაცხადა, რომ ისრაელის ჯარი სამხრეთ ლიბანს მას შემდეგ დატოვებს, რაც გაეროს მანდატით მოქმედი სამშვიდობო ძალების რაოდენობა ანგარიშგასაწევი იქნება. გაეროს მანდატით ლიბანში ამჟამად მხოლოდ 2000 სამხედრო მოსამსხურე იმყოფება. კოფი ანანი დარწმუნებულია, რომ უახლოეს ხანებში კონფლიქტის ზონაში კონტინგენტი 5 000-კაცამდე გაიზრდება. გაეროს გენერალური მდივანი ასევე იმედოვნებს, რომ ლიბანის გაეროს სამშვიდობო მისიის შევსებაში მონაწილეობას მუსლიმანური ქვეყნებიც მიიღებენ. დღეს მან მოუწოდა ისარელისა და ლიბანის მეზობლებს აქტიური მონაწილეობა მიიღონ გაეროს რეზოლუციის განხორციელებაში:

[ანანის ხმა]“მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოვუწოდო ყველა მეზობელს, რეალურად ითანამშრომლონ გაეროს რეზოლუციის განხორციელებაში. ეს არის რეზოლუცია, რომელსაც მხარი დაუჭირა ისრაელმა, მხარი დაუჭირა ლიბანის მთავრობამ და მხარი დაუჭირა თვით ჰისბოლაჰმა. და ჩვენ ყველას გვაქვს პასუხისმგებლობა ვიმუშაოთ და დავრწმუნდეთ, რომ იგი სრულად ხორციელდება. “

კოფი ანანი ისრაელისა და პალესტინის ტერიტორიიდან იორდანიაში, სირიასა და ირანში ჩასვლას გეგმავს. სირიაც და ირანიც ჰისბოლაჰის მთავარ მხარდამჭერებათ ითვლებიან. გარდა ამისა, გაეროს გენერალური მდივანი ირანში ბირთვული კრიზისის გარშემო მოლაპარაკებების გამართვას გეგმავს. ამ შეხვედრამ ბევრი რამე უნდა გაარკვიოს. 31 აგვისტოს იწურება გაეროს უშიშროების მიერ ირანისათვის მიცემული საბოლოო ვადა, როდესაც თეირანმა უნდა გასცეს პასუხი საერთაშორისო თანამეგობრობას – დათანხმდება შეთავაზებულ წინადადებათა პაკეტს თუ განაგრძობს ურანის გამდიდრების სამუშაოებს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG