Accessibility links

როგორ ემზადება ცესკო 5 ოქტომბრის არჩევნებისთვის


ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე სულ უფრო მცირე დრო რჩება, არადა, 5 ოქტომბრისთვის, პოლიტიკური პარტიების გარდა, ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და

სამეთვალყურეო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ემზადებიან. საარჩევნო ადმინისტრაციის ძირითადი საზრუნავი ამჟამად ამომრჩეველთა სიების დაზუსტება და საარჩევნო უბნების მოწყობაა, ხოლო ადგილობრივმა და საერთაშორისო მეთვალყურეებმა რეგისტრაციაში გატარების მიზნით უკვე მიაკითხეს საარჩევნო კომისიებს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ძირითადი საზრუნავი, ისევე როგორც ყველა წინა არჩევნებზე, ამჟამადაც ამომრჩეველთა სიების დაზუსტებას უკავშირდება. კომისიაში თვეზე მეტია მუშაობს სპეციალური „ცხელი ხაზი“, რომლის მეშვეობითაც აქტიურ ამომრჩეველს სიის გასწორების საშუალება ეძლევა. „ცხელი ხაზის“ რეკლამა პერიოდულად რადიო და სატელევიზიო ეთერით გადაიცემა:

[ისმის ხმა] „მიიღე უფასო იურიდიული კონსულტაცია საარჩევნო საკითხებზე და შეამოწმე შენი თავი ამომრჩეველთა ერთიან სიაში. დარეკე ნომერზე 42-42-42...“

ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან განსხვავებით, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების ლიდერებს არ სჯერათ, რომ 5 ოქტომბრამდე საარჩევნო სიების დაზუსტება მოხერხდება. რესპუბლიკური პარტიის წევრი თინათინ ხიდაშელი დარწმუნებულია, რომ ზუსტი სიის შედგენა ხელისუფლების ინტერესებში არ შედის:

[თინათინ ხიდაშელის ხმა] „დაიწყო იმ სიების ბეჭდვა, რომელიც არსებობს ამჟამად, რომელიც მოქმედებს და რომელიც არის ყალბი და არაადეკვატური. ყველაფერი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა იმისათვის, რომ ყალბი სიებით ჩაატაროს ეს არჩევნები.“

ხიდაშელის თქმით, სიების დაზუსტებაზე სპეციალური ჯგუფები მუშაობდნენ, მაგრამ იმის გამო, რომ არჩევნები 5 ოქტომბრისთვის დაინიშნა, ცესკომ ჯგუფების გაუქმებისა და მათი საუბნო კომისიებად ტრანსფორმირების გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ირწმუნება, რომ 5 ოქტომბრის არჩევნები სრულყოფილი საარჩევნო სიებით ჩატარდება:

[გურამ ჩალაგაშვილის ხმა] „თბილისი და დიდი ქალაქები სრულადაა გაწმენდილი ეგრეთ წოდებული „მკვდარი სულებისგან“. პროცედურა არ შეჩერებულა. კარდაკარ სიარულის პრინციპით მოხდება ამომრჩეველთა შემოწმება, რომელიც დასრულდება 12 სექტემბერს. 12-დან 15 სექტემბრამდე მოხდება მათი კომპიუტერული ვერსიის გადამოწმება იუსტიციის სამინისტროს შესაბამის უწყებებში, რათა გამოირიცხოს გაორებები. ასე რომ, დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვაქვს მინიმუმ 97 პროცენტიანი სიზუსტის სია.“

გურამ ჩალაგაშვილი ასევე ამბობს, რომ საუბნო კომისიები სრული სიმძლავრით მუშაობენ, ხოლო, დაფინანსების თვალსაზრისით, მთავრობა საარჩევნო ადმინისტრაციის წინაშე პირნათელია:

[გურამ ჩალაგაშვილის ხმა] „საუბნო კომისიები დაკომპლექტებულია სრულად და რაც ესაჭიროებათ, ყველაფერი აქვთ. ფინანსებთან დაკავშირებით პრობლემა არ გვაქვს. სახელმწიფომ არჩევნების ჩასატარებლად, საერთო ჯამში, 22 მლნ ლარი გამოყო.“

ცესკოს მსგავსად, არჩევნებისთვის არასამთავრობო ორგანიზაციებიც ემზადებიან. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნებზე მეთვალყურეობის უფლება შვიდ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას მიეცა. მათ შორისაა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, რომლის აღმასრულებელი დირექტორის თამარ ჟვანიას თქმით, მეთვალყურე უნდა აკმაყოფილებდეს სამ ძირითად მოთხოვნას: უნდა იყოს სანდო, ობიექტური და აქტიური:

[თამარ ჟვანიას ხმა] „ნებისმიერი შემთხვევისთვის მზად ვიყავით, რომ რესურსი გვყოლოდა. მთელი ზაფხული არ შეგვიწყვეტია მუშაობა. ვიცოდით, რომ მოდიოდა ძალიან რთული არჩევნები, ვიცოდით, რომ ნაკლებია შანსი საერთაშორისო მეთვალყურეები ჩადგნენ უბნებზე და ამიტომ ლომის წილი საკუთარ თავზე უნდა აიღონ ადგილობრივმა დამკვირვებლებმა.“

ადგილობრივებისგან განსხვავებით, შედარებით პასიურობენ საერთაშორისო სამეთვალყურეო ორგანიზაციები, თუმცა, საარჩევნო კოდექსის მიხედვით, მათ განკარგულებაში თითქმის სამი კვირაა. კოდექსის 69-ე მუხლის თანახმად, საერთაშორისო ორგანიზაციებმა რეგისტრაციაში გასატარებლად ცესკოს განცხადებით უნდა მიმართონ არა უგვიანეს 7 დღით ადრე არჩევნებამდე. ჯერჯერობით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მხოლოდ ეუთოს წარმომადგენლები სტუმრობდნენ, თუმცა რეგისტრაციაში გატარებისა და მეთვალყურეთა რაოდენობის შესახებ სიტყვა არც ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელებს დაუძრავთ.
XS
SM
MD
LG