Accessibility links

რა განაპირობებს საქართველოში ტურიზმის სფეროს აღმავლობას


საქართველოში აქტიური ტურისტული სეზონი ჯერ არ დამთავრებულა, მაგრამ შედეგები ისეთი შთამბეჭდავია, რომ საქართველოს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

წლის ბოლოს აღარ დაელოდა და სტატისტიკური ინფორმაცია გამოაქვეყნა. საქართველოს მთავრობის მონაცემებით, 2006 წლის პირველი 6 თვის მანძილზე საქართველოში შემოსული უცხოელების რაოდენობა 37 პროცენტით აღემატება 2005 წლის ანალოგიურ პერიოდს. ზრდა არის შიდა ტურიზმის სფეროშიც. ამ მხრივ, ტრადიციისამებრ, განსაკუთრებით გამოირჩევა აჭარა, რომელიც არც უცხოელი ტურისტების რაოდენობას უჩივის. რა განაპირობებს საქართველოში ტურიზმის სფეროს აღმავლობას?

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი განსაკუთრებულ ინტერესსა და ყურადღებას აჭარის მიმართ იჩენს და იქ სტუმრობისთვის არც ერთ მიზეზს არ უშვებს ხელიდან. ერთი ასეთი სტუმრობისას მიხეილ სააკაშვილის მიერ წარმოთქმული სიტყვის ფრაგმენტს შეგახსენებთ:

[სააკაშვილის ხმა] ”... კვარიათში, სადაც რამდენიმე წლის წინ იყო ჩემი ოჯახი, ვკითხე ოჯახის პატრონს, - ჩვეულებრივი პატარა სასტუმროა, ოჯახური, - მითხრა, რომ რევოლუციამდე 10-15 დღე იყო იქ სეზონი. ახლა, შარშან და შარშანწინ, იყო 2 თვე. შარშან ჰყავდა 2-ჯერ მეტი დამსვენებელი, იმიტომ რომ სომხები ჩამოვიდნენ. წელს უვიზო რეჟიმია და თურქეთიდან ბევრად მეტი თურქი და უცხოელი გადმოვა.”( სტილი დაცულია)

თურქების რა მოგახსენოთ, მაგრამ წელს აჭარაში სომეხი დამსვენებლების სიმცირეს არ უჩიოდნენ. აჭარაში იმატა ადგილობრივი ტურისტების ნაკადმაც და სულ, აგვისტოს თვის ჩათვლით, ავტონომიურმა რესპუბლიკამ 106 ათას ადგილობრივ და 50 ათას უცხოელ სტუმარს უმასპინძლა. ამ მაჩვენებლის თითქმის ნახევარზე მეტი მხოლოდ აგვისტოს თვეზე მოდის.

ტურისტების ნაკადის ზრდასა და, საერთოდ, ტურისტული სფეროს აღმავლობის მიზეზებს საქართველოს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე საბა კიკნაძე განმარტავს:

[საბა კიკნაძის ხმა] ”თუ ეს გალოპური პროცესი დაიწყო 2004 წლიდან...”



ბოლო წლების მანძილზე საქართველოში მართლაც მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის განახლება, პირველ რიგში, გზების რეკონსტრუქცია. ტურიზმის განვითარების პერსპექტივებს ქმნის ახალი აეროპორტების მშენებლობა და სასტუმროების რეკონსტრუქცია. მხოლოდ აჭარაში ყაზახური ინვესტიციით 20 სასტუმრო-სანატორიუმის კომპლექსის აღდგენა დაიწყო. ტურიზმთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის განვითარებაში, სულ, 600 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია ხორციელდება. ამას ემატება სხვადასხვა ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობა თუ სარეკლამო აქციები. საქართველოს ერთ-ერთი ასეთი სარეკლამო კამპანია სულ მალე ცნობილ სატელევიზიო არხებზე - ”სი-ენ-ენსა” და ”ევრონიუსზე” - დაიწყება.

ახლა ტურიზმის დეპარტამენტი, სტატისტიკის დეპარტამენტთან ერთად, იმ მეთოდოლოგიის დამუშავებას ცდილობს, რომელიც მთავრობას საშუალებას მისცემს მომავალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი გაიანგარიშოს.

[საბა კიკნაძის ხმა] ”ამ ეტაპზე თავს შევიკავებდი ამ ციფრების გამჟღავნებისგან...”

ის, რისი თამამად დასახელებაც ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელს საბა კიკნაძეს შეუძლია ამ ეტაპზე, საქართველოში პირველი 6 თვის მანძილზე შემოსული უცხოელი ტურისტების რაოდენობაა - სულ, 294 ათასი, რაც, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 80 ათასით მეტია. შეგახსენებთ, რომ საბჭოთა საქართველოს ბოლო წლებში ტურისტებისა და დამსვენებლების წლიური რაოდენობა აქ 5 მილიონამდე აღწევდა.
XS
SM
MD
LG