Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოფი ანანი: სირია ლიბანს მშვიდობის შენარჩუნებაში დაეხმარება


გაეროს გენერალური მდივანი, კოფი ანანი, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ტურნეს განაგრძობს. დღეს ის სირიაში ჩავიდა.

რა განცხადებები გაკეთდა გაეროს გენერალური მდივნის და სირიის პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ?

ბეირუთში, ისრაელში და იორდანიაში ჩასვლის შემდეგ, გაეროს გენერალური მდივანი, კოფი ანანი, სირიას ესტუმრა და პრეზიდენტ ბაშარ ასადთან მოლაპარაკება გამართა დამასკში.

შეხვედრის შემდეგ, ანანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ სირია გაეროს ლიბანში ზავის შენარჩუნებაში დაეხმარება.

კონკრეტულად, გაეროს ხელმძღვანელის თქმით, დამასკი სირია-ლიბანის საზღვარზე პარტულირებას გააძლიერებს, და ლიბანის ჯართან ერთად ერთობლივ პატრულირებას განახორციელებს იმისათვის, რომ ”სადაც შესაძლებელი იქნება”, "ჰისბოლაჰისთვის" განკუთვნილი იარაღის ქვეყანაში შეტანა აღკვეთოს. "ჰისბოლაჰი" სირიის მოკავშირეა.

[კოფი ანანის ხმა]: ”სირიის პრეზიდენტმა მაცნობა, რომ სირია უახლოეს მომავალში შემდეგ ზომებს მიიღებს: დამატებითი წვრთნების ჩატარებით, და აღჭურვილობის მიწოდებით გაზრდის და გააძლიერებს სასაზღვრო ძალებს; დაამყარებს კავშირს ლიბანის შეიარაღებულ ძალებთან, ლიბანის მესაზღვრეებთან, და იმ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებიც ლიბანელებს საზღვრების გამაგრების საქმეში ტექნიკურ დახმარებას აწვდიან”.

ეს განცხადება კოფი ანანმა დამასკის აეროპორტში, კატარში გაფრენამდე გააკეთა. შაბათს გაეროს გენერალური მდივანი თეირანში ჩავა.

ისრაელი სირიას ჰესბოლაჰის მებრძოლებისთვის შეიარაღების მიწოდებაში ადანაშაულებს. სირია ბრალდებას უარყოფს.

თუ სირია გაეროს გენერალური მდივნისთვის მიცემულ დაპირებებს შეასრულებს, ეს გაეროს 1701-ე რეზოლუციის განხორციელების პროცესში მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. ამ რეზოლუციით ისრაელსა და "ჰისბოლაჰს" შორის ბრძოლა შეჩერდა, და ლიბანში ზავი ამოქმედდა.

რეზოლუცია ლიბანის საზღვრების გამაგრების, და "ჰისბოლაჰის" მიმართ იარაღის საერთაშორისო ემბარგოს დაწესების მოთხოვნებს შეიცავს.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG