Accessibility links

logo-print

გაერო გმობს ისრაელის მიერ ლიბანში კასეტური ბომბების გამოყენებას


გაეროს ჰუმანიტარული საკითხების კოორდინატორი იან ეგელანდი გმობს ისრაელის მიერ ლიბანში ჰიზბოლაჰის წინააღმდეგ ომის ბოლო დღეებში

კასეტური ბომბების გამოყენებას და "ამორალობას" უწოდებს მას. მისი თქმით, 100 ათასამდე აუფეთქებელი ბომბი საფრთხეს უქმნის სამხრეთ ლიბანში მცხოვრებ ათასობით სამოქალაქო პირს. ეს ამ საკითხში ისრაელის წინააღმდეგ გამოთქმული ერთ-ერთი ყველაზე მწვავე კრიტიკა გახლავთ.

ორი კვირა გავიდა მას მერე, რაც გაეროს ძალისხმევით ზავი იქნა მიღწეული სამხრეთ ლიბანში. მაგრამ იქაური მოსახლეობა ჯერაც საფრთხეში იმყოფება, ძირითადად ისრაელის ავიაციისა და არტილერიის მიერ ჩამოგდებული კასეტური ბომბების გამო.

კასეტური ბომბები ჰაერში ფეთქდება და ფართო ტერიტორიაზე ფანტავს პატარა ბომბებს.

გაეროს თანახმად, ათიათასობით ასეთი პატარა ბომბია მიმოფანტული ბაღებში, სახლებში, გზებზე და ისინი შეხებისთანავე ფეთქდება. ყოველდღე ხდება დაახლოებით 30 ახალი არეალის გამოვლენა, სადაც ბომბებია მიმოფანტული.

ამ ბომბების გამოყენების გამო ისრაელის მიმართ კრიტიკა ჯერ კიდევ ჰიზბოლაჰის წინააღმდეგ წარმოებული ომის პერიოდში გაისმოდა.

ადამიანის უფლებების დამცველმა ორგანიზაცია "ჰიუმენ რაიტს უოჩმა" განგაში ატეხა, რომ ეს ბომბები საფრთხეს უქმნის მშვიდობიან მოსახლეობას და გამოთქვა ეჭვი, რომ ისრაელი საერთაშორისო კანონებს არღვევს დასახლებულ რეგიონებში ამ იარაღის გამოყენებით.

გასულ კვირაში შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ იძიებს, რამდენად სწორად იყენებდა ისრაელი ამერიკაში წარმოებულ ბომბებს სამხრეთი ლიბანის კამპანიის დროს.

ყველაზე მწვავე კრიტიკა გაეროს მხრიდან გაისმა.
[ეგელანდის ხმა] "აღმაშფოთებელი და, მე ვიტყოდი, სრულიად ამორალურია ის, რომ კასეტური ბომბების 90 პროცენტი ჩამოგდებულ იქნა კონფლიქტის უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში. მაშინ, როცა ცნობილი იყო, რომ მოხდებოდა დარეგულირება, როცა დანამდვილებით ვიცოდით, რომ კონფლიქტი შეწყდებოდა."

ეს გახლდათ გაეროს ჰუმანიტარული საკითხების კოორდინატორი იან ეგელანდი. ხოლო გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა დღეს იორდანიაში ვიზიტისას თქვა, რომ ეს არის იარაღი, რომელიც კონფლიქტის დასრულებიდან დიდი ხნის შემდეგ "ჩუმად დევს მიწაში და იცდის, როდის დაასახიჩრებს და მოკლავს ადამიანებს."

თავად ომის მსლელობაში ისრაელმა განაცხადა, რომ ცდილობდა თავიდან აეცილებინა სამოქალაქო მსხვერპლი და რომ ის საერთაშორისო სამართლის ფარგლებში მოქმედებდა.

ეგელანდის გამოსვლას ისრაელის მხრიდან უმნიშვნელო რეაქცია მოჰყვა.

[შეიარაღებული ძალების წარმომადგელის ხმა] "ისრაელის შეიარაღებული ძალების მიერ გამოყენებული ყველა იარაღი და საბრძოლო მასალა დაშვებულია საერთაშორისო სამართლით და მათი გამოყენება საერთაშორისო სტანდარტებს შეესატყვისება," განაცხადა ისრაელის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა.

მაგრამ ადამიანის უფლებების დამცველთა თანახმად, კანონდარღვევაა არა ამ ტიპის იარაღის გამოყენება, არამედ ის, თუ როგორ გამოიყენება ის.

"ჰიუმენ რაიტს უოჩის" წარმომადგენლის, მარკო გარლასკოს თქმით, ისრაელმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა წარმოადგინოს დაბომბილი არეალების რუკები, რათა სწრაფად მოხდეს მათი გაუვნებელყოფა.

[გარლასკოს ხმა] "ეს იმპერატივია. როცა გასულ კვირაში ლიბანში ვიყავით, განმნაღმავმა ორგანიზაციებმა გვითხრეს, რომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რამაა რუკების ქონა. ვინაიდან ისინი უამრავ დროს ხარჯავენ დაბომბილი არეალების პოვნაში, დროს კარგავენ დანაღმული ტერიტორიების გაწმენდაში."

გაეროს თანახმად, ლიბანში 14 აგვისტოს კონფლიქტის დასრულების შემდეგ დღემდე 13 ადამიანი ემსხვერპლა კასეტურ ბომბებს და 50-ზე მეტი დაიჭრა. ექსპერტების აზრით, ამ ბომბების გაუვნებელყოფას დაახლოებით ერთი წელი დასჭირდება.
XS
SM
MD
LG