Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გასულ კვირაში კვლავ გამართლდა მეტეოროლოგიის


გასულ კვირაში კვლავ გამართლდა მეტეოროლოგიის

სახელმწიფო დეპარტამენტის პროგნოზი და უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურა აგვისტოს ბოლო კვირაშიც შენარჩუნდა. არდადეგების მიუხედავად, გასულ კვირაში ასევე მაღალი იყო პოლიტიკური ტემპერატურაც, რომლის კრიტიკულ ზღვრამდე გაზრდას ხელი შეუწყო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებულმა სკანდალმა. სწორედ გასულ კვირაში გახდა ცნობილი, რომ, პრეზიდენტის განკარგულებით, არჩევნები არა მიმდინარე წლის დეკემბერში, არამედ ორი თვით ადრე, 2006 წლის 5 ოქტომბერს, გაიმართება.

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის რიჩარდ ლუგარის შემდეგ საქართველოს ამერიკელი სენატორების კიდევ ერთი დელეგაცია სტუმრობდა. არიზონის შტატის რესპუბლიკელი სენატორის ჯონ მაკკეინის გარდა, დელეგაცია ხუთი სენატორით იყო წარმოდგენილი. მაკკეინი, რომელსაც მიხეილ სააკაშვილმა „ამერიკის მომავალი პრეზიდენტი“ უწოდა, ოთდღიანი ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა, ოსი სეპარატისტების ლიდერსაც, ედუარდ კოკოითისაც, შეხვდა. ვიზიტის დასასრულს ამერიკელმა სენატორებმა ერთობ მნიშვნელოვანი და საყურადღებო განცხადებები გააკეთეს. გამოვყოფთ სენატორს სამხრეთ კაროლინის შტატიდან ლინდსი გრეჰემს.

[სენატორ ლინდსი გრეჰემის ხმა] ”ქართველი ხალხი იმსახურებს იმას, რომ მათი ქვეყანა ნატოს წევრი იყოს. ჩემი აზრით, საქართველოს გაწევრიანება ნატოში გააძლიერებდა ნატოს, როგორც ალიანსს, და მსოფლიოს გახდიდა უფრო უსაფრთხოს. როგორც პრეზიდენტმა ბუშმა აღნიშნა საქართველოში სტუმრობის დროს, ამერიკის შეერთებული შტატები იქნება ქართველ ხალხთან, რადგან ის თავისუფლების გზით მიდის.”

ამერკელ სენატორთა სტუმრობამ და თბილისში გაკეთებულმა განცხადებებმა, ბუნებრივია, ქართველი პოლიტიკოსებისა და პოლიტიკის ექსპერტების ყურადღებაც მიიპყრო, თუმცა უნდა ითქვას, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა ამერიკის შეერთებული შტატების უპრეცედენტო მხარდაჭერა დიამეტრულად განსხვავებული არგუმენტებით ახსნეს. რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის კომენტარი:

[დავით უსუფაშვილის ხმა ] ”ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაცია მსოფლიოს უფრო საკუთარი ინტერესების გადმოსახედიდან აფასებს, ვიდრე იმ ღირებულებების გადმოსახედიდან, რომელთაც ტრადიციულად ეფუძნებოდა ამერიკის საზოგადოება და, მეორე, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია დაარწმუნა იმაში, რომ ის და მისი ხელისუფლება არის ის მაქსიმუმი, რაც მსოფლიომ შეიძლება საქართველოში მიიღოს.” (სტილი დაცულია)
პოლიტიოლოგი გია ნოდია კი მიიჩნევს, რომ თავად ამერიკელი ამომრჩევლები საკუთარ ადმინისტრაციას ხშირად სწორედ რომ პრაგმატიზმის ნაკლებობისა და გარდამავალი დემოკრატიების მხარდაჭერის გამო უსაყვედურებენ:

[გია ნოდიას ხმა] „სწორედ იმიტომ, რომ ამერიკის ამ ადმინისტრაციას აქვს ინტერესი დემოკრატიის მხარდაჭერის მიმართ, მათ სჭირდებათ ე.წ. „წარმატების მაგალითები“, ანუ ისეთი ქვეყნები, რომლებმაც ბოლო ხანებში მიაღწიეს წარმატებას დემოკრატიზაციის გზაზე. რომ ვთქვათ, მაინცდამაინც ბევრი კონკურენტი საქართველოს ამ საქმეში არ ჰყავს. ასე რომ, აშშ-ს აქვს, რა თქმა უნდა, ინტერესი, რომ თუ საქართველოში დაინახავენ რაიმე წარმატებას, მაქსიმალურად ხაზი გაუსვან ამ წარმატებას და წაგვახალისონ.“(სტილი დაცულია)

გია ნოდიას თქმით, საქართველოს წარმატების ხაზგასმით ამერიკის ადმინისტრაცია საკუთარ ქმედითობასაც უსვამს ხაზს. ანუ საქართველოს წარმატების დემონსტრირებით შეერთებული შტატების მთავრობა ამართლებს საკუთარ პოლიტიკას, რომელიც სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის, საქართველოში დემოკრატიის მხარდაჭერასა და წახალისებას ისახავს მიზნად. თუ რამდენად წარმატებული და ეფექტიანია ეს მხარდაჭერა, ნაწილობრივ მიმდინარე წლის 5 ოქტომბერსაც გამოჩნდება. საქმე ის არის, რომ მიხეილ სააკაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები სწორედ რომ ხუთი ოქტომბრისათვის დანიშნა. პრეზიდენტმა განკარგულებას ხელი 26 აგვისტოს მოაწერა, თუმცა ამის შესახებ საზოგადოებას რატომღაც ორი დღის დაგვიანებით ეცნობა. ოპოზიციამ და, მათ შორის, კონსერვატორების ერთ-ერთმა ლიდერმა, კობა დავითაშვილმა, ხელისუფლების საქციელს უპრეცედენტო მზაკვრობა უწოდა:

[კობა დავითაშვილის ხმა] „მე არ მახსოვს ასეთი უზნეობა. არ მახსენდება არც საქართველოს ისტორიაში და არც რომელიმე სხვა ქვეყნის ისტორიაში. ეს არის მშიშარა ხელისუფლების გადაწყვეტილება - მათ ეშინიათ არჩევნების წაგების და ამიტომ წავიდნენ არნახულ მზაკვრობაზე.“
ხელისუფლების მზაკვრობის პასუხად, გასულ კვირაში ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ პოლიტიკურ პარტნიორებს კიდევ ერთხელ მოუწოდა არჩევნების ბოიკოტირებისკენ, თუმცა მას შემდეგ, რაც პასუხმა უიმედოდ დაიგვიანა, არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება შალვა ნათელაშვილმაც მიიღო:

[შალვა ნათელაშვილის ხმა] „სამწუხაროდ, მრავალპარტიული ბოიკოტი არ გამოვიდა, პარტიათა აბსოლუტური უმრავლესობა მონაწილეობას იღებს არჩევნებში და ჩვენ არ შეგვიძლია ამ დანაშაულებრივი სისტემის მსხვერპლად დავტოვოთ ჩვენი ხალხი, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მოსახლეობა. გამოწვევას ვიღებთ და მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ ადგილობრივ არჩევნებში.“

ბოიკოტის გარდა, ოპოზიცია ვერც მერობის საერთო კანდიდატზე შეთანხმდა. „ახალი მემარჯვენეების“ მოწონებული ბადრი პატარკაციშვილი „რესპუბლიკელებმა“, „კონსერვატორებმა“ და „მრეწველებმა“ დაიწუნეს. პოლიტოლოგი გია ნოდია ამბობს, რომ საარჩევნო მარათონში ბიზნესმენის ჩაბმით ყველაზე მეტად „მემარჯვენეები“ და მმართველი პარტიის წარმომადგენლები არიან დაინტერესებულნი:

[გია ნოდიას ხმა] „რაკი „ახალ მემარჯვენეებს“ აქვთ ძლიერი ორგანიზაცია, მაგრამ არ ჰყავთ ქარიზმატული ლიდერი, ძალიან უნდათ, რომ ბადრი პატარკაციშვილი იქცეს ასეთ ლიდერად, იმიტომ რომ, „ახლების“ ანგარიშით, მას ექნება უნარი გახდეს მთლიანად ოპოზიციის ლიდერი, ხოლო თვითონ „ახალი მემარჯვენეები“, როგორც პარტია, გახდება მთავარი ოპოზიციური პარტია. ეს არის ამ პარტიის ინტერესი.“

რაც შეეხება სახელისუფლებო პარტიის ინტერესს:

[გია ნოდიას ხმა] „ბადრი პატარკაციშვილის გალიდერება არის სახელისუფლებო პარტიის ინტერესიც, იმიტომ რომ ის არის ძალიან კარგი სამიზნე ხელისუფლებისთვის, იმიტომ რომ მათი დისკურსი ხშირად იმაზეა, რომ ოპოზიცია არის უპრინციპო, ოპორტუნისტული, ის ყველას აჰყვება და ბადრი პატარკაციშვილის ფიგურა, მისი წარსული, რომლის შესახებაც სხვადასხვა აზრი არსებობს (ბევრი ბრალდება გამოითქმის, თუ როგორ იშოვა მან ფული), ყველაფერი ეს, ბუნებრივია, კარგი საკვებია სახელისუფლებო პარტიისთვის.“

თუმცა, არჩევნებამდე თითქმის ერთი თვით ადრე, დუმს და არჩევნებში მონაწილეობის შესახებ არაფერს ამბობს თავად ბადრი პატარკაციშვილი - პრეზიდენტი საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციისა, რომლის წევრებსაც გასულ კვირაში პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მუქარანარევი თხოვნით მიმართა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] „მე გითხარით, რომ არავინ არაფერს არ გაძალებთ და არავინ არ გაშინებთ და რომ სახელმწიფო რეკეტი დამთავრდა. დღეს მე მინდა განვახორციელო თქვენზე მსუბუქი რეკეტი პირველად და უკანასკნელად. გთავაზობთ, რომ თითოეულმა თქვენმა კომპანიამ იყიდოს 10 ტონა ყურძენი. თუ გინდათ, თანამშრომლებს აჭამეთ, თუ გინდათ, გაყიდეთ და თუ გინდათ, თქვენი სახელობის ღვინო ჩამოასხით.“

საქმე ის არის, რომ, რუსულ ბაზარზე ქართული ღვინის აკრძალვის გამო, ღვინის მწარმოებელი კომპანიები წელს თეთრ ყურძენს მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით, სპირტის დასამზადებლად თუ შეიძენენ. არადა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ათიოდე დღეში კახელმა მევენახეებმა, სავარაუდოდ, 160 ათასი ტონა ყურძენი უნდა მოიწიონ. პრეზიდენტის ინიციატივას გაგებით შეხვდა ბიზნესმენთა ფედერაციის აღმასრულებელი მდივანი გიორგი ისაკაძე:

[გიორგი ისაკაძის ხმა] “ ‘მსუბუქ რეკეტს’ შევაფასებ როგორც სახუმარო სიტყვას, ეს უფრო თხოვნის ხასიათს ატარებს. ამ შემთხვევაში საჭიროა სოფლის მეურნეობის და, უფრო მეტად, გლეხის მხარდაჭერა და, ბუნებრივია, ვისაც შესაძლებლობა ექნება, არ დაიზარებს და შეიძენს 10 ტონა ყურძენს.” (სტილი დაცულია)

მევენახეობა-მეღვინეობის გადასარჩენად გაცილებით მეტ თანხას გაიღებს თავად ხელისუფლება. თბილისის მერის გიგი უგულავას თქმით, ყურძნის შესაძენად ფული დედაქალაქის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან დაიხარჯება:
[გიგი უგულავას ხმა] „მე მინდა ყველასთვის ნათელი იყოს, თუ რას ნიშნავს ეს. როდესაც ქვეყანას ებრძვიან პოლიტიკურად, ებრძვიან ყველა დაშვებული და დაუშვებელი მეთოდებით, აქ საუბარი იმაზე, თუ რატომ არის ეს მიზანშეწონილი თუ პირიქით, ჩემთვის არის უადგილო, გაუგებარი და მიუღებელი. სიტუაცია არის ძალიან მარტივი. ქვეყანა არის პოლიტიკური და ეკონომიკური ბლოკადის წინაშე. მტრის ამოცანა არის ძალიან მარტივი. უნდათ გატეხონ ხელისუფლება და დააჩოქონ ქართველი ხალხი, ხოლო ყურძენი და ღვინო ამ შემთხვევაში არის მხოლოდ იარაღი.“

თბილისის მერი გიგი უგულავა ამბობს, რომ ქართული ღვინის აკრძალვა რუსეთისა და საქართველოს დაპირისპირების მხოლოდ ერთ-ერთი გამოვლინებაა. უნდა ითქვას, რომ გასულ კვირაში - კერძოდ კი, შაბათს, 2 სექტემბერს - საქართველოს საფრანგეთიც დაუპირისპირდა, თუმცა ამჯერად ბრძოლა სპორტულ არენაზე, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე, გაიმართა. „ევრო-2008“-ის მეორე შესარჩევ ჯგუფში საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონს, საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს, უმასპინძლა და ანგარიშით 3:0 დამარცხდა.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG