Accessibility links

logo-print

საქართველოს სამხედრო უწყებაში “ცხინვალზე” ორიენტირებულ კადრებს აწინაურებენ


წინასაარჩევნო დაპირისპირებამ, ტელეკომპანია

“რუსთავი 2”-ის ჟურნალისტების პროტესტმა და ამერიკელი სენატორების ვიზიტმა დაჩრდილა ძალიან მნიშვნელოვანი საკადრო დანიშვა საქართველოს სამხედრო უწყებაში, რომლის ალაყაფის კარები სულ უფრო იშვიათად იღება ჟურნალისტებისათვის. აგვისტოს ბოლოს თავდაცის მინისტრის მოადგილედ დაწინაურდა პოლკოვნიკი ალექსანდრე სუხიტაშვილი. ჯერ კიდევ მაშინ, რომ შიდა ქართლის პოლიციის უფროსი იყო, სუხიტაშვილი, მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილის მაღალი ნდობით სარგებლობდა. თუმცა საზოგადოებრივი ნდობის ხარისხი ამ უკანასკნელის მიმართ განსხვავებული და ზოგჯერ ძალზე უარყოფითია. დღეს, ყოველკვირეულ პროგრამაში “ჯარისკაცი და სახელმწიფო”, სამხედრო უწყების მაღალ ეშელონში მომხდარ საკამათო საკადრო ცვლილებს გავაანალიზებთ.

30 აგვიტოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ საიტზე გამოჩნდა ინფორმაცია სახელწოდებით “საკადრო სიახლეები თავდაცვის სამინისტროში.” ინფორმაციაში, რომელიც ძალიან მრისხანე გამომეტყველების ადამიანის სურათის ქვეშ არის მოთავსებული, ნათქვამია, რომ ბატონი სუხიტაშვილის დანიშვნას მინისტრის მოადგილედ ხელი მოაწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. მაგრამ სამხედრო უწყება არ თვლის საჭიროდ განმარტოს, თუ რა სფეროს უხელმძღვანელებს ახალი მინისტრის მოადგილე. უნდა ვივარაუდოთ, რომ პოლკოვნიკი სუხიტაშვილი მინისტრის მოადგილის რანგში კვლავ უხელმძღვანელებს სამხედრო პოლიციას და უფრო აქტიურად გაატარებს ცხოვრებაში მინისტრ ოქრუაშვილის დავალებას: ციხეში ჩასვას მისი რევოლუციური წინამორბედების – ბარამიძის და ბეჟუაშვილისდროინდელი კორუმპირებული მაღალჩინოსნები. სამხედრო პოლიცია, ამ მხრივ, ბოლო თვეში საგრძნობლად გაისარჯა. ჯერ ლოგისტიკის ყოფილ სარდალს, გენერალ ლორიას დაადო ხელბორკილი, 10 დღის წინ კი პოლკოვნიკმა ალექსანდრე სუხიტაშვილმა საზოგადოებას საზღვაო ძალების ყოფილი სარდლის, პირველი რანგის კაპიტან ლევან ბაქრაძის დაკავება აცნობა.
[ალექსანდრე სუხიტაშვილის ხმა] “მას დაედება ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვისათვის, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას 10 წლამდე.”

მაგრამ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დაწინაურებულ პოლკოვნიკ ალექსანდრე სუხიტაშვილის წარსული მოღვაწეობის მიმართ საზოგადოების ნაწილში სერიოზული ეჭვები არსებობს. და რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ამ ეჭვებს სათავე საქართველოს პრეზიდენტის მიხელ სააკაშვილის წელიწადნახევრის წინანდელმა მჭახე განცხადებამ დაუდო, - ამბობს დამოუკიდებელი სამხედრო ექსპერტი შალვა თადუმაძე.

[შალვა თადუმაძის ხმა] “პრეზიდენტის განცხადება მახსენდება, მაგიდაზე რომ დაარტყა ხელი და განაცხადა: შექმნეს იქ გორის მაფიაო და ამ გორის მაფიაში, რამდენადაც მახსოვს, სუხიტაშვილი მოიაზრებოდა, როგორც პოლიციის უფროსი.”

პოლკოვნიკ ალექსანდრე სუხიტაშვილს, როდესაც ის სამხედრო პოლიციის უფროსი იყო, რამდენჯერმე მოუწია ძალის დემონსტრირება ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში. ერთ შემთხვევაში ქართულმა სამხედრო პოლიციამ დიპლომატიური ნომრიანი მანქანა დააკავა, რომელშიც რუსეთის დუმის დეპუტატები ისხდნდენ. ამ მოქმედებამ თავის დროზე იმდენად განარისხა კონფლიქტების საკითხებში მაშინდელი სახელმწიფო მინისტრი გიორგი ხაინდრავა, რომ სუხიტაშვილს “კონტრაბანდისტი” და “ავაზაკი” უწოდა. რადიო “თავისუფლებასთან” საუბარში ხაინდრავამ განაცხადა, რომ მას ეს დამოკიდებულება არც ახლა შეუცვლია.

