Accessibility links

logo-print

ვერტმფრენმა ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონას საბედისწეროდ გადაუფრინა?


ორი დღის წინ ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ ვერტმფრენს მოხვედრილმა სამმა ტყვიამ იმაზე უფრო საშინლად გააფუჭა

ურთიერთობა თბილისსა და ცხინვალს შორის, ვიდრე ყველა წინა სისხლიანმა პროვოკაციამ. საქართველოს ხელისუფლება, რომელსაც ისედაც დაკარგული ჰქონდა სეპარატისტებთან მოლაპარაკების ხალისი, აცხადებს, რომ ვერტმფრენის დაცხრილვის ფაქტს “რეაგირების გარეშე არ დატოვებს.” თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა კი საჯაროდ მადლობა გადაუხადა მებრძოლებს, რომლებმაც ვერტმფრენი დააზიანეს. მოვლენების ასეთი თანმიმდევრობით განვითარების გამო, ექსპერტები შიშობენ, რომ, თუ კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ოპერაციის ფორმატი რადიკალურად არ შეიცვალა, სამხედრო ესკალაცია გარდაუვალია.


საქართველოს ხელისუფლების რისხვას საზღვარი არა აქვს. თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც ახალ წელს ცხინვალში შეხვედრას გეგმავდა, კინაღამ ოსი მებრძოლების ტყვიას შეეწირა. “კრიმინალების პარპაშს ცხინვალში მალე მოეღება ბოლო,” განაცხადა იმავე დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც არასოდეს ასოცირდებოდა ე.წ. “ომის პარტიასთან”, დღეს ამბობს, რომ “ვერტმფრენის დაცხრილვა რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს.” საქართველოს ხელისუფლების ასეთი რეაქცია ოს ჟურნალისტს ჩრდილოეთ ოსეთიდან, ვიაჩესლავ გაბოზოვს, აფიქრებინებს, რომ პროვოკაციის მოწყობა, შემდგომი ძალისმიერი ნაბიჯების გასამართლებლად, საქართველოს ინტერესში შედიოდა:

[ვიაჩესლავ გაბოზოვის ხმა] “იქმნება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს ხელისუფლება სპეციალურად ახდენს საპასუხო ღონისძიებებზე სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების პროვოცირებას, რათა შემდგომში იგივე სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება დაადანაშაულოს, რომ პირველმა მან დაიწყო საბრძოლო მოქმედებები. სამწუხაროდ, ეს არ არის საუკეთესო ვარიანტი, რადგან ომი, თუკი ის დაიწყება, სასიკეთოს არაფერს მოუტანს არც საქართველოს და არც სამხრეთ ოსეთს.”

საომარი დაპირისპირების ესკალაციის საფრთხე რომ რეალურად არსებობს, ამას ქართველი ექსპერტებიც ადასტურებენ. თუმცა, მათი თქმით, საქართველოს ხელისუფლების პროვოცირება ვერტმფრენის დაცხრილვით სწორედ სეპარატისტული ცხინვალის ხელისუფლებას აძლევს ხელს. საქართველოს სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი თემურ იაკობაშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა სუსხიანი განცხადება სეპარატისტული ცხინვალის ლიდერების მისამართით არ სცდება დიპლომატიის ფარგლებს, თუმცა საქართველოს ხელისუფლების მოქმედებამ კოდორის ხეობაში დაადასტურა, რომ საჭიროების შემთხვევისთვის მას პრობლემის ძალით მოგვარების სცენარიც აქვს არსენალში:

[თემურ იაკობაშვილის ხმა] “ანუ ასეთი ტიპის პროვოკაციები მერეც შეიძლება მოხდეს, მაგრამ, განსხვავებით სხვა პროვოკაციებისგან, რომლებიც ადრე ხდებოდა, - დავუშვათ, შევარდნაძის პერიოდში, -უკვე ეს ხელისუფლებაც მზად არის, რომ ძალა გამოიყენოს და აქვს არა მარტო პოლიტიკური მზაობა, არამედ სამხედრო მზაობაც ამ ყველაფრისთვის.”(სტილი დაცულია)


ძალის გამოყენებასა და სამხედრო ოპერაციას, სეპარატისტული კონფლიქტის შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმურ უფლებად მიიჩნევს ყოფილი თავდაცვის მინისტრი გიორგი ყარყარაშვილი, რომელიც 2 წლის წინ პოლიტიკას ჩამოშორდა. თუმცა, ყარყარაშვილის თქმით, საბრძოლო ოპერაციის წარმატებას სამხედრო ძლიერებაზე მეტად რიგი ფსიქოლოგიური და პოლიტიკური წინაპირობების თანხვედრა განსაზღვრავს:

[გიორგი ყარყარაშვილის ხმა] “ძალის გამოყენებას მხოლოდ ერთ შემთხვევაში აქვს ახსნა და გამართლება. ეს იმ შემთხვევაში, თუ შენი სამხედრო ქმედება გასაგებია შენი მოსახლეობისთვის, ახსნადი და გასაგებია საერთაშორისო თანამეგობრობისთვის და ასევე გასაგებია და ახსნადი მოწინააღმდეგისთვის.”

თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის ირგვლივ მოვლენების არასასურველ განვითარებას წინასწარმეტყველებს ცნობილი რუსი ჟურნალისტი, ჟურნალ “ნოვოე ვრემიას” რედაქტორი, მიხაილ შეველიევი. რადიო “თავისუფლებასთან” საუბარში შეველიევმა განაცხადა, რომ რუსეთს არ შესწევს უნარი მოაწესრიგოს ეს კონფლიქტი, ვიდრე პროცესში არ ჩაებმებიან სხვა, უფრო მეტი შესაძლებლობის მქონე, ქვეყნები:

[მიხაილ შეველიევის ხმა] “სანამ გარე მოთამაშეები – ამერიკის შეერთებული შტატები და, პირველ ყოვლისა, ევროპის კავშირი არ აიღებენ პასუხისმგებლობას მთლიანად კავკასიაში შექმნილ ვითარებაზე, მანამდე, ჩემი აზრით, ეს კონფლიქტი ვერ გადაიჭრება.”

მაგრამ ვიდრე შეერთებული შტატები და ევროკავშირი უფრო მეტად შემაკავებლის ამპლუაში არიან და არ ჩქარობენ კავკასიაში არსებულ გაყინულ კონფლიქტებზე პასუხისმგებლობა იტვირთონ, მოკონფლიქტე მხარეებს ეწურებათ შერიგების რესურსი და, როგორც ვერტმფრენის ბოლო ინციდენტი მოწმობს, მოთმინებაც.
“საქართველოს ხელისუფლება აპირებს შეიტანოს ცვლილება ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში და ტერიტორიული თავდაცვის პრინციპიდან ტოტალური თავდაცვის პრინციპზე გადავიდეს,” -განაცხადა საქართველო პარლამენტის ბიუროზე თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ნიკოლოზ რურუამ.
XS
SM
MD
LG