Accessibility links

საქართველო ცხინვალის რეგიონში მომხდარ ინციდენტსა და, ზოგადად, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში შექმნილ სიტუაციაზე საერთაშორისო ორგანიზაციების რეაგირებას ითხოვს


ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ვერტმფრენისთვის ცეცხლის გახსნის ფაქტი საქართველოში ეუთოს მისიის

ხელმძღვანელმა როი რივმა დაადასტურა, თუმცა მან ისიც აღნიშნა, რომ, შერეული საკონტროლო კომისიის შეთანხმებით, კონფლიქტის ზონის თავზე უნებართვო ფრენა აკრძალულია. ეუთოს მისია ინციდენტს დეტალურად სწავლობს, ცხინვალში კი, გავრცელებული ცნობების მიხედვით, შეიარაღებული ძალების მობილიზაციას აქვს ადგილი. საქართველოს ხელისუფლება კონფლიქტის ზონაში მიმდინარე პროცესსა და 3 სექტემბრის ინციდენტზე რეაგირებას საერთაშორისო ორგანიზაციებს სთხოვს. ”ჩვენ ვიმუშავებთ, რათა ეს ფაქტი საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ტერაქტად იქნეს შეფასებული,”- განაცხადა ორშაბათს სახელმწიფო კანცელარიაში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა.


ოსური მხარე ირწმუნება, რომ ცეცხლი პირველად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ვერტმფრენიდან გაიხსნა. ცხინვალიდან გავრცელებული ცნობების მიხედვით, საქართველოს საბრძოლო ვერტმფრენმა 3 სექტემბერს კონფლიქტის ზონაში შესვლით დაარღვია შერეული საკონტროლო კომისიის შეთანხმება და ოსების პოზიციებს ცეცხლი გაუხსა, რასაც თავისთავად საპასუხო სროლა მოჰყვა. ”ვერტმფრენში არ იმყოფებოდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, ვერტმფრენის ეკიპაჟს დირექტივებს ის საქართველოს მიერ კონტროლორებადი ტერიტორიიდან აძლევდა,” - აცხადებენ ცხინვალში. საქართველოს მხარის განმარტება კი ასეთია: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ ვერტმფრენს, რომელშიც თავდაცვის მინისტრთან ერთად გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე ზაზა გოგავაც იმყოფებოდა, საჩხერის რაიონის ტერიტორიაზე გადაფრენისას ოსმა შეიარაღებულებმა ცეცხლი სოფელ ისაკჰაუდან გაუხსნეს. ვერტმფრენმა 15 წუთის მანძილზე ვარდნის რეჟიმში იფრინა და ეკიპაჟი მფრინავის გამოცდილებამ გადაარჩინა. როგორც უკვე ვთქვით, 3 სექტემბრის ინციდენტი - ოსი შეიარაღებულების მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვერტმფრენისთვის ცეცხლის გახნის ფაქტი - დაადასტურა საქართველოში ეუთოს მისიის ხელმძღვანელმაც. ეუთოს მისიის წარმომადგენლები ინციდენტს დეტალურად სწავლობენ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი ამერიკელებს შესასწავლად 28 აგვისტოს ინციდენტის საგამოძიებო მასალა. გადასცა. ლაპარაკია ამერიკელ სენატორთა ესკორტის ვერტმფრენისთვის ჭურვის სროლაზე, რაც, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ოსების მიერ მაშინ განხორციელდა, როცა სენატორები საქართველოს პრეზიდენტთან ერთად სვანეთში მიფრინავდნენ.

ორივე ინციდენტს და, ზოგადად, ქართულ-ოსური კონფქლიტის ზონაში მიმდინარე პროცესებს ( გავრცელებული ცნობებით, კოკოითი შეიარაღებული ძალების მობილიზაციას ახდენს) საქართველოს ხელისუფლება უკავშირებს რუსეთის სამშვიდობო ძალების დანაშაულებრივ უმოქმედობას რეგიონის უკონტროლო მილიტარიზაციის მიმართ.

[მერაბ ანთაძის ხმა] ” მოლაპარაკებების ფორმატი, რომელიც დღეს არსებობს, და ის სამშვიდობო ოპერაცია, რომელიც კონტროლდება რუსეთის მხრიდან, არ ემსახურება კონფლიქტის მოგვარებას. ადგილი აქვს საქართველოში პროვოკაციათა მექანიზმების შენარჩუნების მცდელობას. ქართული მხარე არ დაუშვებს ამ პროვოკაციებში ჩართვას. ”

ეს იყო კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მერაბ ანთაძის განცხადება. ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ. საქართველოს საგარეო უწყება გამოეხმაურა რუსეთის რეაქციას, რომლის თანხმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვერტმფრენმა კონფლიქტის ზონაში პროვოკაციული ფრენა განახორციელა. ”სეპარატისტების ქმედების გამართლება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კონფლიქტის ზონაში რუსეთის ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო ოპერაცია უსუსურია და საჭიროებს სასწრაფო შეცვლას,” - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. საქართველოს მხარე საერთაშორისო ორგანიზაციებს სთხოვს სათანადოდ შეფასდეს თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელმძღვანელებისა და მათი მხარდამჭერების დესტრუქციული ქმედებები და მიღებულ იქნეს ზომები რეგიონში დაძაბულობის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.
XS
SM
MD
LG