Accessibility links

ვინ დაიწყებს ბიზნესს თბილისის მერიის დახმარებით?


სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოში აქტიური, შრომისუნარიანი მოქალაქეების რაოდენობა 2 მილიონს აღემატება,

თუმცა პარალელურად საკმაოდ მაღალია უმუშევრობის დონე, რომელიც, 2005 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, 14 პროცენტს აღწევს. სწორედ უმუშევრობის შემცირებას ისახავს მიზნად "სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა", რომლის პრეზენტაცია 1 სექტემბერს საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიას“ მე-5 პავილიონში გაიმართა. თუმცა უნდა ითქვას, რომ ხელისუფლება უმუშევრობასთან ბრძოლაში მხოლოდ ამ პროგრამის იმედად როდია. პირველი სექტემბრიდან დასაქმების პროგრამის განხორციელებას იწყებს თბილისის მერია, რომელიც მცირე ბიზნესის განვითარებისათვის საკუთარი ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს.

“დაიწყე ბიზნესი თბილისის მერიის დახმარებით“ - ასე ჰქვია დასაქმების პროგრამას, რომელსაც თბილისის მერია ახორციელებს და, რომლის ფარგლებშიც, მერიის ბიზნესის საინფორმაციო ცენტრის მიერ შემუშავებული პირობებით 35-დან 50 წლამდე ასაკის უმაღლესი განათლების უმუშევარი მოქალაქეები უნდა დაინტერესდნენ. თბილისის მერი გიგი უგულავა ამბობს, რომ პირველი ბიძგის გარეშე ყველაზე ნიჭიერ ადამიანსაც კი გაუჭირდება საქმის წამოწყება:

[გიგი უგულავას ხმა] „სწორედ ასეთ დახმარების ხელს უწვდის თითოეულ მოქალაქეს თბილისის მერია. “დაიწყე ბიზნესი თბილისის მერიის ხელშეწყობით” ნიშნავს ყოველი თბილისელისთვის შანსს მოვიდეს, დარეგისტრირდეს ამ ოფისში, ორი თვის განმავლობაში მიიღოს სპეციალური განათლება, პარალელურად დაწეროს ბიზნეს-წინადადება და ჩვენი გარანტიით მიიღოს შეღავათიანი სესხი, დაიწყოს ბიზნესი, დასაქმდეს და დაასაქმოს სხვაც.“

მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურში განმარტავენ, რომ, განცხადებების განხილვისა და გასაუბრების შედეგად, ტრენინგებისათვის 500 მოქალაქე შეირჩევა. სამსახურის უფროსი ზვიად არჩუაძე დარწმუნებულია, რომ მერიის ინიციატივა ბევრ თბილისელს დააინტერესებს, თუმცა, ცხადია, მერია მხოლოდ საუკეთესო ბიზნეს-პროექტებს დააფინანსებს. შეზღუდულია ასევე კრედიტების მოცულობაც:

[ზვიად არჩუაძის ხმა] „სადღაც 10 ათასი ლარი - ეს იქნება ნორმალური პროექტი, რომელიც შეიძლება წარმოადგინონ, თუმცა პირველ ეტაპზე არ არის მოთხოვნილი ამ თანხის წარმოდგენა. ჯერ ხდება ადამიანისა და ბიზნეს-წინადადების შეფასება. ნელ-ნელა მოვიზიდავთ ახალ პარტნიორებს, რაც მოგვცემს პროექტის ბიუჯეტის გაზრდის საშუალებას.“

ზვიად არჩუაძის თქმით, პროგრამაში მონაწილე ადამიანები ექვსი თვის განმავლობაში უფასო კონსულტაციას მაღალი კვლაფიკაციის პროფესონალებისაგან მიიღებენ. მერიის ინიციატივას მხარს უჭერს ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“, რომელიც უმუშევართა გადამზადებისა და თვითდასაქმების პროგრამას 2005 წლიდან თავადაც ახორციელებს. ფონდის აღმასრულებელი დირექტორის დავით დარჩიაშვილის კომენტარი:

[დავით დარჩიაშვილის ხმა] „ფონდის მისიაა რაღაც ინოვაციური პროექტების განხორციელებით პრაქტიკულად პილოტირება გააკეთოს და მერე თვითონ საზოგადოებამ და სახელმწიფომ ან მუნიციპალიტეტებმა მიხედონ ამ საქმეს. ამ შემთხვევაში ის მოგვწონს, რომ ჩვენი მეთოდიკა არის აღებული მერიის მიერ და ის, რაც ჩვენ 100 კაცისთვის გავაკეთეთ, დღეს 500 კაცისთვის გაკეთდება.“

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად მერიის შენობაში მდებარე „ბიზნესის საინფორმაციო ცენტრს“ პირველმა მოქალაქეებმა უკვე მიაკითხეს. რაფიელ გოგიტიძეს იმედი აქვს, რომ დედაქალაქის ბიუჯეტი მას მცირე პოლიგრაფიული საწარმოს აწყობაში დაეხმარება:

[რაფიელ გოგიტიძის ხმა] „ჩვეულებრივად გზაზე მოვდიოდი, ხალხი რომ დავინახე, შემოვიარე. მეც დაინტერესებული ვარ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებით და ამიტომაც მოვედი. რაღაც-რაღაც იდეები გამაჩნია და იმედი მაქვს, რომ დამიფინანსებენ.“

თუმცა, როგორც მერიაში განმარტავენ, უარის შემთხვევაშიც, მოქალაქეებმა დახმარების იმედი არ უნდა დაკარგონ. საქმე ის არის, რომ მერია წლის განმავლობაში პროექტის რამდენჯერმე გამეორებას აპირებს. ხელისუფლების გულწრფელობაში ეჭვი ეპარება ოპოზიციას. დედაქალაქის საკრებულოს წევრი გიორგი გუგავა დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება, უმუშევრობასთან ბრძოლის ნაცვლად, საარჩევნო კამპანიითაა დაკავებული:

[გიორგი გუგავას ხმა] „ეს რაც ხორციელდება, არის კლასიკური საარჩევნო მოსყიდვა. სამუშაო ადგილების შექმნას არ სჭირდება ასეთი პომპეზური „პი-არ“ კამპანიები, არამედ სჭირდება შესაბამისი გარემოს შექმნა, რომ აქ შემოვიდეს ინვესტიცია.“

პოლიტიკური ოპონენტებისაგან განსხვავებით, თბილისის მერიის ინიციატივას მეტი ნდობით მოეკიდნენ „საქართველოს ბანკის“ მესვეურები. ვაჟა მენაბდე, მიკროდაკრედიტების დეპარტამენტის დირექტორი, ამბობს, რომ მერიის გარანტიით კრედიტს სწორედ რომ „საქართველოს ბანკი“ გასცემს.

[ვაჟა მენაბდის ხმა] „თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მაინცდამაინც ერთი ერთზე იქნება. შეიძლება გარანტია 5 ათასი იყოს და 15 ათასიანი კრედიტი გავცეთ. ბუნებრივია, ეს კრედიტი ვერ იქნება უპროცენტო, თუმცა ჩვენ შევეცდებით, რომ მაქსიმალურად დაბალი პროცენტით გავცეთ. ამ შემთხვევაში პრიორიტეტი არ იქნება მოგების მიღება.“

დაბოლოს: პროგრამაში მონწილეობის მისაღებად თბილისელებმა მერიის შენობაში მდებარე „ბიზნესის საინფორმაციო ცენტრში“ უნდა მიიტანონ განაცხადი ბიზნეს-იდეის აღწერით, ბიოგრაფია, შრომის წიგნაკის ასლი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. თუმცა პირველ ეტაპზე მერიასთან ერთად ბიზნესის დაწყების ბედნიერება მხოლოდ 500 მოქალაქეს ექნება.
XS
SM
MD
LG