Accessibility links

logo-print

რუსეთში ეთნიკურ ნიადაგზე ძალადობის ახალი ტალღა აგორდა


რასობრივ ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირება და სიხლიანი "გარჩევები" რუსეთში კვლავ რჩება შეშფოთების საგნად.

რამდენიმე დღე გრძელდებოდა მღელვარება რუსეთის ჩრდილო აღმოსავლეთით, კარელიის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქ კონდოპოგაში. იქ 30 აგვისტოს, რუსი ახალგაზრდების გაავებულმა ბრბომ, განზრახვით, გაეწმინდათ ქალაქი არასლავებისაგან, დარბევა დაუწყო ყველა კერძო დაწესებულებას, რომლებსაც ჩრდილოეთ კავკასიის წარმომადგენლები ხელმძღვანელობენ. რასობრივ ნიადაგზე მომხდარ შეტაკებაში ორი ადამიანი დაიღუპა.

რასობრივ ნიადაგზე აგორებული ძალადობის ტალღის შესაჩერებლად პოლიციას კარელიაში 100-მდე პირის დაკავება მოუხდა. მთვრალი ახალგაზრდების სიტყვიერი შელაპარაკება რესტორან “ჩაიკაში”, რომლის მესაკუთრეც ჩეჩენია, ჩეჩნებისა და რუსების ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. ჩხუბის შედეგად ორი რუსი ახალგაზრდა გარდაიცვალა. მეორე დღეს მთვრალმა ბრბომ რესტორანს ცეცხლი წაუკიდა, პარალელურად კონდოპოგის სკვერში შეკრებილი 2000-მდე მოქალაქე ადგილობრივი პოლიციისაგან მოითხოვდა, ქალაქიდან გაეძევებინა ყველა ჩეჩენი და კავკასიიდან იქ ჩასული სხვა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები. მოსკოვში არსებული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია “სოვას” დირექტორის ალექსანდრ ვერხოვსკის თქმით, კარელიის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქში სიტუაცია დაძაბული რჩება.

[ალექსანდრ ვერხოვსკის ხმა] “დაძაბულობა 3 სექტემბრის ღამითაც გრძელდებოდა, თუმცა შედარებით შენელდა. ამ ღამით კვლავ ცდილობდნენ გადაეწვათ ეს ავადსახსენებელი კაფე “ჩაიკა”. მიუხედავად იმისა, რომ მას ადრე ცეცხლი წაუკიდეს, მაგრამ ბოლომდე არ დამწვრა. თუმცა ცეცხლი ამჯერად სწრაფად ჩააქრეს. და კიდევ რაღაცის დაწვას შეეცადნენ ქალაქის სხვა ადგილზე, ზუსტად გაუგებარია, თუ რისი. “ომონი” შლიდა ყველას, ვინც ღამის განმავლობაში გროვდებოდა.”


კარელიის დედაქალქში მომხდარი მღელვარების რამდენიმე მონაწილე ახალგაზრდა ადგილობრივი ნაციონალისტური ჯგუფის წევრია. მაგრამ ვერხოვსკი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ბრბოს აგულიანებდნენ რუსეთის სხვა ნაციონალური ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებმაც ქალაქ კონდოპოგაში დიდი რაოდენობით მოიყარეს თავი.

[ალექსანდრ ვერხოვსკის ხმა] “მე ვფიქრობ, რომ ძალიან ცოტანი არიან. სინამდვილეში, იქ გაემართნენ წარმომადგენლები მოძრაობისა, არალეგარული ემიგრაციის წინააღმდეგ და მათი ლიდერი, მაგრამ იქიდან მოსული ყველა ინფორმაციის მიხედვით ჩამოსულების რაოდენობა მცირეა. იქ ჩავიდნენ მოსკოვიდან და პეტროზავოდსკიდან. თუ კიდევ საიდან არიან, გამიჭირდება ამის თქმა. მაგრამ, სჩანს, რომ ისინი ცოტანი არიან.”

კარელიის ავტონომიურ რესპუბლიკაში მომხდარი დარბევა მკაცრად გააკრიტიკა ჩეჩნეთის პრომოსკოვური მთავრობის პრემიერ-მინისტრმა რამზან კადიროვმა, რომელმაც ძალადობაში ადგილობრივი ხელისუფლება დაადანაშაულა და განაცხადა, რომ, თუ საჭირო გახდა, საქმის მოგვარებაში ჩაერევა.

კარელიის ინციდენტი რუსეთში ბოლო ხანს რასობრივ ნიადაგზე მოხდარი ძალადობის პირველი შემთხვევა არ არის. 21 აგვისტოს მოსკოვის ბაზარში მომხდარი აფეთქებისთვის, რომელსაც 11 არარუსი ეროვნების ადამიანი ემსხვერპლა, 3 რუსი სტუდენტია დაპატიმრებული რასობრივ ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით.

25 აგვისტოს კი რუსეთის სასამართლომ 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა პირს, რომელიც დამნაშავედ სცნო შარშან, ქალაქ ვორონეჟში, პერუელი სტუდენტის მკვლელობაში. სასამართლოს დასკვნით, 18 წლის ენრიკო ანხელეს ურტადოს მკვლელობა რასობრივი ზიზღის ნიადაგზე მოხდა და ამ დანაშაულში რუსეთის 12 მოქალაქე მონაწილეობდა.
XS
SM
MD
LG