[გოგა ხაინდრავას ხმა] “სუხიტაშვილი არის კონტრაბანდისტი, მთელმა ქართლმა იცის ამის შესახებ. და, სხვათა შორის, მერაბიშვილის უწყება, თავის დროზე, დაპატიმრებასაც უპირებდა, რომ მოხსნეს პოლიციის უფროსობიდან, მაგის მოადგილე და კიდევ რამდენიმე კაცი იყო დაჭერილი, თუ არ ვცდები.”

პოლკოვნიკ ალექსანდრე სუხიტაშვილისგან განსხვავებით, ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურად შეფასდა გასულ კვირაში მომხდარი მეორე მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილება სამხედრო უწყებაში. გენერალური შტაბის უფროსის მოადგილედ დაინიშნა, სპეცდანიშნულების ძალების ბრიგადის უფროსი პოლკოვნიკი ზაზა გოგავა. მიუხედავად იმისა, რომ თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური საიტიდან კვლავ ვერაფერს ვერ შეიტყობთ გოგავას სამხედრო ცხოვრების განვლილ საფეხურებზე, სამხედრო ექსპერტები ადასტურებენ, რომ გენერალური შტაბის ახალი უფროსი “საჭირო კაცია, საჭირო ადგილზე”. ექსპერტი შალვა თადუმაძე პოლკოვნიკ გოგავას გენერალური შტაბის უფროსობაც უწინასწარმეტყველებს.

[შალვა თადუმაძის ხმა] “გენერალური შტაბის უფროსის მოადგილედ ინიშნება ოფიცერი, რომელიც მეტ-ნაკლები სიმპათიით სარგებლობს უცხოელი სამხედროების თვალში. და რამდენადაც ვიცი, ეს არის დაკავშირებული იმ საკითხებთან, რომ გენერალური შტაბის უფროსი ემზადება რომელიღაც სამხედრო სასწავლებელში წასასვლელად და მისი ჩამანაცვლებელისათვის, საუკეთესო ვარიანტია, მისი მოადგილე დაინიშნოს.”

მაგრამ როგორი განსახვავებულიც უნდა იყოს დამოკიდებულება სამხედრო უწყებაში დაწინაურებული ორი თანამდებობის პირის – თავდაცვის მინისტრის მოადგილის ალექსანდრე სუხიტაშვილისა და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის პოლკოვნიკ ზაზა გოგავას პროფესიონალიზმისა და საქმიანი რეპუტაციის მიმართ, - აშკარაა მათი ბიოგრაფიების თანხვედრა ერთ ძალიან საყურადღებო ეპიზოდში.

პოლკოვნიკი გოგავა მონაწილეობდა 2004 წლის ივლისის სამხედრო ოპერაციებში ცხივნალთან, ხოლო ალექსანდრე სუხიტაშვილი, როგორც დიდი სტაჟის მქონე პოლიციის უფროსი, ბევრ ფასეულ ინფორმაციას ფლობს ცხინვალში მოქმედ პოლიტიკურ და სამხედრო ჯგუფებზე. ახლოვდება 2007 წლის 1 იანვარი, როდესაც თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა უნდა შეასრულოს დანაპირები – ახალი წელი ცხინვალში აღნიშნოს. ამისთვის მას თავზეხელარებული შემსრულებლები სჭირდება და არა პრესტიჟულ აკადემიებში, საბრძოლო მაკეტზე და კლაუზევიცის თეორიებზე გაზრდილი ოფიცრები. და კიდევ ერთი წინასწარმეტყველება, რომელიც ქართულ ტაბლოიდებს კი არა, არამედ 22 აგვისტოს გავლენიან ანალიტიკურ გამოცემა “ჯეინს ფორინ რეპორტს” ეკუთვნის.

“მას შემდეგ, რაც 2004 წლის ზაფხულში ირაკლი ოქრუაშვილის მებრძოლებმა, 12 წლიანი პაუზის შემდეგ, პირველი ბრძოლა გამარტეს სამხრეთ ოსეთში, ვარაუდები პროვოკაციებზე და მორიგ შეცდომებზე, კვლავ დასტრიალებს კონფლიქტის ზონას. საუბრები მშვიდობაზეა, მაგრამ სამზადისი მომავალი კონფლიქტებისკენ არის მიმართული. ნაციონალურ მოძრაობას შესაძლოა დასჭირდეს რაღაცა, საკუთარი პოპულარობის გაზრდისათვის საპარლამენტო არჩევნების წინ ზუსტად 2007 ან 2008 წლის ზამთარში.”

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG