Accessibility links

logo-print

ბიბლიოთეკა


დავით პაიჭაძე, თბილისი საქართველოს წიგნის ბაზარზე თანდათან ჩნდება პროდუქცია, რომელმაც შეუძლებელია, მოგება მოუტანოს გამომცემელს, მაგრამ უთუოდ სასარგებლო იქნება მკითხველისათვის.

ამგვარ პროდუქციას განეკუთვნება პოლიტიკის მეცნიერებაში დაწერილი წიგნები. ისინი, როგორც წესი, თარგმნილია და გამოცემაც ამა თუ იმ დონორის დაფინანსებულია. ხდება ხოლმე, როცა თარგმანი სუსტია, მაგრამ წიგნი მაინც გამოდის. დღეს სხვა შემთხვევაზე ვილაპარაკებთ. წარმოგიდგენთ წიგნს, რომლის შინაარსი ქართულ ენაზე აღუქმელი დარჩებოდა, რიგიანად რომ არ ყოფილიყო თარგმნილი.

თუმცა, იტალიელი იურისტისა და პოლიტიკური მოაზროვნის, ნორბერტო ბობიოს წიგნი, ”დემოკრატიის მომავალი” სულაც არ არის აუცილებელი, ყველამ წაიკითხოს - ასე ფიქრობს წიგნის სამეცნიერო რედაქტორი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ევროპის საბჭოში ზურაბ ჭიაბერაშვილი.

[ზურაბ ჭიაბერაშვილის ხმა] ”ჯერ ზოგადად მინდა ვთქვა, თვითონ ასეთი წიგნის გამოსვლას რა აზრი აქვს ქართული საზოგადოებისათვის. ერთი რამ უნდა ვაღიაროთ: ჩვენთან პრაქტიკულმა დემოკრატიამ გაცილებით წინ წაიწია, ვიდრე, ასე ვთქვათ, თეორიულმა დემოკრატიამ. ჩვენ, განსაკუთრებით რევოლუციის შემდეგ, გაგვიჩნდა შესაძლებლობა, ჩვენმა საზოგადოებამ გაცილებით უფრო მყარად და სისტემურად გადაწყვიტოს ქვეყნის წინაშე მდგარი გრძელვადიანი პრობლემები და გამოწვევები. მაგრამ ამას სჭირდება სათანადო თეორიებით ოპერირება, რასაც ზოგჯერ უგულებელჰყოფენ. არ არის აუცილებელი, ჩვენი საზოგადოების ყველა წევრმა და ყველა გადაწყვეტილების მიმღებმა წაიკითხოს ნორბერტო ბობიოს ”დემოკრატიის მომავალი”, მაგრამ ფუნდამენტურად აუცილებელია, ის წაიკითხოს საზოგადოების იმ კრიტიკულმა მასამ, რომელიც თავისი მსჯელობითა და ანალიზით გავლენას მოახდენს თუნდაც გადაწყვეტილებათა მიმღებებზე”.

ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ ასეთი წიგნების გამოცემა არის მცდელობა, დადგინდეს პოლიტიკური ლექსიკონი, რომლითაც აღვწერთ ჩვენს ირგვლივ მიმდინარე პროცესებს.

ნორბერტო ბობიოს წიგნს, მართალია, ”დემოკრატიის მომავალი” ჰქვია, მაგრამ მასში ავტორი ბევრს ლაპარაკობს დემოკრატიის ისტორიასა და თანამედროვე მდგომარეობაზე. რას მოელოდნენ ადამიანები დემოკრატიისგან, რა მოლოდინი გაუწბილა მათ დემოკრატიამ? ნორბერტო ბობიო ლაპარაკობს დემოკრატიის შეუსრულებელ დაპირებებზე, რომელთაგან ერთი გახლავთ ის, რომ დემოკრატიამ ვერ აღკვეთა ოლიგარქიათა ბატონობა. ის ფაქტი, რომ სახელმწიფო სტრუქტურებში ელიტარული ჯგუფები არსებობს, ვერ შლის განსხვავებას დემოკრატიულ და ავტოკრატიულ რეჟიმებს შორის, წერს ბობიო. თუმცა იქვე მოჰყავს ელიტარული ჯგუფების ორი ტიპი: პირველია, ვინც ძალით გვახვევს თავს, მეორენი კი თავის თავს გვთავაზობენ.

კიდევ ერთი დაპირება, რომელიც ასევე ვერ შეასრულა რეალურმა დემოკრატიამ, არის ფარული ძალაუფლების აღმოფხვრა. ფარული ძალაუფლების საკითხის გამოკვლევისას შეუძლებელია იმ გავრცელებული მეთოდების გამოყენება, რომლითაც სოციოლოგები სარგებლობენ, მაგალითად, ინტერვიუს მეთოდის, საზოგადოებრივი აზრის კვლევის მეთოდების...

ნორბერტო ბობიო იტალიელია და ეს წიგნი მე-20 საუკუნის 80-ან წლებში გამოიცა, როცა იტალიაში ფარული ძალაუფლება სხვადასხვა სახით მოქმედებდა. როგორც წიგნის ავტორი წერს, ამ ქვეყანაში მოქმედი ფარული ძალაუფლება საგულდაგულოდ არის შენიღბული (მაფია, კამორა, ანომალიური მასონური ლოჟები, საიდუმლო სამსახურები, ვისთვისაც ყოველგვარი კანონი უცხოა, საკუთარის გარდა, თანამდებობის პირები, რომლებიც დამნაშავეებს, დასჯის მაგივრად ხელს აფარებენ). ზურაბ ჭიაბერაშვილი ფარულ ძალაუფლებას პრობლემას უკავშირებს რეალურ გადაწყვეტილებათა მიღების ადგილსა და წესს.

საუბრისას თემას გავყავართ წიგნის მიღმა და ზურაბ ჭიაბერაშვილი ფარული ძალაუფლების საკითხს უკვე ქართული საზოგადოების კონტექსტში განიხილავს.

[ჭიაბერაშვილის ხმა] ”ქართული საზოგადოებისათვის აქტუალური თემაა კორუფციასთან ბრძოლა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ფართო საზოგადოებას კორუფცია ძალიან ვიწრო გაგებით ესმის და ესმის ყოველთვის ფულთან მიმართებაში. სინამდვილეში კორუფციის უფრო ფართო გაგება არის ის, რასაც ბობიო ლაპარაკობს ფარულ ძალაუფლებაზე, როდესაც უცნობია, გადაწყვეტილება, რომელიც გავლენას ახდენს მოქალაქეებზე, როგორ, რა პროცედურების დაცვით იქნა მიღებული”.

”დემოკრატიის მომავლის” ავტორი წერს, რომ დემოკრატიის კიდევ ერთი შეუსრულებელი დაპირება მოქალაქეთა განათლებას ეხება. ზურაბ ჭიაბერაშვილი აღნიშნავს, განათლებული მოქალაქის ცნება გულისხმობს მოთხოვნას, სახელმწიფომ ხელი შეუწყოს ან სულაც დახარჯოს ფული, რათა, რაც შეიძლება მეტი განათლებული მოქალაქე ჰყავდეს.

[ჭიაბერაშვილის ხმა] ”ერთი მხრივ, შეიძლება ჟღერდეს ძალიან სოციალისტურად, ძალიან მემარცხენედ, რომ განათლებაზე დაიხარჯოს ფული, მაგრამ ეს უბრუნდება საზოგადოებას, როცა, რაც შეიძლება, მეტი განათლებული მოქალაქე წამოაყენებს ზომიერ, არარადიკალურ და არაპოპულისტურ ლოზუნგებს. განათლებული ადამიანი ზომიერ პოლიტიკას უჭერს მხარს, რაც შემდეგ ბაზრის თავისუფლებასა და განვითარებას უწყობს ხელს. ეს კი მემარჯვენეების იდეალია”.

ამდენად, ნორბერტო ბობიო არ ავლებს მკვეთრ მიჯნას მემარცხენეობასა და მემარჯვენეობას შორის, ამბობს ზურაბ ჭიაბერაშვილი და დასძენს, რომ სწორედ ბობიოს ნააზრევს ეყრდნობა დიდწილად სოციოლოგი ენტონი გიდენსი, რომლის იდეებსაც დააფუძნა თავისი პოლიტიკა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა.

მაგრამ დავუბრუნდეთ მოქალაქისა და დემოკრატიის ურთიერთმიმართებას. დემოკრატიის მომავლის ავტორი მონიშნავს პრობლემას, რომელიც აუცილებლად ეცნაურება ქართველ მსმენელს: ”ყველაზე მტკიცე და სრულყოფილი დემოკრატიაც უძლურია მზარდი პოლიტიკური აპათიის წინაშე, რომელმაც ხმის უფლების მქონე მოსახლეობის თითქმის ნახევარი მოიცვა”, წერს ნორბერტო ბობიო. ”პოლიტიკური კულტურის ენით რომ ვილაპარაკოთ, ეს ის ხალხია, რომელთაც არავითარი პოლიტიკური ორიენტაცია არ გააჩნიათ. ისინი სრულიად ინდიფერენტული არიან იმის მიმართ, თუ რას აკეთებენ ადგილობრივ მერიაში მოკალათებული ბიუროკრატები. ბევრი რამ მიუთითებს იმაზე, რომ მცირდება ამომრჩევლის ხმის მნიშვნელობა, როგორც გარკვეული თვალსაზრისის გამოხატვის საშუალებისა, სამაგიეროდ, ძლიერდება მისი გაცვლა-გამოცვლის მიზნით გამოყენების ტენდენცია. უფრო უხეშად, მაგრამ გასაგებად თუ ვიტყვით, ამომრჩევლის ხმა იყიდება”.

ბევრ ქვეყანაში, სადაც ვერ მიაღწიეს სოციალური და ეკონომიკური განვითარების მაღალ დონეს და თან დაუშვეს საყოველთაო საარჩევნო ხმის უფლება, სერიოზულ პრობლემებს წააწყდნენ, ამბობს წიგნის სამეცნიერო რედაქტორი ზურაბ ჭიაბერაშვილი. რამდენიც უნდა უარვყოთ მარქსი, ის, თუ რამდენი ფული აქვს ამომრჩეველს ჯიბეში, გავლენას ახდენს მის არჩევანზე.

[ჭიაბერაშვილის ხმა] ”დემოკრატია კარგად ხარობს განათლებულ, განვითარებულ და სოციალურად კარგად დაცულ საზოგადოებაში და სრულიად წარუმატებელი შეიძლება აღმოჩნდეს საზოგადოებაში, სადაც სოციალური ქსოვილი დაშლილია. ძალიან ბევრი მემარჯვენე ლოზუნგი ამართლებს იქ, სადაც სოციალისტური იდეა განხორციელებულია, სადაც სოციალური კეთილდღეობა მეტ-ნაკლებად მიღწეულია საზოგადოების, რაც შეიძლება, ფართო ფენისათვის”.

”დემოკრატიის მომავალში” ნორბერტო ბობიო გამოჰყოფს რამდენიმე წინააღმდეგობას, რაც ასევე ახასიათებს დემოკრატიას. მაგალითად, ის ერთმანეთს უპირისპირებს დემოკრატიასა და ტექნოკრატიას, სპეციალისტების მმართველობას. თუ ინდუსტრიულ საზოგადოებაში რომელიმე სპეციალისტი წამყვან როლს თამაშობს, მას, ცხადია, მეტ ანგარიშს უწევენ, ვიდრე ნებისმიერ სხვა მოქალაქეს. დემოკრატიის უმთავრესი ჰიპოთეზა კი ის არის, რომ ყველა მოქალაქე თანაბარია და ყველაფერზე შეუძლია გადაწყვეტილების მიღება. ტექნოკრატია პირიქით ამტკიცებს და მიაჩნია, რომ გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ შესაბამისი სპეციალისტების პრეროგატივაა. დემოკრატიაში საზოგადოება მთავრობის მიმართ წაყენებული მოთხოვნების უშრეტი წყარო გახდა. ეფექტური ფუნქციონირებისათვის მთავრობამ ამ მოთხოვნებს ადეკვატურად უნდა უპასუხოს. მაგრამ მოთხოვნათა რიცხვი განუწყვეტლივ იზრდება და ვერც ერთი პოლიტიკური სისტემა ვერ შეძლებს უპასუხოს ასეთ მრავალრიცხოვან და ცვალებად მოთხოვნებს. ნორბერტო ბობიო აქაც დემოკრატიასა და ავტოკრატიას შედარებით განიხილავს და ასკვნის: დემოკრატია იოლად წარმოშობს მოთხოვნებს, მაგრამ უჭირს მათი დაკმაყოფილება, ავტოკრატია კი, პირიქით, მოთხოვნებს ახშობს და აქედან გამომდინარე, ნაკლებ პრობლემებს იქმნის მათგან. თუ დემოკრატიას თან ამდენი, დაუძლეველი წინააღმდეგობა და შეუსრულებელი დაპირება ახლავს, მაშ, რა საჭიროა მისი შენარჩუნება? ამ შეკითხვით საუბრის ბოლოს მივმართე ზურაბ ჭიაბერაშვილს:

[ჭიაბერაშვილის ხმა] ”ერთი მხრივ, პრინციპებს, რომელთაც ბობიო ჩამოთვლის, აქვს წანამძღვრების ხასიათი ლიბერალური დემოკრატიისათვის. ისინი მინიმალურ დონეზე უნდა არსებობდეს, რომ ქვეყანაში დემოკრატიის კონსოლიდირება მოხდეს. მეორე მხრივ, თუ ერთხელ შედგა დემოკრატია, ეს პრინციპები სულ უფრო მეტად ჯდება საზოგადოებრივ ქსოვილში. ეს არის ტოლერანტობა, დიალოგის კულტურა, გენდერული თანასწორობა... ანუ საზოგადოება სულ უფრო ლიბერალური ხდება. ბობიო ამბობს, რომ ამ ნაკლოვანებათა მიუხედავად, სწორედ დემოკრატიული პროცედურების ხანგრძლივი დაცვა იძლევა იმის საშუალებას, რომ ლიბერალურმა იდეებმა თავისი თავი დაიმკვიდრონ.”
XS
SM
MD
LG