Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რთველი 2006 და ქართველი ბიზნესმენების “მსუბუქი რეკეტი”


როგორც ცნობილია, რთვლის დაწყებამდე ორიოდე კვირით ადრე საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა მოწეული მოსავალი გაუსაღებელი არ დარჩეს.

საქართველოს მთავრობის ამ განცხადებამ ბევრი დააეჭვა, რადგან სახელმწიფო რთვლის სუბსიდირებას არ აპირებს, ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები კი მხოლოდ 30 ათასი ტონა ყურძნის შესყიდვას გეგმავენ, მაშინ როდესაც წელს, სავარაუდოდ, 85 ათასი ტონა ყურძენი დაიკრიფება. როგორ აპირებს მთავრობა მევენახეებს დაახლოებით 50 ათასი ტონა ყურძნის შესყიდვაში სუბსიდირების გარეშე დაეხმაროს?

ამ რამდენიმე დღის წინ, ქართველ ღვინის მწარმოებლებთან შეხვედრისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობა ყურძნის შესყიდვის სუბსიდირებას არ განახორციელებს. იგივე გაიმეორა სოფლის მეურნეობის მინისტრმა მიხეილ სვიმონიშვილმაც:

[მიხეილ სვიმონიშვილის ხმა] ”ამას კერძო სექტორი შეისყიდის. სახელმწიფო არ ერევა ფასებში, არ ერევა შესყიდვებში. იმ კომპანიებს, ვინც გამოხატა საბრენდე სპირტის დამზადების სურვილი, სახელმწიფო დაეხმარება ბანკებთან მისვლაში.”

ბანკებთან რეკომენდაციის რა მოგახსენოთ, მაგრამ ისეთ ბიზნესმენებს, რომლებსაც არაფერი აკავშირებთ მევენახეობა-მეღვინეობასთან, გლეხებთან მისვლაში ნამდვილად დაეხმარა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. 31 სექტემბრის საღამოს სააკაშვილმა ბიზნესმენების ერთი ჯგუფი საგარეჯოში შეკრიბა და საქართველოში ეკონომიკის სფეროში გატარებულ ლიბერალურ რეფორმებსა და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებაზე ესაუბრა. ბოლოს კი გულზე ხელი დაიდო და ბიზნესმენებს სახელმწიფოს მხრიდან ”მსუბუქი რეკეტის” შესახებ გამოუცხადა:

[სააკაშვილის ხმა] ”კიდევ ერთი რამ მინდა გითხრათ, გთხოვოთ - უბრალოდ, წელს ყველანი უნდა დავეხმაროთ კახეთს, გთხოვთ...დღეს მე მინდა თქვენზე განვახორციელო მსუბუქი რეკეტი პირველად და უკანასკნელად. მოგიწოდებთ, აქ წარმოდგენილმა კომპანიებმა 10-10 ტონა ყურძენი შეისყიდოთ კახეთის რეგიონიდან. თუ გინდათ, თანამშრომლებს აჭამეთ, თუ გინდათ, დაწურეთ და თქვენი სახელობის ღვინოები ჩამოასხით. უგულავას აქვს წინადადება, თქვენ რამდენსაც იყიდით...”

[გიგი უგულავას ხმა] ”...ორ იმდენს ჩვენ ვიყიდით.”

დაუდასტურა პრეზიდენტს თბილისის მერმა გიგი უგულავამ, რომელიც თბილისის ბიუჯეტის თანხებს ხან კოდორის ხეობის რეაბილიტაციისთვის ხარჯავს და ხანაც, საპენსიო ფონდის მაგივრად, პენსიების გაზრდაზე ზრუნავს.

ახლა კი მთავრობის მაგივრად ყურძნის ჩაბარების ირიბი სუბსიდირება გადაწყვიტა და 16 სექტემბრისთვის ყურძნის ”საჯარო დაწურვის” ცერემონიაც დანიშნა:

[გიგი უგულავას ხმა] ”მოეწყობა საჯარო დაწურვა. ამისთვის ჩვენ გვესაჭიროება ღვინო და, ისევ ვიმეორებ, ჩვენ შევისყიდით...”

შეგახსენებთ, უგულავა 5 ოქტომბრისთვის დანიშნულ ადგილობრივ არჩევნებში მმართველი პოლიტიკური ძალის კანდიდატია დედაქალაქის მერობის პოსტზე. მის გარდა, ყურძნის შესყიდვის პროცესს კოორდინაციას გაუწევენ საქართველოს მთავრობის ეგრეთ წოდებული ძალოვანი მინისტრებიც.

რთველში მთავრობის ასეთ ჩარევასა და ბიზნესმენების ეგრეთ წოდებულ “მსუბუქ რეკეტში” საგანგაშოს ვერაფერს ხედავს ბიზნესმენთა ფედერაციის აღმასრულებელი მდივანი გიორგი ისაკაძე:

[გიორგი ისაკაძის ხმა] “‘მსუბუქ რეკეტს’ შევაფასებ როგორც სახუმარო სიტყვას, ეს უფრო თხოვნის ხასიათს ატარებს. ამ შემთხვევაში საჭიროა სოფლის მეურნეობის და, უფრო მეტად, გლეხის მხარდაჭერა და, ბუნებრივია, ვისაც შესაძლებლობა ექნება, არ დაიზარებს და შეიძენს 10 ტონა ყურძენს.” (სტილი დაცულია)

შეგახსენებთ, რომ ყურძნის სავარაუდო მოსავალი 85 ათასი ტონაა, აქედან 30 ათასს ღვინის მწარმოებლები შეიძენენ, ხოლო დანარჩენის შესყიდვაზე ზრუნვა მთავრობას მოუწევს.
XS
SM
MD
LG