Accessibility links

logo-print

სამხრეთი ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მეთაურის არჩევნებში მონაწილეობა თბილისში მცხოვრებ ოს ქალბატონსაც სურს


სამხრეთი ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მეთაურის არჩევნები 12 ნოემბრისთვის არის დანიშნული. არჩევნების თარიღი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტმა

შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებით განსაზღვრა. ცხინვალის რეგიონში შესაძლოა ნოემბერშივე - იმავე 12 ნოემბერს - ჩატარდეს რეფერენდუმიც. ედუარდ კოკოითიმ გადაწყვიტა, კიდევ ერთხელ დაადასტუროს სამხრეთი ოსეთის დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად 1992 წელს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგი. საინტერესოა, რომ 12 ნოემბერს დანიშნულ არჩევნებში (მიუხედავად იმისა, რომ ის წინასწარვე არალეგიტიმურად არის ცნობილი) მონაწილეობის მიღება სურს თბილისში მცხოვრებ ოს ქალბატონს მაია ჩიგოევა-ცაბოშვილს, არასამთავრობო ორგანიზაცია” ქართულ-ოსური კავშირის იბერ-ირონის” წარმომადგენელს.

1992 წლის იანვარში სამხრეთი ოსეთის მოსახლეობის 99 პროცენტმა მხარი დაუჭირა დამოუკიდებლობას. დღეს, სამხრეთ ოსეთზე საქართველოს თავდასხმის საშიშროების პირობებში, საჭიროა 1992 წლის რეფერენდუმის შედეგების დადასტურება - ასე ხსნიან ცხინვალში სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად მორიგი რეფერენდუმის ჩატარების განზრახვას. ”ქართულ-ოსური კავშირის იბერ-ირონის” წარმომადგენელი მაია ჩიგოევა- ცაბოშვილი კი ფიქრობს, რომ რეფერენდუმის ჩატარების იდეა კოკოითის რუსეთის პრეზიდენტმა უკარნახა, როცა თქვა, აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის პრობლემებზე მსჯელობისას ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რა სურთ აფხაზებს და ოსებს, როგორ წარმოუდგენიათ საკუთარი მომავალიო.

რეფერენდუმის ჩატარება სამხრეთი ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელმძღვანელობას ნოემბერში აქვს განზრახული, ისევე როგორც საპრეზიდენტო არჩევნების გამართვა. არჩევნები წინასწარვე არალეგიტიმურად არის მიჩნეული თბილისის მიერ. რაც შეეხება რეფერენდუმს, სარეფერენდუმო შეკითხვას საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის პასპორტების მფლობელებმა უნდა უპასუხონ. ”ჩვენ ვართ და ვიქნებით რუსეთთან” - აცხადებს თავადაც რუსეთის მოქალაქე ედუარდ კოკოითი. ჩვენი გორელი კორესპონდენტის გოგა აფციაურის ცნობით, კოკოითიმ სულ ახლახან, ერთი კვირის წინ მიიღო "ოსური" პასპორტი. კოკოითი არჩევნებისთვის ემზადება. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის კანონმდებლობით, პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრა შეუძლია პირს, რომელიც არის სამხრეთი ოსეთის მოქალაქე და რომელიც 10 წლის მანძილზე ცხოვრობს სამხრეთი ოსეთის ტერიტორიაზე. მაია ჩიგოევა- ცაბოშვილი ამჟამად თბილისში ცხოვრობს და, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის კანონის მოთხოვნის მიუხედავად, ფიქრობს, რომ მას უფრო აქვს 12 ნოემბერს დანიშნულ არჩევნებში მონაწილოების უფლება, ვიდრე ედუარდ კოკოითის:

[მაია ცაბოშვილის ხმა] ”მე, რა თქმა უნდა, ვარ საქართველოს მოქალაქე და, შესაბამისად, სრულიად ლეგიტიმური უფლება მაქვს, მივიღო მონაწილეობა; უფრო ნაკლები უფლება ჰქონდა კოკოითს, რომელიც ძალიან ამაყად ამბობს, რომ არის რუსეთის მოქალაქე."

სურვილი, მიიღოს მონაწილეობა არალეგიტიმურ არჩევნებში და კენჭი იყაროს სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტზე ”ქართულ-ოსური კავშირის იბერ-ირონის” წარმომადგენელს კარგა ხანია აქვს:

[მაია ცაბოშვილის ხმა] ”მე ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში მქონდა შეხვედრა რუსეთის ელჩთან, ჩხიკვიშვილთან, და გავუმხილე ჩემი სურვილი. ალბათ, გაჩნდება შეკითხვა, რატომ რუსეთის ელჩთან? რეალობა ასეთია: ვინც მიიღებს მონაწილეობას ამ არჩევნებში, უნდა ჰქონდეს იმედი, რომ ხელს არ შეუშლის რუსეთის მხარე.”

რუსებთან კონსულტაციებს ინტენსიურად ვაწარმოებო, ამბობს მაია ჩიგოევა-ცაბოშვილი, თუმცა შეკითხვას, რუსეთი ხელს შეუშლის თუ არა მას, ასე უნდა ვუპასუხოთ: მაია ჩიგოევა -ცაბოშვილს ქართულ-ოსური პრობლემის გადაწყვეტა წარმოუდგენია სამშვიდობო მოლაპარაკებებით, ოსების მომავალს კი ერთიან საქართველოში ხედავს.

საინტერესოა, რამდენად მიეცემა მას თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტის მიერ დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობის საშუალება. მაია ჩიგოევა-ცაბოშვილი კარგა ხანია, ცხინვალში არ ჩასულა. ბოლო ჩასვლაზე ის ერთი დღის განმავლობაში იყო დაკავებული.
XS
SM
MD
LG