Accessibility links

logo-print

რუსეთს, ბულგარეთს და საბერძნეთს შორის ნავთობსადენის პროექტზე მუშაობა განახლდა


ევროპის კავშირსა და რუსეთს შორის ენერგეტიკის სფეროში

თანამშრომლობა არაერთხელ ყოფილა ჩვენი ყოველკვირეული პროგრამის, ”ახალი ევროპის”, თემა. დღეს ამ თემატიკას ვაგრძელებთ. ორშაბათს რუსეთის, ბულგარეთისა და საბერძნეთის ლიდერები საერთო ნავთობსადენის პროექტის განახლებაზე შეთანხმდნენ. ბურგას-ალექსანდრუპოლისის სახელით ცნობილი ნავთობსადენი 700 მილიონ დოლარად არის შეფასებული და რუსეთის ნავთობის ხმელთაშუაზღვისპირეთის რეგიონში ჩატანას გულისხმობს. რამდენად მნიშვნელოვანია ეს პროექტი რუსეთისა და ევროკავშირის ურთიერთობისთვის?


ორშაბათს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, ბულგარეთის პრეზიდენტი გეორგი პარვანოვი და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კოსტას კარამანლისი ათენში შეიკრიბნენ და ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ახალი ნავთობსადენის მშენებლობაზე მუშაობის განახლებას ითვალისწინებს. ბურგას-ალექსანდრუპოლისის სახელით ცნობილმა ნავთობსადენმა რუსული ნავთობი, ბულგარეთის გავლით, ეგეოსის ზღვაში, საბერძნეთის პორტ ალექსანდრუპოლისში, უნდა გადაქაჩოს, იქიდან კი ნავთობს ხმელთაშუაზღვისპირეთის რეგიონში ჩაიტანენ. ამით თურქეთის გადატვირთული სრუტეებისთვის - ბოსფორისა და დარდანელისთვის - გვერდის ავლა გახდება შესაძლებელი. ამავე დროს, რუსეთისთვის ეს პროექტი უკრაინისა და ბელორუსიის სატრანზიტო გზების დამატებასაც წარმოადგენს.

280 კილომეტრიანი ნავთობსადენის შესახებ საბოლოო შეთანხმება მიმდინარე წლის ბოლოს უნდა გაფორმდეს. ნავთობსადენის ამოქმედებას კი 2009 წლისთვის ვარაუდობენ.

საბერძნეთისა და ბულგარეთის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჟურნალისტებს შემდეგი განცხადებით მიმართა:

[პუტინის ხმა] ”დღეს გაფორმებული შეთანხმებით, ჩვენი ქვეყნების ენერგეტიკულ სექტორში როგორც გრძელვადიან მიზნებს, ისე მიმდინარე ამოცანებს შევეხეთ. დარწმუნებული ვარ, ენერგეტიკის სფერო რუსეთის, ბულგარეთისა და საბერძნეთის პარტნიორობის საქმეში წარმმართველი ძალა იქნება როგორც უახლოეს, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში.”

რუსული კომპანია ”როსნეფტის” დირექტორმა სერგეი ბოგდანჩიკოვმა კი ბურგას-ალექსანდრუპოლისის ნავთობსადენის პროექტის მნიშვნელობა ასე შეაფასა:

[ბოგდანჩიკოვის ხმა] ”ჩვენს ქვეყანას დამატებითი საექსპორტო მარშრუტები სჭირდება. ბურგას-ალექსანდრუპოლისის ნავთობსადენისა და ტერმინალების მშენებლობა საშუალებას მოგვცემს, კიდევ ერთი მარშრუტი გვქონდეს რუსეთის ფედერაციისა და მისი ნავთობკომპანიებისთვის.”

მაინც რაში მდგომარეობს ამ ნავთობსადენის მნიშვნელობა და ვისთვის არის ის ხელსაყრელი? - ამ შეკითხვით მივმართეთ რადიო “თავისუფლების” რუსული სამსახურის კორესპონდენტს, ეკონომიკის საკითხების ექსპერტს, სერგეი სენინსკის:

[სენინსკის ხმა] ”პირველ რიგში, ეს ნავთობსადენი, როგორც ტეექნიკური საშუალება, ხელსაყრელი და საჭიროა იმ ნავთობკომპანიებისთვის, რომლებსაც ნავთობი რუსეთიდან ან შუა აზიის რეგიონიდან გააქვთ. საქმე იმაშია, რომ დღეს რუსული ნავთობის დიდი რაოდენობა ტანკერების მეშვეობით ნოვოროსიისკის პორტიდან, შავი ზღვის, შემდეგ თურქეთის ორი სრუტის - ბოსფორის და დარდანელის - გავლით, გადის ეგეოსის ზღვაში, საიდანაც უკვე ხმელთაშუაზღვისპირეთს აღწევს. ამ ნავთობსადენის მიზანი კი თურქეთის სრუტეების - ბოსფორისა და დარდანელის - ხმელეთით გვერდის ავლაა.”

სერგეი სენინსკის თქმით, ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ ბოსფორიც და დარდანელიც ვიწრო სრუტეებია. ამიტომ თურქეთის ხელისუფლება იძულებულია სრუტეებში ტანკერების რაოდენობასა და მათ გადაადგილებას გარკვეული შეზღუდვები დაუწესოს. ახალი ნავთობსადენის აშენება კი რუსეთს ნავთობის ექსპორტის გაზრდის საშუალებას მისცემს:

[სენინსკის ხმა] “საკუთრივ ეს ნავთობსადენი - თუ სხვა მსგავს პროექტებს შევადარებთ - ძალიან პატარაა, სამას კილომეტრზე ნაკლებია. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი 1800 კილომეტრის სიგრძისაა, ესე იგი ბურგას-ალექსანდრუპოლისზე 6-ჯერ მეტი. ახალ ნავთობსადენს სამუშაო დატვირთვაც ბევრად ნაკლები ექნება. მაგრამ მთავარ მიზანს - თურქეთის ორი სრუტის გვერდის ავლას - ეს ნავთობსადენი აღწევს.”

ევროკავშირის წარმომადგენლები უკანასკნელ პერიოდში ბევრს საუბრობენ კავშირის დამოკიდებულებაზე რუსეთის ენერგომატარებლებზე და აცხადებენ, რომ ამ დამოკიდებულების შესამცირებლად ევროკავშირმა ენერგეტიკის წყაროების დივერსიფიკაცია უნდა მოახდინოს. სერგეი სენინსკის ვკითხეთ, ნიშნავს თუ არა ბურგას-ალექსანდრუპოლისის ნავთობსადენის პროექტი იმას, რომ რუსეთის ენერგეტიკის მნიშვნელობა ევროკავშირისთვის კიდევ უფრო იზრდება:

[სენინსკის ხმა] ”როდესაც ევროკავშირი მსგავსი განცხადებით გამოდის, როგორც წესი, ლაპარაკი გაზზეა და არა ნავთობის ბაზარზე. ჯერ ერთი, ნავთობის ბაზარი უფრო ძველია, 100-ზე მეტი წლისაა - მაშინ, როდესაც გაზის ბაზარი სულ 35-40 წელს ითვლის. ნავთობის ბაზარი საკმაოდ კონკურენტუნარიანია - ნებისმიერ მსხვილ მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს, სად იყიდოს ნავთობი - ახლო აღმოსავლეთში, ლათინურ ამერიკაში, რუსეთში, ნორვეგიასა თუ სადმე აფრიკაში. რამდენსაც იყიდი, იმდენს მოგაწვდიან ტანკერებით. ამისათვის მხოლოდ ფულის გადახდა და გარკვეული ვადის დაწესებაა საჭირო.”

შესაბამისად, როდესაც ევროკავშირი რუსეთის ენერგომატარებლებზე დამოკიდებულებას ეხება, ის, პირველ რიგში, შეშფოთებულია გაზის და არა ნავთობის ბაზრით, - ამბობს ჩვენი რუსი კოლეგა:

[სენინსკის ხმა] ”გაზთან დაკავშირებით ვითარება სხვაგვარია. გაზის ბაზარი ბევრად ნაკლებად მოქნილი და კონკურენტუნარიანია. გაზის მიწოდება, უწინარეს ყოვლისა, გაზსადენების სისტემაზეა დამყარებული და მისი ტანკერებით ან ცისტერნებით ტარება ძალიან რთულია. შესაბამისად, გაზის მიწოდების სისტემა ბევრად ნაკლებად ექვემდებარება ცვლილებას, ვიდრე ნავთობის. სწორედ ამას გულისხმობს ევროკავშირი, როდესაც რუსეთის ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების თემაზე საუბრობს. ნავთობთან დაკავშირებით ევროპას ბევრად მეტი არჩევანი აქვს, ვიდრე გაზის შემთხვევაში.”

ბურგას-ალექსანდრუპოლისის ნავთობსადენის სახელით ცნობილი პროექტის შემთხვევაში, ევროპამ არჩევანი კვლავ რუსულ ნავთობზე შეაჩერა. ეს კი, ალბათ, როგორც რუსეთის ეკონომიკის, ისე პოლიტიკური სფეროსთვის არის მნიშვნელოვანი. ”როსნეფტის” - ისევე როგორც ენერგოკომპანია ”გაზპრომის” - მთავარი აქციონერი ხომ სახელმწიფოა.


XS
SM
MD
LG