Accessibility links

logo-print

ყოველკვირეული რადიოჟურნალი


წამყვანი: მარიამ ჭიაურელი, პრაღა 659-ე გამოშვება


მარიამ ჭიაურელი:
ძვირფასო მსმენელებო , ახლა “მეათე სტუდიაში” გიწვევთ და ჩვენს ყოველკვირეულ რადიოჟურნალში ჯერ შევეცდებით გავერკვეთ, რა საფუძველი აქვს რწმუნებულისა და სამღვდელოების კონფლიქტს, გიამბობთ ეროვნული ბიბლიოთეკის მოედნიზაციაზე, გავისხენებთ ლეგენდარულ როკ-ოპერა “იესო ქრისტე სუპერსტარს”. შემდეგ აქ, პრაღაში მოგიწვევთ, ხალხური შემოქმედების ფესტივალზე და შევეხებით მზადებას, რომელიც წინ უსწრებს რუსეთში პოპის დედოფლის, მადონას პირველ კონცერტს. გადაცემას დღეს მარიამ ჭიაურელი უძღვება.

რა საფუძველი აქვს რწმუნებულისა და სამღვდელოების კონფლიქტს?

მარიამ ჭიაურელი:
საქართველოში ძალიან იშვიათია შემთხვევა, როცა სამღვდელო პირები ხელისუფლების წარმომადგენელთა წინააღმდეგ საჯარო განცხადებით გამოდიან. ასევე იშვიათად აკრიტიკებენ სახელმწიფო მოხელეები სასულიერო პირებს. იშვიათად კი არა, შეიძლება ითქვას, ეს პირველად მოხდა კვირის დასაწყისში, როცა სამეგრელოსა და ზემო სვანეთში პრეზიდენტის რწმუნებულმა ზაზა გოროზიამ ერთ-ერთ რეგიონულ გაზეთს განუცხადა, რომ ფოთისა და ხობის ეპარქიის ეპისკოპოსმა გრიგოლ ბერბიჭაშვილმა რწმუნებულს საკათედრო ტაძრის აღდგენისათვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის პირად ანგარიშზე ჩარიცხვა მოსთხოვა. ეპარქიის სამღვდელოებამ უპრეცედენტო ბრიფინგი გამართა. სასულიერო პირებმა გოროზიას ცილისმწამებელი უწოდეს და მრევლის წინაშე ბოდიშის მოხდა ურჩიეს. აღნიშნეს ისიც, რომ რწმუნებული ასეთი ქცევით მრევლში ხელისუფლების საწინააღმდეგო განწყობას აღვივებს. დავით პაიჭაძის სიუჟეტში ამ ამბის რამდენიმე კომენტარს მოისმენთ.

დავით პაიჭაძე:
ქართული სინამდვილისათვის ეს უჩვეულო ისტორია გაზეთმა “რეზონანსმა” მეორე დღესვე განმარტა, როგორც ”ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის კონფრონტაციის ღია რეჟიმში გადასვლა”. “რეზონანსი” არ ასახელებს წყაროს, რომელიც ამტკიცებს, რომ ხელისუფლება ცდილობს, აიძულოს კათალიკოს-პატრიარქი, გადადგეს. ხოლო პატრიარქის გადადგომის შემდეგ სურვილი აქვთ საპატრიარქოს, როგორც ინსტიტუტის, გაუქმებისა.

რამდენად თავსდება ასეთ კონტექსტში რეგიონის გუბერნატორისა და ერთი ეპარქიის სამღვდელოების უთანხმოება? ამ შეკითხვით მივმართე თეოლოგს, პროფესორ ნოდარ ლადარიას.

[ლადარიას ხმა] ”ჯერ ერთი, არ უნდა დაიჯერო ის, რომ არსებობს კონფლიქტი ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის. ასეთი კონფლიქტი საქართველოს უახლეს ისტორიაში არ არსებულა. დავუკვირდეთ: ყველა ამგვარი დაპირისპირების - მცირესი, გახმაურებულის, გაუხმაურებლის - უკან დგას ან ფული, ან უძრავი ქონება. აქაც რომ არ ყოფილიყო გადარიცხვებზე საუბარი, არანაირი კონფლიქტი არ წარმოიშვებოდა.”

ნოდარ ლადარია ამბობს, რომ ვერ იხსენებს იდეოლოგიურ დაძაბულობას ან უხერხულობას სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის. ხოლო ფოთის ეპარქიაში ფულს შევარდნაძის დროსაც იღებდნენ სახელმწიფოსგან და სამეგრელოსა და ზემო სვანეთში გიგი უგულავას რწმუნებულობის დროსაც. მე ვეკითხები ნოდარ ლადარიას, საქართველოს კანონმდებლობისა და იმ დაშვების გათვალისწინებით, რომ რწმუნებული ზაზა გოროზია მართალია, რამდენად ლეგიტიმურია ეკლესიის მიერ თანხის მოთხოვნა სახელმწიფოსაგან? ნოდარ ლადარია ამბობს, რომ ჯობს, ეს საერთოდ არ ხდებოდეს, რაც უკეთესი იქნებოდა ეკლესიისთვისაც და სახელმწიფოსთვისაც. მისი თქმით, ეკლესიის მატერიალური საზღვრები უპოვართა საკუთრებაა და არა სამღვდელოების. გარდა ამისა,

[ლადარიას ხმა] ”ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ეკლესია ვერ იქნება ჩვენს სახელმწიფოში მის საწინააღმდეგოდ მიმართული ძალა. ამის მაგალითად შეგვიძლია დავასახელოთ თუნდაც ემზარ კვიციანის მხარდაჭერა, ან, ასე ვთქვათ, პასიური მაგალითი, როცა ეკლესიამ სამძიმარი არ გამოუცხადა თურქეთში, ავტოავარიაში დაღუპულთა ოჯახებს და ა.შ., რასაც საერთოდ უნდა აკეთებდეს ეკლესია და აკეთებს კიდეც მართლმადიდებელი ეკლესია სხვადასხვა სახელმწიფოში, სადაც ის სახელომწიფოს ინტერესებს უჭერს მხარს.”(სტილი დაცულია)

ფოთის ეპარქიის სამღვდელოების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ლოცვით შეაგონებენ და მამობრივი ზრუნვით მიმართავენ რწმუნებულ გოროზიას, რათა მან ბოდიში მოიხადოს სასულიერო პირებისა და მრევლის წინაშე. როგორ შეიძლება გავიგოთ ან განიმარტოს საეკლესიო სამეტყველო ეტიკეტით მოწოდებული და საერო ხელისუფალისადმი მიმართული ეს შინაარსი? ნოდარ ლადარიას აზრით, თუ ამ სიტყვების განხილვას დავაპირებთ საკანონმდებლო ან სამართლებრივ ჭრილში,

[ლადარიას ხმა] ”მაშინ უნდა დავბრუნდეთ ბიზანტიის იმპერიაში, იქ ამას ჰქონდა გარკვეული აზრი. გამოდის, ჩვენთან, საქართველოში, არის განსაზღვრული ჯგუფი სამღვდელოებისა, რომელიც განიხილავს მის გარშემო არსებულ რეალობას, როგორც ბიზანტიური სახელმწიფო წყობილების რელიქტს. ანუ გამოდის, რომ ჩვენი ეკლესია ადეკვატურად ვერ აფასებს რეალობას.”

მეტყველების ამ მანერას, რომელსაც ადამიანის ღვთისკენ მოსაქცევად იყენებს ეკლესია, მიმართავს ფულის საშოვნელადაც, ამბობს ნოდარ ლადარია. ხოლო სამღვდელო პირთა მტკიცებას, რომ რწმუნებული გოროზია თავისი განცხადებით მრევლში ხელისუფლების საწინააღმდეგო განწყობას აღვივებს, პროფესორი ნოდარ ლადარია ტაქტიკურ სვლად მიიჩნევს, რომლის მიზანიც დისკუსიის პოლიტიკურ ჭრილში გადატანაა

[ლადარიას ხმა] ”იმისათვის, რომ აამოქმედონ საქართველოს ხელისუფლებაში ისეთი ელემენტები, როგორიცაა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ყოფილი გუნდი, ანუ ხათუნა გოგორიშვილი, მიხეილ მაჭავარიანი, ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ განიხილავენ სამღვდელოებას ერთგვარ მნიშვნელოვან ”კარტად” თავიანთ არსენალში.”

დაბოლოს, შეიძლება სამღვდელო პირთა განცხადება, რომელიც საბიუჯეტო თანხის განკარგვის საკითხმა გამოიწვია, ჩაითვალოს ეკლესიის მხრიდან სახელმწიფოს საქმეებში ჩარევის მცდელობად?

[ლადარიას ხმა] ”ეს, რა თქმა უნდა, ასეა, მაგრამ რისთვის? ეს ცდა იწყება და მთავრდება იქ, სადაც იწყება და მთავრდება ფული.”

არადა, პრეზიდენტის რწმუნებულს თუ ჩვენც ვერწმუნებით, ის ითხოვდა დეტალურ ინფორმაციას ამ ფულის შესახებ: რაში დაიხარჯება, რომელი კომპანია განახორციელებს სამუშაოებს. თუ ამას გაიგებს, ზაზა გოროზია მზად არის, ბოდიშიც მოიხადოს.

”საჯარო” ბიბლიოთეკის პრობლემები და პერსპექტივები

მარიამ ჭიაურელი:
საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკა, რომელსაც ძველი ინერციით უფრო ხშირად საჯარო ბიბლიოთეკად მოიხსენიებენ, ბოლო წლების მანძილზე ყველაზე მასშტაბური ცვლილებების მოლოდინშია. მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების მოსვლის შემდეგ გაზრდილ საბიუჯეტო თანხებსა და თანამშრომელთა საგრძნობლად გადიდებულ ხელფასებს ემატება ცნობილი ქართველი მეცენატის ყურადღებაც, რომლის წყალობითაც ორიოდ წელში ”საჯარო ბიბლიოთეკის” სრული მოდერნიზაცია და ევროპული სტანდარტების ბიბლიოთეკის შექმნაა დაგეგმილი. ამ ყველაფრის დასაზუსტებლად რადიო ”თავისუფლების” კორესპონდენტი ალექსანდრე ელისაშვილი რამდენიმე დღის წინ პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას ესტუმრა.

ალექსანდრე ელისაშვილი:
გუდიაშვილის ქუჩაზე მდებარე საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის სამივე კორპუსის შესასვლელთან ქუჩა მთლიანად გადათხრილია, იქვე აწყვია სავარაუდოდ თხრილებში ჩასაწყობი პლასტმასის მილები. ამ სურათმა დაგვარწმუნა, რომ სიმართლესთან ახლოს იყო მოარული ხმები ძალიან ცნობილი ქართველი ბიზნესმენისა და ქველმოქმედის საჯარო ბიბლიოთეკის რეკოსტრუქციით დაინტერესების შესახებ და თურმე არც შევმცდარვართ. ბიბლიოთეკაში შესულებს ჩვენი ვარაუდო და მოარული ხმები გენერალური დირექტორის მოადგილემ ლევან თაქთაქიშვილმა დაგვიდასტურა. მისი თქმით, ქართველი მეცენატი და მისი ინტერესების გამომხატველი ბიზნეს ჯგუფი ”ქართუ” ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობასთან ერთად სამივე კორპუსის სრული მოდერნიზაციის გეგმას ახორციელებენ:

[ლევან თაქთაქიშვილის ხმა] "შენობა არის ამორტიზირებული მთლიანად, გამოსაცვლელია კანალიზაციის სიტემა და გასამაგრებელი არის საძირკველი, გრუნტის წყლებს აქვს დაზიანებული საძირკველი სერიოზულად პირველ კორპუსში, გადახრილი არის კოშკი რამდენიმე სანტიმეტრით, ესეც გასამაგრებელი არის. სახურავია გამოსაცვლელი. ამავე დროს თითონ ბიბლიოთეკის შენობა არასოდეს ყოფილა ბიბლიოთეკისთვის აშენებული, ბანკისთვის იყო და დღეს საჭირო არის ამ შენობის მორგება ბიბლიოთეკისთვის, თანამედროვე ბიბლიოთკისთვის, რაც არც ისე ადვილი არის, როგორც ეს ბევრს ჰგონია."

საძირკვლისა და პირველი კორპუსის გადახრილი კოშკის გამაგრებას, მართალია, ბიბლიოთეკის მკითხველები ვერ შენიშნავენ, მაგრამ ”ქართუ” ჯგუფის მხარდაჭერის ერთ-ერთი მკაფიო შედეგს ზამთარში ალბათ ყველა იგრძნობს. ბოლო 10 წლის მანძილზე პირველად ზამთარში ეროვნული ბიბლიოთეკის შენობა და მათ შორის სამკითხველო დარბაზებიც გათბება. ამ მიზნით უკვე მიმდინარეობს რუსთაველის გამზირიდან გაზის მილების გამოყვანა. სულ, ბიბლიოთეკის მოდერნიზაცია ორ წელიწადში უნდა დასრულდეს. ლევან თაქთაქიშვილი იმედოვნებს, რომ საქართველოს მალე მაღალი დონის ცენტრალური ბიბლიოთეკა ექნება:

[ლევან თაქთაქიშვილის ხმა] "ძალიან ძნელია თქვა, რომ ჩვენი ბიბლიოთეკა კონგრესის ბიბლიოთეკის დონეზე იქნება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე ვიყავი კონგრესის ბიბლიოთკაში და რომ ჩამოვედი და ჩემს ბიბლიოთეკას შევხედე, ვთვლი, რომ ჩვენი ბიბლიოთკა რაღაცაში უფრო ლამაზია, ვიდრე კონგრესის ბიბლიოთკა, პირველი კორპუსი, მაგალითად."

”ქართუ” ჯგუფის თანადგომა ერთია, მაგრამ ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობა ახალი ხელისუფლების მიმართაც კმაყოფილებას გამოთქვამს. წინა წლებთან შედარებით რამდენჯერმე გაზდილი სახელფასო ფონდის გარდა, რომლის საშუალებითაც ეროვნული ბიბლიოთკის 500-მდე თანამშრომლის მინიმალური ანაზღაურება 30-დან 150 ლარამდე გაიზარდა, ბოლო ორი წელიწადია პირველად განისაზღვრა ახალი წიგნებიც შესაძენი ბიუჯეტი:

[ლევან თაქთაქიშვილის ხმა] "ყველაზე მთავარი ის გაკეთდა, რომ ბიბლიოთეკას ბიუჯეტში გამოუყვეს წიგნის შესაძენი თანხა. შევარდნაძის ხელმძღვანელობით საქართველოს რესპუბლიკაში არ იყო მიღებული, რომ ეროვნული ბიბლიოთეკისთვის ყოფილიყო წიგნის შესაძენი თანხა. სხვადასხვა მუხლებიდან ვაგროვებდით თანხას, რომ გაზეთები გამოგვეწერა. ახლა არის ცალკე გამოყოფილი მუხლი."

ამ მუხლებისა და თანხის წყალობით ბიბლიოთეკამ უკვე შეიძინა 50 ათასი ლარის ძირითადად რუსული წიგნები და ახლა 40 ათასი ლარის ქართული ახალი გამოცემების შეძენაა დაგეგმილი. ამ ყველაფერზე ლევან თაქთაქიშვილთან საუბრის შემდეგ რამდენიმე კითხვით ბიბლიოთეკის სხვა თანამშრომლებს მივმართეთ. პირველ რიგში კი ეროვნული ბიბლიოთეკის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ადგილს - იშვიათ გამოცემათა განყოფილებას მივაშურეთ. ილია ჭავჭავაძის კუთვნილი პირადი ბიბლიოთეკის საცავ ოთახში მასპინძლობა განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა დალი მაჩაიძემ გაგვიწია. ქალბატონი დალი რარიტეტის განყოფილებაში უკვე 20 წელიწადია მუშაობს. ”ეს იყო მტკივნეული წლები, ძალზედ რთული პერიოდი ქვეყნისა და ბიბლიოთეკისათვის” - ასე აფასებს დალი მაჩაიძე განვლილ პერიოდს, თუმცა აცხადებს, რომ მგზავრობის საფასურზე დაბალი ხელფასის მიუხედავად ბიბლიოთეკიდან წასვლის სურვილი არ გასჩენია:

[დალი მაჩაიძის ხმა] "მხოლოდ ამის გამო წასვლაზე არ მიფიქრია და თუმცა დამატებით სამუშაოებზე ვფიქრობდი, რომ თავი გამეტანა. ახლა ვფიქრობ, ხელფასი საგრძნობლად მეტია, მაგრამ არა იმდენი, რომ დღევანდელ პირობებს მხოლოდ ეს ხელფასი გაწვდეს."

პრობლემების მიუხედავად დალი მაჩაიძემ ბიბლიოთეკაში მომხდარი რამდენიმე სასიამოვნო მოვლენაც გაიხსენა:

[დალი მაჩაიძის ხმა] "ეკატერინე ჭავჭავაძის წერილი, ერთ-ერთი ასეთი შემთხვევით აღმოვაჩინეთ წიგნში. თავად წიგნი ილია ჭავჭავაძის კუთვნილი ყოფილა და საერთო საცავში ვიპოვეთ ისიც. ასეთი პატარ-პატარა გემრიელი ლუკმები ყოფილა."

კიდევ ერთი უმთავრესი სიახლე ეროვნულ ბიბლიოთეკაში ისიცაა, რომ რამდენიმე წლის წინ აღმოჩენილი ეკატერინე ჭავჭავაძის წერილიცა და სხვა ათასობით ქართული წიგნი და დოკუმენტი ახლა ბიბლიოთეკის ინტერნეტ გვერდზეა განთავსებული. ნებისმიერ მომხმარებელს მისთვის საჭირო ქართული ტექსტის მოძებნა გვერდის საძიებო სისტემაში ერთი სიტყვის მითითებით შეუძლია. ქართული წიგნების ციფრული ვერსიების შექმნა ბიბლიოთეკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და ეს პროცესი მათი რესურსებით ხორციელდება. საერთო ჯამში შეიძლება იმის თქმა, რომ ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ყველაზე რთული პერიოდი უკან მოიტოვა და ახლა თანდათან გამოცოცხლებისა და მაღალ სტანდარტებზე გადასვლის პროცესი დაიწყო.

”სუპერსტარი” და საქართველო

მარიამ ჭიაურელი:
ამ რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ბრიტანელი კომპოზიტორი ენდრიუ ლოიდ ვებერი მიხეილ ბულგაკოვის რომან ”ოსტატი და მარგარიტას” მოტივებზე ოპერის შექმნას გეგმავს. კომპოზიტორის აღიარებით, მას ესმის, რომ ძალიან ძნელ ამოცანას შეეჭიდა და აცხადებს, ეს ჩემს კარიერაში ყველაზე ამბიციური პროექტი იქნებაო. ჯერ არშექმნილი ოპერის წარმატება-წარუმატებლობაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა ვებერის სხვა როკ-ოპერებს თუ გავიხსენებთ, - მათ შორის, ”ევიტას” და ”კატებს”, - შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ყველაზე ამბიციურ პროექტს უთუოდ წარმატება ელის. დღეს კი თამარ ჩიქოვანი საქართველოში - და არამხოლოდ საქართველოში - ენდრიუ ლოიდ ვებერის ყველაზე პოპულარულ როკ-ოპერაზე, ” იესო ქრისტე - სუპერსტარზე”, მოგითხრობთ.

[მუსიკა როკ-ოპერიდან "იესო ქრისტე - სუპერსტარი" ]

[გია გაჩეჩილაძის ხმა] "პირველი იყო ”სუპერსტარი”. პირველიც იყო და ყველა სპექტაკლებიდან გამორჩეულიც. ვიტყოდი - შედევრი იყო. იან გილანი რომ იმღერებს ქრისტეს პარტიას, დამთავრებულია - უკვე შედევრია. მე მგონი, რომ ბომბის გახეთქასავით იყო ”სუპერსტარი”. თან ის პერიოდი იყო, როცა იკრძალებოდა საბჭოთა კავშირში ყველაფერი - ჩუმ-ჩუმად კასეტებით ვრცელდებოდა ეს ყველაფერი. ძალიან დიდი ენერგეტიკა მოჰქონდა ამ ყველაფერს ჩემთვის და ჩემი თაობისთვის.” (სტილი დაცულია)

თამარ ჩიქოვანი:
გია გაჩეჩილაძეს, იმავე “უცნობს”, ზუსტად არ ახსოვს, პირველად როდის მოუსმინა ”სუპერსტარს”. სამაგიეროდ, ზუსტად ახსოვს, როდის მოუსმინა უკანასკნელად - ჩვენი შეხვედრის დღეს:

[გია გაჩეჩილაძის ხმა] "დღეს მე და ჩემმა თანამშრომელმა გიორგი კობახიძემ აქ, რადიოში, თავისუფალ დროს ჩავრთეთ და ვუყურეთ. დიდი სიამოვნება მივიღეთ. პრინციპში, ისეთსავე სიამოვნებას მანიჭებს, როგორც პირველად რომ მოვუსმინე ჩემს ბავშვობაში, 70-იან წლებში. ზუსტად წელი არ მახსოვს - ეს იყო რაღაც ფეიერვერკი."

ენდრიუ ლოიდ ვებერი 23 წლის იყო, როცა "იესო ქრისტე - სუპერსტარი" პირველად დაიდგა ბროდვეიზე. მუსიკის კრიტიკოსთა აღიარებით, ყველა მიხვდა, რომ ამ როკ-ოპერის შექმნის შემდეგ მუსიკის სამყარო შეიცვალა. ამ მიუზიკლმა სათავე დაუდო 70-იან წლებში როკ-ოპერების ეპოქას, - წერდნენ კრიტიკოსები. დღემდე ”სუპერსტარი” წარმატებით იდგმება სხვადასხვა თეატრის სცენაზე და დღემდე მაყურებლის ნაკლებობა არ შეინიშნება. მეტიც - ამ წლების მანძილზე ლონდონში ეს მიუზიკლი მეხუთე ადგილს ინარჩუნებს, როგორც ყველაზე, ასე ვთქვათ, ”სტაჟიანი” წარმოდგენა. კიდევ ერთი ცნობა: დღემდე ”სუპერსტარი” 15 ქვეყანაში დაიდგა. გამორიცხული არ არის, ამ ქვეყანათა რიცხვს საქართველოც შეუერთდეს. ყოველ შემთხვევაში, “უცნობის” თქმით, ასეთი ჩანაფიქრი არსებობს:

[გია გაჩეჩილაძის ხმა] "სხვათა შორის, დათო საყვარელიძეს ველაპარაკე რამდენიმე დღის წინ, როგორ შეიძლება ვებერის სპექტაკლების ჩამოტანა, რომ ქართველმა მაყურებელმაც ნახოს. პრინციპში, დათოს მოკვლეული აქვს ეს ამბები და მითხრა, რომ ეს სპექტაკლები ლიცენზიებად იყიდება. ანუ ჩამოდის ქორეოგრაფი, რეჟისორი და აქაურ მსახიობებთან და მომღერლებთან ერთად აკეთებს სპექტაკლს, თუ, რა თქმა უნდა, ამის რესურსი იქნება. ყველა ქვეყანაში ასე ხდება - არავინ არ ჩადის ნიუ-იორკიდან და არ თამაშობს ჰამბურგში. ჰამბურგში გერმანელი მსახიობები და მომღერლები თამაშობენ.”

[ჟურნალისტის ხმა] "ჩვენთან არსებობს ამის რესურსი?"

[გია გაჩეჩილაძის ხმა] "აი, ამაზე ვლაპარაკობდით მე და დათო საყვარელიძე. დათოს თქმით, 2 თვით ჩამოვა ეს ხალხი, ასწავლიან, დადგამენ და წავლენ. ანუ საქართველოში დარჩება ეს სპექტაკლი. მაგრამ ამ გადმოსახედიდან ვინ შეიძლება შეასრულოს ეს პარტიები, ვინ უნდა იმღეროს - მე პირადად ეჭვი მეპარება. მაგრამ დათო როგორც იძახის, გამოინახება რესურსიო. იმედი მაქვს, რომ ვებერის ახალ შოუებს საქართველო ადრე თუ გვიან იხილავს და წარმოდგენილი იქნება ოპერის თეატრში.” (სტილი დაცულია)

და მაინც, რაშია "იესო ქრისტე - სუპერსტარის" მომხიბვლელობა? რატომ უსმენს მას ყველა თაობის ადამიანი? რით იპყრობს ყურადღებას? ამ კითხვებზე გია გაჩეჩილაძეს ასეთი პასუხი აქვს:

[გია გაჩეჩილაძის ხმა] "კლასიკად იქცა. მე ვებერი კლასიკოსად მიმაჩნია, რადგან ისე აქვს ერთმანეთში შეზავებული კლასიკური მუსიკა და თანამედროვე როკი, რომ მსგავსად ვერავინ ვერ შეაზავებს. ეს არის ერთადერთი ადამიანი, ვინც ეს მოახერხა და წინა დრო და თანამედროვე ეპოქა ასე ერთმანეთში არია, აზილა და ყველაფერი ეს კარგად გააკეთა. მე მგონი, ვებერის მსგავსი მუსიკაში - ისევე როგორც კლასიკაში მოცარტის და ბეთჰოვენის მსგავსი - არ იქნება. ასევე ვებერის მსგავსი ვერავინ იქნება მიქსში."

ალესქანდრე ელისაშვილისა და თამარ ჩიქოვანის მასალები

სახალხო შემოქმედების ფესტივალი პრაღაში

[მუსიკა]

მარიამ ჭიაურელი:
ამ დღეებში პრაღის ცენტრი მხიარულ და ხმაურიან ზეიმს მასპინძლობს. ზეიმს ამინდი არ წყალობს, მაგრამ (ნამდვილი საშემოდგომო ტემპერატურის და წვიმის მიუხედავად) მას მაყურებელი არ აკლია. საქმე ეხება ფესტივალს სახელწოდებით “პრაჟსკი იარმარკი”, რომელიც მესამე წელია ეწყობა ქალაქის ისტორიულ ცენტრში და გამვლელებს სთავაზობს ათობით ფოლკლორული ანსამბლის, ჩეხი და უცხოელი მოცეკვავეებისა და მომღერლების საკონცერტო პროგრამებს. ქართველები ფესტივალში წელს არ მონაწილეობენ, რატომ, მიზეზზე მოგვიანებით, მაგრამ ფესტივალზე მისვლა, რასაკვირველია, მაინც ღირს.

[ზდენეკ პშენიცას ხმა] “ფესტივალი დაიწყო სამშაბათს, 20 საათზე ოვოცნი ტრჰის მოედანზე. გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში მონაწილეობდა ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეც. ვვარაუდობთ, რომ 6 დღის მანძილზე მაყურებლების წინაშე წარდგება ფოლკლორის 1000-ზე მეტი შემსრულებელი 10 ქვეყნიდან,” - გვეუბნება ფესტივალის მთავარი ორგანიზატორი, ჩეხეთის რესპუბლიკის ფოლკლორის ასოციაციის პრეზიდენტი ზდენეკ პშენიცა.

ეს ასოციაცია არის უდიდესი ორგანიზაცია ჩეხეთის კულტურის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის: ის 412 ფოლკლორულ ანსამბლს აერთიანებს და წელიწადში 50-მდე ფესტივალის ორგანიზებას ახერხებს. ამ ფესტივალებში უმეტესწილად ჩეხური და სლოვაკური ანსამბლები მონაწილეობენ - თუმცა, არა მარტო ისინი.

[ზდენეკ პშენიცას ხმა] “ფესტივალებს ვამატებთ ხოლმე შთამბეჭდავ ანსამბლებს მთელი მსოფლიოდან - ასეა ახლაც, პრაღის საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალ “პრაჟსკი იარმარკის” შემთხვევაშიც. ჩამოვიდნენ ანსამბლები კოლუმბიიდან, მექსიკიდან, ბულგარეთიდან, პორტუგალიიდან. ზოგადი წარმოდგენა რომ შეგექმნათ, ვიტყვი, რომ შარშან ჩვენს, ჩეხეთის ტერიტორიაზე გამართულ ფესტივალებში მონაწილეობა მიიღო 258-მა ანსამბლმა 48 ქვეყნიდან, პლიუს 81-მა ანსამბლმა სლოვაკეთიდან”.

შთამბეჭდავ ანსამბლებს შორის, ფესტივალის მთავარმა ორგანიზატორმა, ზდენეკ პშენიცამ რომ ახსენა, შარშან ქართული ჯგუფიც იყო. მან, მართალია, იარმარკის დღეებში მშვენიერი კონცერტი აჩვენა პრაღელებს, მაგრამ წელს ის აღარ დაუპატიჟებიათ. და არა მარტო ის - არ დაუპატიჟებიათ არც ერთი ქართული ანსამბლი იმ სამწუხარო მიზეზით, რომ შარშან ჩამოსული ანსამბლის მავან წევრს პოლიციასთან პრობლემები შეექმნა... ფესტივალის ორგანიზატორებს კი, რომელთაც ისედაც უამრავი საკითხის მოგვარება უწევთ, ბუნებრივია სურთ, თავიდან აიცილონ ყველანაირი ზედმეტი უსიამოვნება.

წელს მთავარი უსამოვნება, როგორც ზდენეკ პშენიცა ამბობს, უამინდობაა. მას თავს, მართალია, ვერ აარიდებ, მაგრამ, ბოლოსდაბოლოს, არც ისე ცივა, რომ ტრადიციული მუსიკითთ, და კერძებით ვერ ისიამოვნო. “მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ცივა, უნდა ითქვას, რომ მაყურებლების, მათ შორის პრაღელების და ტურისტების ინტერესი ფესტივალის მიმართ დიდია. მომზადებული გაქვს კულინარიული ღირშესანიშნაობებიც: შეგიძლიათ, გასინჯოთ ტრადიციული სამზარეულოს კერძები, თვალი ადევნოთ, როგორ ამზადებენ ხელოსნები ტრადიციულ სუვენირებს. ასე რომ ოვოცნი ტრჰზე მიმდინარე ფესტივალზე მისული სტუმრის სიამოვნებაზე - ყველანაირად ზრუნავენ.”
[მუსიკა]

სტუმრის სიამოვნებაზე რომ ზრუნავენ, ამაში მეც დავრწმუნდი და ორი მაყურებელიც, რომლებსაც კონცერტის დროს გამოველაპარაკე ...
[ორ ქალთა საუბრის ჩანაწერი]

ისინი, როგორც გაირკვა, პირველად ესწრებოდნენ “პრაჟსკი იარმარკს” და ძალიან კმაყოფილი დარჩნენ ნანახით და მოსმენილით - განსაკუთრებით სლოვაკური ანსამბლის გამოსვლით, რომლის მუსიკაც ამ სიუჟეტში უკვე არაერთხელ მოისმინეთ. ჩემი ორივე თანამოსაუბრე სლოვაკი აღმოჩნდა, თუმცა მათ ქების სიტყვები არც სხვებისთვის, სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ანსამლებისთვის დაიშურეს და, საერთოდ, ფრიად კმაყოფილი იყვნენ ფესტივალის მულტიკულტურული იერით...

[მუსიკა]

ფესტივალი “პრაჟსკი იარმარკი” კვირის ბოლომდე გრძელდება. ამის მერე კი, 6 სექტებმრიდან, უკვე პოპმუსიკა გამეფდება პრაღაში - ქალაქი ხომ ნამვდილ სუპერვარსკვლავს უმასპინძლებს: მადონას. მის სტუმრობას წინასწარვე დიდი მითქმა-მოთქმა ახლავს, რაშიც (რახან საქმე მადონასთან გვაქვს) უჩვეულო შესაძლოა, არაფერი იყოს, მაგრამ პრაღის მოახლოებული ვოიაჟის შემთხვევაში მაინც განსაკუთრებულ ვითარებასთან გვაქვს საქმე. გარდა იმისა, რომ ვარსკვლავი ორ კონცერტს გამართავს, გავრცელდა ცნობა, რომ 9 სექტემბრის საღამოსთვის კერძო პირმა იქირავა პრაღის ერთ-ერთი მთავარი, ალბათ, ყველაზე ცნობილი ღირშესანიშნაობა: კარლოსის ხიდი, იქ “VIP - ფართის” გასამართად - მადონას მონაწილეობით. ამ გეგმამ პრაღაში უკმაყოფილება გამოიწვია და მწვავე დისკუსიების შემდეგ, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპისთვის გადაწყდა, რომ მადონასთვის კარლოსის ხიდს არ გადაკეტავენ! როგორც უნდა იყოს, პრაღიდან მადონა მოსკოვში გაემგზავრება. ჩვენც, მოსკოვს მივაშუროთ.

[მუსიკა]

წამყვანი:
არა მარტო პრაღაში მოახლოებული სტუმრობა იძლევა საფუძველს ვივარაუდოთ, რომ პოპვარსკვლავი სახელად “მადონა” მიჩვეული უნდა იყოს მითქმა-მოთქმას, რომელსაც მისი საჯარო გამოსვლები იწვევს ხოლმე: რად ღირს ამჟამინდელი მსოფლიო ტურნე “Confessions”, ბევრი რომ აღაშფოთა სცენაზე ჯვარცმის გამოსახვით. ამავე მიზეზით აღშფოთებულები უთუოდ იქნებიან მოსკოვშიც, რომელსაც მადონა სულ მალე მიაშურებს. თუმცა რუსეთის დედაქალაქში მას არც თაყვანისმცემლები აკლია. დავით კაკაბაძე ისაუბრებს პოპის დედოფლის მოახლოებულ ვიზიტზე მოსკოვში.

[მუსიკა]
მადონას ამჟამინდელი მსოფლიო ტურნეს პროგრამაში ეს სიმღერაც ჟღერს: Like a Prayer , ჯერ კიდევ 1989 წლის ჰიტი, რომლის შესრულებისას მომღერალი, ერთგვარი, პაროდირებული ჯვარცმის ობიექტად წარმოგვიდგება. ამ სცენაში ახალი, თუ უჩვეულო არაფერია 48 წლის პოპმუსიკოსისთვის. და მაინც, მადონა კვლავინდებურად იწვევს მწვავე რეაქციას მორწმუნეთაგან. ეს რეაქცია, რა გასაკვირია, უარყოფითია...

არაერთ ქვეყანაში მოუწოდეს ქრისტიანებს საეკლესიო ლიდერებმა, გაერიდონ ამერიკელი მუსიკოსის კონცერტებს. ამ მოწოდებებს ახლა რუსეთის მართლამდიდებელი ეკლესიის ლიდერთა ხმაც დაემატა: ისინი მოსკოვში მადონას მოახლოებული კონცერტის ბოიკოტს მოითხოვენ.

თუმცა, როცა პოპ-ვარსკვლავი ხარ - მითუმეტეს, სახელად მადონა, მსგავსი მოწოდებები ვერაფერს დაგაკლებს. გაყიდულია მოსკოვის კონცერტის ათასობით ბილეთი, კერძოდ, 35 ათასი - როგორც ჩვენი რადიოს რუსული სამსახურის კორესპონდენტს უთხრა კონცერტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ანტონ ანტრაშკინმა.

[ანტონ ანტრაშკინის ხმა] “რაც შეეხება მართლმადიდებლებს, ის შემიძლია ვთქვა, რომ ორგანიზატორები თავიდანვე ამბობდნენ, რომ პატივისცემით ეკიდებიან მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციას. ის ხალხი, ვისთვისაც მადონას კონცერტი მიუღებელია, მასზე, ალბათ, არ წავა.”

მადონას კონცერტი მითქმა-მოთქმას იწვევს მისი ადგილმდებარეობის გამოც: კონცერტის ორგანიზატორები იძულებული გახდნენ, უარი ეთქვათ თავდაპირველად დაგეგმილ “ვორობიოვიე გორიზე” მას შემდეგ, რაც მოსკოვის პოლიციამ გამოაცხადა, რომ რიგიანად ვერ გააკონტროლებდა ამ ობიექტს. შემდეგ ლაპარაკი იყო რამდენიმე ალტერნატივაზე, საბოლოოდ კი არჩევანი ლუჟნიკიზე შეაჩერეს - ოლიმპიურ კომპლექსზე.

მაგრამ რჩება კიდევ ერთი გაურკვევლობა: შეხვდება თუ არა მადონა ვლადიმირ პუტინს, რუსეთის პრეზიდენტს? ბრიტანეთის პრესის (უნდა ითქვას, ყვითელი პრესის) ინფორმაციით, პუტინი დათანხმდა ასეთ წინადადებას, თავისი ქალიშვილების თხოვნით. თუმცა კრემლი გადაჭრით უარყოფს ცნობას მსგავსი გეგმის შესახებ. მადონა, როგორც ჩანს და როგორც მისი კონცერტის ერთ-ერთი ორგანიზატორი ანტრაშკინი აღნიშნავს, მოსკოვის ღირშესანიშნაობებს უნდა დასჯერდეს: [ანტონ ანტრაშკინის ხმა] “ჩემთვის არაფერია ცნობილი პრეზიდენტ პუტინისა და მადონას შეხვედრის შესახებ. ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებიათ არც მომღერლის მენეჯერებს, არც ორგანიზატორებს. ამ საკითხთან დაკავშირებული ცნობები, ვფიქრობ, ვარაუდებს ეყრდნობა. რუსმა ორგანიზატორებმა მას საკმაოდ ფართო პროგრამა შესთავაზეს - არა მარტო მოსკოვის არქიტექტურაზე, მოსკოვის ისტორიაზე, არამედ გასართობ ადგილებზეც: ლაპარაკია საუკეთესო კლუბებზე, საუკეთესო რესტორნებზე. მაგრამ მომღერალი არჩევანს ბოლო მომენტში გააკეთებს და, ბუნებრივია, ამის სრული უფლება აქვს”.

რაც შეეხება ისევ პოპვარსკვლავის პრეზიდენტთან შეხვედრის შანსს - ის თეორიულად მაინც არსებობს. ასეა თუ ისე, 2003 წელს პუტინმა პოლ მაკარტნი მიიღო, ის კრემლში დაპატიჟა ჩაისა და ექსკურსიაზე. რამდენიმე საათში კი ლეგენდარული “ბითლზის” ყოფილმა წევრმა კონცერტი გამართა წითელ მოედანზე, სადაც მის გარდა კიდევ ათობით დასავლელი პოპმუსიკოსია გამოსული.

მათ სიაში ჩადგომა მართალია, მადონამაც მოისურვა, მაგრამ ამაოდ: მოსკოვის მესვეურები აღარ იძლევიან წითელ მოედანზე როკ-კონცერტების ჩატარების უფლებას, რათა ქალაქის ისტორიული ცენტრი დაზიანებისაგან დაიცვან. სხვათა შორის, ამ აკრძალვამ ისე გაანაწყენა ერიკ კლაპტონი, რომ როკვარსკვლავმა მოსკოვში ივლისისთვის დაგეგმილი კონცერტი გააუქმა.

მადონამ კი კომპრომისზე წასვლა ამჯობინა: ათიოდე დღეში, 12 სექტემბერს, ის პირველად წარდგება მოსკოველი ფანების წინაშე. სხვათა შორის ეს კონცერტი- მადონას პირველი კონცერტი რუსეთში, თავდაპირველად 11 სექტემბრისთვის იყო დაგეგმილი.

[მუსიკა - Hung Up მადონას შესრულებით]

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG