Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მუნკი დაბრუნდა


ნორვეგიაში ზეიმია: გასულ კვირას იქაურმა

სამართალდამცავებმა მიაკვლიეს დიდი მხატვრის, ედვარდ მუნკის, სურათებს ”ყვირილი” და ”მადონა” - ფერწერულ ტილოებს, რომელთაც ნორვეგიელი ხალხი (და არა მარტო ნორვეგიელები) მსოფლიო ხელოვნების ისტორიის შედევრებად მიიჩნევს. ეს ორი ტილო 2004 წლის 22 აგვისტოს შეიარაღებულმა დამნაშავეებმა გაიტაცეს მუნკის მუზეუმიდან. აქამდე დიდი მხატვრის თაყვანისმცემლები ნორვეგიის ხელისუფლებას უსაყვედურებდნენ იმის გამო, რომ მუნკის შედევრები კარგად არ იყო დაცული და რომ გამოძიება ძალიან დუნედ მიმდინარეობდა. იმასაც ამბობენ, რომ მუნკის სურათების გატაცება თავისებური მოდა, ტენდენცია გახდა ნორვეგიაში. სწორედ ამ ტენდენციისა და ედვარდ მუნკის შემოქმედების შესახებ მინდა გიამბოთ დღეს ჩვენს ყოველკვირეულ პროგრამაში ”ოქროს საუკუნე”.

[მუსიკა]

მუსიკა, რომელსაც ახლა ისმენთ, დიდი ნორვეგიელი მხატვრის, ედვარდ მუნკის, პერსონალურ საიტზეა განთავსებული. ”ოცნება მუნკზე” - ასე ჰქვია ავანგარდული კომპოზიციების სერიას, რომელსაც ოსლოს უნივერსიტეტის სტუდენტები ასრულებენ. მუსიკა ჰგავს თავად მუნკის ფერწერას - მელოდია პრინციპულად უარყოფილია, იქმნება სასოწარკვეთის, გაუცხოების განცდა, როცა ადამიანს ისღა რჩება, ყვირილით გამოხატოს თავისი მარტოობა.

ნორვეგიელი მხატვრის, ედვარდ მუნკის, ყველაზე სახელგანთქმულ სურათს ”ყვირილი” თავდაპირველად სწორედ ” სასოწარკვეთა” ერქვა. იმხანად, როცა მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხატვარი, სპეციალისტების აზრით, ნომერი პირველი ექსპრესიონისტი, თავის სურათს ქმნიდა - ხატავდა შეშინებულ, მარტოობისგან ”თავზარდაცემულ” ადამიანს ცივი სკანდინავიური პეიზაჟის ფონზე, ედვარდ მუნკს მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზით დაავადებულს უწოდებდნენ. წარმატება მან მხოლოდ 1902 წელს მოიპოვა, 40 წლის ასაკში, ბერლინში მოწყობილ გამოფენაზე... სწორედ ბერლინში, იმდროინდელი ავანგარდის ცენტრში, დააფასეს მხატვარი, რომელმაც ფერწერის ენა უფრო სასოწარკვეთილი, უფრო ემოციური გახადა, ვიდრე თუნდაც ვან-გოგმა. ამის შემდეგ ედვარდ მუნკი გამარჯვებული ბრუნდება სამშობლოში და ლამის ნორვეგიის ეროვნული გმირი ხდება. 1963 წელს ოსლოში დაარსდა მუნკის მუზეუმი, რომელსაც ყოველდღიურად უამრავი დამთვალიერებელი ჰყავს.

[მუსიკა]


ბოლო დროს მუნკის სურათები სამჯერ გაიტაცეს - 1994, 2004 და 2005 წლებში.
პირველად მუნკის ყველაზე სახელგანთქმული ტილო ”ყვირილი” ნორვეგიის ეროვნული გალერეიდან 1994 წელს მოიპარეს. ქურდებმა ოპერაცია 50 წამში დაასრულეს და სურათების სანაცვლოდ ხელისუფლებას მილიონი ამერიკული დოლარი მოსთხოვეს.. მაგრამ მიზანს ვერ მიაღწიეს და მუნკის შედევრები ოსლოს გარეუბანში, ერთ პატარა სასტუმროში, მიაგდეს. 3 დამნაშავის დაპატიმრება მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ გახდა შესაძლებელი. ზუსტად ათი წლის შემდეგ მუნკის ”ყვირილი”, ოღონდ ამჯერად სურათის სხვა ვარიანტი (მუნკს ”ყვირილის” 4 ვარიანტი აქვს შესრულებული), მუნკის მუზეუმიდან მოიპარეს; ამჯერად ყველაფერი ისე მოხდა, როგორც საშუალო დონის სათავგადასავლო ფილმში: შეიარაღებული ბანდა დღისით, მზისით შეიჭრა შენობაში, იარაღის მუქარით იატაკზე ”დააწვინა” დამთვალიერებლები და პირდაპირ კედლიდან ჩამოგლიჯა მუნკის სურათები. მოწმეთა მტკიცებით, პოლიციამ მუზეუმამდე მხოლოდ 20 წუთის მერე მიაღწია... მაშინ როცა პოლიციის განყოფილება მუზეუმიდან 500 მეტრის მანძილზე იმყოფება.

მოგვიანებით გაირკვა, რომ მუნკის სურათები, რომლებიც, სპეციალისტთა მტკიცებით, უფრო ძვირად ღირებულია, ვიდრე ვან-გოგის ”მზესუმზირები”, სიგნალიზაციის გარეშე ეკიდა კედელზე. უფრო მეტიც, მუნკის მუზეუმში საერთოდ არ არსებობდა დაცვის სისტემა. ”21-ე საუკუნის გატაცების” შემდეგ (სწორედ ასე მონათლეს მუნკის თაყვანისმცემლებმა ”ყვირილის” დაკარგვა), ნორვეგიის კულტურის მინისტრმა აღიარა, რომ მუნკის ტილოები საერთოდ არაა დაზღვეული...რაც დამატებითი სტიმული გახდა ბანდიტებისთვის - 2005 წლის მარტში მუნკის კიდევ სამი ტილო მოიპარეს.

ამასობაში ნორვეგიის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ 500 000 ათასი ამერიკული დოლარით დააჯილდოებს იმას, ვინც მუნკის ”ყვირილის” პოვნაში დაეხმარება. შარშან, ზამთარში, გავრცელდა ცნობა, რომ ”ყვირილი” აღარ არსებობს - გამტაცებლებმა სურათი ვერ გაყიდეს და გაანადგურეს. მაგრამ წელს, თებერვალში, ესპანეთის პოლიციამ დააპატიმრა სულ სხვა დანაშაულისთვის ეჭვმიტანილი ვინმე დავიდ ტოსკა, რომელმაც აღიარა, რომ მუნკის სურათების გატაცებაში მონაწილეობდა. ტოსკამ სხვებიც დაასახელა - დაახლოებით ხუთკაციანი ჯგუფი. ეს ხალხი დააკავეს და ჯერ კიდევ გაზაფხულზე მიუსაჯეს პატიმრობა 4-დან 7 წლამდე... თუმცა მუნკის შედევრები მხოლოდ გასულ კვირას აღმოაჩინეს! – ”კი, მუნკის სურათების გატაცება ტენდენციად იქცა, - ამბობენ ნორვეგიელები, - მაგრამ ჩვენ ამ სურათებს მაინც ვიბრუნებთ!”

[მუსიკა]

სურათების მუდმივმა გატაცებამ და დაბრუნებამ კიდევ უფრო პოპულარული გახადა ედვარდ მუნკი. ”ყვირილის” ფოტო ახლა უკვე იმ გაზეთებშიც იბეჭდება, რომელთა მკითხველს კულტურა საერთოდ არ აინტერესებს. თუმცა ფსიქოლოგ რუსუდან მირცხულავას თუ დავესესხებით, ჩვენს დროში ასეთი ხელოვნების მიმართ ინტერესი ნელ-ნელა აუცილებლად გაიზრდება:

[რუსუდან მირცხულავას ხმა] ”იმდენად გაბატონებული პოზიცია დაიკავა რაციომ, ინტელექტმა, რომ სხვა ფსიქიკური ფუნქციებისთვის ადგილი აღარ რჩება - აქ იგულისხმება ფანტაზია, ემოცია. უფრო მეტიც, ემოციები იკრძალება ხშირად, ითვლება, რომ სირცხვილია გარკვეული ემოციების გამოხატვა... ფანტაზიაც ფრთაშეკვეცილია და, როგორც წესი, დაკვეთებს ემსახურება - პოლიტიკისა და ფულის დაკვეთებს.”

5 წლისა იყო ედვარდ მუნკი, როცა დედა გარდაეცვალა ტუბერკულოზით. ცოტა ხანში ამავე ავადმყოფობამ მისი უფროსი და შეიწირა. ამიტომ არ არის შემთხვევითი, რომ დიდი მხატვრის ერთ-ერთი პირველი ტილო ავადმყოფობის თემაზე შეიქმნა - მუნკის სურათს ”ავადმყოფი ბავშვი” ხელოვნების ისტორიკოსები ექსპრესიონიზმის პირველ ნიმუშად მიიჩნევენ. მოგვიანებით მხატვარი იტყვის: ”ავადმყოფობა, სიგიჟე და სიკვდილი იყვნენ ანგელოზები, რომლებიც მთელი ცხოვრება მოსვენებას არ მაძლევდნენ.”

[გია ნოდიას ხმა] ”ხელოვნება არის ჩარჩო - ხელოვნების ნაწარმოები არის ის, რაც ხდება ჩარჩოს შიგნით, არის რამპა, ჩარჩო... და არის კიდევ რეალური სამყარო.”

ასე სჯერა ფილოსოფოს გია ნოდიას. როგორც კი სიგიჟისა და გამძაფრებული ემოციების სამყარო ხელოვნების ნაწარმოებიდან რეალობაში აღმოჩნდება, ცხოვრებას რაღაც საფრთხე ემუქრება ხოლმე. ასეთი მიდრეკილებებითაც გამოირჩევიან ადამიანები... თუნდაც ის ადამიანები, რომლებიც ედვარდ მუნკის სურათების ჩამოგლეჯას, ჩარჩოს გარეშე მათ დატოვებას ცდილობენ. საბედნიეროდ, მეოცე საუკუნის სასოწარკვეთილი ადამიანის სიმბოლო - ედვარდ მუნკის ”ყვირილი” - ისევ დაუბრუნდა ჩარჩოს. ამბობენ, რომ ამჯერად სურათი ნამდვილად დააზღვიეს და სიგნალიზაციაც დაუყენეს.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG