Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

4 სექტემბერს გამომავალი ქართული ბეჭდური მედიის ყურადღების ცენტრში 3 სექტემბერს


4 სექტემბერს გამომავალი ქართული ბეჭდური მედიის ყურადღების ცენტრში 3 სექტემბერს ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მომხდარი ინციდენტია.

შემთხვევა ფრონეს ხეობაში, ოსურ სოფელ ისაკჰაუდანთან, მოხდა – თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ვერტმფრენი მი–8 სენაკის მიმართულებით მიფრინავდა. საჩხერესთან ახლოს საფრენ აპარატს, რომელშიც საქართველოს თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე ზაზა გოგავა იმყოფებოდნენ, ოსმა სამხედრო ფორმირებებმა მსხვილკალიბრიანი ცეცხლსასროლი იარაღით ცეცხლი გაუხსნეს. „ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ნამდვილად ბედნიერ ვარსკვლავზეა დაბადებული, გუშინ ის სიკვდილს გადაურჩა“, შენიშნავს გაზეთი “ახალი თაობა”, რომელიც ვარაუდობს, რომ, შესაძლოა, ამ ინციდენტმა ცხინვალის ზონაში კონფლიქტის ესკალაციაც კი განაპირობოს. თავდაცვის მინისტრისთვის ცეცხლის გახსნა ისეთი რამ არის, რომელსაც იოლად არავინ გადაყლაპავს, - ასკვნის გაზეთი, რომელიც ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის მიერ ოსური რადიოსათვის ინციდენტამდე მიცემული ინტერვიუს რამდენიმე ფრაგმენტსაც აქვეყნებს: „ჩვენ მაინც ვინარჩუნებთ სიმშვიდეს. გვინდა, მოლაპარაკებების პროცესი ჩვეული ფორმატით გაგრძელდეს. ამასთან, მინდა განვაცხადო, რომ თავდასხმის შემთხვევაში საკუთარი თავის დაცვას შევძლებთ. ჩვენ შეგვწევს ძალა, ნებისმიერი ტიპის აგრესია მოვიგერიოთ. აფხაზეთის ანდა სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია საქართველოს დაანგრევს, ქართველებს კი ტრაგედიამდე მიიყვანს,“ - ამბობს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი ოსეთის რადიოსათვის მიცემულ ინტერვიუში, რომლის ფრაგმენტებიც დღეს გაზეთ “ახალი თაობის” ფურცლებზე გამოქვეყნდა.
ცხინვალის თემას გაზეთი ”ახალი ვერსია” დამოუკიდებლობის შესახებ დაგეგმილი რეფერენდუმის კანონიერების თაობაზე მსჯელობით განაგრძობს. გაზეთის პუბლიკაციის თანახმად, ისევე როგორც ტირასპოლსა და ცხინვალში, მოსკოვშიც კარგად უწყიან, რომ სეპარატისტული რეჟიმების მიერ რეფერენდუმის გამართვა არა მხოლოდ საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, არამედ საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნორმებსაც. შესაბამისად, მომავალი რეფერენდუმის შედეგებს არავითარი კანონიერი და იურიდიული ძალა არ ექნება, შენიშნავს გაზეთი და განაგრძობს:“რეფერენდუმის გამართვის იდეა სწორედ მოსკოვს, კონკრეტულად, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ეკუთვნის. დასავლელი პოლიტიკური ექსპერტები კი შენიშნავენ, რომ, ამ ეგრეთ წოდებული დემოკრატიული შეთავაზებით, რუსეთის პრეზიდენტმა ქართველი კოლეგა სეპარატისტული რეგიონების წინააღმდეგ აშკარა ძალის გამოყენებისაკენ წააქეზა.“ გაზეთ “ახალი ვერსიის” თანახმად, რუსეთი ცდილობს ცხინვალის რეგიონში რეფერენდუმის გამართვით თბილისს მოთმინება დააკარგვინოს და შიარაღებული კონფლიქტის ესკალაცია მოხდეს. ეს კი კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების იმ გეგმას ჩაშლის, რომელიც ქართულმა მხარემ გაეროსა და ეუთოს რეკომენდაციით შეიმუშავა.
ოსური სამხედრო ფორმირებების მიერ ქართული საფრენი აპარატის დაზიანების თემა დღევანდელ ქართულ პრესაში წარმმართველია. საპატიო მეორე ადგილს კი, თუ შეიძლება ასე ითქვას, კვლავაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იკავებს. გაზეთ “რეზონანსში” - წერილში, სათაურით “გიგი უგულავას, შესაძლოა, გოგა ხაინდრავა დაუპირისპირონ“ - ოპოზიციის გაერთიანების პერქპექტივებზეა საუბარი. კერძოდ: „ ოპოზიციამ ყველა ნიუანსი უნდა გაითვალისწინოს – ვინც ბლოკში არ შევა, კოორდინირებულ მოქმედებაზე მაინც უნდა შეთანხმდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ძლიერი კანდიდატები ერთმანეთს არ უნდა დაუპირისპირონ. ანუ ოლქებს გაიყოფენ და ასე შეერკინებიან ნაციონალებს. ამას კი კონსულტაციები სჭირდება. გარდა ამისა, რჩება ერთი მნიშვნელოვანი საკითხი – ჯერ კიდევ შესათანხმებელია მერის კანდიდატურა. ოპოზიციის წიაღიდან რამდენიმე გვარი დასახელდა. მათზე მსჯელობა კი მას შემდეგ დაიწყება, რაც ბლოკების შექმნა-არშექმნის საკითხი გადაწყდება,“ - ნათქვამია პუბლიკაციაში, რომელსაც გაზეთი “რეზონანსი” აქვეყნებს. პარტიებს ბლოკების ჩამოყალიბების ვადა კი სწორედ 11 სექტემბრამდე აქვთ.
XS
SM
MD
LG