Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გასულ კვირაში დიღმის ძმათა სასაფლაოზე


გასულ კვირაში დიღმის ძმათა სასაფლაოზე

ახალი მემორიალური კომპლექსი გახსნეს. პატრიოტულ-მემორიალური კომპლექსის გახსნა ამ შემთხვევაში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღის აღნიშვნით აიხსნა, თუმცა ”დაკარგული სახლის” თემამ უკვე დაიმკვიდრა ადგილი ქართული ტელეარხების ეთერში. საპრეზიდენტო პროგრამა ”ჩემი სახლის” ეს კლიპი-ილუსტრაცია აშკარად გამოირჩევა პროფესიული მონტაჟით, გამოსახულების კარგი ხარისხით, შთამბეჭდავი მუსიკალური გახმოვანებით. აშკარაა, რომ კლიპი - უფრო სწორად, კლიპების მთელი სერია - პროფესიონალებმა დაამზადეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ”ჩემი სახლი” ხელისუფლებისთვის, მართლაც, მნიშვნელოვანი კულტურულ-პოლიტიკური პროექტია, განსაკუთრებით მოახლოებული ადგილობრივი არჩევნების წინ.

[კლიპის ხმა]

თავისთავად სოციალური კლიპების ეს სერია არ გამოირჩევა იმ აგრესიულობით, რომელიც დამახასიათებელია ეგრეთ წოდებული ”პატრიოტული კლიპებისთვის”... დევნილები მშვიდად, ყოველგვარი სიყალბის გარეშე გვიამბობენ თავიანთ თავზე, თავიანთ დაკარგულ სახლზე, რომლის დაბრუნების იმედი აქვთ. მიუხედავად ამისა, კინომცოდნე და ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე მიიჩნევს, რომ ეს კლიპებიც იმ პროპაგანდის ნაწილია, რომელსაც დღეს ეწევა საქართველოს ხელისუფლება...და არამარტო დღეს:

[ნინია კაკაბაძის ხმა] ”ეს ხელისუფლება დღიდან თავისი მოსვლისა მილიტარისტულ პროპაგანდას ეწევა. ჯერ კიდევ ჯარი არ იყო ძლიერი, ჩვენი სამხედრო არტილერია არ იყო დიდი, მაგრამ მილიტარისტული პოლიტიკა მედიის საშუალებით მიდიოდა. უკანასკნელ პერიოდში ეს ტენდენცია ”გაორმაგდა”, ”გასამმაგდა” - გაცილებით უფრო დიდია ეს მილიტარისტული პროპაგანდა, რომელსაც სარჩულად უდევს პატრიოტიზმის პროპაგანდა. ჩვენ კი ვიცით, რომ პატრიოტიზმის ასეთი აგიტაცია, შესაძლებელია, ჩვენთვის ფატალური შედეგით დასრულდეს.”(სტილი დაცულია)

ნინია კაკაბაძის თქმით, ამ კლიპების სტილისტიკა, მათი მარტივი ენა და ვიზუალური ატრაქციონების პრინციპზე აგებული მონტაჟი განსაზღვრულია უფრო ინფანტილური, გულუბყვილო მაყურებლისთვის, რომლის ცნობიერებაში ვიზუალური მხატვრული სახე საკმაოდ ადვილად აღიბეჭდება - პირველ რიგში, ბავშვებისთვის, რომელთა მანიპულაცია ძალიან ადვილია სანახაობის შექმნითა და ამ სანახაობაში ჩართვით. ნინია კაკაბაძე ცდილობს ახსნას ამ სანახაობების მიზანიც:

[ნინია კაკაბაძის ხმა] ”არ შეიძლება ასე დაუსრულებლად - პატარა ბავშვებიდან დაწყებული, მოხუცებით დამთავრებული - ყველას მოვთხოვოთ გულზე მუშტების ცემა და იმის მტკიცება, რომ ჩვენ ვართ პატრიოტები და უნდა დავიბრუნოთ დაკარგული ტერიტორიები.”(სტილი დაცულია)

[კლიპის ხმა]

ჩვენთან საუბარში კინომცოდნე და ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ საპრეზიდენტო პროგრამა ”ჩემი სახლის” კლიპებში ვხედავთ დღევანდელი, დანგრეული აფხაზეთის პეიზაჟებს (არ არის გამორიცხული, რომ ეს კადრები 10 წლის წინ იყოს გადაღებული), გაპარტახებული მხარის ქუჩებსა და მოედნებს, მაგრამ ვერ ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც ახლა ცხოვრობენ აფხაზეთში. ამ კლიპებით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ჩვენს ხელისუფლებას ეს ადამიანები საერთოდ არ აინტერესებს:

[ნინია კაკაბაძის ხმა]”ჩვენი ხელისუფლება აფხაზეთში ხედავს მხოლოდ და მხოლოდ შემოფარგლულ ტერიტორიას და არა ადამიანებს, რომლებიც იმ ტერიტორიაზე ცხოვრობენ... ეს ჩანს კლიპებში...ვხედავთ მხოლოდ ტერიტორიას, რომელიც არის მხოლოდ ”ჩვენი”, - ”იქ ჩვენი სახლია”, - და დანგრეულ აფხაზეთს, რომელსაც აგვიშენებს ჩვენი ხელისუფლება.”

უნდა ვივარაუდოთ, - აღნიშნავს ნინია კაკაბაძე, რომ ეს კლიპები ნახეს აფხაზეთსა და ოსეთშიც და რომ ასეთი სახის პროპაგანდამ შეიძლება ნეგატიურად იმოქმედოს პროგრამაზე ”ჩემი სახლი”, რომელმაც, მართლაც, დააიმედა დევნილთა ერთი ნაწილი. ნინია კაკაბაძე დარწმუნებულია, რომ ეს კლიპები კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს უფსკრულს სოხუმსა და თბილისს შორის:

[ნინია კაკაბაძის ხმა] ”ერთია მილიტარისტული პროპაგანდა, სადაც კუნთების დემონსტრირებას ახდენენ, რაც გამოიხატება სამხედრო არტილერიასა და კარგად მომზადებულ ჯარისკაცებში... გარდა ამისა, გაჩნდა მეორე ტენდენცია, რომელშიც ჩანს, რომ მათი მიზანია დევნილებს აფხაზეთიდან დაუბრუნონ იმედი იმისა, რომ ოდესმე დაბრუნდებიან თავიანთ მიწაზე. მაგრამ ვფიქრობ, რომ იდეოლოგია ამისა არის მცდარი - ეს კლიპები გამოიწვევს გაღიზიანებას აფხაზურ მოსახლეობაში - იქ აფხაზების სახლიც არის, მთავრობა კი ამაზე ყურადღებას არ ამახვილებს.”(სტილი დაცულია)

გარდა ამისა, მილიტარისტულმა პროპაგანდამ, შესაძლებელია, მნიშვნელოვნად გაურთულოს საქმე მშვიდობის დამცველებს, ქართველ პაციფისტებს. ამ ზაფხულს ზოგიერთი მათგანი ხელისუფლებამ უკვე მონათლა ”მოღალატედ”, რაც, ნინია კაკაბაძის აზრით, მშვიდობიანი მოლაპარაკებებისა და მშვიდობიანი თანაარსებობის მომხრეთა დაშინებად უნდა აღვიქვათ. წესით და რიგით, ხელისუფლებას ხელს უნდა აძლევდეს, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრობდნენ პაციფისტები... მაშინაც კი, როცა ეს ადამიანები არ ეთანხმებიან ხელისუფლების კურსს... ასეთი ჯგუფები ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში აქტიურობენ, ჩვენს ხელისუფლებას კი აქვს პრეტენზია, საქართველო ცივილიზებულ ქვეყნებს შორის მოიხსენიონ, იმ ქვეყნებს შორის, სადაც პოლიტიკას კანონი და სამოქალაქო ფასეულობები განსაზღვრავს. ისტორიულად კი ასეა - პაციფისტებს შორის ყველაზე მეტად კულტურის მუშაკები აქტიურობენ. ხელოვანი არ შეიძლება ჩართული იყოს ომის პროპაგანდაში. ქართველი კინომცოდნისა და ჟურნალისტის აზრით, მით უფრო სამწუხაროა, რომ მილიტარისტული ხასიათის კლიპებს პროფესიონალი რეჟისორები ამზადებენ:


[ნინია კაკაბაძის ხმა] ”ეს არის ძალიან საშიში და არის, პირველ რიგში, ჩვენი საზოგადოების ნაკლი... საზოგადოების, რომელსაც ასეთ დროს, როცა არის შანსი იმისა, რომ ჩვენ დავდგეთ ომის წინაშე, მოდუნებული აქვს გონება და არ ცდილობს ჩაერიოს, სიტყვა თქვას მშვიდობის მოწოდებით... ეს ჩვენი დანაშაულია, მაგრამ ხელისუფლებაც მშვიდობის მოწოდებას აღიქვამს როგორც ქვეყნის ღალატს და ადამიანებს, რომლებიც მშვიდობის პროპაგანდას ეწევიან, ერის მტრებად აცხადებს.... ასეთ დროს უნდა იყოს რაც შეიძლება დიდი ჯგუფი ადამიანებისა, რომელიც მოსთხოვს ხელისუფლებას ეს კონფლიქტი მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოგვარდეს.”(სტილი დაცულია)
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG