Accessibility links

logo-print

აფხაზური მხარე კოდორის ხეობიდან ჯარების გაყვანას მოითხოვს


აფხაზური მხარე თბილისის მიერ კოდორის ხეობიდან საჯარისო ნაწილების გაყვანას მოითხოვს. დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის აზრით,

ამ წინადადებაზე უარის თქმა იმას ნიშნავს, რომ ქართული მხარე არ არის მზად აწარმოოს მოლაპარაკებები. ვიდრე ბაღაფში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ თბილისი-მოსკოვის 1994 წლის შეთანხმების დარღვევებზე საუბრობს, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე მალხაზ აქიშბაია და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილი ხეობაში #86 საარჩევნო ოლქს ხსნიან.

აფხაზური მხარე საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკებებს დაიწყებს, თუ თბილისი მზად არის განიხილოს კოდორის ხეობიდან ჯარების გაყვანის საკითხი, წინააღმდეგ შემთხვევაში შეხვედრას აზრი არა აქვს, - აცხადებს თვითგამოცხადებული აფხაზეთის პრეზიდენტი. სერგეი ბაღაფში ქართული მხარის მოთხოვნას ხეობის მონიტორინგი მხოლოდ გაეროს დამკვირვებლებმა ჩაატარონ რუსი სამშვიდობო ძალების გარეშე, მიუღებელს უწოდებს, რადგან, მისი განცხადებით, ეს აქამდე არსებული სამშვიდობო ფორმატის შეცვლაზე მიანიშნებს. დე ფაქტო პრეზიდენტი ქართულ მხარეს პროვოკაციაში სდებს ბრალს:

[ბაღაფშის ხმა] "მდგომარეობა კოდორის ხეობის ზედა ნაწილში 23 ივლისის მდგომარეობას უნდა დაუბრუნდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ დავიწყებთ მსჯელობას საქართველოსთან მოლაპარაკების განახლების მიზანშეწონილობაზე. არ შეიძლება, ერთი მხრივ, მოლაპარაკებას აწარმოებდე და, მეორე მხრივ, პროვოკაციებს აწყობდე.”

ბაღაფში იმასაც ამატებს, რომ კოდორის ხეობის ზედა ზონის მონიტორინგი სწორედ საქართველოს მიზეზით არ დაიწყო 20 აგვისტოს. იგი ქართველების მიერ გუდაუთის ბაზის შესაძლო მონიტორინგსაც გამორიცხავს. თუმცა, ვიდრე დე ფაქტო პრეზიდენტი ქართული მხარის დადანაშაულებით არის დაკავებული, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კოდორის ხეობაში #86 აჟარის საარჩევნო ოლქს ხსნის. კოდორში იმყოფება აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეც მალხაზ აქიშბაია.

[აქიშბაიას ხმა] "ჩამოყალიბებულია ზემო აფხაზეთის საოლქო საარჩევნო კომისია, მიმდინარეობს მისი დაკომპლექტება. 2002 წლის ადგილობრივი მმართველობის არჩევნებში კოდორის ხეობა მიბმული იყო ქუთაისთან, სადაც კიდევ პირველად ხდება ჩამოყალიბება ამ ადგილზე საოლქო საარჩევნო კომისიის და მოსახლეობას მიეცემა უფლება აირჩიოს ადგილობრივი თვითმმართველობითი ორგანოები. ჩვენ უკვე დავიწყეთ ამაზე მუშაობა და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ ამ საქმეს და ვერანაირ პრობლემას მე ვერ ვხედავ აფხაზეთის მხრიდან.”(სტილი დაცულია)

[ჩალაგაშვილის ხმა] "საშუალება, რა თქმა უნდა, იქნება; პირობები შექმნილი არის სრულად, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებისათის გამოყოფილი იქნება როგორც საცხოვრებელი ფართი, ასევე სამუშაო ოთახი კომისიისათვის. რა თქმა უნდა, კომისია სრულად იქნება უზრუნველყოფილი.” (სტილი დაცულია)

ეს იყო ცსკო-ს თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილი, რომელიც ერთდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა კოდორში. იგი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და აქიშბაიას მადლობა გადაუხადა შესრულებული სამუშაოებისათვის.

ჩალაგაშვილისგან განსხვავებით, ხეობაში კიდევ რამდენიმე დღე დარჩება აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე. მალხაზ აქიშბაია ხეობაში 4 საარჩევნო უბნის გახსნას უპრეცედენტო შემთხვევას უწოდებს. იგი მიმდინარე სამუშაოებით კმაყოფილია და აცხადებს, რომ პრეზიდენტის დავალება დათქმულ ვადაში შესრულდება.
XS
SM
MD
LG